დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-697-2022 15 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ოს ს-ო ჯ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს-ს ს-ო ჯ-მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ.ის (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. 2021 წლის 08 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გაიმართა საქმის ზეპირი განხილვა, რომელზეც მოპასუხე არ გამოცხადდა.
4. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2021 წლის 08 ნოემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 580 ლარის გადახდა.
5. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
7. მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე, 373-374-ე მუხლებით და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 580 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება აპელანტის მიერ გასაჩივრებულია სრულად, ანუ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არის 580 ლარი, რაც არ აღემატება 2000 ლარს და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველია.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ერთადერთი არგუმენტი - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს აღემატება. აღნიშნული დასკვნა არასწორია, ვინაიდან იმავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. ეს არის სპეციალური ნორმა, რომელიც არ ზღუდავს სააპელაციო საჩივრის შეტანას, მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ დასახელებული განჩინება გაასაჩივრონ სააპელაციო წესით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
16. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
17. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 580 ლარის ანაზღაურება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა იმავე სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით. მოპასუხემ აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გაასაჩივრა სააპელაციო წესით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 580 ლარს, რაც არ აღემატება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით ქონებრივსამართლებრივი დავების დასაშვებობისთვის დადგენილ ქონებრივ ზღვარს (2000 ლარი) და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
18. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ მოცემულ შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრული დასაშვებობის პირობა, ვინაიდან იმავე კოდექსის 240-ე მუხლი [აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება სააპელაციო წესით] წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომლითაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის ქონებრივი ზღვარი არ არის დაწესებული.
19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლი მოქცეულია ამ კოდექსის XXVI თავში, რომელიც არეგულირებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საპროცესო საკითხებს, მათ შორის, გასაჩივრების წესს. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია მხოლოდ შესაბამისი საპროცესო დოკუმენტის გასაჩივრების წესი; ხოლო, იმავე კოდექსის XLV თავში - "აპელაციის დასაშვებობა" (364-371-ე მუხლები), მოცემულია სპეციალური საპროცესო ნორმები, რომლებიც არეგულირებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს ნებისმიერ სააპელაციო საჩივართან მიმართებაში. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სწორედ ამ უკანასკნელი თავით დადგენილი წესებით.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. შეზღუდვას აწესებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლიც, რომელიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობად განსაზღვრავს მის ღირებულებას ქონებრივ-სამართლებრივ დავებში. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. მ.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი