დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-366-2022
31 მაისი 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.კ.რ..“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.წ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დამაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ტ.წ–მა (შემდეგში წოდებული „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „ს.კ.რ..“-ის (შემდეგში წოდებული „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) მიმართ და მოითხოვა: 1. დ.ჯ–ას, ნ.ს–ისა და ნ.მ–ძის მიერ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა ამავე სამაუწყებლო კომპანიის მეშვეობით, შემდეგი სახით: „ს.კ.„რ..“ არ იზიარებს, უარყოფს და ემიჯნება ჩვენი სამაუწყებლო კომპანიის 2016 წლის 31 ივლისს სატელევიზიო გადაცემა „პ–ში“ და 2016 წლის 1 აგვისტოს, გადაცემა „კ... საათზე“ ჟურნალისტების: დ.ჯ–ას, ნ.ს–ისა და ნ.მ–ძის მიერ ტ.წ–ის მისამართით გავრცელებულ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ შემდეგ ცნობებს: „ტ.წ–ი თითქოსდა სამშობლოს ღალატისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული პოლკოვნიკია და მას ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ და რომ, თითქოსდა დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ. პოლოვნიკ ტ.წ–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თითქოსდა სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ს.კ.„რ..“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ თითქოსდა ტ.წ–ი თავდაცვის სამინისტროდან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული“, არ შეესაბამება სინამდვილეს. 2. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის სახით, მოპასუხისთვის 30 000 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. 2004 წელს, ს.კ.„რ..“-ის მეშვეობით საავტორო გადაცემა „.. წ–ის“ მიერ ტ.წ–ის მიმართ გავრცელდა ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში, ტ.წ–ი იარაღით ვაჭრობდა და, ასევე თითქოს იგი მონაწილეობდა ბიზნესმენ ბ–ის გატაცების მცდელობაში. დასახელებული ფაქტები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არ დადასტურდა, ს.კ.„რ...“-ს და ჟურნალისტ ა.გ–ს დაევალათ ტ.წ–ის პატივისა და ღირსების ხელმყოფი ცნობის საჯაროდ უარყოფა. მათვე სასამართლოს მიერ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის გადახდა. 2008 წლის აგვისტოში, მოსარჩელე უკანონოდ დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა).
2.2. 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის N76-Iს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით, უარყოფილ იქნა მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მოსარჩელე ცნობილ იქნა პოლიტპატიმრად.
2.3. აღნიშნულის ფონზე, მოპასუხე შპს „ს.კ.რ..“-ის ჟურნალისტების: დ.ჯ–ას, ნ.ს–ისა და ნ.მ–ძის მიერ მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 31 ივლისს, სატელევიზიო გადაცემა „პ–ში“ და 2016 წლის 1 აგვისტოს, გადაცემა „კ... საათზე“ გავრცელდა შემდეგი განცხადებები: ტ.წ–ი თითქოსდა სამშობლოს ღალატისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული პოლკოვნიკია და მას ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ და რომ, თითქოსდა დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ. პოლოვნიკ ტ.წ–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თითქოს სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ს.კ.„რ..“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ თითქოს ტ.წ–ი თავდაცვის სამინისტროდან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული.
2.4. მოსარჩელე აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს და არის მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახავი.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხე შპს „ს.კ.რ..“-მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან საეთერო მასალებში წარმოჩენილია მხარეთა პოზიციები, არ არის დარღვეული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. წარმოდგენილი სარჩელითა და მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის უფლებების, საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვა.
3.3. მოპასუხის მტკიცებით, საეთერო მასალები მომზადდა გადაღების მომენტისათვის არსებულ კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით. გადაცემაში წარმოჩენილია რამდენიმე მხარე, რომელთა აზრიც გაჟღერებულია საეთერო მასალებში. არ არის არცერთი რესპოდენტის აზრი კონკტექსტიდან ამოვარდნილი, დამახინჯებული სხვა პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, მედიის პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა უსაუბროს სადავო თემებზე, შესაბამისად, ამ კონკრეტულ სადავო საქმეზე დემოკრატიულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ფასეულობა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, პრევალირებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებზე, ვინაიდან სადავო განცხადებები წარმოადგენს მოპასუხის აზრს და არა ფაქტის შემცველ განცხადებებს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ტ.წ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4.2. მოპასუხე შპს „ს.კ.რ..“-ს დაევალა ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: „ტ.წ–ის სარჩელისა გამო შპს „ს.კ.რ..“-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ შპს „ს.კ.რ..“-ის ჟურნალისტის, ნ.მ–ძის მიერ სატელევიზიო გადაცემა „პ–ში“ 2016 წლის 31 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია: „პოლოვნიკ ტ.წ–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს“; „ს.კ.რ..“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ტ.წ–ი თავდაცვის სამინისტროდან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული“ და ამავე სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტების: დ.ჯ–ასა და ნ.ს–ის მიერ სატელევიზიო გადაცემაში „კ... საათზე“ 2016 წლის 1 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია: „სამშობლოს ღალატისათვის ერთხელ უკვე გასამართლებულ პოლკოვნიკს ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ. დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ“, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამავე გადაწყვეტილებით, გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებებით მოსარჩელე ტ.წ–ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით მიყენებული მორალური ზიანის სახით, მოპასუხე შპს „ს.კ.რ..“-ს მოსარჩელე ტ.წ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის გადახდა.
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.კ.რ..“-მა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით, შპს „ს.კ.რ..“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავდა თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას (სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი), უნდა გარკვეულიყო მოპასუხის მსჯელობა მიეკუთვნებოდა „აზრის“ თუ „არსებითად მცდარი ფაქტის“ კატეგორიას.
5.3. სააპელაციო პალატამ საქართველოში არსებული ნორმატიული ბაზის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკის გამოყენების შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები შეიცავს პირის კონკრეტული დანაშაულის საფუძვლით მსჯავრდებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ მოცემულობას და გამონათქვამი წარმოადგენს ფაქტების შემცველ ინფორმაციას, რომლის ნამდვილობის გადამოწმებაც ობიექტურად შესაძლებელი იყო. კერძოდ, პალატამ მიუთითა, რომ 2004 წელს, შპს „ს.კ.რ..“-ის მეშვეობით საავტორო გადაცემა „.. წ–ის“ მიერ ტ.წ–ის მიმართ გავრცელდა ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ტ.წ–ი იარაღით ვაჭრობდა და ასევე, თითქოს იგი მონაწილეობდა ბიზნესმენ ბ–ის გატაცების მცდელობაში. დასახელებული ფაქტები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არ დადასტურდა, რის შედეგადაც ს.კ.„რ..“-ს და ჟურნალისტ ა.გ–ს დაევალათ ტ.წ–ის პატივისა და ღირსების ხელმყოფი ცნობის საჯაროდ უარყოფა. მათვე სასამართლოს მიერ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის გადახდა. 2008 წლის აგვისტოში, მოსარჩელე უკანონოდ იქნა დაპატიმრებული სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა). დადგენილია, რომ 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის N76-Iს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით, უარყოფილ იქნა მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მოსარჩელე ცნობილ იქნა პოლიტპატიმრად.
5.4. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ტელეკომპანია „რ...“-ის გადაცემებში („პ–ი“ და „კ... საათზე“) ჟურნალისტების მეშვეობით გავრცელებული განცხადებები წარმოადგენდა აზრს და არ სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ასევე პალატამ არ გაიზიარა ის არგუმენტიც, რომ ჟურნალისტებისათვის არ იყო ცნობილი ან არ შეიძლება ყოფილიყო ცნობილი მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, რამეთუ 2004 წელს, იმავე ს.კ.,“რ..“-ის მეშვეობით საავტორო გადაცემა „.. წ–ის“ მიერ ტ.წ–ის მიმართ გავრცელდა ასევე მსგავსი შინაარსის ცილისმწამებლური განცხადებები, რასთან მიმართებითაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გაადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე კომპანიას და ჟურნალისტს დაევალათ ტ.წ–ის პატივისა და ღირსების ხელმყოფი ცნობის საჯაროდ უარყოფა. მათვე სასამართლოს მიერ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის გადახდა. შესაბამისად, პალატის აზრით, მოპასუხე ტელეკომპანიის მიერ სადავო განცხადებების გავრცელების დროს, უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ინფორმაციის მცდარობის შესახებ. ამდენად, მოპასუხისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სადავო განცხადებების ეს ნაწილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეფასდა, როგორც ფაქტის შემცველი, ცილისმწამებლური განცხადება, რის გამოც დაევალათ აღნიშნული გამონათქვამების უარყოფა.
5.5. სააპელაციო პალატის შეფასებით, შპს „ს.კ.რ..“-ის ჟურნალისტის, ნ.მ–ძის მიერ სატელევიზიო გადაცემა „პ–ში“ 2016 წლის 31 ივლისს, გავრცელებული სადავო განცხადებები წარმოადგენდა არა მოსაზრებებს, არამედ მითითებას ფაქტების შესახებ, რომელთა შინაარსით, გამოთქმის ფორმითა და კონტექსტით ერთმნიშვნელოვნად ყალიბდებოდა მოპასუხის მხრიდან ფაქტობრივი ბრალდება მოსარჩელის მიმართ, მის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების, ძირითადად, სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენის შესახებ.
5.6. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ მოსარჩელის მიმართ, მართალია არსებობდა გამამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული არ იყო დაკავშირებული იარაღით ვაჭრობასთან ან სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან, ამასთან, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რომ 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის N76-Iს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით, უარყოფილი იქნა მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მოსარჩელე ცნობილ იქნა პოლიტპატიმრად.
5.7. სააპელაციო პალატის აზრით, დამნაშავედ ცნობასთან მიმართებით გავრცელებული ინფორმაცია ექვემდებარება ჟურნალისტთა მხრიდან გადამოწმებას, შესაბამისად პირის მიმართ სამშობლოს ღალატთან მიმართებით მტკიცებითი ფორმის ინფორმაციის გავრცელებამდე ჟურნალისტს ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე, სულ მცირე ევალებოდა გადაემოწმებინა არსებული ფაქტის ნამდვილობა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მოეხდინა იმგვარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც პირის მიმართ სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული გადამოწმების მინიმალური სტანდარტის დაუცველობის პირობებში, პალატამ მიიჩნია, რომ შეპირისპირებული ინტერესებიდან გამომდინარე უპირატესობას გამოხატვის თავისუფლებას ვერ მიანიჭებდა, რადგანაც მასზე პრეველირებს პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მით უფრო საგულისხმოა, რომ ამავე ტელევიზიის ეთერით გავრცელებულ მსგავსი შინაარსის განცხადებასთან მიმართებით არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებად შეფასდა.
5.8. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება. კერძოდ, საქმეზე დადგინდა რომ: ა) მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ; ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა (შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია); გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი/მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. რის შესაბამისადაც, პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მის მიერ გავრცელებული არასწორი ფაქტების (ცილისწამების) უარყოფა - სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება, რამეთუ იკვეთებოდა სპეციალური კანონის მე-14 მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც იწვევდა ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
5.9. სააპელაციო პალატამ მორალური ზიანის არსებობის ნაწილში გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელდა არსებითად მცდარ ფაქტის შემცველი ინფორმაცია უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, აღნიშნული განცხადება იყო მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი - რეპუტაციის შემლახველი და სახელის გამტეხი. პალატის განმარტებით, დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენისას, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია და ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ფულადი თანხით კომპენსირება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის უფლებების და რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოხატვის დაცულ უფლებაში ჩარევის პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.
5.10. დაკისრებულ ზიანის ოდენობასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლომ გონივრული ოდენობით მოახდინა მორალური ზიანის განსაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით, რაც გავრცელებული ფაქტების უარყოფის ვალდებულებასთან ერთად, პროპორციულად უზრუნველყოფდა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღგენას და ამავდროულად, გადაჭარბებულ პასუხისმგებლობას არ დააკისრებდა მედია საშუალებას.
5.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.კ.რ..“-მა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არამართლზომიერად და დაუსაბუთებლად დაადგინა მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, ასევე პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი, რადგან კასატორი მაუწყებლობის მიერ არ დარღვეულა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები.
6.3. კასატორის მტკიცებით, სადავო სიუჟეტში წამყვანს გადმოცემული აქვს ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით, კერძოდ, სიუჟეტის მიმდინარეობისას არაერთგზის აღინიშნა შემდეგი სიტყვები: „კ–ძის მტკიცებით“, „კ–ძე საუბრობს“, „იგი ასევე ამბობს, რომ“. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სადავო სიუჟეტში წამყვანი საუბრობს მესამე პირში და ფაქტებს არ ახსენებს მტკიცებით ფორმაში, არამედ ახმოვანებს მისი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის სიზუსტეზეც მაუწყებელი პასუხისმგებელი არ არის.
6.4. კასატორის აზრით, აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ ადგილი აქვს ჟურნალისტის მიერ სხვა პირის მიერ ე.ი. იდენტიფიცირებული წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის გავრცელებაში ხელშეწყობას, რისი შეზღუდვაც მედიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უთანაბრდება (ამ არგუმენტს კასატორი ამყარებს სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით: Jersild v. Denmark, 1994., Thoma v. Luxsemburg, 2011).
6.5. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მაუწყებლობის მხრიდან მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი. კასატორის მტკიცებით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კერძო პირის ცილისწამებისთვის მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს, აღნიშნული მტკიცების ტვირთი კი, კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ ვერ დასძლია.
6.6. კასატორი აცხადებს, რომ მედია საშუალებისთვის და წამყვანისთვის გავრცელებული ცნობების გავრცელების უარყოფის დავალება, წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მასზე ცენზურის განხორციელების მიზნით. პრესის თავისუფლებას მაღალი ღირებულება გააჩნია დემოკრატიულ საზოგადოებაში. კასატორის მტკიცებით, აუცილებლად უნდა შეფასებულიყო მედია საშუალების მიერ გავრცელებული სადავო ინფორმაცია რამდენად იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, კერძოდ, ყურადღება უნდა მიექცეს გამოთქმული კრიტიკა რამდენად ეხებოდა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს და სადავო რეპორტაჟი ხომ არ ემსახურებოდა საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, რაც მედიის უმთავრესი დანიშნულებაა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის: „არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე“ საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას დაედო საფუძვლად, არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო შედავება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე 1990-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში;
- მოსარჩელე ტ.წ–მა 2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ვეტერან ოფიცერთა კავშირი“;
- 2004 წელს „ს.კ.რ..“-ის მეშვეობით საავტორო გადაცემა „.. წ–ის“ მიერ ტ.წ–ის მიმართ გავრცელდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ტ.წ–ი იარაღით ვაჭრობდა და ასევე იგი მონაწილეობდა ბიზნესმენ ბ–ის გატაცების მცდელობაში. დასახელებული ფაქტები თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადასტურდა, ს.კ.„რ..“-ს და ჟურნალისტ ა.გ–ს დაევალათ ტ.წ–ის პატივისა და ღირსების ხელმყოფი ცნობის საჯაროდ უარყოფა. მათვე სასამართლოს მიერ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის გადახდა;
- 2008 წლის აგვისტოში, მოსარჩელე დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა). მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
- 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის N76-Iს ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით უარყოფილი იქნა მის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მოსარჩელე ცნობილ იქნა პოლიტპატიმრად;
- მოპასუხე შპს „ს.კ.რ..“-ის ჟურნალისტების: დ.ჯ–ას, ნ.ს–ისა და ნ.მ–ძის მიერ, მოსარჩელის მიმართ, 2016 წლის 31 ივლისს სატელევიზიო გადაცემა „პ–ში“ და 2016 წლის 1 აგვისტოს, გადაცემა „კ... საათზე“ გავრცელდა შემდეგი განცხადებები: „ტ.წ–ი სამშობლოს ღალატისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული პოლკოვნიკია და მას ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ და დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ. პოლოვნიკ ტ.წ–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ს.კ.„რ..“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ტ.წ–ი თავდაცვის სამინისტროდან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული;
- მოსარჩელე ტ.წ–ი, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, წარმოადგენს საჯარო პირს; კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო პირად კვალიფიკაციისათვის რამდენიმე დამოუკიდებელი საფუძველია ჩამოყალიბებული: ა) სპეციალური კანონი თავის მხრივ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე უთითებს; ბ) პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; გ) პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედებების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ მოსარჩელე ტ.წ–ი 1990-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში. მოსარჩელე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში და 2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ვეტერან ოფიცერთა კავშირი“, რომლის მიზანს შეადგენდა მშვიდობიანი მოლაპარაკებებითა და პოლიტიკური მეთოდებით ყველა სადავო და პრობლემატიკური საკითხების მოგვარებაში ხელშეწყობა. ამავე დროს, როგორც სამხედრო საქმის ექსპერტი, აწარმოებდა მონიტორინგს თავდაცვის სფეროში გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სპეციალური კანონის მიზნებისათვის, მოსარჩელე განხილულია, როგორც საჯარო პირი.
10. საკასაციო პალატა, იმთავითვე განმარტავს, რომ განსახილველი კატეგორიის დავები განსაკუთრებით სენსიტიურია, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის, მისი თავისუფალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად (იხ. მრავალთა შორის ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკა -სუსგ-ები: N ას-348-2020, 31.10.2022; N ას-989-2019, 28.06.2022წ; N ას-1016-2021, 25.05.2022წ; N ას-358-2021. 13.04.2022წ; N ას-336-2021, 26.01.2022წ; N ას-547-2020, 14.12.2021წ; N ას-960-2020, 13.10.2021წ; N ას-697-651-2017მ 20.05.2021წ; N ას-706-2020, 21.04.2021წ; N ას-981-2020, 21.04.2021წ; N ას-1151-2019, 21.04.2021წ; N ას-938-2020, 18.05.2021წ; N ას-810-2019, 05.03.2021წ; N ას-1705-2019, 27.11.2020წ; N ას-1606-2019, 25.11202წ; N ას-1696-2018, 31.07.2020წ; N ას-1366-2019, 6.04.202წ; N ას-648-648-2018, 26.03.2020წ.).
11. გამოხატვის უფლება საქართველოში უზრუნველყოფილია არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ მას აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლიც, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
12. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებულ მიშვნელობას ანიჭებს, მის შესაზღუდად შეფასების მაღალ სტანდარტებს იყენებს და ამის გასამართლებლად წონად დასაბუთებას მოითხოვს. შესაბამისად, ამ უფლების სხვა ღირებულებებთან დაპირისპირების დროს „სამართლიანი ბალანსის“ განსაზღვრისას, ეროვნულ სახელმწიფოთა შეფასების თავისუფლების არეალი ძალიან ფართო არასდროს არის, თუმცა, განსხვავებულია სხვადასხვა საზოგადოებრივ მიზნებთან მიმართებით (გოცირიძე ევა, გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის მიხედვით, თბილისი, 2008, გვ.128).
13. გამოხატვის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, მეტიც, იგი დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N 1/1/468 გადაწვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II თავი,პარ. 30) და დიდი ხანია დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნდამენტურ ელემენტს მიეკუთვნება (იხ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის /IDFI/ გზამკვლევი-გამოხატვის თავისუფლება v პატივისა და ღირსების დაცვა; 2018; გვ.4). გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები- გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II თავი, პარ. 6). თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე“საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ , II თავი, პარ. 13.).
14. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს შემდეგ ქცევის წესს: პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით, დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების კანონიერება, კერძოდ, მედიასაშუალებით მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები, რომლებთან მიმართებითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, არის თუ არა მოსარჩელის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეფასების საგანია: წარმოადგენს თუ არა მოპასუხის გამონათქვამები ცილისწამებას (დიფამაციური შინაარსის განცხადებას), რომელმაც შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ასევე დასადგენია მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელის უფლებების დასაცავად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც სამოქალაქო კოდექსის, ასევე - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს სპეციალური კანონის ნორმები. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ პუნქტი განსაზღვრავს, რომ ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
15. უპირველესად, იმისათვის, რათა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები გამოიკვეთოს აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს თუ ვის მიმართ განხორციელდა სადავო განცხადებები კერძო თუ საჯარო პირის მიმართ, რადგან კერძო პირის უფლების დაცულობის სტანდარტი უფრო მაღალია საჯარო პირებთან შედარებით, რომელთაც სიტყვის თავისუფლების მიმართ თმენის განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრებათ (იხ. სუსგ. საქმე №ას-1373-2022, 2023 წლის 23 მარტი). ამ მიმართებით, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილადაა ცნობილი და არც კასატორს წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება მასზედ, რომ მოსარჩელე ტ.წ–ი სპეციალური კანონის მიზნებისთვის წარმაოდგენს - საჯარო პირს. მეტიც, თავად კასატორივე საკასაციო საჩივრის მე-6 გვერდზე, უთითებს, რომ მოსარჩელე საჯარო პირია, რომელსაც თმენის უფრო მაღალი ვალდებულება გააჩნია.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი ადგენს საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტს და უშვებს აღნიშნულს ისეთ შემთხვევებში: თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელეა ვალდებული, დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობის არსებობა, კერძოდ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას ან/და საქმიან რეპუტაციას; დ) მოპასუხემ წინასწარ იცოდა განცხადებული ფაქტის მცდარობის თაობაზე ან მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება მოპასუხის აშკარა და უხეშმა დაუდევრობამ გამოიწვია. ასევე, უნდა გაირკვეს, ხომ არ არსებობს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები (იხ. სუსგ. საქმე №ას-989-2019, 2022 წლის 28 ივნისი).
17. მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან სადავოდაა გამხდარი 2016 წლის 31 ივლისს, სატელევიზიო გადაცემა „პ–ში“ და 2016 წლის 1 აგვისტოს, გადაცემა „კ... საათზე“, გავრცელებული შემდეგი განცხადებები: „ტ.წ–ი სამშობლოს ღალატისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული პოლკოვნიკია და მას ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ და დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წ–ს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ; პოლოვნიკ ტ.წ–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს; ს.კ.„რ..“-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ტ.წ–ი თავდაცვის სამინისტროდან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული".
18. მოცემულ შემთხვევაში, მოხმობილი განცხადებების გავრცელების ფაქტი უდავოდაა დადგენილი, თუმცა კასატორი აცხადებს, რომ მისი გავრცელება მოხდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების სრული დაცვით. კასატორის მტკიცებით, სადავო სიუჟეტში წამყვანს გადმოცემული აქვს ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით, კერძოდ, სიუჟეტის მიმდინარეობისას არაერთგზის აღინიშნა შემდეგი სიტყვები: „კ–ძის მტკიცებით“, „კ–ძე საუბრობს“, „იგი ასევე ამბობს, რომ“. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სადავო სიუჟეტში წამყვანი საუბრობს მესამე პირში და ფაქტებს არ ახსენებს მტკიცებით ფორმაში, არამედ ახმოვანებს მისი წყაროს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას. მოხმობილ მსჯელობას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და კასატორს განუმარტავს, რომ იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამები შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას (რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია), უნდა გაირკვეს, მსჯელობა წარმოადგენს „არსებითად მცდარ ფაქტს“, თუ ის „აზრის“ კატეგორიას განეკუთვნება, ასევე, უნდა გამოირკვეს კონტექსტი და ის ვითარება, რაც წინ უძღოდა ამ განცხადებებს.
19. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით და პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლების საფუძველია.
20. გასათვალისწინებელია, რომ აზრი ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გადმოცემად დაუშვებელია, რადგან მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა (მესხიშვილი ქეთევან, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 259).
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, ჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ №ას-1477-1489-2011, 03.04.2012წ; №ას-569-540-2014, 11.03.2016 წ; №ას-1366-2019, 06.04.2020 წ.). 22. აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად აღსანიშნავია, რომ თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Lingens v. Austria (საჩივარი №9815/82), 08.07.1986წ., §46) და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Oberschlick v. Austria (საჩივარი №11662/85), 23.05.1991წ., §63) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირდეს, მაშინ, როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს, ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს, ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, (საჩივარი №19983/92), 24.02.1997წ., §42) (შდრ. სუსგ №ას-938-2020, 18.03.2021წ.).
23. საკასაციო პალატის აზრით, ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამების აზრისა თუ ფაქტისადმი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მათი წარმოთქმის მთლიანი კონტექსტის მხედველობაში მიღების გარეშე. ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს კონტექსტის გარეშე ვერ მიენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან მათი განცალკევებულად განხილვა გამოიწვევს გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას. შინაარსს კი სიტყვებსა და წინადადებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს (შდრ. სუსგ №ას-547-2020, 14.12.2021წ.).
24. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2004 წელს „ს.კ.რ..“-ის მეშვეობით, საავტორო გადაცემა „.. წ–ის“ მიერ, ტ.წ–ის მიმართ გავრცელდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ტ.წ–ი იარაღით ვაჭრობდა და ასევე იგი მონაწილეობდა ბიზნესმენ ბ–ის გატაცების მცდელობაში. დასახელებული ფაქტები თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადასტურდა, ს.კ.„რ..“-ს და ჟურნალისტ ა.გ–ს დაევალათ ტ.წ–ის პატივისა და ღირსების ხელმყოფი ცნობის საჯაროდ უარყოფა. მათვე სასამართლოს მიერ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 ლარის გადახდა. მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოში, მოსარჩელე დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა). მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, 2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის N76-Iს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით უარყოფილი იქნა ტ.წ–ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მოსარჩელე ცნობილ იქნა პოლიტპატიმრად.
25. ზემოთ მოხმობილი გათვალისწინებით, მით უფრო მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრების სია მიჩნეულია პოლიტიკურ აქტად, საჯაროა და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტთანაა გაიგივებული, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს დასაბუთებულად 2016 წელს, მედიასაშუალებით მოსარჩელის მიმართ სადავო რეპორტაჟის „აზრად“ დაკვალიფიცირების შესახებ კასატორის შედავებას. სასამართლოს ეს შეფასება რელევანტურია განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სადავო გამონათქვამები, შეიცავს მოსარჩელის მიერ მორალურად და სამართლებრივად ისეთი მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრალდებას, როგორებიცაა სამშობლოს ღალატი, საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება და იარაღით უკანონო ვაჭრობა. ასევე, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები, ჩამოყალიბებულია იმპერატიული ფორმით და მიუთითებს კონკრეტული ფაქტების შესახებ, მაგალითად: სადავო განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პოლოვნიკ ტ.წ–ს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს“. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი წინმსწრები გარემოებების და კონტექსტის გათვალისწინებით, ასევე ცალკე აღებულიც, სადავოდ ქცეული განცხადებები, წარმოადგენს ფაქტების შემცველ განცხადებებს, რომლის გადამოწმებაც ობიექტურად შესაძლებელი იყო. კასატორს რეპორტაჟის გამოქვეყნებამდე, შეეძლო გაერკვია იყო თუ არა მოსარჩელე გასამართლებული სამშობლოს ღალატისთვის და ედებოდა თუ არა მას ბრალად იარაღით უკანონო ვაჭრობა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა ადგენს, რომ სააპელაციო პალატამ სადავო განცხადებები სრულიად მართებულად მიაკუთვნა „ფაქტების“ კატეგორიას. ხოლო, კანონმდებლობა ავალდებულებს მოპასუხეს მიიღოს ყველა ზომა პროგრამაში მოყვანილი (გადაცემული) ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომა (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი).
26. საკასაციო პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას მასზედ, რომ სადავო რეპორტაჟში მოხდა ჟურნალისტისთვის კონკრეტული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ჟურნალისტმა ყველა შესაძლო საშუალებით გადაამოწმა. ამასთანავე, უსაფუძვლოა კასატორის ის მითითებაც, რომ განცხადებაში არსებული გამონათქვამები აზრის შემცველია მანამ, სანამ მოსარჩელე არ დაადასტურებს საწინააღმდეგოს და სასამართლო დასაბუთებული მსჯელობის საფუძველზე არ დაასკვნის, რომ სადავო გამონათქვამები ფაქტის შემცველია. ანუ კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დასძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე 2016 წლის 31 ივლისს, სატელევიზიო გადაცემა „პ–ი“ და 2016 წლის 1 აგვისტოს, გადაცემა „კ... საათზე“, გასულ სიუჟეტში დადანაშაულებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებების ჩადენაში - სამშობლოს ღალატში, საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებასა და იარაღის უკანონო ვაჭრობაში. ამიტომ, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ კასატორზე გადავიდა მტკიცების ტვირთი, რის შესაბამისადაც სწორედ მოპასუხე მედიასაშუალებას უნდა დაემტკიცებინა, რომ მოსარჩელის მხარემ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ჩაიდინა, რაც არათუ საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ დგინდება საპირისპირო - მოსარჩელის პოლიტპატიმრად გამოცხადება.
27. მიუხედავად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოველთვის ხაზს უსვამს ჟურნალისტების მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას, რომ იმოქმედონ კარგი განზრახვით, საზოგადოებას მიაწოდონ ზუსტი და სანდო ინფორმაცია, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად. ჟურნალისტური ეთიკა უნდა მოითხოვდეს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამოყენების საფუძველზე, ჟურნალისტმა არ გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები, რომლებიც გამოიწვევს ძალადობასა და სიძულვილს საზოგადოებაში (იხ. Lingens v. Austria; Cumpana and mazare v. Romania; Editions Plon v. France; Observer and Guardian v. U.K; Radio france v. France; Bladet tromso and Stensaas v. Norwey; Surek v. Turkey; Von Hannover v. Germany; Thoma v. Luxembourg). ჟურნალისტური ეთიკა მოითხოვს, რომ ჟურნალისტი მოქმედებდეს პატიოსნად, მან უნდა დაადგინოს ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამები ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ მსმენელზე მხოლოდ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის პირადი განწყობისა და დამოკიდებულების შთაბეჭდილებას არ დატოვებდა, ისინი აშკარად მიმართული იყო მოსარჩელის პიროვნული დისკრედიტაციისაკენ.
29. საკასაციო პალატა ერთ-ერთ საქმეში (სუსგ.№ას-1373-2022, 30 მარტი, 2023 წელი) განმარტავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის სარგებლობს უპირატესობით სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა ან საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებისას. ასეთი მიდგომა, გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აქცევდა, თუმცა, პიროვნების შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.).
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მძიმე ფაქტობრივი ბრალდება შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს შეფასებით მსჯელობად. აქვე, საკასაციო პალატა მოიშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ „იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მოსარჩელის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს შეაფასებდა, როგორც შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტს, სასამართლო მხედველობაში მიიღებდა ევროსასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ პრაქტიკას, რომლის მიხედვით, თუნდაც განცხადება წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი მის გასამყარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩაითვლება არასათანადოდ“ (იხ. ეგილ ეინარსონი ისლანდიის წანააღმდეგ (Egill Einarsson v. Iceland), N 24703/15, §52, 7 ნოემბერი 2017) პფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ (Pfeifer v. Austria), N 12556/03, §46, 15 ნოემბერი 2007). ევროსასამართლოს დასახელებული განმარტებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შეფასებითი მსჯელობაც კი, გარკვეულ ფაქტობრივ საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს, რათა ეს შეფასებითი მსჯელობა სათანადოდ ჩაითვალოს. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით კი, უტყუარად დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, მოკლებული იყო სათანადო ფაქტობრივ საფუძვლებს.
31. პალატა ასევე მიუთითებს ევროსასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე (Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina) [დიდი პალატა] - 17224/11, 27.6.2017), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ პრესის საქმიანობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალური მოდარაჯე. პრესის თავისუფლების სფეროში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თანდაყოლილი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების საფუძველზე დაყრდნობით მე-10 მუხლით ჟურნალისტისთვის დადგენილი გარანტიები საზოგადო ინტერესის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისას, დამოკიდებულია იმაზე, ჟურნალისტი მოქმედებდა თუ არა კეთილსინდისიერად ჟურნალისტის ეთიკის ნორმებთან შესაბამისობაში ზუსტი და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად. როდესაც ის სოციალური მოდარაჯის ფუნქციას ახორციელებს. კონკურენტული ინტერესების დაბალანსებისას აუცილებელია იმ კრიტერიუმის გათვალისწინება, რომელიც ზოგადად მოქმედებს მედიის მიერ თავისი საზოგადოებრივი მოდარაჯის ფუნქციის განხორციელებისას ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებაზე: (a) რამდენად ცნობილი იყო სამიზნე პირი და რა წარმოადგენდა ბრალდების საგანს; (b) მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, ფორმა და შედეგები; (c) გამხელილი ინფორმაციის ავთენტურობა. 32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ინფორმაცია გაავრცელა საჯარო პირის შესახებ; გავრცელებული ინფორმაცია დადასტურებადი ფაქტის შემცველი და ცილისმწამებლურია; მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, ასეთი ინფორმაცია კი, ზიანს აყენებს ინფორმაციის ადრესატის პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას.
33. საკასაციო პალატა კვლავ ამახვილებს ყურადღებას ჟურნალისტური ქცევის სტანდარტებზე და მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე (იხ. 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმე №ას-1011-972-2016), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორი ირწმუნება, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, ამ ფაქტების ჭეშმარიტების დადასტურება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებითაც, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France). შეუძლებელია, თუნდაც სამოქალაქო საქმეზე, პირს იმის მტკიცება მოეთხოვებოდეს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და, ამდენად, ამ ინფორმაციის შემცველი განცხადება ცილისმწამებლურია. ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რაიმე მიმდინარე საქმესთან მოსარჩელის კავშირს. ასეც რომ ყოფილიყო, აღნიშნული დასტური იქნებოდა იმისა, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადასტურდებოდა დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ წარმატებით დაძლია სპეციალური კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთი, რაც სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების (გავრცელებული განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს) დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას იძლევა.
34. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომლის თანახმად, ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუკი დაამტკიცებენ რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან მიიღეს, ჟურნალისტი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. სხვა შემთხვევაში, ასევე უნდა დაადასტუროს ინფორმაციის გადამოწმება რა დაუძლეველ სირთულეებთან იყო დაკავშირებული (ბლეიდი ტრომსო და სტენსაასი ნორვეგიის წინააღმდეგ). ჟურნალისტების „მოვალეობები და პასუხისმგებლობების“ წარმოშობა გამოწვეულია იმ საფუძვლით, რომ გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ დაცული იყოს კერძო და საჯარო პირების პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია (იხ. Von Hannover v Germany). განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ვერ შეძლო აღნიშნული გარემოებების დადასტურება, რაც ცალსახად მიუთითებს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაზეც.
35. საკითხის სრულად ამოწურვის მიზნით, საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი ასევე არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას ჟურნალისტის დაუდევრობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, თუ მოპასუხე დაადასტურებდა, რომ ინფორმაცია მიიღო ოფიციალური წყაროებიდან, ჟურნალისტი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება ან გადამოწმება დაუძლეველ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, შესაძლებელია გამოირიცხოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტების მხრიდან დაუდევრობა გამოირიცხება, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს.კ.„რ..“-ს და ჟურნალისტ ა.გ–ს დაევალათ ტ.წ–ის პატივისა და ღირსების ხელმყოფი ცნობის - კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ტ.წ–ის იარაღით ვაჭრობისა და ბიზნესმენ ბ–ის გატაცების მცდელობაში მონაწილეობის შესახებ საჯაროდ უარყოფა. თუმცა, მიუხედავად, ამ მოცემულობისა, შპს „ს.კ.რ..“-ის ჟურნალისტმა მოსარჩელის მიმართ, 2016 წლის 31 ივლისს სატელევიზიო გადაცემა „პ–ში“ კვლავ გაავრცელა ამონარიდი 2004 წელს გასული ".. წ–ის" რეპორტაჟიდან, რომ პოლოვნიკ ტ.წ–ი თავდაცვის სამინისტროდან იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული;
36. როგორც განსახილველი საქმის ანალიზიდან ირკვევა, დარღვეულია ჟურნალისტის „მოვალეობანი და პასუხისმგებლობა“, მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებებით, რომლითაც ხდებოდა კონკრეტულ ფაქტებზე მითითება, მტკიცებულებების გარეშე, ზიანი მიადგა ადრესატის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, მიუხედავად იმ მაღალი თმენის ვალდებულებისა, რომელიც მოსარჩელეს, მისი სტატუსიდან (საჯარო პირის) გამომდინარე გააჩნდა. გამოხატვა განხორციელდა იმგვარი ფორმით და მანერით, რომ საშუალო მკითხველში აღძრავს მოსარჩელის მიმართ ზიზღს, მოსარჩელეს წარმოაჩენს, როგორც დამნაშავეს, ამასთან, სახეზეა კანონიერი ინტერესის - სხვათა უფლებების დაცვა, სერიოზული დაზიანება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ის გარემოებები, რომლებიც კასატორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობას ამართლებენ, საკმარისადაა მოცემული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე N ას-1332- 1258-2012).
37. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლებას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისა და ადამიანის თვითრეალიზაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ის შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ლეგიტიმური მიზნით. კერძოდ, „არც ერთი ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია. ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან მიმართებით. მაშინ როდესაც ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობამ რეალური დარღვევის საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამა თუ იმ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს და ესეც დემოკრატიის ერთი-ერთი მთავარი წესია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
38. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ანალოგიურ დავებში, ვიდრე ჩარევის თანაზომიერების საკითხი გადაწყდებოდეს, მნიშვნელოვანია გაირკვეს ჩარევის „აუცილებლობის“ საკითხი, ვინაიდან თუ „აუცილებლობა“ არ იქნება დასაბუთებული, არც გამოხატვის შეზღუდვის საფუძველი იარსებებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. როგორც აღინიშნა, ანალოგიური პრინციპია გატარებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თუ აღნიშნული ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ევროპული სტანდარტების მიხედვით, შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელი ინფორმაცია ყველაზე მეტად პრესის თავისუფლებითაა უზრუნველყოფილი. დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც ემყარება პლურალიზმისა და შემწყნარებლობის ფასეულობებს, ცალკეულ შემთხვევებში ადამიანებს ავალდებულებს აიტანონ მათთვის მიუღებელი ინფორმაციის მოსმენა. ამასთან, საჯარო პირებთან მიმართებაში „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან მიმართებაში. თუმცა, გამოხატვის თავისუფლება იმდენად არ უნდა გაფართოვდეს, რომ მან დაკარგოს თავისი არსი, რაც სხვათა უფლებების გადაჭარბებულ ხელყოფაში გამოიხატება.
39. პალატა ასკვნის, რომ სადავო შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით აუცილებელია და კანონიერ მიზანს ემსახურება. უფლებაში ჩარევის საშუალება ჩარევის მიზანთან - ხელყოფილი უფლების დაცვასთან პროპორციულია.
40. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ხარისხს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უფლების შეზღუდვა იმდენად დისპროპორციული არ უნდა იყოს, რომ ამას შედეგად მოყვეს მედიასაშუალების გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი. არათანაზომიერების შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში განისაზღვრება. მაგალითად, დაკისრებული ჯარიმისა და კომპენსაციის დიდ ოდენობას დაეფუძნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა ჩარევის არათანაზომიერად მიჩნევის თაობაზე, საქმეში KARHUVAARA AND ILTALEHTI v. FINLAND, რომელიც შეეხებოდა გაზეთის მთავარი რედაქტორის დასჯას პარლამენტის დეპუტატის პირად ცხოვრებაში ჩარევისათვის.
41. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში, ღირსება გამოხატავს პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების შეფასებას თვით ამ პიროვნების მიერ, ხოლო პატივი პიროვნული თვისებების შეფასებას საზოგადოების მიერ, ანუ იმას, თუ როგორ აღიქმება პიროვნება საზოგადოების თვალში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შესწავლა იძლევა იმგვარი პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ სადავო ინფორმაციის გავრცელებით შეილახებოდა ნებისმიერი საშუალო ადამიანის პატივი და ღირსება, მით უმეტეს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერაა დადგენილი, მოსარჩელე ცნობილი საჯარო პირია. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც ასევე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხს შეეხებოდა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ზიანი ასეთ შემთხვევებში არაქონებრივი სახით _ პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია.“ (იხ.სუსგ, №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი).
42. მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის გამოთვლის წესს. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსკ-ის 413-ე მუხლი (რომელიც ადგენს ზოგად წესს). აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სასამართლო ადამიანის პიროვნული ღირებულებების ხელყოფის ფაქტის შემთხვევაში მორალური ზიანის შინაარსსა და მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019 წ.).
43. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე (იხ. სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018 წ., №ას-1040-2018, 26.07.2019 წ.).
44. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მოითხოვა მოპასუხისათვის 30 000 ლარის დაკისრება, როგორც მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ - 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიკუთვნებული მორალური ზიანის ოდენობა პროპორციულია იმ რეპუტაციული თუ მორალური ზიანისთვის, რომელიც მოსარჩელეს მიადგა. ამასთან, დაკისრებული ოდენობა არ არის იმდენად მაღალი, რომ მსუსხავი ეფექტი იქონიოს მოპასუხე მედიასაშუალების გამოხატვის თავისუფლებაზე, რის გამოც პალატა ასკვნის, რომ ამ ნაწილშიც სააპელაციო პალატის განჩინება კანონიერია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო შედავება ასევე არ არის დასაბუთებული. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ჩარევა მინიმალური, თანაზომიერი, ეფექტიანი, ეკონომიური და აღსრულებადია.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის პოზიციის მართებულობას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
47. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორმა ვერ წარადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რაც მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას განაპირობებდა.
48. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის შესაბამისად კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 394-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
შპს „ს.კ.რ..“-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 1.კასატორ შპს „ს.კ.რ..“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე