დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.06.2023
საქმის ნომერი
ას-516-2023
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.06.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-516-2023 22 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.მ–ძის უფლებამონაცვლე ე.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ხ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.ხ–ძემ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ძის (შემდგომში – „მოპასუხე“ ან „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვა მისთვის ზიანის ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად 9000 ლარის გადახდის დაკისრება, 2011 წლის 05 სექტემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, .......... აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელემ დაიწყო იძულებითი აღსრულება 2019 წლის 24 დეკემბერს, თუმცა, ვინაიდან აღნიშნულ ქონებას დღემდე უკანონოდ ფლობს მოპასუხე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას გააქირავოს უძრავი ქონება და მიიღოს სარგებელი.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 9000 ლარის გადახდა, 2011 წლის 05 სექტემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N11265-17) აღსრულებამდე.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის გარდაცვალების გამო, წინამდებარე საქმეზე შეჩერდა წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს 07 თვისა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე განახლდა საქმის წარმოება და აპელანტის (მოპასუხე) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე.მ–ძე (შემდგომში ასევე - „მოპასუხის/აპელანტის უფლებამონაცვლე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“).

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2022 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე) წარმომადგენელმა, რომელმაც საქმის წარმოების განახლება და მოპასუხის უფლებამონაცვლედ ე.მ–ძის ცნობა მოითხოვა. განმცხადებელმა წარადგინა 2021 წლის 27 ოქტომბრით დათარიღებული სანოტარო მოქმედების აქტი, რომლის მიხედვით, აღნიშნულ დღეს ნოტარიუსს მოპასუხის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით მიმართა მისმა ქალიშვილმა, ე.მ–ძემ. ამდენად, ამ უკანასკნელმა მიიღო მოპასუხის სამკვიდრო (სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე არსებობდა საქმის წარმოების განახლებისა და სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის უფლებამონაცვლედ ე.მ–ძის ცნობის საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტის უფლებამონაცვლემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

11. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

11.1.მოსარჩელე ითხოვს ზიანის სახით განცდილი მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრებას. იგი ამტკიცებს, რომ მოპასუხე 2011 წლის 05 სექტემბრიდან უკანონოდ ფლობს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რის გამოც ის ვერ ახერხებს აღნიშნული უძრავი ქონების გაქირავების შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებას. თავის მხრივ, მოპასუხე ამტკიცებს, რომ მოსარჩელის მხრიდან არასდროს ჰქონია ადგილი უძრავი ქონების გაქირავების შედეგად სარგებლის მიღების მცდელობას და სარჩელი მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ - მოპასუხის ხარჯზე მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებისაკენ. ამგვარად, როგორც სარჩელიდან და საქმის მასალებიდან ირკვევა, მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნა პირადი ხასიათის მქონეა, ხოლო პირადი ხასიათის უფლებები და მოთხოვნები ისე მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტულ პიროვნებასთან, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მათი დაცვა/აღსრულება სხვა პირის მიმართ ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, რადგან აღნიშნული მოთხოვნა უკავშირდება მხოლოდ წინამორბედ მფლობელს და მოსარჩელეს არ შეუძლია საქმეში დასახელებულ უფლებამონაცვლეს იგივე მოთხოვნა წაუყენოს, რასაც იგი ძველი მფლობელის წინაშე აყენებდა;

11.2.აღნიშნული პოზიციის მართებულობას განამტკიცებს სასარჩელო მოთხოვნის ბუნებაც, მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან წარმოშობილი ზიანის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების მოთხოვნა. ვინაიდან მოპასუხის გარდაცვალების შედეგად შეწყვეტილია უკანონო მფლობელობა, ამ მოთხოვნის აღსრულება სხვა პირის მიმართ ფაქტობრივად შეუძლებელია;

11.3.სასამართლოს მხრიდან უფლებამონაცვლეობის საკითხზე მსჯელობისას ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული საქმეში წარდგენილი 2022 წლის 03 მაისის სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ გარდაცვლილის მემკვიდრემ, აპელანტის უფლებამონაცვლემ მიიღო სამკვიდრო ქონების 3/4 წილი, ხოლო 1/4 ნაწილი დარჩენილია ღიად. სასამართლო ულებამონაცვლეობის თაობაზე მიღებული განჩინებით გასცდა სამკვიდროს მიღების ფარგლებს და მემკვიდრე იმ ნაწილშიც სცნო გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ, რომელ ნაწილშიც მას სამკვიდრო არ მიუღია;

11.4.ამდენად, გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვის გარეშე, ვინაიდან გარდაცვლილის მემკვიდრე არასწორად იქნა მიჩნეული მოპასუხის უფლებამონაცვლედ. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის მართლზომიერება.

16. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ წინამდებარე საქმეში დაუშვებელი იყო უფლებამონაცვლეობა, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ პირადი ხასიათისაა და მოსარჩელეს არ შეუძლია მემკვიდრეს იგივე მოთხოვნა წაუყენოს. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორს მიღებული აქვს მოპასუხის სამკვიდრო ქონების ¾ წილი, ხოლო ¼ წილი დარჩენილია ღიად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გასცდა კერძო საჩივრის ავტორის მიერ მიღებული სამკვიროს ფარგლებს და იგი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნო იმ ნაწილშიც, რომელშიც მას სამკვიდრო არ მიუღია.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის ზოგადი წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

18. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ - სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-839-839-2018, 13 ივლისი, 2018 წელი). ამასთან, მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (სუსგ საქმე №ას-27-2019, 15 ნოემბერი, 2019 წელი).

19. განსახილველ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია მოპასუხის გარდაცვალება. საქმეში არსებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 27 ოქტომბერს კერძო საჩივრის ავტორმა გარდაცვლილი მოპასუხის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს (იხ. ს.ფ. 236-238), რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით [მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო], გულისხმობს, რომ მან მოპასუხის სამკვიდრო მიიღო. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენადაა დასაშვები უფლებამონაცვლეობა, ვინაიდან, თუკი საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი პირის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

20. წინამდებარე საქმეში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, დავა ქონებრივი ხასიათისაა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ პირადი ხასიათისაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს. ამდენად, პირადი ხასიათისაა იმგვარი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ მამკვიდრებელს ეკუთვნოდეს და მისი ხასიათიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო სხვა პირის მხრიდან მისი განკარგვა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს იმ მიუღებელი სარგებლის ანაზღაურებას, რაც მან ვერ მიიღო მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო ფლობის გამო. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას პირადი ხასიათი არ აქვს და მისი მემკვიდრეობით გადაცემა შესაძლებელია.

22. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქმეში არ მოიპოვება და არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გარდაცვლილი მოპასუხის სამკვიდრო ამ უკანასკნელის გარდა სხვა პირებმაც მიიღეს. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში არსებული დოკუმენტით, კერძოდ, სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ 2021 წლის 27 ოქტომბერს გაცემული მოწმობით (იხ. ს.ფ. 236-238), დგინდება კერძო საჩივრის ავტორის მიერ მოპასუხის სამკვიდროს მიღების ფაქტი, რაც წინამდებარე საქმეში ამ უკანასკნელის მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობის საკმარის წინაპირობას წარმოადგენდა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, კერძო საჩივრის ავტორი მართებულად იქნა მიჩნეული მოპასუხის უფლებამონაცვლედ და სახეზე არ იყო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.მ–ძის უფლებამონაცვლე ე.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი