დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1287-2021
02 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ჩ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 23 აპრილს სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა მ.ჩ–ას (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......, ს.კ. ..... და ქ. ქუთაისი, ......, N11 (ნაკვეთი N1), ს.კ. ..... გამოთხოვა და მათი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა, ასევე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
1.1. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2018 წლის 27 ივნისიდან სადავო უძრავი ქონება ირიცხება მის საკუთრებაში, თუმცა მათი ფლობა, სარგებლობა და განკარგვა მესაკუთრეს ეზღუდება მოპასუხის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო.
1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელი საფუძვლიანია იმ შემთხვევაში, თუ ერთობლიობაში დგინდება, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე ფლობს სადავო ქონებას და მფლობელს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მითითებით საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტი.
1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. იმავე სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
1.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სს ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მ.ჩ–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ....., ...., ს.კ. ..... და უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, .... (ნაკვეთი N1), ს.კ. ....., დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა. მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 აგვისტოს განჩინებით მ.ჩ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის CD დისკის სახით წარმოდგენა.
2.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა აპელანტის ცოლის ძმას - ლ.ა–ძეს 2021 წლის 9 აგვისტოს. აპელანტს დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.
2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მ.ჩ–ას სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
2.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 63-ე, 368-ე, 372-ე, 373-ე, 374-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
3.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 06 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ მას არ ჩაბარებია, ლ.ა–ძე არის მისი მეზობელი და არა ცოლის ძმა. იგი არ იმყოფება ქორწინებაში და შესაბამისად, არ ჰყავს ცოლის ძმა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ლ.ა–ძე მანდვილად იქნებოდა მისი ცოლის ძმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე და 3561 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ის ვერ ჩაითვლებოდა ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ მ.ჩ–ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხარვეზის განჩინება მხარისთვის ჩაბარებულად.
8. სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს:
8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 აგვისტოს განჩინებით მ.ჩ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის CD დისკის სახით წარმოდგენა.
8.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა აპელანტის ცოლის ძმას ლ.ა–ძეს 2021 წლის 9 აგვისტოს, რასაც ადასტურებს გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მისი ხელმოწერა.
8.3. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო აპელანტის ოჯახის წევრისათვის ზემოხსენებული გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2021 წლის 11 აგვისტოდან. აპელანტს კი ხარვეზი არ შეუვსია.
9. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არ იმყოფება ქორწინებაში, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი აქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წლის 25 ნოემბერს გაცემული ცნობა მისი ქორწინებაში არ ყოფნის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებს და მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციებში საქმის განხილვისას, კერძო საჩივრის ავტორისათვის გაგზავნილი კორესპონდენციები ბარდებოდა არა მარტო ლ.ა–ძეს, როგორც მოპასუხის ცოლის ძმას, ასევე ნ.ა–ძეს, როგორც ადრესატის მეუღლეს და ხ.ა–ძეს, როგორც მ.ჩ–ას ცოლის დას, შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მ.ჩ–ას მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ........ აღნიშნული შეტყობინების ბარათები მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა და როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მათ საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორი ახორციელებდა შესაბამის საპროცესო მოქმედებებს. კერძოდ, ლ.ა–ძეს, როგორც მოპასუხის ცოლის ძმას ჩაბარდა უწყება 2019 წლის 20 ნოემბრის სასამართლო სხდომის შესახებ (ს.ფ. 50). აღნიშნულ სხდომაზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარემ მის მიერ 5 წუთით დაგვიანების მიზეზით გაასაჩივრა და არა იმ საფუძვლით, რომ სათანადო წესით არ იყო ინფორმირებული. მოპასუხის მეუღლის, ნ.ა–ძის ინფორმირების მეშვეობით გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი 2019 წლის 28 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე (ს.ფ. 63), ასევე ხ.ა–ძის, როგორც მ.ჩ–ას ცოლის დის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინების ჩაბარებით შეიტყო მოპასუხემ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 126) და კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინა კერძო საჩივარი. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ პირებს, ყველა კორესპონდენცია ბარდებოდათ მ.ჩ–ას მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ..... და ამავე მისამართზე ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის ცოლის ძმას, ლ.ა–ძეს 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ.
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა მეზობელს და არა მისი ოჯახის წევრს, ვერ გაიზიარებს და მიუთითებს გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ადრესატისათვის გადასაცემად ჩაბარდა მ.ჩ–ას ცოლის ძმას - ლ.ა–ძეს.
11. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, სსსკ-ის 3561 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, პალატა აღნიშნავს, რომ 3561 მუხლში მითითებული ტერმინები განმარტებულია უშუალოს სსსკ-ის XLIV1 თავის (წარმოება რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით) მიზნებისათვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული მოსაზრება მის მიერ კორესპონდენციის ჩაუბარებლობის შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 მუხლი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჩ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე