დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-426-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-426-2022 21 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გ. ნ-ძე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ-იმ 2019 წლის 6 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მ. გ-იმ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და მოწმის ჩვენება, არასწორად შეაფასა მისი საკუთრების ობიექტის და ექსპერტიზისთვის საკვლევად წარდგენილი საინვენტარიზაციო გეგმაზე მონიშნული ობიექტის იდენტურობის საკითხი. დაშესაბამისად, მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქ თბილისში, …. …. ქუჩა ../…. ქუჩა …-ში, საცხოვრებელი ფართი - 26.00 კვ.მ., სამზარეულო - 10.00 კვ.მ. და სათავსო - 4.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N….) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე მ. გ-ის საკუთრებად. ამასთან, 128.92 კვ.მ. უძრავი ნივთი - მდებარე, ქალაქი თბილისი, … … ქუჩა N…/… ქუჩა N.., სართული ., ბინა N.., საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხე გ. ნ.ის საკუთრებად.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 მაისის დასკვნის შინაარს, კერძოდ დადგენილია, რომ ექსპერტი დასკვნის შედგენისას დაეყრდნო 1992 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებას (რომლის მიხედვითაც ი. ბ-მა უსასყიდლოდ გადასცა რ. ბ-ლს ქალაქ თბილისში, --- ქუჩა N.-ში არსებული საცხოვრებელი ფართი 26 კვ.მ, დამხმარე სათავსოები სამზარეულო 10 კვ.მ და სათავსო 4 კვ.მ), აღნიშნული ნივთის მესაკუთრეების თაობაზე საჯარო რეესტრის ამონაწერებს, საინვენტარიზაციო გეგმებს (ქალაქ თბილისში, … ქუჩა N./… ქუჩა N.-ში მდებარე უძრავი ქონების გენგეგმას და შენობა-ნაგებობების სართულებრივ გეგმებს) და საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ზ. კ-ას მითითებას საკვლევი ობიექტის მდებარეობასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - საკადასტრო კოდი N….(ფართით 26.00 კვ.მ.) იდენტურია საკვლევად წარმოდგენილ „საინვენტარიზაციო გეგმაზე“ მითითებული ობიექტისა (ფართით 25.9 კვ.მ.). რაც შეეხება სამზარეულოს 10 კვ.მ.-ს და სათავსოს 4 კვ.მ.-ს, წარმოდგენილი დოკუმენტაციით მათი მდებარეობა ვერ დგინდება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზ. კ-ამ, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეს.

საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი დასკვნის შეფასებისას, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც სასამართლომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეაფასოს. გასათვალისწინებელია, რომ „ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში... მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის №ას-406-383-2014 და 2021 წლის 27 ოქტომბრის №ას-917-2021 განჩინებები).

საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოყენებული მასალები - 1992 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი საინვენტარიზაციო გეგმა და უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის ზეპირსიტყვიერი მითითებები არასარწმუნოს ხდის ექსპერტის დასკვნას მოსარჩელის საკუთრების ობიექტის ნაწილის (26.00 კვ.მ.) და საინვენტარიზაციო გეგმაზე მონიშნული ობიექტის (25.90 კვ.მ.) იდენტურობასთან დაკავშირებით. სასამართლოსთვის დააუდგენელია ის გარემოება თუ რით არის განპირობებული შესადარებელ ობიექტების ფართობებს შორის მცირე არითმეტიკული ცდომილება. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ობიექტის დანარჩენი ნაწილების - სამზარეულოს 10 კვ.მ.-ის და სათავსოს 4 კვ.მ.-ის მდებარეობა ექსპერტიზით ვერ დადგინდა.

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსით არ დასტურდება გ. ნ-ის მიერ დაზუსტებული მდებარეობის მქონე უძრავი ნივთის დღეის მდგომარეობით ფლობის ფაქტი. გარდა მითითებული ექსპერტიზის დასკვნის და მოწმის ჩვენებისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების მოცემულ მომენტში ფლობის ფაქტი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი საფუძვლები. მაშასადამე, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი და საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი გარემოებების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ერთ-ერთი წინაპირობის არარსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინება;

3. მ. გ-ის (პ/ნ ….) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ც. ც-ის (პ/ნ …..) მიერ 2022 წლის 26 აპრილს №…. საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …., მიმღების ანგარიშის №...., სახაზინო კოდი ...;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე