დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.11.2024
საქმის ნომერი
ას-1167-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-1167-2024 22 ნოემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი - მ.ძ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)

მეორე კასატორი - რ.ვ–ძე, მ.ვ–ძე (აპელანტები, მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქორწინებაში შეძენილი თანასაკუთრების - უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის გადასახდელად დაკისრება, უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობა და ამავე ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ძ–ძე (შემდგომში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და რ.ვ–ძე (შემდგომში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) 1998 წლის 16 ივნისიდან 2019 წლის 14 იანვრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

2. 09.10.2015წ. შპს ,,შ.ა–სა“ (გამყიდველი) და მ.ძ–ძეს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც, მ.ძ–ძემ შპს ,,შ.ა–საგან“ იყიდა უძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ., მდებარე ქ. ქუთაისში, .........., ს.კ. ..........

3. აღნიშნული ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 50 000 ლარით. შედეგად, უძრავი ქონება, 01.12.2015წ. (მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში) მთლიანად დარეგისტრირდა მ.ძ–ძის საკუთრებაში.

4. 01.09.2017 წელს, მეუღლეებს - მ.ძ–ძესა (გამყიდველი) და რ.ვ–ძეს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც - რ.ვ–ძემ, მ.ძ–ძისაგან, 50 000 ლარად შეიძინა უძრავი ქონება, ს.კ. ......, მდებარე: ქ.ქუთაისი, ......., 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად იქნა გადახდილი მყიდველის მიერ. შედეგად, უძრავი ქონება, 04.09.2017წ. მთლიანად დარეგისტრირდა რ.ვ–ძის საკუთრებაში.

5. რ.ვ–ძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ......., ფართით 1000 კვ.მ., გაიყო ორ ნაწილად და მიენიჭა საკადასტრო კოდები - ....... (365 კვ.მ.) და ......... (635 კვ.მ.).

6. 03.10.2017წ., ერთის მხრივ, რ.ვ–ძეს (გამყიდველი) და მეორეს მხრივ, ჯ:ბ–ძესა და ო.ლ–ვას (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ჯ:ბ–ძემ და ო.ლ–ვამ, რ.ვ–ძისაგან 20 000 ლარად შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......., ......., 365 კვ.მ. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად იქნა გადახდილი მყიდველის მიერ. შედეგად, უძრავი ქონება, 03.10.2017 წელს დარეგისტრირდა ჯ:ბ–ძესა და ო.ლ–ვას თანასაკუთრებაში.

7. უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........, ს.კ. ........, 635 კვ.მ., რ.ვ–ძის საკუთრებაში აღრიცხვის შემდგომ, აშენდა შენობა-ნაგებობა N1, ფართით 290,09 კვ.მ., შესაბამისი მშენებლობის ნებართვებით. აღნიშნული შენობა- ნაგებობა, ფართით 290,09 კვ.მ., მიღებული იქნა ექსპლუატაციაში ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 29.12.2017წ. ბრძანებით.

8. 18.01.2018 წელს, ერთის მხრივ, რ.ვ–ძესა (გამყიდველი) და მეორეს მხრივ, მ.ვ–ძეს (მყიდველი) (რ.ვ–ძის დედა) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ.ვ–ძემ რ.ვ–ძისაგან 70 000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......, ს.კ. ........, 635 კვ.მ. და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა 290,09 კვ.მ. ფართით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად იქნა გადახდილი მყიდველის მიერ. შედეგად, უძრავი ქონება, 21.01.2018წ. მთლიანად დარეგისტრირდა მ.ვ–ძის საკუთრებაში.

9. 19.02.2018 წელს, ერთის მხრივ, მ.ვ–ძესა (გამყიდველი) და მეორეს მხრივ, ლ.ვ–ძეს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ.ვ–ძემ ლ.ვ–ძისაგან 70 000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, .........., ს.კ. ...... 635 კვ.მ. და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა 290,09 კვ.მ. ფართით. თუმცა, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების ლ.ვ–ძის საკუთრებაში დარეგისტრირება ვერ მოხერხდა, განსახილველი დავის ფარგლებში, სადავო უძრავ ქონებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.02.2018წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2018წ. გადაწყვეტილებით, განმცხადებელ ლ.ვ–ძეს უარი ეთქვა სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

10. საქმეში წარმოდგენილ 04.09.2018წ. დაზუსტებულ სარჩელზე დართულ 18.08.2015წ. ხელწერილის ასლში მითითებულია შემდეგი - ,,ამ ხელწერილს ვიძლევი მე მ.ძ–ძე ი.ს–ის წინაშე, მასზედ, რომ მისგან ვისესხე 70 000 აშშ დოლარი, 3 წლის ვადით, უპროცენტოდ, ბიზნეს-საქმიანობის განხორციელების მიზნით (მიწის შეძენა და სასაწყობე-სამეურნეო ფართის მშენებლობა). სესხს დავაბრუნებ 2018 წლის 15 თებერვლამდე, მთლიანად, ან ნაწილ-ნაწილ გადახდით, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს ვაგებ კანონის შესაბამისად“. ხელწერილზე დატანილია მხარეთა ხელმოწერები, შემდეგი აღნიშვნებით - თანხა გადავეცი ი.ს–ი, ხელწერილი შევადგინე და თანხა მივიღე მ.ძ–ძე. ამდენად, დასტურდება, რომ აღნიშნული ხელწერილი დაიდო მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და ამასთანავე, მხარეთა შორის სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებამდე (01.09.2017 და 18.01.2018წწ).

11. 24.10.2018 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი.ს–მა, მოპასუხეების რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის მიმართ და მოითხოვა - 1) მოპასუხე რ.ვ–ძეს, მის სასარგებლოდ დაეკისროს, მეუღლეთა საერთო ვალის (მ.ძ–ძის მიერ 15.08.2015წ. ხელწერილის საფუძველზე, მისგან ნასესხები 70 000 აშშ დოლარის) ნახევარი - 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 94 500 ლარი; 2) ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის 18.01.2018წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე უძრავი ნივთის, ს.კ. 03.04.32.917, კერძოდ, 635 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული სასაწყობო ფართის - 290 კვ.მ. №1 შენობა-ნაგებობის ½ ნაწილის (იდეალური წილის) იძულებით აუქციონზე გაყიდვის გზით მოხდეს ი.ს–ის ვალის დაფარვა 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 94 500 ლარი.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ი.ს–მა, მოპასუხეების მ.ძ–ძის, რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის მიმართ და მოითხოვა - 1) მოპასუხე რ.ვ–ძეს და მ.ძ–ძეს, მის სასარგებლოდ დაეკისროს, მეუღლეთა საერთო ვალის (მ.ძ–ძის მიერ 15.08.2015წ. ხელწერილის საფუძველზე, მისგან ნასესხები 70 000 აშშ დოლარი) - 70 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; 2) 01.09.2017წ. მ.ძ–ძესა და რ.ვ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ს.კ. ......., 635 კვ.მ. (ამჟამად, ს.კ. ........) მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში; 3) ბათილად იქნეს ცნობილი რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის 18.01.2018წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე უძრავი ნივთის, ს.კ. ......, კერძოდ, 635 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული სასაწყობო ფართის - 290 კვ.მ. №1 შენობა-ნაგებობის ½ ნაწილის (იდეალური წილის) იძულებით აუქციონზე გაყიდვის გზით მოხდეს ი.ს–ის ვალის დაფარვა 70 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

13. 13.02.2018წ. მ.ძ–ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის მიმართ და მოითხოვა - 1) რ.ვ–ძისათვის თანასაკუთრების უძრავი ქონების, ს.კ. ........, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ½ წილის - 10 000 ლარის დაკისრება; 2) 18.01.2018წ. რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და უძრავი ქონების, ს.კ. ........., 635 კვ.მ.-ისა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, ფართით 290,09 კვ.მ.-ის ½ ნაწილის მის საკუთრებაში რეგისტრაცია.

14. 01.08.2018წ. მ.ძ–ძემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის მიმართ და მოითხოვა - 1) რ.ვ–ძისათვის თანასაკუთრების უძრავი ქონების, ს.კ. ......, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 20 000 ლარის დაკისრება; 2) 18.01.2018წ. რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების, ს.კ. ........., 635 კვ.მ.-ისა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, ფართით 290,09 კვ.მ.-ის მის საკუთრებაში რეგისტრაცია.

15. 04.09.2018წ. მ.ძ–ძემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის მიმართ და მოითხოვა - 1) რ.ვ–ძისათვის თანასაკუთრების უძრავი ქონების, ს.კ. ......., რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 10 000 ლარის დაკისრება; 2) 01.09.2017წ. მ.ძ–ძესა და რ.ვ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ს.კ. ......., 635 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში და 18.01.2018წ. რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის, ს.კ. ........, 635 კვ.მ.-ისა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, ფართით 290,09 კვ.მ., ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 3) სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების, მ.ძ–ძის და რ.ვ–ძის მიერ ი.ს–ზე 70 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის დაბრუნების ნაცვლად, ქ.ქუთაისში, .......... მდებარე უძრავი ქონება, ს.კ. ..........., 635 კვ.მ. და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, ფართით 290,09 კვ.მ.-ის ი.ს–ის საკუთრებაში რეგისტრაცია.

16. 21.09.2018წ. მ.ძ–ძემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის მიმართ და მოითხოვა - 1) რ.ვ–ძისათვის თანასაკუთრების უძრავი ქონების, ს.კ. ......, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 10 000 ლარის დაკისრება; 2) 01.09.2017წ. მ.ძ–ძესა და რ.ვ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ს.კ. ........, 635 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში და 18.01.2018წ. რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის, ს.კ. ......., 635 კვ.მ.-ისა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, ფართით 290,09 კვ.მ., ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 3) სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების, მ.ძ–ძის და რ.ვ–ძის მიერ ი.ს–ზე 70 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის დაბრუნების ნაცვლად, ქ.ქუთაისში, ......... მდებარე უძრავი ქონება, ს.კ. .........., 635 კვ.მ. და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, ფართით 290,09 კვ.მ.-ის ი.ს–ის საკუთრებაში რეგისტრაცია.

17. 23.03.2021წ. მ.ძ–ძემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის მიმართ და მოითხოვა - 1) რ.ვ–ძისათვის თანასაკუთრების უძრავი ქონების, ს.კ. ........., რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 20 000 ლარის დაკისრება; 2) 01.09.2017წ. მ.ძ–ძესა და რ.ვ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ს.კ. ........, 635 კვ.მ. (ამჟამად ს.კ. ........) მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში; 3) 18.01.2018წ. რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების, ს.კ. ........, 635 კვ.მ.-ისა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, ფართით 290,09 კვ.მ.-ის მის საკუთრებაში რეგისტრაცია.

18. მოპასუხე რ.ვ–ძე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ......... №18-ში, ხოლო მოპასუხე მ.ვ–ძე (მოპასუხე რ.ვ–ძის დედა) - წყალტუბოს რაიონის სოფელ ..........

19. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი.ს–ის ჩვენების თანახმად, 2015 წელს, მ.ძ–ძემ მისგან აიღო 70 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი, იგი ჯერაც არ არის დაბრუნებული. სესხის თანხა მ.ძ–ძეს გადასცა მისი ძმის, ზ.ძ–ძის ნდობის ფაქტორით. აღნიშნული სესხი გაიცა, რათა მ.ძ–ძეს და მის მეუღლეს მიწის ფართი შეეძინათ და ამ ფართზე განეხორციელებინათ ბიზნეს-პროექტი.

20. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ.ძ–ძის ჩვენების თანახმად, ,,მისი ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა ი.ს–ის მიერ მ.ძ–ძისათვის ჯერ 150 000 აშშ დოლარის და შემდეგ 70 000 აშშ დოლარის ოდენობით ბიზნეს-სესხების გაცემა. ნასესხები 150 000 აშშ დოლარიდან 40 000 აშშ დოლარი გადაეცა მ.ძ–ძის მეუღლეს რ.ვ–ძეს, ხოლო დანარჩენი 110 000 აშშ დოლარი გამოყენებული იქნა ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის და ორი ავტოფარეხის შესაძენად, რომლებსაც ჩაუტარდა ევრორემონტი და აღიჭურვა სრული საყოფაცხოვრებო და საოჯახო ტექნიკითა და ავეჯით. თუმცა, ვინაიდან მ.ძ–ძეს და მის მეუღლეს, რ.ვ–ძეს შეექმნათ პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ქრთამის აღების გამო რ.ვ–ძის დაპატიმრებასთან და 3 წლის ვადით მის თავისუფლების აღკვეთასთან, იძულებული გახდნენ აღნიშნული უძრავი ქონება გაეყიდათ და გაესტუმრებინათ ი.ს–ის ვალი. რ.ვ–ძე კარგად იცნობდა ი.ს–ს და იგი საქმის კურსში იყო მისგან ორივე ბიზნეს-სესხის აღების შესახებ, მათ შორის 2015 წელს 70 000 აშშ დოლარის სესხად აღების თაობაზე, რომლის გამოყენებით შეძენილი იქნა ქ. ქუთაისში, ......... ქუჩაზე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე აშენდა კომერციული დანიშნულების ობიექტი. 2017 წლის ბოლოს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთი და საწყობი არ ფიქსირდებოდა მისი დის, მ.ძ–ძის სახელზე, რაც განხორციელდა რ.ვ–ძის წინადადებით, რათა თავი აერიდებინათ ი.ს–ის მოთხოვნის ვადაში დაკმაყოფილებისათვის, რომ ამ საკითხზე შეხვდა რ.ვ–ძეს და სთხოვა დაებრუნებინა ქონება დის სახელზე, რათა ი.ს–ს რაიმე ეჭვი არ აღძვროდა ამ საწყობთან დაკავშირებით. ითქვა, რომ რ–ი დააბრუნებდა, მაგრამ ამის შემდეგ ამას მოჰყვა იგივე ქონების დედის სახელზე გადაფორმება და შემდეგ დის სახელზე გადაფორმების მცდელობა“.

21. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ.კ–ნის ჩვენების თანახმად, ,,იგი, როგორც ადვოკატი, 2012 წელს სამოქალაქო საქმეზე იცავდა რ.ვ–ძის ინტერესს და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. რ.ვ–ძეს 2013 წელს სურდა მისი მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული, ქალაქ თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის გაყიდვა, ამიტომ სთხოვა მას ჩართულიყო ამ საკითხში. პირველ რიგში, მასაც სურდა შეეძინა ეს ბინა 90 000 აშშ დოლარად, 100 000 აშშ დოლარიც შესთავაზა, მაგრამ უარი თქვეს. რ–მა უთხრა, რომ ვალი მაქვს გასასტუმრებელი ი.ს–ისო, მისი თანხით შევიძინეთ ბინაო. შემდეგ გამოჩნდნენ ამ ბინის სხვა კლიენტები, რომლებიც იყვნენ ლტოლვილი ცოლ- ქმარი და ეს ბინა, როგორც ახსოვს, გაიყიდა 139 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა წამოიღეს მან და ზ.ძ–ძემ და გადასცეს რ.ვ–ძეს და მის მეუღლეს, მ.ძ–ძეს ქ. ქუთაისში, ....... ქუჩაზე, 2003 წლის სექტემბრის თვეში. იცის, რომ რ–ს ჰქონდა ნასესხები თანხა ი.ს–ისაგან და ვალი უნდა გასტუმრებულიყო ბინის გაყიდვით. თანხის მიღებისას იგი ორჯერ გადაითვალა რ.ვ–ძემ, იქვე იყო მ–აც და ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ ყოფილა“.

22. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი.გ–ძის ჩვენების თანახმად, ,,150 000 აშშ დოლარის სესხი ნამდვილად იყო აღებული საბერძნეთში მცხოვრები ბიზნესმენისაგან (ი.ს–ი), რომელიც არის კ.ძ–ძის მეგობარი. ამის შესახებ დაწერილი იყო ხელწერილი. შემდეგ ბინა გაიყიდა და ვალიც გასტუმრებულ იქნა. მანვე დაადასტურა მ.ძ–ძის მიერ ი.ს–ისაგან 2015 წელს 70 000 აშშ დოლარის სესხის აღება ........ ქუჩაზე უძრავი ქონების, კერძოდ, მიწის შესაძენად და მასზე კომერციული ობიექტის ასაშენებლად. მ–ს სახელზე გაფორმდა უძრავი ქონება, სესხი მიიღო მ–მ. შემდეგ ვერ შეთანხმდნენ მანქანა-დანადგარებზე, ფულს ვერ უბრუნებდნენ, ამიტომ, თუ მ–ს სახელზე იქნებოდა ქონება, დაყადაღდებოდა და თანხას წაიღებდნენ. ვალი უნდა გასტუმრებულიყო და ქონება დაიკარგებოდა ან უნდა გაჩუქებულიყო ან უნდა გაყიდულიყო (ფურცელზე). დაიდო ნასყიდობა, რომ მ–ს სახელზე არ ყოფილიყო ქონება“.

23. სასარჩელო მოთხოვნა და დასაბუთება

23.1. მოსარჩელე მ.ძ–ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის მიმართ, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი თანასაკუთრების უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის გადასახდელად დაკისრების, უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ამავე ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. ამავე სარჩელზე შეგებებული სარჩელი აღძრეს რ.ვ–ძემ და მ.ვ–ძემ, მოპასუხე მ.ძ–ძის მიმართ, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი თანასაკუთრების უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის გადასახდელად დაკისრების მოთხოვნით.

23.2. მ.ძ–ძე (მოსარჩელე) რ.ვ–ძესთან (მოპასუხესთან) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 16.06.1999 წლიდან; მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი, გ.ვ–ძე, დაბ. 02.12.1998 წელს; რ.ვ–ძეს ჰყავს ხანდაზმული დედა, მოპასუხე - მ.ვ–ძე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ..........; მ.ვ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქ. ქუთაისში, .......... მდებარე, თანასაკუთრების 638 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი - შენობა №1, ფართით 160,74 კვ.მ. და დამხმარე ნაგებობა №3, ფართით 29.20 კვ.მ. (ს/კ №.........).

23.3. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა, უძრავი ნივთის ნასყიდობის 01.09.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში 05.09.2017 წლიდან საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მ.ძ–ძის სახელზე, იმ პირობით, რომ სს „ს.ბ–ის“ ვალს, 35000 ლარს, რომლის უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დატვირთული იყო იპოთეკით, მთლიანად დაფარავდა მისი მეუღლე რ.ვ–ძე. დღეის მდგომარეობით, რ.ვ–ძეს გადახდილი აქვს ბანკის კრედიტიდან მხოლოდ 3000 ლარი და დარჩენილია ვალის სახით 32000 ლარი, რომლის გადახდის პერსპექტივა საეჭვოა რ.ვ–ძის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო.

23.4. მ.ძ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქ.ქუთაისში, ....... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 1000 კვ.მ., რომელიც მან 50 000 ლარად შეიძინა შპს „შ.ა–საგან”, 09.10.2015 წელს, უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ს/კ №........); ს.კ. №....... მიწის ნაკვეთზე, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.04.2016 წლის №1163 ბრძანებით დამტკიცებული პროექტის და №001971 სანებართვო მოწმობის საფუძველზე, მ.ძ–ძემ და რ.ვ–ძემ დაიწყეს პლასტმასის ნაკეთობათა დამამზადებელი საწარმოს მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 29.12.2017 წლის №501.01173636 ბრძანებით.

23.5. ვიდრე პლასტმასის ნაკეთობათა დამამზადებელი საწარმოს მშენებლობა დასრულდებოდა, იგივე 1000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. №.......), 01.09.2017 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მისი თხოვნით საკუთრებაში გადაეცა მ.ძ–ძის მეუღლეს - რ.ვ–ძეს, რომელმაც მიწაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 04.09.2017 წელს; მოგვიანებით რ.ვ–ძემ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაყო 2 ნაწილად (04.09.2017 წელს): 365 კვ.მ. და 635 კვ.მ., რომელთაგან 365 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ისე, რომ მ.ძ–ძისათვის არაფერი უთქვამს, 03.10.2017 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 20000 ლარად მიჰყიდა ჯ.ბ–ძესა და ო.ლ–ვას (ს/კ №.........); მიღებული ნასყიდობის საფასური 20000 ლარი რ.ვ–ძემ მთლიანად გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ და ოჯახისათვის არ მოუხმარია, დანარჩენი 635 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც დგას პლასტმასის ნაკეთობათა დამამზადებელი საწარმო, შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. რ.ვ–ძემ თავად დაიტოვა საკუთრებაში და უწევს ექსპლუატაციას (ს/კ №........).

23.6. ამ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა - მოპასუხე რ.ვ–ძეს დაეკისროს, მოსარჩელე მ.ძ–ძის სასარგებლოდ, თანასაკუთრების უძრავი ქონების (ს/კ №......) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 20000 ლარის გადახდა; ბათილად იქნეს ცნობილი მ.ძ–ძესა და რ.ვ–ძეს შორის დადებული 01.09.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 635 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ნაწილში (უძრავი ნივთის ძველი ს/კ. №......., მოქმედი ს/კ №........); ბათილად იქნეს ცნობილი რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის გაფორმებული 18.01.2018 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საგანი-635 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1შენობა- ნაგებობა, ფართით 290,09 კვ.მ. (უძრავი ქონების ს/კ. №.........) ცნობილი იქნას და საჯარო რეესტრში აღირიცხოს მ.ძ–ძის საკუთრებად.

24. მოპასუხის პოზიცია

შესაგებლის საფუძვლები: მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები ნამდვილია, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

25. შეგებებული სარჩელით:

25.1. მ.ძ–ძეს მოსარჩელე რ.ვ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი 65000 (სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.

25.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1998 წლის 16 ივნისიდან. ჰყავთ ერთი შვილი, 1998 წელს დაბადებული გ.ვ–ძე. 2013 წლის 05 სექტემბერს, მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში, შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ თბილისში, ...... (ს/კ №.........), რომელიც წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას. აღნიშნული ქონება მოპასუხემ მასთან შეთანხმების გარეშე, 2013 წლის 16 სექტემბერს 130000 (ასოცდაათი ათასი) აშშ დოლარად გაასხვისა და თანასაკუთრების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის კუთვნილი წილი 65000 აშშ დოლარი მისთვის დღემდე არ მიუცია. შესაბამისად, რადგან მოპასუხემ უსაფუძვლო სარჩელით ქონებრივი პრეტენზიები წამოუყენა და პრაქტიკულად საძირკველი გამოაცალა მათი ოჯახის მთლიანობას, მოსარჩელე მოითხოვს ხსენებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას.

26. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

მოპასუხე მ.ძ–ძემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე რ.ვ–ძის მოთხოვნა მისი მეუღლის, მ.ძ–ძის მიმართ, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების გასხვისების (გაყიდვის) შედეგად მიღებული შემოსავლის, 130000 აშშ დოლარის ნახევრის, 65000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, ანაზღაურების შესახებ, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მ.ძ–ძის მიერ შეძენილი უძრავი ქონება, რა თქმა უნდა, მისი და მისი მეუღლის, რ.ვ–ძის საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) წარმოდგენდა, ვინაიდან იგი შეძენილი იყო მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მხედველობაშია მისაღები და სადავო საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მეუღლეთა საერთო (თანასაკუთრებას) უძრავი ქონება შეძენილი და გაუმჯობესებული იქნა მ.ძ–ძის მიერ ი.ს–ისაგან სპეციალურად ამ მიზნით (ბინის შესაძენად და ბიზნესის წარმოებისათვის) ნასესხები 150000 აშშ დოლარის გამოყენებით. ანუ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულ იქნა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. ვინაიდან ბინის შეძენის და გარემონტების შემდეგ რ.ვ–ძე სამოხელეო დანაშაულის ჩადენის (ქრთამის აღება) გამო რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმრო დაწესებულებაში და ოჯახი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი მეუღლე მ.ძ–ძე იძულებული გახდა, ბინა თავის 2 ავტოფარეხთან ერთად გაეყიდა 139000 აშშ დოლარად და ი.ს–ისათვის დაებრუნებინა ნასესხები თანხა. გამომდინარე იქედან, რომ უძრავი ქონება შეძენილი იქნა მ.ძ–ძისა და რ.ვ–ძის საერთო ვალით, ამავე უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად დაიფარა საერთო ვალი და დამატებით რაიმე თანხა არ დარჩენილა. რ.ვ–ძეს, როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრეს (1/2 იდეალურ წილში) მიღებული შემოსავლის ნახევარი აღარ მიეცემა. მეტიც, ი.ს–ისაგან ნასესხები 150000 აშშ დოლარის ნაწილი, 40000 აშშ დოლარი მ.ძ–ძისაგან პირადად მიიღო რ.ვ–ძემ, რომელმაც მეუღლე დაარწმუნა, რომ თანასოფლელთან ერთად წამოიწყებდა ბიზნესს, რაც მას პრაქტიკულად არ განუხორციელებია და ეს თანხა გამოიყენა საკუთარი გაურკვეველი მიზნებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული თანხის 1/2 ნაწილი, 20000 აშშ დოლარი, რ.ვ–ძემ უნდა გადაუხადოს მის მეუღლეს, მ.ძ–ძეს.

27. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ძ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რ.ვ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

28. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მ.ძ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება.

30. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

31. საკასაციო სასამართლოს განჩინება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით, მ.ძ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.ძ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ.ძ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა განჩინებები, რომლითაც გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-5 და მე- 6 პუნქტები) და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ძ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: რ.ვ–ძეს მ.ძ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრების უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი - 10.000(ათი ათასი) ლარის ოდენობით. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მ.ძ–ძესა და რ.ვ–ძეს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 635 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში და ამავე მიწის ნაკვეთის (635 კვმ.მ.) ½-ს ნასყიდობის ნაწილში. ნაწილობრივ - ½ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საგანი - 635 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა- ნაგებობა, ფართით 290,09 კვ.მ. და მითითებული უძრავი ნივთის ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.ძ–ძის საკუთრებად.

33. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

33.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

33.2. კასატორის მტკიცებით, მართალია სასამართლომ არსებითად სწორად მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა მას არ აღუნიშნავს, რომ მეუღლეთა საერთო ვალის გადაუხდელობის გამო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აღსრულებაში მიქცევის დაზღვევის მიზნით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები. სასარჩელო წარმოების მთავარი მიზანი მოსარჩელისთვის არის საოჯახო საერთო ვალის დაფარვა, მოპასუხეებთან დაძაბული მდგომარეობის გამო კი, მათ აღარ აინტერესებთ საერთო ვალდებულების შესრულება, სწორედ ამიტომ, თუ კი სააპელაციო პალატა შეძლებდა აღნიშნული გარემოებების ანალიზს, სარჩელს სრულად დააკმაყოფილებდა.

33.3. მართალია, სააპელაციო პალატის ზოგადი დასაბუთება სწორია დავის საგნის ½ წილის დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა სასამართლო ვერ ასაბუთებს თუ რატომ უნდა დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ ნახევარი და არა სრულად. ამავდროულად, მოპასუხე რ.ვ–ძეს არ წარუდგენია შესაგებელი, რომლითაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნას თავისი თანასაკუთრების ნაწილში. აქედან გამომდინარე, სასამართლოს არა ნახევრის, არამედ სრული ნაწილის ფარგლებში უნდა დაებრუნებინა ქონება მოსარჩელისთვის. თუ კი სასამართლომ მიიჩნია, რომ დადებული ხელშეკრულებები იყო მოჩვენებითი, ისინი არა ნაწილობრივ, არამედ სრულად უნდა გაებათილებინა და ქონებაც მოსარჩელისთვის სრულად დაებრუნებინა.

34. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

34.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხე მხარემაც, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

34.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ რამდენჯერმე გადადო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება და ასევე გამოცხადების ეტაპიდან დაუბრუნდა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპს, რაც მიანიშნებს პროცესის ფორმალურობაზე.

34.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელესა და ი.ს–ს შორის ვალის არსებობის ფაქტი. მოპასუხემ წარადგინა შედავება ხელშეკრულების ნამდვილობის შესახებ, თუმცა სასამართლომ აღნიშნული საკითხი არ გაითვალისწინა.

34.4. კასატორი მიუთითებს, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერს შპს „შ.ა–სთან“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულება შესრულდა არა ი.ხ–გან ნასესხები ფულით, არამედ რ. ვ–ძის სახელზე გადარიცხული ფულადი გზავნილებით, რაც ჯამურად 10 120 აშშ დოლარია და 2015 წლის 9 ოქტომბრის მონაცემებით სრულად ემთხვევა 23 900 ლარს. დამატებით, რ.ვ–ძის სახელზე გადარიცხული სამი გზავნილის თარიღი ემთხვევა განვადების ნაწილის გადახდას.

34.5. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვალის არსებობა და ამავე ვალით ქონების შეძენის ფაქტები, რაც უსაფუძვლოდ დაადგინა სააპელაციო სასამართლოში. ცალსახაა, რომ თანხა მოპასუხემ გადაიხადა ორ ეტაპად რომლითაც მხარეებმა შეიძინეს მიწა. ასევე საინტერესოა, თუ კი მოსარჩელემ ისესხა 70 000 აშშ დოლარი, რატომ დასჭირდა მოსარჩელეს განვადებით გადახდა. ამ კუთხით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება აღნიშნული ფაქტის დასადგენად.

34.6. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა გარიგება თვალთმაქცურად, რადგან მას ნამდვილად მოჰყვა იურიდიული შედეგი და ამავდროულად, რ.ვ–ძის სახელზე რიცხული ქონება ქორწინების პერიოდშივე განიკარგა, გასხვისდა მ.ვ–ძეზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა ერთი მეუღლის მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მეორე მეუღლეზე მიყიდვა წარმოუშობს თუ არა ქონების გამყიდველ მეუღლეს თანამესაკუთრეობის უფლებას და რომც წარმოშობდეს, ქონება ისევ გასხვისდა თანაცხოვრების პერიოდშივე.

34.7. რაც შეეხება უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის - 20 000 ლარის დაკისრებას, კასატორის მოსაზრებით, რადგან მოსარჩელემ ქორწინების განმავლობაში განკარგა მისი ნახევარი და ის მთლიანად მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში გადავიდა, ამავდროულად, რ.ვ–ძემ მთლიანად გადაუხადა ნასყიდობის საფასური - 50 000 ლარი, ცალსახაა, რომ თუნდაც თანაცხოვრების პერიოდში მიიღო ეს ქონება რ.ვ–ძემ, თუმცა ქონების ნახევარზე გასხვისებით მიღებული სრული თანხის საფუძველზე უარი თქვა მ.ძ–ძემ, შესაბამისად, მას არ უნდა მიეღო თუნდაც 20 000 ლარის ნახევარი.

35. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

36. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

37. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

39. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

41. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

42. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

43. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

44. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

45. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

46. სსკ-ის 1151-ე, 1158-ე და 1159-ე მუხლების მიხედვით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

47. სსკ-ის 1160-ე, 1163-ე, 1164-ე და 1168.1-ე მუხლების თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი), (თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული), (მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ) და (იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

48. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სადავო ხელშეკრულებათა მოჩვენებითად მიჩნევის შესახებ სააპელაციო პალატის მსჯელობის, ასევე მისი დადასტურების შემთხვევაში კი ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლიანობის კვლევა, ასევე, რ.ვ–ძისათვის თანასაკუთრების უძრავი ქონების, ს.კ. ....., რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 10 000 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანობის შემოწმება. საკასაციო პალატა ამავდროულად აღნიშნავს, რადგან წარდგენილია ორი საკასაციო საჩივარი, რომელთა მოთხოვნებიც ურთიერთთანმხვედრია, მათ განიხილავს კუმულაციურად, თემატურად თითოეული მოთხოვნის ფარგლებში.

49. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით, მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი აწესრიგებს მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. სსკ-ის 1161-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. სსკ-ის 1162-ე მუხლის თანახმად კი, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.

50. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ.

51. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებისადმი ამა თუ იმ ქონების მიკუთვნებისათვის მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებებს: ა) ქონება შეძენილი იყო მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით; ბ) ქონება ორივე მეუღლის საკუთრებაში შევიდა ქორწინების განმავლობაში (უსასყიდლო ხელშეკრულებათა საფუძველზე) (იხ. შ. ჩიკვაშვილი, საოჯახო სამართალი, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი 2004, გვ. 132).

52. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა (იხ. 2024 წლის 30 ოქტომბრის №ას-931-2024 განჩინება).

53. ამდენად, მეუღლეთა საერთო საკუთრების დასადასტურებლად, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე შემდეგია: ა) მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთთან; ბ) უნდა არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება.

54. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რ.ვ–ძისა და მ.ძ–ძის ქორწინების პერიოდში, მოსარჩელესა და შპს „შ.ა–ს“ შორის დაიდო უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. გარიგების თანახმად, მყიდველი - მ.ძ–ძე 50 000 ლარად შპს „შ.ა–სგან“ შეისყიდდა უძრავ ქონებას - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ., მდებარე ქ. ქუთაისში, ........, ს.კ........ შედეგად, უძრავი ქონება, 01.12.2015წ. მთლიანად დარეგისტრირდებოდა მ.ძ–ძის საკუთრებაში.

55. რადგან აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა მ.ძ–ძის სახელზე, ქონების ნახევარი ავტომატურად რ.ვ–ძის საკუთრებად იქცა მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანასაკუთრებად აღიარების გამო.

56. დადგენილია, რომ 2017 წლის 1 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მ.ძ–ძემ მასზე რიცხული ქონება (ს.კ. 03.04.32.682) აღირიცხა რ.ვ–ძის სახელზე, რომელმაც, თავის მხრივ, ქონება ორ, 365 კვ.მ.-ად და 635 კვ.მ.-ად გაყო, რომლიდანაც პირველი ნახევარი 20 000 ლარად გაასხვისა. სწორედ აღნიშნული თანხის სრულად ანაზღაურებას ითხოვს მ.ძ–ძე.

57. ქვედა ინსტანციის სასამართლოში უდავოდ დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული თანხა - 20 000 ლარი რ.ვ–ძეს არ გამოუყენებია ოჯახური მიზნით, არამედ მიიღო ინდივიდუალურად. ამ ნაწილში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თანასაკუთრების რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება ასევე თანასაკუთრებას წარმოადგენს და მისი გადანაწილება მეუღლეებზე უნდა მოხდეს პროპორციულად, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ აღნიშნული ქონების ნახევრის, 10 000 ლარის მოსარჩელისთვის დაკისრება შეესაბამება ამავე განჩინების 49-ე პუნქტში მითითებული ნორმების შინაარსს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ აღნიშნული მოთხოვნის ასეთად გადაწყვეტა კანონიერია.

58. რაც შეეხება 2017 წლის 1 სექტემბრის, ასევე 2018 წლის 18 იანვრის გარიგებებს, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებათა ნამდვილობა მოჩვენებითობის საფუძვლით. სააპელაციო პალატა ორივე შემთხვევაში დაადგინა მოჩვენებითობა, კერძოდ, მიუთითა, რომ მოსარჩელემ წარადგინა 2015 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ მან ი.ს–ს 70 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა სამი წლის მანძილზე. ამავდროულად, ი.ს–მა დაადასტურა ვალის არსებობის აღიარება. ამავდროულად საგულისხმოა, რომ სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ი.ს–ის სასარჩელო დავა მ.ძ–ძის მიმართ 70000 აშშ დოლარის მოთხოვნით.

59. ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა სახეზე იყოს მოჩვენებითი გარიგება, კერძოდ, სსსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევას, როდესაც როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.

60. საკასაციო სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან მიმართებით კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ).

61. გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს". (იხ. 2024 წლის 5 დეკემბერის №ას-998 -2024 განჩინება, 2010 წლის 30 აპრილის N №ას-571-879-09, განჩინება).

62. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახეზე ნამდვილადაა მოჩვენებით დადებული გარიგება, რადგან მისი მიზანი მესამე პირის, ი.ს–ის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მ.ძ–ძის საკუთრებაში არსებული ქონების იძულებითი რეალიზაციის დაზღვევა იყო.

63. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 1 სექტემბრის (მ–სა და რ–ს შორის დადებული ნასყიდობა) და 2019 წლის 18 იანვრის (მაისიასა და რ–ს შორის დადებული ნასყიდობა) ხელშეკრულებების დადების მიზანი იყო მ.ძ–ძის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. ასეთი დასკვნის საფუძველია, ერთი მხრივ, ი.ს–სა და მ.ძ–ძეს შორის დადებული 2015 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2018 წლის იანვრისთვის, ამიტომ 2017 წლის სექტემბერში, რამდენიმე თვით ადრე დადებული გარიგება ცოლ-ქმარს შორის ნამდვილად მოჩვენებითობაზე მიუთითებს. დამატებით, თავად ი.ს–მაც დაკითხვისას აღნიშნა, რომ ნამდვილად ჰქონდა მ–ს თანხის გადახდის ვალდებულება. დამატებით, რადგან გარიგება ოჯახის წევრებს შორის დაიდო, მათთვის პრეზუმირებულად ცნობილი უნდა ყოფილიყო სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ, რაც მყიდველის კეთილსინდისიერებას გამორიცხავს. ასევე, სადავო ხელშეკრულებების დადებას შორის დროითი დაშორება ძალიან მცირეა. ეს ყველა გარემოება ქმნის საფუძველს, რომ დასახელებული გარიგებები ჩაითვალოს მოჩვენებითად.

64. რაც შეეხება სადავო უძრავ ქონებათა ნახევრის მოსარჩელის სახელზე რეგისტრირების მოთხოვნას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა წარმოშობს ქონების ნახევრის უკუმოთხოვნის უფლებას სსკ-ის 976-ე და 979-ე მუხლების კუმულაციური საფუძვლით, შესაბამისად, ამ ნაწილშიც, საკასაციო საჩივრის დაშვების და არსებითად განხილვის საფუძველი არ არსებობს.

65. რაც შეეხება რ.ვ–ძის შუამდგომლობას, საქმეზე მტკიცებულებათა დართვის, ახალი ფაქტობრივი გარემოებების მითითების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ის არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, ის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში აფასებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს საპროცესო ნორმების დარღვევებს, რომელთაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, უფლებამოსილია, გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს სავალდებულო სამართლებრივი შეფასებით, აქედან გამომდინარე, საკასაციო ეტაპზე საქმის განხილვისას მხარე მოკლებულია შესაძლებლობას მიუთითოს ახალ გარემოებებზე ან წარადგინოს ახალი მტკიცებულებები, შესაბამისად, რ.ვ–ძის შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება.

66. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრების ფარგლებში კასატორებმა ვერ შეძლეს შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. როგორც მ.ძ–ძის, ასევე რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. მ.ძ–ძეს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1817, გადახდის თარიღი 02.09.2024) 2725 ლარიდან 1475 ლარი;

3. რ.ვ–ძესა (პ.ნ. ........) და მ.ვ–ძეს (პ.ნ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ რ.ვ–ძის (პ.ნ. ......) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №7667, გადახდის თარიღი 11.10.2024) 6000 ლარის 70% - 4200 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ლ. მიქაბერიძე