საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო 13.04.2023
საქმის ნომერი
ას-969-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.04.2023

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-969-2022 13 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხე) - შპს „ე.კ–ი“

კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს „ქ.ყ–ი“

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ო.ჯ–მა“ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - შპს „ქ.ყ–ის“ მიმართ, სახელშეკრულებო ფასის ნაწილის გადახდის მოთხოვნით. შპს „ქ.ყ–მა“ შეიტანა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურება. შპს „ო.ჯ–ის“ 2016 წლის 15 მარტის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, შეიცვალა შპს ,,ო.ჯ–ის’’ საფირმო სახელწოდება და მის ახალ სახელწოდებად განისაზღვრა შპს „ე.კ–ი“.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე.კ–ის“ სარჩელი შპს „ქ.ყ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა. შპს „ქ.ყ–ს“ შპს „ე.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 22980 ლარის გადახდა. შპს „ქ.ყ–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ქ.ყ–მა“, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ქ.ყ–ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დასახელებული გადაწყვეტილება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით შპს „ე.კ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საკასაციო პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს „ქ.ყ–ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

2023 წლის 7 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა მხარეთა მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ზეპირი განხილვა, მხარეთა შესაძლო მორიგების მიზნით.

2023 წლის 12 აპრილს მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მორიგების აქტი წარმოადგინეს და მისი, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, დამტკიცების თაობაზე იშუამდგომლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, დადგენილია, რომ მხარეებს უფლება აქვთ, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამრიგად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს მინიჭებული აქვთ თავისუფლება, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, მათ შორის, საქმე მორიგებით დაასრულონ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა (შპს „ე.კ–ი”, ს/ნ ….., შემდგომში - „კასატორი 1" და შპს „ქ.ყ–ი“, ს/ნ ……., შემდგომში - „კასატორი 2“) მიერ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც:

1. „კასატორი 1" საბოლოოდ და შეუქცევადად უარს ამბობს „კასატორი 2-ს" წინააღმდეგ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში №2/307-16 (№ ..........) საქმეზე შეტანილი ნებისმიერი სარჩელიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნაზე და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე №ას-969-2022 საქმეზე წარმოდგენილი ნებისმიერი საკასაციო საჩივრის (შეგებებული საკასაციო საჩივრის) ყველა მოთხოვნაზე.

2. „კასატორი 2" საბოლოოდ და შეუქცევადად უარს ამბობს „კასატორი 1-ს" წინააღმდეგ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში №2/307-16 (№ ..........) საქმეზე შეტანილი ნებისმიერი სარჩელიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნაზე და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე №ას-969-2022 საქმეზე წარმოდგენილი ნებისმიერი საკასაციო საჩივრის (შეგებებული საკასაციო საჩივრის) ყველა მოთხოვნაზე.

3. „კასატორი 1" და „კასატორი 2" თანხმდებიან, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. მათ შორის „კასატორი 2" უარს აცხადებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების (საქმის ნომერი #2ბ/883-21) მე-3 პუნქტით მინიჭებულ მოთხოვნაზე.

4. მხარეები თანხმდებიან, რომ გაუქმდეს მათ მიერ წარდგენილი სარჩელების (მათ შორის თავდაპირველი სარჩელის და შეგებებული სარჩელის) უზრუნველსაყოფად, სასამართლო დავასთან დაკავშირებით სამივე ინსტანციაში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის:

- სრულად გაუქმდეს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის № 2ბ/5085-16 განჩინება, რითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ქ.ყ–ს“ აეკრძალა საჯარო რეესტრში შპს „ქ.ყ–ის“ (ს/ნ ……..) სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მდებარე ყვარლის რაიონის სოფელ ….., ს/კ …… (აკრძალვა: …….., 02/03/2017);

- სრულად გაუქმდეს - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 16.05.2019 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შპს „ე.კ–ს“ (ს/ნ ….) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, …….., დაზუსტებული ფართობი 1657.00 კვ.მ., ს/კ …….. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

მხარეები ასევე აცხადებენ, რომ მათ საუკეთესო ინტერესებშია წინამდებარე მორიგების პირობების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლა, შესაბამისად, მხარეები ერთობლივად მიმართავენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს (№ ას-969-2022 საქმე), რათა ზეპირი განხილვის გარეშე გამოიტანოს განჩინება წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებისა და მხარეთა შორის მორიგების გამო საქმის შეწყვეტის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს სხვა პირთა ინტერესებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობებით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეებს, რომ საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

რაც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 399-ე, 372-ე, 218-ე მუხლებით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 266-ე მუხლით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა (შპს „ე.კ–ი”, ს/ნ ……, შემდგომში - „კასატორი 1" და შპს „ქ.ყ–ი“, ს/ნ ….., შემდგომში - „კასატორი 2“) შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მხარეებს შორის 2023 წლის 10 აპრილს გაფორმებული მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით:

1.1. „კასატორი 1" საბოლოოდ და შეუქცევადად უარს ამბობს „კასატორი 2-ს" წინააღმდეგ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში №2/307-16 (№ ..........) საქმეზე შეტანილი ნებისმიერი სარჩელიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნაზე და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე №ას-969-2022 საქმეზე წარმოდგენილი ნებისმიერი საკასაციო საჩივრის (შეგებებული საკასაციო საჩივრის) ყველა მოთხოვნაზე.

1.2. „კასატორი 2" საბოლოოდ და შეუქცევადად უარს ამბობს „კასატორი 1-ს" წინააღმდეგ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში № 2/307-16 (№ ..........) საქმეზე შეტანილი ნებისმიერი სარჩელიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნაზე და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე № ას-969-2022 საქმეზე წარმოდგენილი ნებისმიერი საკასაციო საჩივრის (შეგებებული საკასაციო საჩივრის) ყველა მოთხოვნაზე.

1.3. „კასატორი 1" და „კასატორი 2" თანხმდებიან, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. მათ შორის „კასატორი 2" უარს აცხადებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების (საქმის ნომერი #2ბ/883-21) მე-3 პუნქტით მინიჭებულ მოთხოვნაზე (შპს „ე.კ–ს“ შპს „ქ.ყ–ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 919 ლარის გადახდა).

1.4. მხარეები თანხმდებიან, რომ გაუქმდეს მათ მიერ წარდგენილი სარჩელების (მათ შორის თავდაპირველი სარჩელის და შეგებებული სარჩელის) უზრუნველსაყოფად, სასამართლო დავასთან დაკავშირებით სამივე ინსტანციაში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის:

- სრულად გაუქმდეს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის № 2ბ/5085-16 განჩინება, რითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ქ.ყ–ს“ აეკრძალა საჯარო რეესტრში შპს „ქ.ყ–ის“ (ს/ნ ……) სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მდებარე ყვარლის რაიონის სოფელ …., ს/კ ….. (აკრძალვა: ….., 02/03/2017);

- სრულად გაუქმდეს - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 16.05.2019 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შპს „ე.კ–ს“ (ს/ნ ……) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ……, დაზუსტებული ფართობი 1657.00 კვ.მ., ს/კ …… გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

2. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებები;

3. შპს „ე.კ–ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გ.გ–ას (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1149 ლარი (საგასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი - 18.08.2022წ.);

4. შპს „ქ.ყ–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1810.23 ლარი (საგადახდო დავალება №14795169250, გადახდის თარიღი - 15.10.2022წ.);

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე