დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
14 აპრილი, 2022 წელი,საქმე №ას-111-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ც. შ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ლ. გ, გ. ჟ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2016 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, ა…. გამზირისა და …. ქუჩის კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო .შემთხვევისას დაზიანდა ც. შ-ას (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, კასატორი, დაზიანებული ავტომობილის მესაკუთრე) საკუთრებაში არსებული ავტომობილი „……“, რომელიც ამ უკანასკნელის სახელზე 2014 წლის 28 ივნისიდანაა დარეგისტრირებული.
2. ზემოაღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევისას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ. ჟ-ას (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან ზიანის მიმყენებელი) მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს, რომლითაც პირველი მოპასუხე 250 ლარით დაჯარიმდა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლები).
3. „….“ მარკის ავტომობილი, რომელსაც პირველი მოპასუხე ავტოსაგზაო შემთხვევისას მართავდა, ლ.გ-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან ავტომობილის მფლობელი) სახელზეა დარეგისტრირებული და მისი საკუთრებაა. პირველ მოპასუხეს, ხსენებული ავტომობილი თხოვების საფუძველზე ჰქონდა გადაცემული.
4. პირველმა მოსარჩელემ და გ. მ-მა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) სასამართლოში სარჩელი შეიტანეს პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც, მოპასუხეთათვის, სოლიდარულად, ზიანის - 5 693 ლარისა და 2 453 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გ. ჟ-ას, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 1 870 ლარის, ასევე ევაკუატორის მომსახურების საფასურის 39 ლარისა და საჯარიმო სადგომის ხარჯის 134 ლარის გადახდა;
- დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, ხსენებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
- ც. შ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გ. ჟ-ას, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 3 650 ლარის გადახდა;
- მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთათვის, სოლიდარულად, 2 453 ლარის დაკისრების ნაწილში.
7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აქვე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მოსარჩელე და მეორე მოსარჩელე, 2010 წლის 23 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ამასთან, რაკი დაზიანებული ავტომობილი პირველი მოსარჩელის სახელზე ირიცხებოდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზიანზე მოთხოვნის უფლება სწორედ პირველ მოსარჩელეს წარმოეშვა.
7.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირველ მოსარჩელეს (დაზიანებული ავტომობილის მესაკუთრე) უნდა ანაზღაურებოდა არა მარტო ავტონაწილების ღირებულება, არამედ მისი აღდგენისათვის საჭირო თანხები, რათა ავტომობილი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენილიყო.
7.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველ მოსარჩელეს 5 520 ლარის ზიანი მიადგა, რაშიც შედიოდა, დაზიანებული ნაწილების ღირებულება - 1 870 ლარი და დეტალების დასამონტაჟებლად და მანქანის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო 3 650 ლარი.
7.4. რაც შეეხებოდა ზიანის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლის არსებობას, სააპელაციო სასამართლომ მოსაზრებით, ასეთი საფუძველი არ არსებობდა და თანხის გადახდა მხოლოდ პირველ მოპასუხეს უნდა დავალებოდა. ჯერ ერთი, სსკ-ის 998.1 მუხლით (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები) პასუხისმგებლობის წინაპირობაა, ზიანის დადგომაში მონაწილე პირთა ქმედებებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მეორეც, სსკ-ის 999-ე მუხლი (სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება) ითვალისწინებს შემთხვევებს, როცა ნივთის მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება (სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილები). ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა, როცა ზიანის მიმყენებელია პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე იყენებს (არამართლზომიერი მფლობელი), რის გამოც სამოქალაქო პასუხისმგებლობა სწორედ აღნიშნულ პირს დაეკისრება და არა - სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. მიუხედავად ამისა, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. სხვა შემთხვევაა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება მოსარგებლეს მფლობელის ნებით გადაეცა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება მხოლოდ პირველ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა, ვისი უშუალო მოქმედების შედეგადაც ზიანი დადგა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა პირველმა მოპასუხემ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინებით ხსენებული საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით პირველმა მოსარჩელემაც გაასაჩივრა, რომლის მოთხოვნაა: მეორე მოპასუხისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მიყენებული ზიანის, მოპასუხეთათვის, სოლიდარულად დაკისრება, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. სსკ-ის 999.4 მუხლის შინაარსის მიხედვით, თუკი მფლობელმა მოსარგებლეს ავტომობილი სამართავად გადასცა, შესაძლოა, მოსარგებლესთან ერთად, ისიც იყოს პასუხისმგებელი, კუთვნილი ავტომობილით მიყენებული ზიანისათვის.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია, მოსარჩელის (დაზიანებული ავტომობილის მესაკუთრე) მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც პირველ მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 870 ლარის ასევე ევაკუატორის მომსახურების საფასურის 39 ლარისა და საჯარიმო სადგომის ხარჯის 134 ლარის გადახდა, კანონიერ ძალაშია შესული, რადგან, გადაწყვეტილების ეს ნაწილი, პირველ მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). ამავდროულად, კანონიერ ძალაშია შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც პირველ მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 650 ლარის გადახდა, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინებით, ხსენებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილი პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა (სსსკ-ის 264.2 მუხლი).
პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნაა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა ასეთია: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს, მეორე მოპასუხისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურება (5520 ლარი) სოლიდარულად დაეკისროთ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს კასატორისათვის ზიანის ანაზღაურება მხოლოდ გ. ჟ-ას (ზიანის უშუალო მიმყენებელი) უნდა დაეკისროს თუ, მასთან ერთად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი მეორე მოპასუხეცაა (ავტომობილის მესაკუთრე ლ. გ-ნი).
12. კასატორის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი წარმოდგენილია სსკ-ის 999.4 მუხლის მესამე წინადადებაში, ამავე კოდექსის 992-ე, 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებში.
12.1. მითითებული 999.4 მუხლის დისპოზიცია ასეთია: თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
ამდენად, სსკ-ის 999.4 მუხლის შინაარსით: სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, მისი მფლობელია. აქედან გამონაკლისი იმ შემთხვევაში იარსებებს: 1). თუკი სატრანსპორტო საშუალებას პირი მფლობელის ნებართვის გარეშე გამოიყენებს ან 2). თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდება, მფლობელის ბრალის გამო. დასახელებულ ორივე შემთხვევაში, ზიანზე პასუხისმგებლობა იმ პირს დაეკისრება, რომლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შედეგადაც ზიანი დადგა. ყველა სხვა შემთხვევაში (მათ შორის, იმ დროს, როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან ეს სატრანსპორტო საშუალება მას მფლობელისგან გადაეცა), სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია სატრანსპორტო საუალების მფლობელი.
12.2. რაც შეეხება სსკ-ის 992-ე მუხლის შინაარსს, ამ მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ.: სუსგ №ას-203-2020, 24.12.202; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015, 4.10.2016; Nას-1426-2018, 11.04.2019).
ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 04.04.2017).
13. როგორც ზემოთ მიეთითა, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განხილვის საკვანძო საკითხია იმ გარემოების განსაზღვრა, არსებობს თუ არა მოპასუხეთათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
დასმულ შეკითხვაზე პასუხი გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკიდან.
საკასაციო პალატის განჩინებებსა თუ გადაწყვეტილებებში (მათ შორის, იხ. სუსგ: №ას-949-2020, 20.02.2022; №ას-1245-2020, 1.07.2021; №ას-1158-2020, 12.07.2021) განმარტებულია, რომ:
ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სსკ-ის 999.1 მუხლის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი). უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი). სსკ-ის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (იხ. სუსგ №ას-1245-2020, 1.07.2021; # ას 504-481-2016, 30.09.2016წ;).
დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 999.4 მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ: №ას-949-2020, 20.02.2022; №ას-254-239-2010, 20.07.2010; №ას-39-38-10, 15.07.2010).
14. საკასაციო პალატის ზემოთ მოყვანილი განმარტებები, მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებებთან ერთობლიობაში საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ სუბიქტს ორივე მოპასუხე წარმოადგენს და მხოლოდ მათი, როგორც სოლიდარული მოვალეების მიმართ, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ნორმები განსხვავებულია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1353-1273-2017, 30.03.2018). მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.
გასათვალისწინებელია, რომ ც. შ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად 5520 ლარი დაეკისროთ და (ამ შემთხვევაში, საუბარია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხისათვის დაკისრებულ 1 870 ლარსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ამ უკანასკნელისათვის დამატებით დაკისრებულ 3 650 ლარზე) საკასაციო პალატის მსჯელობაც ამავე ფარგლებითაა შემოსაზღვრული.
15. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
16. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, მეორე მოპასუხეს, პირველ მოპასუხესთან ერთად ერთად, სოლიდარულად უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟისა (56.10 ლარს + 146 ლარი) და პირველი მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი), ჯამურად 502.10 ლარის გადახდა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ც. შ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტები და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ც. შ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე ლ. გ-ს, მოპასუხე გ. ჟ-თან ერთად, სოლიდარულად დაეკისროს, ც. შ-ას სასარგებლოდ 5 520 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე ლ. გ-ნს, მოპასუხე გ. ჟ-თან ერთად, სოლიდარულად დაეკისროს, ც. შ-ას სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 502.10 გადახდა.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე