დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-11-2024
31 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჯ.კ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ჩ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინების ძალაში დატოვება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ.კ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჯ.ჩ–ის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ქ. ახალციხეში, ......, ს/კ ..... მდებარე, მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მეორე და მესამე სართულის კედელზე გამოჭრილი ფანჯრის ღიობების ამოშენება (იხ.: სარჩელი, 1-15).
1.1. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ახალციხე, ......, ს/კ ......, სახლის მეორე და მესამე სართულზე გამოჭრილი ფანჯრის ღიობის ამოშენება, რომლების განთავსებულია ქ. ახალციხე, ......... მდებარე (ს/კ .......) ჯ.კ–ის საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსოს მოსაზღვრე კედელზე.
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ჯ.ჩ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით ჯ.ჩ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მათი გაუქმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით ჯ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი მოპასუხის მეუღლეს, ლ. (ლ.) ბ–ს ჩაბარდა 2022 წლის 28 სექტემბერს. გზავნილით მოპასუხე გაფრთხილებული იყო, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10 (ათი) დღიან ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის თანახმად გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. მოპასუხეს სასამართლოში შესაგებელი ან რაიმე განცხადება შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე არ წარუდგენია, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ჩაითვალა დამტკიცებულად და ისინი იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.
7. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისთვის სარჩელის ჩაბარების დროს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, ან მის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამამართლებელ რაიმე საპატიო მიზეზს.
8. პალატის განმარტებით, მართალია, სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ იკვლევს მტკიცებულებებს, თუმცა, კონკრეტულ საქმეზე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყეტილების რეჟიმში დადასტურებულად მიჩნევა, პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეში გაუმართლებელი იყო იმის დაშვება, რომ შესაგებლის წარუდგენლობით მოპასუხე ფაქტიურად დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას.
9. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამავდროულად, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ თუ საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხის შეფასება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, რომელიც სასამართლოს არ გააჩნია და მისი უტყუარად დადგენა, თუ არა ექსპერტიზის დასკვნისა, სხვაგვარი მტკიცებულებებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებით, ფოტო ან ვიდეო მასალით, შეუძლებელია, სასამართლოს უფლება აქვს იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით.
10. სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო კვლავ დადგება შესაძლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების წინაშე, მან სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე უფრო დეტალურად უნდა გაამახვილოს ყურადღება და ამომწურავი განმარტებები მისცეს მხარეს, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები ჩაითვალა დამტკიცებულად და კონკრეტულად რა სამართლებრვი ნორმის შემადგენლობა დააკმაყოფილა სარჩელში დამტკიცებულად მიჩნეულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
13. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
13.1. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი იურიდიულად იყო გამართლებული, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარმოდგენილია საქმეში. სააპელაციო სასამართლომ კი არ დაასაბუთა, სარჩელი რატომ არ არის გამართული და რა მტკიცებულებები და გარემოებები უნდა არსებულიყო, სარჩელი იურიდიულად გამართლებულად რომ მიჩნეულიყო.
13.2. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა იმ საფუძვლით, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარებია მას, ხოლო შემდგომ, სააპელაციო საჩივრით კი სადავოდ გახადა სარჩელის გაუმართლებლობა, რაზედ სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმების კანონიერება, რომლითაც, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ დაასაბუთა, სარჩელი რატომ არ მიიჩნია გამართულად და არ მიუთითა, რა მტკიცებულებები და გარემოებები უნდა არსებულიყო, რომ სარჩელს იურიდიულად გაემართლებინა სასარჩელო მოთხოვნა.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებას და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (სუსგ. №ას-964-929-16, 06.03.2017წ).
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. 20. აღნიშნული ნორმის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ №ას-ას-538-511-2014, 24 დეკემბერი, 2015 წელი). ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (სუსგ №ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).
22. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით, ვინაიდან, მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა მისი მეუღლისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების ფაქტს, იგი მხოლოდ მიუთითებდა, რომ მეუღლემ მასალები არ გადასცა. აღნიშნული გარემოება კი შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობას არ ადასტურებს და არ არის გასაზიარებელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობას მოპასუხე სააპელაციო საჩივრით არც კი ხდიდა სადავოდ. ამდენად, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია მხოლოდ ის საკითხი, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას და მოპასუხის არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობა, კონკრეტულ შემთხვევაში, ქმნიდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.
23. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, შემდეგი ერთ-ერთი გარემოების არსებობისას: ა) თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება საჩივრის ავტორს.
24. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.
25. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, თუ რას მოიაზრებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა - აღნიშნული გულისხმობს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
26. ამრიგად, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ საქმე №ას-2-2-2017, 14 ივლისი, 2017 წელი), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. სუსგ საქმე №ას-273-2020, 29 იანვარი, 2021 წ.; საქმე №ას-1168-2022, 18 იანვარი, 2023 წ.; საქმე №ას-1416-2022, 7 თებერვალი, 2023 წ.; საქმე №ას-1440-2022, 2 მარტი, 2023 წ.).
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. სააპელაციო პალატამ ერთი მხრივ მიუთითა, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და ასეთ დროს სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში დადასტურებულად მიჩნევა, გაუმართლებელი იყო და არსებობდა მოპასუხისა და მოსარჩელის უძრავი ნივთების მომიჯნავედ მდებარეობის ფაქტის კვლევის, ასევე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ფანჯრების გაჭრის უკანონობის გამორკვევის აუცილებლობა. ამავდროულად, პალატამ მიუთითა, საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.
28. საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს და დამატებით მიუთითებს უზენაესი სასამართლოს არაერთ განმარტებაზე იმის შესახებ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.400; სუსგ საქმე №ას-1102-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი).
29. მოპასუხე მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან. რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას (იხ. სუსგ საქმე №ას-1102-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი).
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მითითებული გარემოებები სცდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს და წარმოადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევის შესახებ მითითებას. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, თუ იარსებებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის საფუძველი და მოსამართლე ჩანიშნავს სხდომას, სხდომის ჩატარების შემთხვევაშიც მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისითაც მტკიცებულებათა კვლევის შესახებ სააპელაციო პალატის მითითება არ შეესაბამება სსსკ-ის 2321 მუხლის დანაწესს (სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით).
31. მოსარჩელე მისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებდა, რომ ცხოვრობს ქ. ახალციხეში, აქვს ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მისამართზე: ................ ქ. N54, ეს უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული (ს/კ ........).
31.1. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ ........ ქ. N56-ში ოჯახით ცხოვრობს მოპასუხე ჯ.ჩ–ი, მისი საცხოვრებელი სახლიც იყო ერთსართულიანი და საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთები ერთმანეთისგან გამიჯნული იყო სასაზღვრო კედლით.
31.2. მოსარჩელის მეუღლის, ხ.კ–ის სიცოცხლეში მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახლებზე დაეშენებინათ მეორე სართულები და ეზოს „რაიმე მოქმედებაში არ შეეშალათ ხელი“, მოპასუხე ჩ–მა სახლს დააშენა მეორე სართული. მოსარჩელემ კი უმნიშვნელოდ გადააკეთა საცხოვრებელი სახლი...
31.3. მოსარჩელის მეუღლე ხ.კ–ი გარდაიცვალა 2008 წლის 11 მაისს, მას ჰყავს ქალ-ვაჟი, რომლებიც ცხოვრობენ ერევანში, სადაც მიდის მოსარჩელე ზამთარში და გაზაფხულზე ისევ ბრუნდება საქართველოში საკუთარ სახლში.
31.4. მოსარჩელე შვილებთან წავიდა 2019 წლის 13 ნოემბერს და მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო დაბრუნდა შედარებით გვიან, 2020 წლის 24 ივლისს. ნახა, რომ მის მოსაზღვრეს, მოპასუხე ჯ.ჩ–ს აშენებული ჰქონდა მე-3 სართული, სასაზღვრო კედელში გამოეჭრა ღიობები და 2-ე და 3-ე სართულებზე ჩაშენებული იყო ფანჯრები.
31.5. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მის საცხოვრებელ სახლზე განახორციელა უკანონო მშენებლობა რეკონსტრუქცია, მისი როგორც მოსარჩელის თანხმობისა და მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვების გარეშე და ხელყო მოსარჩელის უფლებები, შეუქმნა სერიოზული საფრთხე იმის გათვალისწინებით, რომ სასაზღვრო კედელში ჩაშენებული ფანჯრის საშუალებით შესაძლებელია მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში გადასვლა. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სარდაფის სახურავი არის მისი სახლის აივნად ქცეული, რომელსაც იყენებს სარეცხის საშრობად და სხვადასხვა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, რადგან სხვა ადგილი ამ საქმეების შესასრულებლად მას არ გააჩნია. გარდა ამისა, სარდაფი არის მოსაშლელი და მოსარჩელე აპირებს ააშენოს კაპიტალური შენობა და დაადგას მეორე სართული, რის განხორციელებაშიც ხელს უშლის მოსარჩელეს სასაზღვრო კედელში ჩაშენებული ფანჯრები.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები, რომლების მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, ქმნიან მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), 172-ე (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) და 182-ე (თუ მიწის ორი ნაკვეთი ერთმანეთისაგან გამიჯნულია ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის საკუთრებაა. თუ ორივე მეზობელი უფლებამოსილია ერთობლივად ისარგებლოს საზღვრად გამოყენებული ნაგებობით, თითოეულ მათგანს შეუძლია ნაგებობა მხოლოდ ისე გამოიყენოს, რომ ამით ხელი არ შეუშალოს მეორე მეზობელს თანასარგებლობაში) მუხლების შემადგენლობას (მოსარჩელე სწორედ აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებს აფუძნებდა მის მოთხოვნას). შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა და ვლინდებოდა ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. მოსარჩელე სწორედ აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებს აფუძნებდა მის მოთხოვნას.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ოქტომბრის განჩინება და ძალაში უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯ.კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინება და ძალაში დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, იმავე სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. ჯ.ჩ–ს (.....) ჯ.კ–ის (.........) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ლაშა ქოჩიაშვილი