დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
6 ივლისი, 2022 წელი,საქმე №ას-952-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ბ-ო”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს „ს-ს რ-ზა”
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება
დავის საგანი - ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1996 წლის 10 სექტემბრიდან შპს „ბ-ო”(შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან საწარმო) რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად.
2. 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ქ.თბილისში --- ქუჩასა და გარშემოსასვლელ გზას შორის მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 14 699.97კვ.მ მიწის ნაკვეთი (შემდეგში - მოსარჩელის მიწის ნაკვეთი ან ქონება) მოსარჩელის საკუთრებაში იმყოფებოდა. ამ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა მოსარჩელის საწარმო, რომელიც ხის პარკეტსა და კარ-ფანჯარას აწარმოებდა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებითა და მოწყობილობა-დანადგარებით იყო აღჭურვილი.
3. მოსარჩელის მიწის ნაკვეთი, თბილისის შემოვლითი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში მოექცა, რომლის ნაწილის შესყიდვის მიზნითაც, 2010 წლის 8 დეკემბერს შპს „ს-ს რ-ამ” (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ოფიციალური შეთავაზებით მიმართა მოსარჩელეს. ხსენებული შეთავაზება მოიცავდა საკომპენსაციო თანხის შემდეგ ოდენობას: მიწა - 343 510 ლარი, სხვა ქონების და მოსავლის კომპენსაცია - 319 194.12 ლარი, ჯამურად - 662 704.12 ლარი.
ზემოაღნიშნული შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა მოსარჩელისათვის.
4. 2011 წლის 7 მარტს, მოპასუხემ მოსარჩელეს ანალოგიური შეთავაზებით მიმართა, ალტერნატიული ქონების ჩამონათვალი წარუდგინა და, სთხოვა, რომ უმოკლეს ვადებში ეცნობებინათ წარდგენილი სიიდან, რომელიმე ნაკვეთს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ალტერნატივად თუ განიხილავდა.
5. 2011 წლის 16 მარტის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ ჩამონათვალში ვერ აღმოჩნდა მათი წარმოების მსგავსი (შესაბამისი) დანიშნულებისათვის მიწის ნაკვეთი ან ობიექტი, რომელიც იგივე რაიონში იქნებოდა. შესაბამისად, მოსარჩელემ მიუთითა, რომ წარდგენილი სიიდან რომელიმე მიწის ნაკვეთს მის საკუთრებაში არსებული ქონების ალტერნატივად ვერ განიხილავდა.
6. 2011 წლის 5 მაისს, მოპასუხემ მოსარჩელეს წერილით მიმართა და მის საკუთრებაში არსებული მთლიანი მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა შესთავაზა შემდეგი საკომპენსაციო თანხის ოდენობით: მიწა - 587 998.80 ლარი, სხვა ქონების და მოსავლის კომპენსაცია - 797 867.62 ლარი, ჯამურად 1 385 866.42 ლარი, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის და 2011 წლის 21 ივნისის ბრძანებებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტის შესრულების მიზნით მოპასუხეს ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და მას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 14 699.97კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 8 587კვ.მ მიწის ნაკვეთზე (შემდეგში: განსახილველი მიწის ნაკვეთი, ჩამორთმეული ქონება ან უძრავი ქონება) ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა, რაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
9. 2011 წლის 4 ივლისს, მოპასუხის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა წერილით მიმართა მოსარჩელეს, რომლითაც სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მიღებული შედეგი აცნობა და უძრავი ქონების გამოსყიდვა მოპასუხის სახელით განმეორებით შესთავაზა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” მიერ განსაზღვრული საფასურის შესაბამისად.
ამასთან, თავისი პოზიციის წარმოსადგენად მოსარჩელეს ერთი დღის ვადა მიეცა და ეცნობა, რომ, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მისთვის განკუთვნილი თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდებოდა.
10. 2011 წლის 6 ივლისს, მოსარჩელის სასარგებლოდ 662 704.12 ლარი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდა. დეპონირებული თანხის მიღებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.
11. სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შედეგად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთი სამ დამოკიდებელ მიწის ნაკვეთად (მათ შორის: 8 588კვ.მ მიწის ნაკვეთი, 3 053კვ.მ მიწის ნაკვეთი და 3 059კვ.მ მიწის ნაკვეთი) გაიყო, თითოეულს დამოუკიდებელი საკადასტრო კოდი მიენიჭა და საჯარო რეესტრში მასზე მოპასუხის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
12. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა:
12.1. მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციამდელი მთლიანი უძრავი ქონების სანაცვლოდ, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, ანალოგიური მიწის ნაკვეთის შეძენის, მასზე ანალოგიური საწარმოს აშენების ღირებულებისა და ბიზნესის გადაადგილების 30% დანამატის ანაზღაურება.
12.2. მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება, ქონების ექსპროპრიაციიდან დღემდე, რომელსაც მოსარჩელე მოპასუხის მიერ დროულად ანაზღაურების შემთხვევაში მიიღებდა, საბანკო ანაბარზე განთავსების შედეგად მინიმალური 5% განაკვეთით.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ კომპენსაციის, 792 169 ლარის გადახდა დაეკისრა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოცემული დავის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მოსარჩელის საკუთრების ჩამორთმევის შედეგად ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხის განსაზღვრა.
15.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრისათვის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა დაინიშნა. ექსპერტებად მხარეთა მიერ დასახელებული პირები შეირჩნენ, მათი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, რომლებსაც გამოსაკვლევად შემდეგი შეკითხვები დაესვათ:
1). რამდენს შეადგენდა განსახილველი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება?
2). გაუარესდა თუ არა, განსახილველი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შემდეგ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 353კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა - ნაგებობებით, ზომა, ფორმა ან მდგომარეობა ან გახდა, თუ არა იგი უმნიშვნელო ან/და არაეკონომიურობის გამო - ნაკლებად ღირებული და ამ ქონების გარეშე გამოუსადეგარი?
3). დადებითი პასუხის შემთხვევაში, რამდენს შეადგენდა ამ ქონებების საბაზრო ღირებულება?
4). გაუარესდა თუ არა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 3 059კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა - ნაგებობებით, ზომა, ფორმა ან მდგომარეობა ან გახდა, თუ არა იგი უმნიშვნელო ან/და არაეკონომიურობის გამო - ნაკლებად ღირებული და ამ ქონების გარეშე გამოუსადეგარია?
5). დადებითი პასუხის შემთხვევაში, რას შეადგენდა ამ ქონებების საბაზრო ღირებულება?
ზემოხსენებული ექსპერტიზის ჩატარება დაევალათ დამოუკიდებელ ექსპერტებს, ბ. დ-სა და ს. ე-ს.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დამოუკიდებელ ექსპერტ ს.ე-ის მიერ შესრულებული დასკვნა სრულად პასუხობდა სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით დასმულ შეკითხვებს და, შესაბამისად, საფუძვლად უნდა დადებოდა მოსარჩელის საკუთრების ჩამორთმევის შედეგად ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრას. ამასთან, ქონების ღირებულების საკითხი, ექსპროპრიაციის დროისათვის მისი საბაზრო ღირებულების შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო.
ზემოაღნიშნულის გათვალსწინებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, განსახილველი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ხუთი ერთეული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება 792 169 ლარს შეადგენდა.
15.3. დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 19.1 და 19.3 მუხლები, ასევე, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 6.1, 6.2, 8.1, მე-9 მუხლები.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემოიტანა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა.
გარდა ამისა, კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მოსამართლე გ. ქ-ას აცილებაზე.
საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:
16.1. სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვისას, მოპასუხემ საქმეზე მტკიცებულებების დართვის შესახებ შუამდგომლობა წარადგინა და საქმესთან მათი შემხებლობის შესახებ ზეპირადაც განმარტა, რის შემდეგაც მოპასუხეს იმის შესაძლებლობა მიეცა, რომ მოცემულ შუამდგომლობაზე თავისი პოზიცია ჩამოეყალიბებინა.
მოწინააღმდეგე მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, რომ თავისი პოზიცია ხელშეშლის გარეშე ჩამოეყალიბებინა და ეს პროცესუალური უფლება ბოლომდე იყო დაცული. მოპასუხის წარმომადგენლის მიერ პოზიციის ჩამოყალიბებისას, მოსამართლე გ. ქ-ა ამ პოზიციის ფორმირებაში ჩაერია, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას მან ერთი არგუმენტი დაამატა, კერძოდ, აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქონების ამჟამინდელ შეფასებებს ასახავდა და - არა ექსპროპრიაციამდელ მდგომარეობას.
ხსენებული არგუმენტის მოსამართლის მიერ ზეპირად მიწოდებისთანავე, იგი მოპასუხის წარმომადგენელმა გაიმეორა. აღნიშნული აღიქმება, როგორც მოსამართლის მხრიდან მოწინააღმდეგე მხარის დაუფარავი დახმარება, რადგან მოსამართლისათვის მსგავსი პოზიციის გაჟღერების ადგილი მხოლოდ სათათბირო ოთახია.
16.2. ბ. დ-ის დასკვნასთან მიმართებით სასამართლოს პრეტენზია ისაა, რომ ექსპერტიზა უძრავი ქონების ჩამორთმევიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩატარდა, თუმცა ს. ე-ის დასკვნასთან მიმართებით სასამართლოს ეს პრეტენზია არ გასჩენია.
16.3. საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის ყველა დასკვნა ფულად თანხებს დოლარის კურსის გათვალისწინებით ადგენს. ამდენად, უძრავი ქონების შემფასებლები მათ მიერ შედგენილ დასკვნებს ამერიკულ დოლარში გამოსახულ ქონების შეფასებებს აფუძნებენ.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
18. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ისაა, თუ რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა, მის მიერ სარჩელში მითითებული ოდენობით კომპენსაციის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.
21. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, მესაკუთრის (მოსარჩელე) სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით.
ამდენად, სადავო კომპენსაცია ის თანხაა, რომელიც მოპასუხეს მესაკუთრისთვის უნდა გადაეხადა, მის მიერ უძრავი ქონებების ექსპროპრიაციის სანაცვლოდ.
22. დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური კანონი ექსპროპრიაციას შემდეგნაირად განმარტავს: კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა, ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით.
მსგავსი შინაარსის დათქმას შეიცავს საქართველოს კონსტიტუციის 19.3 მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (იხ.სუსგ: №ას-727-695-2014, 15.07.2016).
23. ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობებს განსაზღვრავს სპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ ექსპროპრიატორი წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ.
ამავე ნორმით დადგენილია ექსპროპრიატორის ვალდებულება, განახორციელოს ყველა სათანადო ღონისძიება, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. დეტალურადაა დადგენილი ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპოპრიატორის მიერ გასატარებელი ღონისძიებები, ნივთის მესაკუთრესთან მოლაპარაკების დაწყებამდე, ქონების შეძენისათვის წინადადებების შეთავაზების წესი. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი (იხ. სუსგ: Nას-727-695-2014, 15.07.2016).
24. სპეციალური კანონის 8.1. მუხლის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავა, სწორედ ამ ნორმის დისპოზიციაში დეკლარირებული შემთხვევაა, რამდენადაც, ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრე არ ეთანხმება ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობას (იხ. სუსგ: Nას-1786-2018, 31.10.2019).
25. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ექსპროპრიაციის აუცილებელი ელემენტია, მესაკუთრისათვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების სათანადოობა კი, პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე.
ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა, სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარმოდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის. განსახილველ შემთხვევაში, ექსპროპრირებული სადავო ქონების ღირებულების განსაზღვრა, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა (იხ. სუსგ: Nას-1786-2018, 31.10.2019).
26. მოცემული დავის განხილვის მიზნით საგულისხმოა რამდენიმე გარემოება:
1). განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნაა წარმოდგენილი, რომელთა საფუძველზე შეფასებული ჩამორთმებული ქონების ღირებულება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული დასკვნები არ გაიზიარა და უძრავი ქონების შეფასების მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტიზა დანიშნა, რის უფლებასაც მას ანიჭებს სპეციალური კანონის მე-9 მუხლი (სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების, ასევე, ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო).
2). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 14 699.97კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოპასუხის სასარგებლოდ ექსპროპრიაციას დაექვემდებარა მხოლოდ 8 587კვ.მ მიწის ნაკვეთ;
საქმეში არსებული ს. ე-ის მიერ შედგენილი დასკვნის (რომელსაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო) მიხედვით, 2011 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, ჩამორთმეული მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ხუთი ერთეული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება 792 169 ლარს შეადგენდა.
27. საკასაციო პალატის განსჯით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ექსპროპრიაციის საფუძველზე მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი სრული და სამართლიანი საკომპენსაციო თანხის ოდენობა, დამოუკიდებელი ექსპერტის - ს. ე-ის მიერ შესრულებული დასკვნის საფუძველზე უნდა განსაზღვრულიყო.
სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ერთობლიობაში შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული მოსაზრება და ამ მოსაზრების დასასაბუთებლად წარმოდგენილი მსჯელობა გასაზიარებელია.
პალატას მიაჩნია, რომ ხსენებული დასკვნის გაანალიზების პროცესში, რამდენიმე არსებით საკითხს მიექცა ყურადღება, კერძოდ:
მოცემული დასკვნა ისეთი მახასიათებლების გამორკვევის შედეგადაა შედგენილი, როგორიცაა: მიწის ნაკვეთის ღირებულება; ახალი გაუმჯობესებების აღდგენილი ღირებულების გაანგარიშება; საწარმოო დეველოპერების მოგების შეფასება; გაუმჯობესებების ცვეთის გაანგარიშება; ახალი მშენებლობის ნარჩენი ღირებულების შეფასება;
ქონება, დანახარჯების მეთოდითა და ანალოგებზე მითითებით შეფასდა. შესაფასებლად წარმოდგენილი ქონების საბაზრო ღირებულება გაანგარიშებულია მიწის საბაზრო ღირებულებისა და შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობის ნარჩენი ღირებულების შეჯამებით;
როგორც დასკვნის შემდგენი ექსპერტის, ს. ე-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებიდან გამოირკვა, ქონების ღირებულება არ მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ) და მასვე გამოკლებული აქვს ცვეთის კოეფიციენტი, 20%.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ანაზღაურების შეცვლის დამაჯერებელ არგუმენტაციას, მაშინ, როცა, აღნიშნულ დასკვნაში საკომპენსაციო თანხის სწორად განსაზღვრისთვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალია შესწავლილი.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითებაც, რომ ბ. დ-ის დასკვნასთან მიმართებით სასამართლოს პრეტენზია გამოკვლევის უძრავი ქონების ჩამორთმევიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩატარებაში მდგომარეობდა, თუმცა ს.ე-ის დასკვნასთან მიმართებით სასამართლოს იგივე კრიტიკა არ გამოუხატია. მოცემული პრეტენზია უარსაყოფია, რამდენადაც სადავო თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლად გამოყენებულ ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება 2011 წლის 15 ივნისის, ე.ი. მისი ჩამორთმევის მდგომარეობით დადგინდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა ექსპროპრირებული ქონების სამართლიანი ღირებულების განსაზღვრის შესახებ, დასაბუთებული და კანონიერია.
28. წინამდებარე განჩინებაში განხილულ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებზეც ზემოთ მიეთითა და რომლებთანაც მოცემული განჩინება თანხვედრაშია, შესაბამისად საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
29. რაც შეეხება მოსამართლე გ.ქ-ას აცილებაზე უარის თქმის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებას, პალატა კასატორის პოზიციას არც აღნიშნულ ნაწილში არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ მოცემული კუთხით კასატორის მიერ მითითებული გარემოება მოსამართლის აცილების კანონით გათვალისწინებულ რომელიმე საფუძველს არ ქმნის (სსსკ-ის 29-31-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, ხსენებული განჩინების გაუქმების მოთხოვნაზე კასატორს უარი უნდა ეთქვას.
30. პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
32. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
34. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ-ოს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ბ-ოს” (ს/ნ -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება - № -, გადახდის თარიღი - 13/08/2019) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი --------;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე