არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-147-2022 21 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ქ. უ-ლი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „…… ბანკი“
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
სს „…..ბანკმა“ 2020 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. უ-ის მიმართ და საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სს „…. ბანკის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. უ-ლს დაეკისრა კრედიტის ძირი თანხის - 9674,5 ლარის, პროცენტის - 3233,7 ლარის და პირგასამტეხლოს - 500 ლარის, საერთო ჯამში, 13408,2 ლარის გადახდა. გარდა ამისა, მოპასუხეს დაეკისრა 2020 წლის 25 ნოემბრიდან 2023 წლის 2 აპრილამდე ძირითად თანხაზე - 9674,5 ლარზე წლიური 20% სარგებლის გადახდა. ქ.უ-ლს ასევე დაეკისრა 2020 წლის 25 ნოემბრიდან ძირითად თანხაზე - 9674,5 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიური 0,27%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს - 500 ლარისა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ქ.უ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან ათი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოედგინა დავის საგნის ღირებულების მითითებით დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ნ. უ-ლს 2021 წლის 2 ნოემბერს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ქ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 63-ე, 368-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქ. უ-ვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 3 ნოემბერს და ამოიწურა 2021 წლის 12 ნოემბერს. ვინაიდან აპელანტმა მითითებულ პერიოდში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება ქ. უ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს გზავნილის მიტანის დროს სახლში იმყოფებოდა მისი ძმისშვილი ნ. უ-ლი, რომელსაც გადაეცა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება. აპელანტმა განმარტა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს, არ გადაეცა აღნიშნული განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით ქ. უ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქ. უ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობებზე და გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდა სააპელაციო საჩივარს, ასევე გადახდილი არ იყო სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 10-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებიდან გამომდინარე კი, სასამართლოს გზავნილის ჩაბარების ერთ-ერთი ფორმაა გზავნილის ადრესატისთვის მის მიერვე მითითებულ მისამართზე ფოსტის მეშვეობით ჩაბარება.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება ქ. უ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაიბარა სრულწლოვანმა პირმა ნ.უ-მა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, 2021 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყო ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2021 წლის 12 ნოემბერს (პარასკევს), 24:00 საათზე. კერძო საჩივრის ავტორს კი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტებრის განჩინებით ინფორმირებული იყო ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივ შედეგებზე. სწორედ ამიტომ, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოსცა გასაჩივრებული განჩინება და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. უ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე