დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 08.04.2022
საქმის ნომერი
ას-1235-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1235-2019 08 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – თ.კ–ძის უფლებამონაცვლე ე.კ–ძე, ნ.შ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.კ–ძის უფლებამონაცვლეები ს.ა–ვა და ნ.კ–ძე

თავდაპირველი მოსარჩელე - ნ.კ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.კ–ძის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ნ.კ–ძის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება პირველი მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 1994 წლის 3 აგვისტოს და 2000 წლის 13 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობები (რეგისტრაციის თარიღები №1408 და №ად-370) 1/3 ნაწილში და ა.კ–ძის დანაშთი ქონების, მდებარე ქუთაისში, ....... (ს/კ ........), 1/3 ნაწილში მემკვიდრედ ცნობილ იქნა პირველი მოსარჩელე; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 12 აპრილს ნ.შ–ძესა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და თ.კ–ძეს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/3 ნაწილში და სადავო ქონების, მდებარე ქუთაისში, ......... (ს/კ .......), მესაკუთრედ 1/3 ნაწილში აღირიცხა პირველი მოსარჩელე.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 1952 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა თ.დ. ძე კ–ძე, ხოლო 1990 წლის 24 ნოემბერს - მისი შვილი ა.თ. ძე კ–ძე (შემდგომში - „მამკვიდრებელი“), რომელსაც დარჩა სამი მემკვიდრე - ნ.კ–ძე, პირველი მოსარჩელე და მეორე მოსარჩელე. მამაპაპისეული სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, .........., 1990 წლისათვის დაყოფილი იყო ორ ნაწილად და ირიცხებოდა თ.კ–ძის და მამკვიდრებლის საკუთრებად;

2.2. 1994 წლის 03 აგვისტოს ნოტარიუსმა თ. მ–ძემ გამოსცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც 1990 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის და 1952 წლის წლის 22 იანვარს გარდაცვლილი თ.დ. ძე კ–ძის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ....... მიიღო ნ.ა. ძე კ–ძემ (ტომი 1, ს/ფ 16);

2.3. 2000 წლის 10 მაისს ნოტარიუსმა თ. მ–ძემ გამოსცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც მეორე მოპასუხემ, როგორც ნ.კ–ძის მეუღლემ და პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო უძრავი ქონება - მდებარე ქ. ქუთაისი, ....... (ყოფილი ......... ქუჩა) (ტომი 1, ს/ფ 17);

2.4. პირველ მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2007 წლის 12 ოქტომბერს. 2008 წლის 05 თებერვალს, მეორე მოპასუხის თანხმობით, იგი დარეგისტრირდა მისამართზე ქ. ქუთაისში, ........ მეორე მოსარჩელე კი მითითებულ მისამართზე არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული, მისი რეგისტრაციის ადგილია - ქ. თბილისი (ტომი 1, ს/ფ 166-170);

2.5. შსს-ს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ პირველი მოსარჩელე 1998 წლიდან 2018 წლამდე თითქმის ყოველწლიურად, ხშირ შემთხვევაში წელიწადში რამდენჯერმე, რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა საქართველოში (ტომი 1, ს/ფ 172-176);

2.6. 2017 წლის 12 აპრილს მეორე მოპასუხესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, .......... ნასყიდობის თანხა ხელშეკრულებაში მითითებულია 50000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 13.04.2017წ. სადავო უძრავი ქონება აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრებაში (ტომი 1, ს/ფ 67-69);

2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ჯ.ჯ–ძის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ნ.კ–ძე იყო მისი შვილის ნათლია, ოჯახთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. მას არასოდეს მოუსმენია მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფის თაობაზე საუბარი ან უკმაყოფილება. მამკვიდრებელი რომ გარდაიცვალა, არ იცის მემკვიდრეები რამეზე თუ შეთანხმდნენ. პირველი მოსარჩელე მამის დაკრძალვაზე იყო, თუმცა ხარჯები ვინ გაიღო, არ იცის. ნ–ის დაკრძალვის ხარჯები, როგორც გაიგო, პირველმა მოსარჩელემ გაიღო. პირველი მოსარჩელე როდესაც ქუთაისში ჩამოდიოდა, ყოველთვის ბინავდებოდა მამისეულ სახლში, ერთსა და იმავე საძინებელში, „ზალიდან“ მარჯვენა მხარეს. მისთვის ცნობილია, რომ მეორე მოპასუხე მეორე მოსარჩელეს ყოველთვიურად უგზავნიდა 100 თუ 80 ლარს, თუმცა რისი იყო ეს ფული, არ იცის. სახლის პირველ სართულზე ნ–ის გარდაცვალების შემდეგ კომერციული მიზნებისათვის გაქირავებული არის ფართი, მანამდე ამ ადგილას იყო მარანი და იწურებოდა ღვინო (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 05.12.2018 წ.);

2.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა.დ–ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ძმებს - პირველ მოსარჩელეს და ნ.კ–ძეს ისეთი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, რომ მისთვის წარმოუდგენელია მათ შორის მემკვიდრეობაზე დავა. პირველი მოსარჩელე ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში, უზრუნველყოფილი იყო მატერიალურად. როდესაც მამა გარდაეცვალა, მეორე დღესვე ჩამოვიდა ქუთაისში და დაფარა დაკრძალვის ყველა ხარჯი. დარჩა დაახლოებით 2 კვირა. ქონების გაყოფის თაობაზე ძმებს შორის რა შეთანხმება იყო, არ იცის. ნ–ის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებმა გააქირავეს სახლის პირველ სართულზე მდებარე ფართი, თუმცა იქედან მიღებულ შემოსავალს იღებდა თუ არა ვინმე, გარდა ოჯახისა, არ იცის. როდესაც პირველი და მეორე მოსარჩელეები ჩამოდიოდნენ ქუთაისში, რჩებოდნენ ერთსა და იმავე ოთახებში, რომელიც მდებარეობდა სახლის მარჯვენა მხარეს, სხვა დროს ამ ოთახში ნ–ის შვილები იყვნენ. ხოლო ისინი რომ ჩამოდიოდნენ, ამ ოთახებს უთმობდნენ. პირველი მოსარჩელე მამის ორმოცზეც ჩამოსული იყო, ძმებმა ერთად მოაწყვეს საფლავი და ყველა ხარჯს ერთად იღებდნენ. ერთი-ორჯერ მეორე მოპასუხის დავალებით, თანხა გადაუგზავნა მეორე მოსარჩელეს, თუმცა რისი თანხა იყო, არ იცის (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 05.12.2018 წ.);

2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე რ.მ–ძის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მამკვიდრებელი იმ დროს გარდაიცვალა, როცა პირველი მოსარჩელე მოსკოვიდან იყო ჩამოსული ქუთაისში მეგობრის დასაფლავებაზე. პირველმა მოსარჩელემ გაიღო მამის დაკრძალვის ხარჯები, ნ–იც ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ ზუსტად ვინ რა გადაიხადა, არ იცის. ძმებს შორის დავა არ ყოფილა. პირველი მოსარჩელე, რა თქმა უნდა, როგორც თავის სახლში, ისე იყო ჩამოსული, თავისი ოთახიც ჰქონდა, მეორე სართულზე მდებარე საძინებელი. პირველი მოსარჩელე რომ ჩამოდიოდა, მთელი ზაფხულს - 3 თვეს იქ ატარებდა და ამაზე არანაირი უკმაყოფილება არ სმენია (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 26.12.2018 წ.);

2.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა . ჭ–ას ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ იგი 45 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოდავე მხარეების მეზობლად, მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პირველ მოსარჩელესთან. პირველი მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა საქართველოში, მეგობრის დაკრძალვაზე და დარჩა 2 კვირა, შემდეგ ჩამოვიდა ორმოცზე. ნ–ის გარდაცვალებაც რომ გაიგო, ჩამოვიდა და დაფარა დაკრძალვის ხარჯები. მეორე მოსარჩელეს ძმები ეხმარებოდნენ ფინანსურად. პირველი მოსარჩელის გადმოცემით იცის, რომ ავეჯი, რომელიც საძინებელში იყო განთავსებული, მისი ნაყიდი იყო. როგორც მისთვის ცნობილია, ნ–ს ჰქონდა პირველი მოსარჩელის ვალი, რომელიც ვერ დააბრუნა და ამის გამო ნ–ს უნდოდა სახლის გაყიდვა, მაგრამ პირველმა მოსარჩელემ არ გააყიდინა. ის ჩამოდიოდა, როგორც საკუთარ სახლში და არა სტუმრად, პირიქით, მასთან მოდიოდნენ სტუმრები და ამ სახლში იშლებოდა სუფრები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 26.12.2018 წ.).

3. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისში, ......... მდებარე მამისეულ ქონებას - სახლ-კარს მამის სიცოცხლეში და მის შემდგომაც უწყვეტად ფლობდა ერთ-ერთი მემკვიდრე - ნ. კ–ძე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - მისი მეუღლე, მეორე მოპასუხე. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, მოსარჩელეები ნ.კ–ძესთან ერთად დაეუფლნენ თუ არა კანონით დადგენილი წესით მამის დანაშთ ქონებას, რის საფუძველზედაც ითხოვენ სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობას.

4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანიათ და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღიათ. ამასთან, მეორე მოსარჩელე არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამის დანაშთ ქონებას, რადგან მან ვერანაირი სარწმუნო მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა, ხოლო სასამართლომ თავად მეორე მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად არ მიიჩნია მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება. სამკვიდრო ქონების მიღების (დაუფლების) ფაქტის დაუდასტურებლობა კი სამკვიდროს მიღების უფლებას გამორიცხავს, რაც სსკ-ის 1421-ე, 1433-ე და 1499-ე მუხლების თანახმად, მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

5. რაც შეეხება პირველი მოსარჩელის მოთხოვნას, პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ჯ.ჯ–ძის, ა.დ–ის, რ.მ–ძის, ა.ჭ–ას ახსნა-განმარტებების თანახმად, პირველი მოსარჩელე მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა საქართველოში და დარჩა ერთი თუ ორი კვირა, მან ძმასთან ერთად გაიღო დაკრძალვის ყველა ხარჯი, ასევე საფლავის მოწყობის ხარჯი, შემდეგ ჩავიდა ორმოცზე. მამის სახლში ჰქონდა საკუთარი ოთახი, სადაც შეიძინა და განათავსა ავეჯი. მამის გარდაცვალების შემდეგ ხშირად ჩადიოდა სადავო სახლში, რჩებოდა ზაფხულობით (2-3 თვე). აღნიშნულზე არანაირი უთანხმოება მხარეებს შორის არ ყოფილა. ის ჩადიოდა, როგორც საკუთარ სახლში და არა სტუმრად, პირიქით, მასთან მოდიოდნენ სტუმრები და ამ სახლში იშლებოდა სუფრები. სწორედ პირველი მოსარჩელის დიდი მონდომებით და ძალისხმევით გაკეთდა სახლზე მამის მემორიალური დაფა. ნ–ს ჰქონდა პირველი მოსარჩელის ვალი, რომელიც ვერ დააბრუნა და ამის გამო უნდოდა სახლის გაყიდვა, მაგრამ პირველმა მოსარჩელემ არ გააყიდინა.

6. სააპელაციო პალატამ მოისმინა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაიკითხნენ როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის შუამდგომლობით:

6.1. მოწმე ა.დ–ის ჩვენებით: მამა რომ გარდაიცვალა, პირველი მოსარჩელე მუშაობდა მოსკოვში „მოლდავინოს“ ღვინის ქარხანაში. შეძლებული ბიჭი იყო. მეორე მოსარჩელე თბილისში ცხოვრობდა. რომ ჩამოდიოდნენ, ამ სახლში ცხოვრობდნენ. საძინებლად პირველი მოსარჩელე ყოველთვის ერთ ოთახს იყენებდა. მაღაზია, რომელიც გაქირავდა სახლის პირველ სართულზე, გაკეთდა ნ–ის გარდაცვალების შემდეგ;

6.2. მოწმე რ.მ–ძის ჩვენებით: პირველი მოსარჩელე და ნ–ი მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მამა რომ გარდაეცვალათ, პირველი მოსარჩელე აქ იყო. ყველაფერი გააკეთა, რომ მამა ღირსეულად დაეკრძალათ. მერე საქმეები ჰქონდა და წავიდა. ძმებს შორის არავითარი დავა არ იყო. პირველი მოსარჩელე, როგორც თავის სახლში, ისე ჩადიოდა. მეორე სართულზე თავისი პატარა საძინებელი ოთახიც ჰქონდა. 1 მისაღები და 1 საძინებელი. პირველი მოსარჩელე ეხმარებოდა დას. რომ ჩამოდიოდა, მთელი ზაფხული, 3 თვე, რჩებოდა. უკმაყოფილება არასოდეს გაუგია;

6.3. მოწმე ა.ჭ–ას ჩვენებით: 45 წელი ის და კ–ძეები მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ცნობილი ოჯახი იყო. მამის გარდაცვალების დროს, პირველი მოსარჩელე აქ იყო. ყველაფერი გააკეთა, 1 კვირა დარჩა, მერე წავიდა და ორმოცზე ჩამოვიდა. ნ–ის გარდაცვალების დროსაც, რა თქმა უნდა, აქ იყო. ყველაფერმა პირველი მოსარჩელის ზურგზე გადაიარა. 400-კაციანი სუფრა ბალახვანში გადაიხადა. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე მათ 2-3 დღე ირბინეს, რომ დაფა რომ არის გამოკრული (მემორიალური დაფა), ის გაეკეთებინა. ფული პირველმა მოსარჩელემ გადაიხადა. მოწმე ნ–თანაც მეგობრობდა. იმ სახლში აქვს გათენებული ყოველი მეორე დღე. ნ–ს ნერვიულობა შეხვდა ვალის გამო, მას პირველი მოსარჩელის ვალი ჰქონდა. ფული ვერ დაუბრუნა. ნ–ს უნდოდა ქუთაისის სახლის გაყიდვა. პირველმა მოსარჩელემ არ გააყიდინა - წინაპრების ნაქონი სახლია და ეს არ გაიყიდებაო, უთხრა. მე გავყიდი მოსკოვში სახლსო და გაყიდა იქ ყველაფერი. იგი ყოველთვის ჩამოდიოდა აქ, როგორც საკუთარ სახლში და არა - სტუმარი. მასთან მოდიოდნენ სტუმრები მთელი ქუთაისიდან, იშლებოდა სუფრები;

6.4. მოწმე ჯ.ჯ–ძის ჩვენებით: ნ–ი რომ ჩამოდიოდა, რჩებოდა ერთსა და იმავე ოთახში, მამის დაკრძალვაზე იყო, დარჩა, ზაფხულობით ყოველთვის ჩამოდიოდა.

7. ზემოაღნიშნულ ჩვენებათა შეფასებით, სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა, რომ პირველ მოსარჩელეს სადავო სამკვიდრო ქონება თავისად მიაჩნდა, ამ ქონებას ეპყრობოდა და უვლიდა, როგორც საკუთარს, დაგულვებული ჰქონდა თავისად და სწორედ ამით იყო განპირობებული ის, რომ იგი ჩამოდიოდა და რჩებოდა მამისეულ სახლში 2-3 თვით (და არა რამდენიმე დღით, რომელიც მის ჩამოსვლას და დარჩენას უფრო სტუმრობას დაამსგავსებდა). ამ სახლში იმართებოდა პირველი მოსარჩელის მეგობრების შეხვედრები, სუფრები, ეს სახლი იყო პირველი მოსარჩელის მეგობრების (რომელიც ქალაქში ცნობილი და კოლორიტული პიროვნება იყო) თავშეყრის ადგილი, რაც სტუმრად მისული ადამიანისათვის სრულიად უჩვეულო ვითარებაა. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, ნ–ს ჰქონდა პირველი მოსარჩელის ვალი და უნდოდა მამისეული სახლის გაყიდვა, მაგრამ პირველმა მოსარჩელემ არ გააყიდინა. აღნიშნული გარემოება, პალატის მოსაზრებით, ერთი მხრივ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ძმის სულგრძელ დამოკიდებულებად მოვალე ძმის მიმართ, თუმცა უფრო მეტად ეს ვითარება ადასტურებს იმას, რომ პირველი მოსარჩელე, რომელსაც თავისად ჰქონდა დაგულვებული მამის სამკვიდრო ქონების ნაწილი, არ იყო თანახმა ამ ქონების გასხვისებაზე.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ პირველ მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2007 წლის 12 ოქტომბერს, 2008 წლის 05 თებერვალს კი იგი დარეგისტრირდა მისამართზე - ქ. ქუთაისი, .......... ამასთან, პირველი მოსარჩელე 1998 წლიდან 2018 წლამდე თითქმის ყოველწლიურად, ხშირ შემთხვევაში წელიწადში რამდენჯერმე, რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა საქართველოში.

9. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია პირველი მოსარჩელის მიერ მამის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების გარემოება. აღნიშნული სსკ-ის 1421-ე და 1433-ე მუხლების შესაბამისად, მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილზე (სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად - 1/3 ნაწილზე) მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა. გამომდინარე აქედან, ნ.კ–ძის და შემდგომში მეორე მოპასუხის მიერ, მამკვიდრებლის და შემდეგ ნ.კ–ძის მთელ სამკვიდრო ქონებაზე მოწმობის მიღება და ამ ქონების საკუთრებაში აღრიცხვა სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, არასწორია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობები 1/3 ნაწილში ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 56-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2017 წლის 12 აპრილს პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგება იყო. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს 2017 წლის 23 მარტს, იგი პირადად ჩაბარდა მეორე მოპასუხეს 2017 წლის 01 აპრილს. 2017 წლის 12 აპრილს კი მან სადავო ქონება სასწრაფოდ მიჰყიდა ოჯახის ახლობელს - პირველ მოპასუხეს (მეორე მოპასუხის შვილიშვილი ბ.ხ–ძე არის პირველი მოპასუხის შვილის - ნ.ი–ის მეუღლე). პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა (რომლებიც თავიდან მეორე მოპასუხის შუამდგომლობით იქნენ დაკითხული) აღნიშნეს, რომ ამჟამადაც ამ სახლში კ–ძეების ავეჯი დგას (მოწმე თ.გ–ძე) და იქ ხშირად მიდის მეორე მოპასუხე (მოწმე ი.ს–ძე). სასამართლოს შეფასებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მიმართული იყო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად და მიზნად არ ისახავდა რეალური შედეგის დადგომას, რის გამოც სადავო გარიგება 1/3 ნაწილში ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. აქვე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ეს ვითარებაც და მყიდველის არაკეთილსინდისიერებაც მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სავსებით მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილად არ მიიჩნია პირველი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი (განსხვავებით სააპელაციო სასამართლოსაგან), იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო სარჩელი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი კანონისმიერი მემკვიდრეები, მეუღლე - ს.ა–ვა და შვილი - ნ.კ–ძე, ხოლო მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ - მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი - ე.კ–ძე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. საკასაციო საჩივრის თანახმად:

17.1. მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულია 1990 წელს გახსნილი სამკვიდროს მიმართ, სსკ-ის 1450-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელის მიხედვით, მათ თავიანთი უფლების დარღვევის შესახებ გაიგეს 2016 წლის მაისში. სარჩელი კი შეიტანეს 2017 წლის 12 მარტს. ასევე გასულია სსკ-ის 128.3 მუხლით გათვალისწინებული ზოგადი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადაც;

17.2. დასაფლავების ხარჯების გაწევით სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გარემოება მოსარჩელეებს სარჩელში არ მიუთითებიათ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ამ გარემოებაზე დაყრდნობით სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. ამასთან, დასაფლავების ხარჯების გაწევა არ შეიძლება ჩაითვალოს სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებად;

17.3. პირველი მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენია. მისთვის უცნობი იყო, წარმოადგენდა თუ არა სახლი სამკვიდრო მასას. პირველი მოსარჩელე ცხოვრობს მოსკოვში, ხოლო მეორე მოსარჩელე - თბილისში. არ დასტურდება მათი ცხოვრება სადავო სახლში და არც მათი პირადი ნივთების არსებობა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ პირველი მოპასუხისთვის ცნობილი იყო მეორე მოპასუხის გარდა კიდევ სხვა მესაკუთრეების შესახებ. დავის შესახებ პირველი მოპასუხისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს. არაკეთილსინდისიერების ფაქტი კი უნდა არსებობდეს ნივთის შეძენამდე. ამასთან, პირველ მოპასუხეს აქვს სხვა სახლიც. სასამართლომ შეფასება არ მისცა არც იმას, რომ წყლისა და ელექტროენერგიის აბონენტის ბარათები გაცემულია პირველ მოპასუხეზე. საჯარო რეესტრის ამონაწერით ფართის გამქირავებელია პირველი მოპასუხე;

17.4. სასამართლოს მიერ მოყვანილ მოწმეთა ჩვენებები გამორიცხეს სხვა მოწმეებმა, კერძოდ, მოწმე კ–ძის ჩვენებით, მოსარჩელეები არ უნახავთ სადავო სახლში; მოწმე მ–ძის ჩვენებით, პირველი მოსარჩელე არ ჩამოდიოდა სადავო სახლში. ის მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც ცუდად გახდა და ოპერაცია გაიკეთა 2012 წელს; მოწმე მ–ის ჩვენებით, პირველი მოსარჩელე იშვიათად ჩამოდიოდა და კონკრეტული ოთახი არ ჰქონია; მოწმე ს–ძის ჩვენებით, პირველი მოსარჩელე იმყოფებოდა მამის გარდაცვალებისას და შემდეგ არ ყოფილა, რაიმე ოთახი არ ჰქონია; მოწმე გ–ძის ჩვენებით, პირველი მოსარჩელე იყო მამის გარდაცვალებისას და რაიმე ოთახი არ ჰქონია;

17.5. გაუგებარია, რატომ ეთანხმება პალატა ადვოკატების მიერ მოწმეთა შეცვლილ, დამახინჯებულ ჩვენებას, რომ თითქოს პირველი მოსარჩელე მამის გარდაცვალების შემდეგ მამისეულ სახლში ჩამოდიოდა 2-3 თვით, როცა ყველა მოწმე ერთხმად ამბობს, რომ მამის გარდაცვალების დროს პირველი მოსარჩელე შემთხვევით იყო საქართველოში, რადგან მას გარდაეცვალა მეგობარი. ამას დაემთხვა მამის სიკვდილი, დარჩა 1 კვირა, წავიდა, შემდეგ ჩამოვიდა ორმოცზე და მალევე წავიდა. მოწმე ა.ჭ–ა ორჯერ აღნიშნავს, რომ პირველი მოსარჩელე მამის სიკვდილის შემდეგ რომ წავიდა, იშვიათად ჩამოდიოდა და ისიც მცირე ხნით, რადგან არ ეცალა. შემდეგ, როცა უკვე აღარ მუშაობდა, მოუხშირა სიარულს და ეს იყო დაახლოებით 2010 წლიდან.

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა პირველი მოსარჩელის მიერ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით მიღების საკითხი.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მიხედვით (ისევე, როგორც მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად), სამკვიდროს მიღება ორი გზით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანითა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით შეიძლება განხორციელდეს. ორივე ხერხით სამკვიდროს მიღება ერთი და იმავე შედეგის წარმომქმნელია და იურიდიულად რომელიმე მათგანს პრიორიტეტული მნიშვნელობა არ ენიჭება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სანოტარო ორგანოში მიმართვას ადასტურებს წერილობითი განცხადება. რაც შეეხება სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას, იგი მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ნებისმიერი ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (იხ. სუსგ საქმე №ას-595-822-08, 4 ნოემბერი, 2008 წელი; სუსგ საქმე №ას-1219-1178-2016, 18 დეკემბერი, 2017 წელი).

20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სადავო გარემოება დაადგინა ძირითადად საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად.

21. სსსკ-ის 140.1. მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საკასაციო პალატის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1698-1592-2012, 2 ივნისი, 2014 წელი).

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის დაცვით შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და მართებულად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება. მართალია, კასატორები საკასაციო საჩივარში უთითებენ მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაზე, თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მისი მემკვიდრეების მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დადგენისას მნიშვნელოვანია იმ გარემოების ნათლად განსაზღვრა, თუ რამდენად თავისად მიიჩნევს მემკვიდრე დანაშთ ქონებას და რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ პირველ მოსარჩელეს სადავო ქონება მამის გარდაცვალების დღიდანვე თავისად მიაჩნდა და მას შემდგომაც ეპყრობოდა და უვლიდა, როგორც საკუთარს.

23. კასატორი ასევე დავობს, რომ პირველი მოპასუხე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რის გამოც არ არსებობს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი.

24. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 56.1. მუხლის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (იხ. სუსგ საქმე №ას-862-812-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი). ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1347-1272-2012, 1 ივლისი, 2013 წელი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი, ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1021-982-2016, 17 მაისი, 2018 წელი).

25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს 2017 წლის 23 მარტს, იგი პირადად ჩაბარდა მეორე მოპასუხეს 2017 წლის 01 აპრილს. 2017 წლის 12 აპრილს კი მან სადავო ქონება სასწრაფოდ მიჰყიდა ოჯახის ახლობელს - პირველ მოპასუხეს (მეორე მოპასუხის შვილიშვილი ბ.ხ–ძე არის პირველი მოპასუხის შვილის - ნ.ი–ის მეუღლე). ამასთან, პირველმა მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ მიუხედავად ნათესაური კავშირისა, მისთვის ცნობილი არ იყო სადავო ქონებაზე პირველი მოსარჩელის უფლების შესახებ.

26. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების შემოწმებისას სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხე არაკეთილსინდისიერი შემძენია, მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულება მოჩვენებითი ხასიათისაა, შედგენილია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს, რაც სსკ-ის 56.1. მუხლის თანახმად, მისი 1/3 ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველია.

27. უსაფუძვლოა ასევე კასატორების მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე.

28. საკასაციო პალატის განმარტებით, მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ამ მომენტიდან ის ითვლება მამკვიდრებლის ურთიერთობების კრედიტორად და მოვალედ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის ბოლო აბზაცით (სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით) განსაზღვრული დანაწესის თანახმად, საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშვება მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება (იხ. სუსგ საქმე №ას-146-140-2012, 12 ივლისი, 2012 წელი).

29. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორების პრეტენზიას, რომ პირველმა მოსარჩელემ გაუშვა სსკ-ის 1450-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ორთვიანი ვადა. აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სსკ-ის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა - სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (იხ. სუსგ საქმე №ას-111-104-2015, 2015 წლის 30 ოქტომბერი; სუსგ საქმე №ას-72-68-2013, 2013 წლის 8 აპრილი; სუსგ საქმე №ას-43-43-2016, 2016 წლის 23 მარტი). ამასთან, ამ ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მაშინ, თუ დავის საგანი იქნებოდა მეორე მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე გამოვლენილი ნების ნამდვილობა (იხ. სუსგ საქმე №ას-655-621-2015, 2015 წლის 15 დეკემბერი; სუსგ საქმე №ას-715-685-2016, 13 მარტი, 2017 წელი). მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი სადავო არ ყოფილა. შესაბამისად, არ არსებობს ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების საფუძველი.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 834 ლარის 70% – 583,8 ლარი.

32. რაც შეეხება კასატორების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.კ–ძის უფლებამონაცვლე ე.კ–ძისა და ნ.შ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. თ.კ–ძის უფლებამონაცვლე ე.კ–ძესა (პ.ნ. ......) და ნ.შ–ძეს (პ.ნ. ........) დაუბრუნდეთ ნ.შ–ძის მიერ 2019 წლის 24 ოქტომბერს №8588656953 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 834 (რვაას ოცდათოთხმეტი) ლარის 70% – 583,8 (ხუთას ოთხმოცდასამი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. თ.კ–ძის უფლებამონაცვლე ე.კ–ძესა და ნ.შ–ძეს დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება (ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 21.10.2019წ. №13222-01 წერილი), მთლიანობაში „01“ ფურცლად (ტ. IV, ს.ფ. 121);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი