დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 20.12.2022
საქმის ნომერი
ას-1279-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1279-2022 20 დეკემბერი, 2022 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.10.2021 წლის გადაწყვეტილებით გ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „დამზღვევი“) სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მზღვეველი“) მოსარჩელის სასარგებლოდ სადაზღვევო ანაზღაურების სახით დაეკისრა 9 569.80 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, 27.02.2020 წელს გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი. სადაზღვევო პირობების მიხედვით: მზღვეველი იყო მოპასუხე, დაზღვეული და მოსარგებლე - დ.მ–ი, ხოლო დამზღვევი - მოსარჩელე. დაზღვეული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი - MERCEDES BENZ S 320, გამოშვების წელი 2001, სარეგისტრაციო ნომერი - ....., ტიპი - სედანი) (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც „ავტომანქანა“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“) ძარა შემდეგი რისკებისგან: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; ქურდობა/ძარცვა ყაჩაღობა; ხანძარი/აფეთქება და სხვა; დამატებით სადაზღვევო პირობას წარმოადგენდა - სრული სერვისი საქართველოს ტერიტორიაზე. დაზღვევის პერიოდად განისაზღვრა 27.12.2020 წლის 24 საათიდან 27.12.2021 წლის 24 საათამდე დროის მონაკვეთი. სადაზღვევო თანხა შეადგენდა ავტომანქანის საბაზრო ღირებულებას - 5 000 აშშ დოლარს.

1.2. სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 25.05.2020 წელს, დაახლოებით 22 საათსა და 55 წუთზე, მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოსარჩელე, მოცურდა და შეეჯახა გაჩერებულ სატვირთოს, სარეგისტრაციო ნომრით ....... დაზღვეულ ავტომანქანას შეჯახების შედეგად დაუზიანდა უკანა ნაწილი. მოსარჩელის მიმართ გამოიწერა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში სასკ) 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მზღვეველს. მზღვეველის მობილური ჯგუფის მიერ შემთხვევის ადგილას 25.05.2020 წელს, 23:50 საათზე შედგენილი ოქმის მიხედვით, ზიანის სახე განისაზღვრა - „ტოტალი სავარაუდოდ“.

1.3. 11.06.2020 წელს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის განაცხადით და მოითხოვა 5 000 აშშ დოლარის ანაზღაურება ან ავტომანქანის აღდგენა. მოპასუხის 30.06.2020 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ანაზღაურებაზე. უარი დაეფუძნა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003319120 დასკვნას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში მძღოლის ქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „კანონი“) 33-ე მუხლის პირველი პუნქტის („...შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“) მოთხოვნებს, რომლის დაცვის პირობებში, შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია ხელშეკრულების დებულებები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 829-ე მუხლი (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით).

1.4. დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დროს წვიმდა. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 19.10.2020 წლის N12/1-826 ცნობის მიხედვით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, ამიტომ, მისგან უახლოესი - ქ. თბილისის ვაშლიჯვრის ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებზე დაყრდნობით ცნობაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 25-26 მაისის ღამეს, 22:00-23:00 საათის განმავლობაში (დაკვირვების ვადაზე) დაფიქსირდა ნალექი წვიმის სახით, ხოლო მოსული ნალექის რაოდენობამ შეადგინა 5 მმ. წვიმიანი ამინდის დამადასტურებელია ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველი ფოტოსურათები, ყოველ მათგანზე იკვეთება ძლიერი წვიმის კვალი.

1.5. შპს „გ–ის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც მოპასუხეს უწევს მომსახურებას და, შესაბამისად, მის მიერ შედგენილი დოკუმენტი მოპასუხისთვის სადავო არ არის, დაზღვეული ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების და შეკეთების ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 9 569.80 ლარს.

1.6. სასამართლომ დაადგინა, რომ ვერ დადასტურდა სადაზღვევო შემთხვევის მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის ძირითად არგუმენტად მოპასუხემ მიუთითა სსკ-ის 829-ე მუხლზე, ასევე მოსარჩელის მიერ სიჩქარის გადაჭარბებაზე, თუმცა მოყვანილი არ არის უხეში გაუფრთხილებლობის დამადასტურებელი გარემოებები, შესაბამისად, მოპასუხე ვერ ასაბუთებს უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტს. ფაქტობრივი გარემოება, თუ რა საჩქარით მოძრაობდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემთხვევის მომენტში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმისას მოპასუხის მიერ გამოკვლეული და დადგენილი არ ყოფილა. საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის ვითარებაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ შემთხვევის მომენტში მოძრაობდა 50-60 კმ/სთ სიჩქარით, ამასთან, არ არის დადასტურებული, რომ შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში.

1.7. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნება ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.06.2020 წლის ექსპერტიზის დასკვნას №003319120. გადაწყვეტილებაში მითითებულია ავტოტრანსპორტის და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის №EG/AUTO/RETAIL/19-V4 ხელშეკრულება/პირობების V სექციის 7.2 პუნქტი (დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლებელი და მიზანშეწონილი ზომა ავტოტრანსპორტის გადარჩენის, შემდგომში დაკარგვის ან ზიანის თავიდან ასაცილებლად და/ან შესამცირებლად) და 9.2 პუნქტი (მზღვეველს შეუძლია უარი განაცხადოს ანაზღაურების გაცემაზე, თუ დამზღვევის მიერ არ იქნება შესრულებული მასზე სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულებები), ასევე მითითებულია კანონის 21-ე მუხლის 22-ე პუნქტით (მძღოლი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები) გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ.

1.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის გადაწყვეტილებაში მითითებული ყველა გარემოება უკავშირდება იმ ფაქტის დადგენას, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომენტში და ამ სიჩქარის განვითარების გამო, დაარღვია თუ არ მძღოლმა კანონის მოთხოვნები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო სიჩქარის შესახებ ფაქტის დადგენის გარეშე. ამ ფაქტს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოსარჩელის ბრალთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად.

1.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 105-ე, 162-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო აფასებს, როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებას, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ექსპერტის დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერტის მიერ აღწერილი უნდა იყოს მის მიერ გამოკვლეული გარემოებები, დოკუმენტები, კვლევის ხერხები და მეთოდები. დასკვნა უნდა იძლეოდეს მისი შეფასების, კრიტიკული ანალიზის შესაძლებლობას.

1.10. ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.06.2020 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო ორი შეკითხვა: 1) რამ გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. შეეძლო თუ არა ავტომანქანის მძღოლს, ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება და მისი მოქმედება შეესაბამება თუ არა კანონის მოთხოვნებს; 2) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი შეიძლებოდა თუ არა განვითარებულიყო ისე, როგორც ამას ამბობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი. რა სიჩქარით მოძრაობდა შემთხვევის დროს ავტომანქანა და რა სიჩქარითაა ნებადართული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ხსენებულ მონაკვეთზე. პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით გაცემულია კატეგორიული დასკვნა - ავტომანქანის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მეორე შეკითხვაზე პასუხი ექსპერტიზის დასკვნის დასკვნით ნაწილში ჩამოყალიბებული არ არის, ექსპერტის მითითებით, საკითხი კვლევითი ნაწილიდან უნდა გაირკვეს. კვლევითი ნაწილის მიხედვით, ექსპერტი შემთხვევის ადგილას არ ყოფილა. იგი მიუთითებს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება მოხდა ქ. თბილისში, ...., ბუნებრივი განათების პირობებში. კვლევით ნაწილში ასევე აღნიშნულია, რომ: მოსარჩელის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე არ დაუტოვებია საბურავის მუხრუჭის ან მოცურების კვალი, რომელიც საშუალებას მისცემდა განესაზღვრა შემთხვევის წინ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთზე სიჩქარის აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი არ არის განთავსებული. შესაბამისად, კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმთ სიჩქარით. როგორც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ რაიმე სახის ხელისშემშლელი პირობა არ ჰქონია, შესაბამისად ცხადია, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში ავტომანქანის ფაქტიური სიჩქარე აღემატებოდა მოცემული რადიუსის მქონე მოსახვევის უსაფრთხოდ გავლისათვის საჭირო სიჩქარეს, მაღალ სიჩქარეს კი, რა თქმა უნდა, მოჰყვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცურება და სატვირთო ავტომობილზე შეჯახება. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს, კერძოდ იმ გარემოებას, რომ ავტომანქანა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის, მოსარჩელის მოქმედება არ შეესაბამება კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მოცემულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტი, მართალია, მიუთითებს, რომ დაეყრდნო წარმოდგენილ მასალას, თუმცა არ არის აღწერილი ეს მასალა. ექსპერტს არ გამოუკვლევია, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან რა ადგილას მოხდა შემთხვევა. დასკვნის კვლევით ნაწილში არ არის მითითებული, თუ რა დოკუმენტების შესწავლის შემდეგ მიიჩნია ექსპერტმა, რომ ავტომანქანას ადგილზე არ დაუტოვებია საბურავის მუხრუჭის ან მოცურების კვალი; საერთოდ არ არის მითითებული რაიმე ტერიტორია, ამიტომ შეუძლებელია შემოწმდეს, გზის რა მონაკვეთი მიიჩნია ექსპერტმა შემთხვევის ადგილად. ასევე რა ტერიტორიის რადიუსი აქვს მხედველობაში ექსპერტს, ან რა მონაცემის საფუძველზე დაასკვნა, რომ მძღოლს შემთხვევის წინ რაიმე სახის ხელისშემშლელი პირობა არ ჰქონია. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ექსპერტი დასკვნაში ახდენს კანონის იმ ნორმის ციტირებას, რომლითაც განსაზღვრულია დასაშვები სიჩქარე დასახლებულ პუნქტში. ამგვარი ნორმის ციტირება საკვლევ საკითხთან მიმართებით დაუსაბუთებელია, რადგან ექსპერტს არ მიუთითებია შემთხვევის ადგილი დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა, თუ დაუსახლებელს.

1.11. სასამართლომ ასევე შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.03.2021 წლის №001708921 დასკვნა, რომლის მიხედვით, ექსპერტის წინაშე დასმული იყო შეკითხვა: ჰიდროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსული ნალექის 5 მმ-ის პირობებში, რამდენად შესაძლებელი იყო მძღოლს მისგან დამოუკიდებელი დასახელებული მიზეზით ვერ დაემორჩილებინა ავტომანქანის მოძრაობა და დამდგარიყო შეჯახება ან/და შეჯახება მომხდარიყო მძღოლის მარტივი გაუფრთხილებლობით. ექსპერტი მიუთითებს, რომ იგი დაეყრდნო განცხადებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის მიხედვით, ირკვევა, 25.05.2020 წლის 22:00-23:00 საათის შუალედში, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მოსარჩელე, მოცურდა და შეეჯახა გზის საპირისპირო მხარეს გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს. ექსპერტი ასევე დაეყრდნო: პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილ პატაკს და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 19.10.2020 წლის N12/1-826 ცნობას. ექსპერტი განმარტავს, რომ წვიმიან ამინდში, განსაკუთრებით წვიმის დასაწყისში საგრძნობლად უარესდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გზასთან ჩაჭიდების კოეფიციენტი, ვინაიდან წვიმის დაწყებით ფაზაში წვეთები არ რეცხავენ გზის მტვერს, არამედ აერთიანებენ, აღნიშნული ნარევი კი თავის მხრივ ხელს უწყობს ავტომანქანის მოცურებას. აქედან გამომდინარე, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მოძრაობის წესები ავალდებულებს მძღოლს აირჩიოს სიჩქარე მხედველობის მანძილისა და ხილვადობის სიდიდის მიხედვით, რომ კონკრეტულად შექმნილ ვითარებაში ქონდეს შესაძლებლობა დროულად შეანელოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან გააჩეროს იგი. მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისეთი სიჩქარე, რომლის დროსაც გაჩერების მანძილი უნდა იყოს მხედველობის მანძილზე ან ხილვადობის სიდიდეზე ნაკლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მძღოლს შერჩეული სიჩქარე საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იყოს მოძრაობის უსაფრთხოება. სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ამ ექსპერტიზის დასკვნით ყოფილა დადგენილი, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა დაზღვეული ავტომანქანა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტის ამ დასკვნით განმარტებულია მოძრაობის უსაფრთხოებასთან მიმართებით წვიმის გავლენის საკითხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მძღოლისთვის ხელშემშლელი გარემოება იყო წვიმა. ამიტომ, იგი ვალდებული იყო შეერჩია იმგვარი სიჩქარე, რომ დამატებითი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობისას შეენარჩუნებინა მოძრაობის უსაფრთხოება.

1.12. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მეგობართან ერთად და ბრუნდებოდა ჯვრის მონასტრიდან, იყო ძალიან ძლიერი წვიმა, არ იყო ხილვადობა, ზაჰესის მიმართულებით სანიაღვრეების არარსებობის გამო, მოსახვევში მანქანა მოცურდა (იხ. 29.09.2021 სხდომის აუდიოჩანაწერი, 12:29:45-დან). მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ: მოძრაობდა 50-60 კმ სთ-სიჩქარით, ძლიერი წვიმის გამო სწრაფად ვერც იმოძრავებდა, „მაშინ კალონკაში შევარდებოდა“, ... ხილვადობა არ იყო, გუბე იყო, ავტომანქანა მოცურდა და შეეჯახა ტრაილერს. მოცურებას ისიც ადასტურებს, რომ უკანა მხრიდან შეეჯახა და მისი ავტომანქანის უკანა ნაწილი დაზიანდა (იხ. 29.09.2021 სხდომის აუდიოჩანაწერი12:45:47-დან). სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, იგი მიემართებოდა ჯვრის მონასტრიდან თბილისის მიმართულებით, მისი აღწერით, მიმდებარედ იყო ბენზინგასამართი სადგური, რაც ასევე დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფოტოდან. ფოტოსურათებზე არ არის ასახული რაიმე ისეთი ობიექტი, რაც მიუთითებს დასახლებული პუნქტის არსებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა დაუსახლებელ პუნქტში.

1.13. სასამართლოს განმარტებით, მტკიცების სტანდარტი მოცემულ საქმესთან მიმართებით მოპასუხეს ავალდებულებს სასამართლოს წარუდგინოს საკმარისი მტკიცებულებები მისი უარის დასასაბუთებლად. იმგვარ ვითარებაში, როდესაც უარი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე ემყარება არგუმენტს დამზღვევი მძღოლის მიერ კანონის და სადაზღვევო პირობების მოთხოვნების დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა სიჩქარის გადაჭარბებით, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს უარის კანონიერება. ამ ვითარებაში კი, მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, შემთხვევის დროს ავტომანქანის სიჩქარის შესახებ. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია საკუთარი მტკიცების ტვირთი, ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც უარყოფდა მოსარჩელის განმარტებას, რომ იგი შემთხვევის დროს მოძრაობდა 50-60 კმ/სთ სიჩქარით.

1.14. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი, ვადიანი ხელშეკრულებაა, ამასთან, ამ ხელშეკრულებას სარისკო ხელშეკრულებას უწოდებენ. დაზღვევის ხელშეკრულების რეალური და, ამავე დროს, სარისკო ბუნება სწორედ იმ ფორმით ვლინდება, რომ დამზღვევი ყოველთვის ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია, ხოლო მზღვეველს შეიძლება არასოდეს მოუხდეს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა. სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულებაში მზღვეველის ვალდებულება წარმოიშვება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ. სადაზღვევო შემთხვევა სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, უნდა განიმარტოს, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, რომლის აღიარების შემდეგ მზღვეველი ვალდებულია, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

1.15. დაზღვევის ხელშეკრულების სარისკო ბუნების გათვალისწინებით, დამზღვევისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საგამონაკლისო წესებს, რომელთა მიხედვით, ხელშეკრულების პირობის ან კანონის საფუძველზე, მზღვეველი შეიძლება გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მიუხედავად. როგორც წესი, დაზღვევის ხელშეკრულებით დეტალურად არის გათვალისწინებული საგამონაკლისო წესები, რომელთა არსებობისას მზღვეველი უფლებამოსილია, არ შეასრულოს, ან მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულოს თავისი ვალდებულება. ამგვარი შეთანხმებების მრავალფეროვნება სსკ-ის 319-ე მუხლში ჩამოყალიბებულ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ეფუძნება და მთლიანად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ამას გარდა, სამოქალაქო კოდექსიც ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულების შეზღუდვის, ან ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლებს. ხელშეკრულების დანართით, დაზღვევის პირობების პირველი ნაწილის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია საერთო გამონაკლისები. ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით. ხოლო V სექციის 9.2. პუნქტის თანახმად, მზღვეველს შეუძლია უარი განაცხადოს ანაზღაურების გაცემაზე, თუ დამზღვევის მიერ არ იქნება შესრულებული მასზე სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულებები. ამასთან, ხელშეკრულების V სექციის 9.1. პუნქტით მხარეებს შორის წინასწარ არის შეთანხმებული ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის პირობები. მოპასუხე ემყარება 9.2. პუნქტს. ამ პუნქტში ჩამოყალიბებული დებულებები, 9.1. პუნქტში შეთანხმებული პირობების ბუნებისგან იმით განსხვავდება, რომ 9.1. პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობისას, ანაზღაურებაზე უარის საფუძვლები სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილია და არ არის დამოკიდებული დამზღვევის შეფასებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გარემოებებთან დაკავშირებით. 9.2. პუნქტის მიხედვით კი, მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ანაზღაურებაზე ამავე პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობისას. ამ გარემოებების არსებობა, შეიძლება შეფასების საკითხს წარმოადგენდეს. სწორედ ასეთი შეფასების საგანია სადავო მოცემულ საქმეზე. კერძოდ, უნდა დადგინდეს მოსარჩელის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგი ხომ არ იყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომა.

1.16. სადაზღვევო ურთიერთობების ბუნების გათვალისწინებით, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის პირობებში, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევის ფაქტის და ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა, ხოლო მოპასუხემ უნდა მიუთითოს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან ზიანის შემცირებული მოცულობით ანაზღაურების გარემოებების არსებობაზე. მოპასუხის არგუმენტაცია ემყარება სსკ-ის 829-ე მუხლს, ამავე დროს აღწერილია გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ კანონმდებლობის და სადაზღვევო პირობების ცალკეული დებულებების დარღვევით. ამრიგად, საქმეზე სადავოა, გამოწვეულია, თუ არა სადაზღვევო შემთხვევა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით.

1.17. სამოქალაქო სამართალში ბრალის შეფასებისას მოწმდება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ნების და ყურადღებიანობის ხარისხი. ამის მიხედვით განისაზღვრება, იგი განზრახ მოქმედებდა, თუ გაუფრთხილებლობით. ამასთან, პირის ბრალეულობა მხოლოდ ქმედების შედეგისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით არ მოწმდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მიზნისთვის, პირის სუბიექტურ განწყობასთან ერთად, მხედველობაში მიიღება ობიექტური კრიტერიუმები, ანუ პასუხისმგებლობის მიზნისთვის პირის ბრალეულად მიჩნევისას, ასევე მოწმდება კონკრეტულ გარემოში მოქმედი გარემოებები, ამ გარემოებების გავლენა პირის ქმედებაზე. გაუფრთხილებლობა შეიძლება იყოს მარტივი (culpa lata) ან უხეში (culpa levissima). უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა, როცა პირი განსაკუთრებით მაღალი ხარისხით არღვევს ბრუნვისათვის აუცილებელ ყურადღებიანობას. ყველა სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ პირი მოქმედებდა უბრალო გაუფრთხილებლობით. სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობა მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი პირის მხრიდან განზრახვას უახლოვდება. შესაბამისად, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს ისეთი ქმედება, რომლის ჩადენის დროსაც პირი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით უგულებელყოფს წინდახედულობის ნორმებს. მოქმედებს არა იგივე ვითარებაში მყოფი, სხვა საშუალო შესაძლებლობების მქონე პირის მსგავსად, არამედ იჩენს თვალშისაცემ უყურადღებობას, უპატიებელ დაუდევრობას. უხეში გაუფრთხილებლობისგან განსხვავებით, მარტივი გაუფრთხილებლობა უნდა განიმარტოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის და წინდახედულობის სტანდარტის შედარებით ნაკლები ხარისხით უგულებელყოფა. მარტივი გაუფრთხილებლობა ბრალის გამომრიცხველ გარემოებასთან მიახლოებულად უნდა შეფასდეს. სსკ-ის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობად განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა გათანაბრებულია. ამრიგად, სადაზღევო ურთიერთობის მიზნისთვის, უხეში გაუფრთხილებლობა განზრახვის ანალოგიურ სუბიექტურ განწყობად განიხილება. სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგება დაზღვევის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის მთავარი მიზანი დამზღვევისთვის შესაძლო ზიანის ანაზღაურების გარანტირებაა.

1.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, რომელიც არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, არ დგინდება, მძღოლის ბრალეულობის საკითხი. მოპასუხის არგუმენტაცია ძირითადად ემყარება ექსპერტიზის დასკვნას, რაც სასამართლოს მიერ შეფასდა, როგორც დაუსაბუთებელი, ასევე მტკიცებას, რომ მოსარჩელე დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა წვიმიან ამინდში დაშვებულზე მაღალი სიჩქარით. ამ მტკიცებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: სადავო არ არის ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს წვიმდა. ექსპერტის განმარტებით, წვიმიან ამინდში განსაკუთრებით წვიმის დასაწყისში საგრძნობლად უარესდება ავტომანქანის გზასთან ჩაჭიდების კოეფიციენტი. ასევე, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, წვიმა წარმოადგენს დამატებით ხელშემშლელ ფაქტორს, რომლის დროსაც მძღოლმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილის მომეტებული ზომა, კერძოდ, შეამციროს სიჩქარე. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა დასახლებულ ადგილას, ამიტომ, კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი, რომლის მიხედვით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, მოსარჩელეს არ ავალდებულებდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი მძღოლს ავალდებულებს შეამციროს ის სიჩქარე, რაც დაშვებულია გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე მოძრაობისას. კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების [დაზღვეული ავტომანქანა] მოძრაობა ... ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ იგი შემთხვევის დღეს დაზღვეული ავტომანქანით მოძრაობდა 50-60 კმ/სთ სიჩქარით. ამგვარი სიჩქარე არ აჭარბებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობისთვის დაშვებულ სიჩქარეს. არსებითია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დამატებითი ხელშემშლელი გარემოების - წვიმის დროს და ამ შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ განსახორციელებელ აუცილებელ ქმედებას სიჩქარის შემცირება წარმოადგენდა. დაუსახლებელ პუნქტში უფრო მაღალი მაქსიმალური სიჩქარის დაწესების გამო, 50-60 კმ/სთ-მდე სიჩქარის შეზღუდვაც კი რომ არ ყოფილიყო საკმარისი სიფრთხილის ზომა, უფრო მეტად სიჩქარის შეუმცირებლობით მოსაჩელეს არ გამოუჩენია უხეში გაუფრთხილებლობა. სიჩქარის შემცირების მოთხოვნის გარდა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ პრეტენზია ვერ წარმოადგინა. ამრიგად, მტკიცების ტვირთის იმგვარი განაწილების პირობებში, როგორიც დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავებისთვის არის დადგენილი, მოპასუხემ საპროცესო ვალდებულება, დაედასტურებინა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი, ვერ შეასრულა.

1.19. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ იმაზე ხაზგასმის საპასუხოდ, რომ მოსარჩელემ წყლის გუბის არსებობის შესახებ არ შეატყობინა მის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებისას, სასამართლო, აღნიშნავს შემდეგს: დაასახელებდა თუ არა ამ გარემოებას მოსარჩელე მოპასუხისთვის სადაზღვევო ანაზღაურების გამო მოთხოვნის წარდგენისას, არ ცვლის მოპასუხის ვალდებულებას მოსარჩელის წინაშე. ხაზი უნდა გაესვას, რომ მოპასუხე შესაგებელში ფაქტობრივი გარემოების სახით ასახელებს იმას, რომ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა გზის საფარის დაზიანების ვითარებაში. შესაბამისად, გზის საფარის დაზიანების შესახებ, რომლის შედეგიც წყლის გუბის არსებობა შეიძლებოდა ყოფილიყო, მოპასუხისთვის ცნობილი იყო. ამასთან, ასეც რომ არ ყოფილიყო, მოსარჩელის განმარტებების მიხედვით, წყლის გუბის არსებობა დამატებითი და არა ერთადერთი ფაქტორი იყო, რამაც ავტომანქანის მოცურება გამოიწვია.

1.20. იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ არსებობს სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის გარემოება, ამასთან, სადავო არ გამხდარა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა დაზიანებული ავტონაწილების და შესაბამისი სარემონტო მომსახურების ღირებულების შესახებ, მოპასუხე არ არის უფლებამოსილი, უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, დაზღვეული ავტომანქანის შეკეთების ღირებულების 9 569.80 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2022 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ არ არსებობდა დამზღვევის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის საფუძველი და მიიჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. არ არსებობდა ექსპერტების დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ 27.09.2021 წლის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ექსპერტებს განმარტებები წარდგენილი ჰქონდათ დასკვნებში, ხოლო სადავო საკითხი (უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ) არსებითი განხილვის შედეგად დასადგენ გარემოებას და სასამართლოს სამართლებრივი შეფასების საგანს წარმოადგენდა, შესაბამისად, არ არსებობდა ექსპერტების დაკითხვის საფუძველი. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, არ ქმნიდა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში).

9. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).

10. მოცემულ შემთხვევაში: მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე; დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

11. მზღვეველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.

12. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

13. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (სუსგ.Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).

14. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 25.05.2020 წელს, დაახლოებით 22 საათსა და 55 წუთზე, მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოსარჩელე, მოცურდა და შეეჯახა გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეულ ავტომანქანას დაუზიანდა უკანა ნაწილი. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიმართ გამოიწერა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მზღვეველს. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ არ დასტურდება მძღოლის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი.

15. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას, დამზღვევის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების კასატორისმიერი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსსაც, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (სუსგ Nას-1479-2019, 21.01.2020წ.).

17. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას მასზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ექსპერტების დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ 27.09.2021 წლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი 478,5 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 334.95 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 478,5 ლარის (საგადახდო დავალება №4977972, გადახდის თარიღი 28.10.2022წ.) 70% – 334.95 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია