დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-372-2022
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-372-2022 30 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ა-ოს, ბ. ა-ოსა და ლ.მ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის გამო გ. ა-ოს, ბ. ა-სა და ლ. მ-ას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონებების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. ა-ოს, ბ. ა-ოსა და ლ. მ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით გ. ა-კოს, ბ.ა-ოსა და ლ. მ-ას კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით. ხოლო, ამავე პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელების შუამდგომლობა სახელწმიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გ. ა-ოს, ბ. ა-სა და ლ. მ-ვას გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 5 (ხუთი) დღით.

სასამართლოს განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლებმა, დ. მ-მა და მ. ლ-მა და იშუამდგომლეს საპროცესო ვადის რამდენიმე დღით გაგრძების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კერძო საჩივრის ავტორებსა და მათ შორის არსებულ ხელშეკრულებას, იურიდიული მომსახურების შესახებ, მოქმედების ვადა ამოეწურა და ისინი ვეღარ გააგრძელებდნენ მათ დახმარებას. განმცხადებლებმა ასევე მოითხოვეს რომ ყველა კორესპოდენცია გაგვეგზავნა უშუალოდ მხარეებთან.

ზემოაღნიშნული განცხადების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო პალატამ 2022 წლის 10 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელა საპროცესო ვადა კიდევ 5 (ხუთი) დღით, ამასთან, განმარტა, რომ არ იზიარებს განმცხადებლების მითითებას ხელშეკრუელბის ვადის გასვლის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მინდობილობები ვადაშია 2023 წლის 17 აგვისტომდე. აღნიშნულის მიუხედავად, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გ. ა-ოს, ბ. ა-ოსა და ლ. მ-ვას გაეგზავნათ საქმეში არსებულ, მათ მიერ მითითებულ მისმართებზე ორჯერ თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილისა, მაგრამ არცერთელ არ ჩაბარდათ. კურიერის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ გ. ა-ო ესაუბრა სასამართლოს კურიერს და შეუთანხმდა შეხვედრაზე, თუმა ადგილზე მისულს მისამართზე არ დახვდა და აღარც ტელეფონის ზარს უპასუხა. საქმეში არსებულ მისამართებზეც არავინ იმყოფებოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარებულად უნდა იქნას მიჩნეული კურიერის განმეორებითი ვიზიტის დღეს - 2022 წლის 6 ივნისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 7 ივნისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამოიწურა 2022 წლის 11 ივნისს, მაგრამ ვინაიდან 11 ივნისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2022 წლის 13 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საპროცესო ვადის გაგარძელების შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორების გარდა, გაეგზავნათ მათ წარმოამდგენლებსაც - დ. მ-სა და მ. ლ-ჩს, რომელთაც განცხადებით მომართეს სასამართლოს და განმარტეს, რომ არ აქვთ კომუნიკაცია მარწმუნებლებთან და მათ შორის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ფაქტობრივბად შეწყვეტილია. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, კერძო საჩივრის ავტორთა ვალდებულებაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ა-ოს, ბ. ა-ოსა და ლ. მ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე