დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-4548-შ-117-2022
13 ოქტომბერი, 2022წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ს.ო.
განხილვის საგანი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, განჯის ქალაქ ნიზამის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, განჯის ქალაქ ნიზამის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი.ს.ო. ასულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ.ე.მ. ოღლუს დაეკისრა ალიმენტის გადახდა გ.ე.ე. ოღლისა (დაბადებული 2005 წლის 29 ივნისს) და გ.ე.ე. გიზის (დაბადებული 2011 წლის 22 აპრილს) სრულწლოვანებამდე, 2016 წლის 02 აგვისტოდან ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 117 მანათის, სულ 234 მანათის ოდენობით.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, განჯის ქალაქ ნიზამის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
3.1. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - გ.ე.მ. ოღლუს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - მარნეულის რაიონი, სოფელი ..... და ჩაბარდა მის ოჯახის წევრს (მამას) 2022 წლის 26 სექტემბერს.
3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 სექტემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. მოწინააღმდეგე მხარეს, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, განჯის ქალაქ ნიზამის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქმის მასალებით დგინდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის, განჯის ქალაქ ნიზამის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.ე.მ. ოღლუს დაეკისრა ალიმენტის გადახდა გ.ე.ე. ოღლისა (დაბადებული 2005 წლის 29 ივნისს) და გ.ე.ე. გიზის (დაბადებული 2011 წლის 22 აპრილს) სრულწლოვანებამდე, 2016 წლის 02 აგვისტოდან ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 117 მანათის, სულ 234 მანათის ოდენობით.
5.1. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის, განჯის ქალაქ ნიზამის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში მაცხოვრებელი პირია.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან).
8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, განჯის ქალაქ ნიზამის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და გ.ე.მ. ოღლუსათვის გ.ე.ე. ოღლისა (დაბადებული 2005 წლის 29 ივნისს) და გ.ე.ე. გიზის (დაბადებული 2011 წლის 22 აპრილს) სრულწლოვანებამდე, 2016 წლის 02 აგვისტოდან ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 117 მანათის, სულ 234 მანათის ოდენობით ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ს.ო.ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, განჯის ქალაქ ნიზამის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის, განჯის ქალაქ ნიზამის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება გ.ე.მ. ოღლუსათვის გ.ე.ე. ოღლისა (დაბადებული 2005 წლის 29 ივნისს) და გ.ე.ე. გიზის (დაბადებული 2011 წლის 22 აპრილს) სრულწლოვანებამდე, 2016 წლის 02 აგვისტოდან ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 117 მანათის, სულ 234 მანათის ოდენობით ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე