არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-2623-გან-13-2022
კატეგორია
დავის ტიპი
განმარტება
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

21 ივნისი 2022 წელი

საქმე № ა-2623-გან-13-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თურქეთის რესპუბლიკის ---- მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ჰ-სა (დაბადებული: 22.11.19..წ., თურქეთის რესპუბლიკაში პ/ნ ---, მისამართი: ქ. --, --- რაიონი, --- დასახლება, ტომი -, კომლი -- და დანართი --, რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრში, მამის სახელი: ნ., დედის სახელი: გ.) და მოპასუხე ა. ჰ-ის (დაბადებული: 27.09.19--წ., ---, პ/ნ ---, საქართველოს მოქალაქე, დედის სახელი: ლ., მამის სახელი: ა.) შორის თურქეთის სამოქალაქო კანონის 166/3 მუხლის მიხედვით შეთანხმებულ იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეები მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, ძვირფასეულობისა და რაიმე ნივთების მოთხოვნაზე უარს აცხადებენ, აღნიშნულის მიხედვით იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

2. 2021 წლის 29 ოქტომბერს ა. ჰ-იმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის --- მეორე ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, ა. ჰ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის --- მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის --- მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #---/---), რომლითაც მოსარჩელე ე. ჰ-სა და მოპასუხე ა. ჰ-ის შორის თურქეთის სამოქალაქო კანონის 166/3 მუხლის მიხედვით, შეთანხმებულ იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

4. 2022 წლის 27 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების განმარტება. განმცხადებლის მითითებით, ა. ჰ-იმ განქორწინების რეგისტრაციის მიზნით ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრში წარადგინა განქორწინების შესახებ თურქეთის რესპუბლიკის --- მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მართალია საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა თურქეთის რესპუბლიკის --- მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის ხსენებული გადაწყვეტილება, თუმცა ამავე განჩინებაში აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება არ ექვემდებარება აღსრულებას, შესაბამისად, განმცხადებლისათვის მნიშვნელოვანია განემარტოს, უფლებამოსილია თუ არა სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელოს განქორწინების რეგისტრაცია და შეწყვიტოს ქორწინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით/განჩინებით დადასტურებული პირის უფლების ზუსტ რეალიზაციას.

6. განმცხადებლის მოსაზრებით, ზემოხსენებული განჩინების განმარტების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ამ განჩინებით ა. ჰ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის --- მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება მართალია ცნობილი იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამავე განჩინებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება არ ექვემდებარება აღსრულებას.

7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან და/ან ორაზროვან დებულებებს, რის გამოც მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

8. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების (№ა-…-შ-…-2021) სამოტივაციო ნაწილში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა თურქეთის რესპუბლიკის --- მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე და განმარტა, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის --- მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენა საკმარისია განქორწინების რეგისტრაციისთვის და სასამართლოს მხრიდან დამატებით აღარ საჭიროებს ხსენებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას.

9. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად, არაორაზროვნად და გასაგებად. მისი აღსრულების მიზნებისათვის არ არსებობს განმარტების საჭიროება. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, რაც მითითებული განჩინების განმარტების თაობაზე მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია