დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-69-2022 21 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ჯ. კ-ძე
დავის საგანი - მატერიალური ხარჯების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. კ-ემ 2019 წლის 10 ივლისს სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ჯ. კ-ის მიმართ, მატერიალური ხარჯების ანაზღაურების სახით 48157 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ჯ. კ-ეს დაეკისრა მოსარჩელე ლ. კ-ის სასარგებლოდ საცხოვრებელი სახლის რემონტისათვის გაწეული ხარჯის 43157 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა და არასათანადოდ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების გასარემონტებლად ჩატარებული სამუშაოები და მათი ღირებულება, რამაც გააუმჯობესა და ღირებულება შემატა მოპასუხის საკუთრებას. აღნიშნული გარემოებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უგულებელჰყო და შესაბამისად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან, მოპასუხის ქონების ღირებულების გაზრდის მიზნით განხორციელებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაწეული ხარჯის ანაზღაურების საფუძვლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ასეთი ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დგინდებოდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის №ას 1245-1265-2011 გადაწყვეტილება და 2013 წლის 7 თებერვლის №1084-1015-2012 განჩინება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან სხვა პირის სასარგებლოდ ხარჯის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება ხარჯის გაწევის ფაქტის დადასტურებას, მნიშვნელოვანია, შეფასებულ იქნეს მსგავს საქმეებზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი. მტკიცების ტვირთს კი აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის №ას-1361-2018 და 2019 წლის 22 მარტის №1298-2018 განჩინებები, 2021 წლის 25 ივნისის №ას-1198-2019 გადაწყვეტილება). მაშასადამე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს ის გარემოება, თუ რამდენად შეძლო მოსარჩელემ, მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა მოპასუხის ქონების გასაუმჯოსებლად ხარჯის გაწევა, რამაც გამოიწვია მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 2 ივლისს შპს „ა….ტ-ფ….ის“ მიერ ჩატარებული საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. ზესტაფონში . …. ქუჩა №…-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 48157 ლარს. აღნიშნული დასკვნის საფუძველია მხოლოდ მოსარჩელე ლ. კ-ის ზეპირსიტყვიერი განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, №./.-…-… სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხი: ა) რას შეადგენდა ქ. ზესტაფონში, . …. ქუჩა №..-ში მდებარე, ჯ. კ-ის კუთვნილი, №…. საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების - (საცხოვრებელი სახლის) საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით, შპს „ა…ტ-ფ…ი“-ს მიერ 2019 წლის 2 ივლისს შედგენილი №… შეფასების აქტში მითითებული სამუშაოების შესრულების გარეშე; ბ) რას შეადგენდა ქ. ზესტაფონში, ….. ქუჩა №…-ში მდებარე, ჯემალ კაპანაძის კუთვნილი, №--- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების - (საცხოვრებელი სახლის) საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით, შპს „ა…ტ-ფ…ი“-ს მიერ 2019 წლის 2 ივლისს შედგენილი №… შეფასების აქტში მითითებული სამუშაოების შესრულების შემდეგ.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე დანიშნული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, ვინაიდან, როგორც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პასუხებიდან დგინდება: ა) შპს „ა…ტ-ფ…ის“ მიერ 2019 წლის 2 ივლისს №… შეფასების აქტში ასახულ საცხოვრებელ სახლზე შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე უცნობი იყო თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლი, რაც შეუძლებელს ხდიდა კითხვაზე პასუხის გაცემას, თუ რას შეადგენდა მისი საბაზრო ღირებულება ზემოთნახსენები სამუშაოების ჩატარებამდე 2018 წლის მდგომარეობით; ბ) შპს „ა…ტ-ფ…ის“ მიერ 2019 წლის 2 ივლისს №… შეფასების აქტში ასახულ საცხოვრებელ სახლზე შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შემდეგ უცნობი იყო ჩატარდა თუ არა რაიმე სხვა სახის სამუშაოები და დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობა იყო თუ არა უცვლელი ჩატარებული სამუშაოების შემდგომ, რაც შეუძლებელს ხდიდა კითხვაზე პასუხის გაცემას თუ რას შეადგენდა მისი საბაზრო ღირებულება ზემოთნახსენები სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ 2018 წლის მდგომარეობით.
საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი დასკვნის შეფასებისას, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც სასამართლომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეაფასოს. გასათვალისწინებელია, რომ „ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში... მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის №ას-406-383-2014 და 2021 წლის 27 ოქტომბრის №ას-917-2021 განჩინებები).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართვის შესაბამისად დგინდება, რომ მოსარჩელის დაკვეთით მომზადებული შპს „ა…ტ-ფ…ის“ მიერ 2019 წლის 2 ივლისს №.. შეფასების აქტი სრულად ეყრდნობა მოსარჩელის მიერვე წარდგენილ ინფორმაციას ისე, რომ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე და უტყუარობა შესწავლილი და შეფასებული არ არის. აღნიშნული გარემოება პალატის მოსაზრების არასარწმუნოს ხდის მითითებულ აქტში წარმოდგენილ შეფასებებს და გამოანგარიშებებს. ამდენად, კასატორმა (მოსარჩელემ) ვერ დაძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი - ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება მის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტსა და ასეთის შემთხვევაში, ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2158 ლარის 70% - 1510.6 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ლ. კ-ეს (პ/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. დ-ის (პ/ნ ----) მიერ 2022 წლის 3 თებერვალს №.. საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2158 ლარის 70% - 1510.6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ….., მიმღების ანგარიშის №……, სახაზინო კოდი ….;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე