გაუქმდა და შეწყდა

სამოქალაქო 14.12.2022
საქმის ნომერი
ას-662-2021
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.12.2022

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-662-2021 14 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ. გ-ძე, ზ. ე-ლი, გ. ე-ლი, მ. ე-ლი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ. გ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის, ზ. ე-ის, გ. ე-ისა და მ. ე-ის (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ----- --, №--, შენობა-ნაგებობა №- საერთო ფართით 40.27 კვ.მ (ს/კ -----), გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზაურების სახით, 2019 წლის 01 იანვრიდან ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე, ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრებაზე.

3. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საპროცესო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2019 წლის 01 იანვრიდან - ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე ყოველთვიურად 400 ლარის ანაზღაურება.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც ზიანის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინებით, მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წლის 14 დეკემბერს 12:00 საათზე დაინიშნა ზეპირი მოსმენა.

8. 2022 წლის 14 დეკემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება დავა მორიგებით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაასრულონ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას ურთიერთშეთანხმების გზით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები.

14. მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

16. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვამდე, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 520 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-273-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. გ-ის, ზ. ე-ის, გ. ე-ის, მ. ე-ისა და დ. გ-ის შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. ერთი მხრივ - ნ. გ-ძე (პ.ნ. -----), ზ. ე-ლი (პ.ნ. ----), გ. ე-ლი (პ.ნ. ----) და მ. ე-ლი (პ.ნ. -----) - წარმოდგენილი ნ. ბ-ის (პ.ნ. ----) მიერ (მინდობილობები #----, ----, ----, ----, რეგისტრაციის თარიღი 14.01.2020წ.) და მეორე მხრივ - დ. გ-ძე (პ.ნ. -----) თანხმდებიან შემდეგზე:

1.2. ნ. გ-ძე, ზ. ე-ლი, გ. ე-ლი და მ. ე-ლი დ. გ-ეს სოლიდარულად გადაუხდიან ჯამში 2800 ლარს 2023 წლის იანვრიდან 10 თვის განმავლობაში, 2023 წლის 01 ნოემბრამდე.

1.3. წინამდებარე მორიგების აქტის 1.2. პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა მოხდება ყოველთვიური გადახდებით, თვეში 280 ლარის ოდენობით, არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა, საბანკო გადარიცხვის სახით, დ. გ-ის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს „-----ბანკი“, ანგარიშის #: ------, მიმღები - დ.გ-ძე.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები;

3. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. ნ. გ-ეს (პ.ნ. ------), ზ. ე-ლს (პ.ნ. -----), გ. ე-სა (პ.ნ. -----) და მ. ე-ლს (პ.ნ. -----) დაუბრუნდეთ ნ. ბ-ის (პ.ნ. ----) მიერ 2021 წლის 15 ივლისს №-- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 520 (ხუთას ოცი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი----;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი