დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-135-2025 14 ივლისი, 2025 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ე.ბ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი მ.ხ–ძისთვის (შემდეგში: მოპასუხე) თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია რომ მოსარჩელე გარდაცვლილი შ.ბ–ის შვილი და კანონისმიერი მემკვიდრეა.
2. მოსარჩელის განმარტებით, შ.ბ–მა (შემდეგში - მამკვიდრებელი) და მოპასუხემ ერთობლივი ბიზნეს საქმიანობა - საქართველოში წარმოებული სოკოს საბითუმო რეალიზაცია - გადაწყვიტეს. ზეპირად შეთანხმდნენ ამხანაგობა შეექმნათ და თითოეულ მათგანს, საწყის ეტაპზე, 30000 ლარი გაეღო, იმ პირობით, რომ საქმიანობიდან მიღებულ მოგებას თანაბრად გაინაწილებდნენ, ხოლო თუ რომელიმე მათგანი საქმიანობიდან გასვლას მოისურვებდა, გასვლის მომენტისათვის მისი წილის პროპორციული თანხა მიეცემოდა. აღნიშნული დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებით და მამკვიდრებლის წიგნაკის ჩანაწერებით. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მოპასუხე მოვიდა მამკვიდრებლის ოჯახში და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს განუცხადა რომ ერთობლივ საქმეს გარდაცვლილის ნაცვლად მისი ოჯახის წევრები გააგრძელებდა და ახალი შეკვეთისათვის თითოეული წევრისაგან 41060 ლარის ერთობლივ საქმიანობაში გაღება იყო საჭირო. ეს თანხა მამკვიდრებლის ძმამ - ნ.ბ–მა მოპასუხეს ხელზე გადასცა, რაც დასტურდება ახსნა-განმარტებით და მოწმის ჩვენებით. მამკვიდრებლის ოჯახის წევრებთან საუბრისას მოპასუხემ აღნიშნა, რომ ერთობლივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თვეში, სულ მცირე, 20 000 ლარს შეადგენდა. ამ განმარტებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა 30 000 ლარის გადახდა და ყოველთვიურად 20 000 ლარის გადახდა 2021 წლის ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. მოსარჩელის ზემომითითებული განმარტებები მოპასუხემ უარყო. მოპასუხემ განმარტა, რომ იგი 2019 წლიდან შპს „მ.ს–ია“ დასაქმებული დისტრიბუტორის პოზიციაზე. მის ფუნქციაში შედის სარეალიზაციოდ წამოღებული პროდუქციის დასაწყობება დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ საწყობში და შემდგომში მათი საბითუმო რეალიზაცია. საწყობი მდებარეობს თბილისში, .......... საწყობიდან რეალიზდება პროდუქტი. საწყობში განთავსებული საკონტროლო სალარო აპარატი NGEM000006931 რეგისტრირებულია შპს ,,მ. ს–ს" სახელზე 2019 წლის 05 აგვისტოდან. პროდუქტი რეალიზდება კომპანიის სახელით. მოპასუხეს, მასზე დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად, ზეპირი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ეხმარებიან სხვა ფიზიკური პირები, რომელთა დღიური ანაზღაურება 50-100 ლარის ფარგლებში მერყოებს. მოსარჩელის მამკვიდრებელი მოპასუხესთან მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე დაკავშირებულ პირს წარმოადგენდა და შესაბამის ანაზღაურებას იღებდა. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ ირკვევა რის საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას.
4. სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მოპასუხის მიერ უარყოფილი ფაქტების საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დააკისრა. ამ უკანსკნელმა, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითა, კერძოდ, მისი ოჯახის წევრების: ბიძისა და დედის ჩვენებაზე, რომლებმაც მიუთითეს მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის ერთობლივი საქმიანობას არსებობაზე და მოპასუხისთვის თანხის გადაცემაზე.
5. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეამოწმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 930-ე, 931-ე და 934-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, პირველ რიგში, უნდა დაედასტურებინა, რომ მის მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთობა ერთობლივ საქმიანობას წარმოადგენდა. მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდა შეთანხმების არსებობას საერთო მიზანის მისაღწევად; იმ გარემოებას, რომ თითოეული მათგანი ასრულებდა მოქმედებას დასახული მიზნის მისაღწევად; შენატანების საფუძველზე ქმნიდნენ ქონებას, რაც მათ საერთო წილობრივ საკუთრებას წარმოადგენდა; ერთობლივად კისრულობდენ საერთო საქმიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას; ინაწილებდნენ მიღებულ შედეგებს და ა.შ. ამ გარემოებების მტკიცების ტვირთს მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა, კერძოდ:
6. დადგენილია, რომ მოსარჩელის განმარტება მოპასუხემ უარყო.
7. მოწმის ჩვენებასთან მიმართებით კი, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული დასაშვები მტკიცებულებაა, თუმცა, მხოლოდ მოწმეთა ჩვენება, ერთობლივი საქმიანობის წარმოშობის დასადასატურებლად, იმ პირობებში, როდესაც უდავოა მოწმეთა და მოსარჩელის ახლო ნათესაური კავშირი, საფუძვლად ვერ დაედება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას.
8. მოსარჩელემ, მამკვიდრებლის წიგნაკის ჩანაწერების ასლი წარუდგინა სასამართლოს. მასში გარკვეული თვეების მიხედვით მიღებული და გაცემული თანხის შესახებ ინფრმაციაა მითითებული. ჩანაწერები გარდაცვლილის მიერაა შესრულებული, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ერთობლივი საქმინობის განხორციელების სადავო ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან იგი არ შეიცავს ერთობლივი საქმიანობისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, არ წარმოადგენს საგადასახადო/საშემოსავლო დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნებოდა ამხანაგობის მიერ განხორციელებული საქმიანობა, მისაღები/ასანაზღაურებელი თანხა თვეებისა და წლების მიხედვით.
9. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მამკვიდრებელს და მოპასუხეს შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და ამ ურთიერთობის ფარგლებში მამკვიდრებლის მიერ 30 000 ლარის შენატანის განხორციელების და ერთობლივი საქმიანობის შედეგად წლიურად მოგების სახით 100 000 დოლარის, ხოლო თვიურად სულ მცირე 20 000 ლარის მიღების ფაქტი (იხ., სარჩელის საფუძველი, ტ.1. ს.ფ. 4), რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნები უარყოფილი იქნა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.1 საკასაციო პრეტენზიაში კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელემ წარადგინა ერთობლივი საქმიანობის დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებები და სარჩელში განმარტა მამკვიდრებელს და მოპასუხეს შორის არსებული ერთობლივი საქმიანობის დაწყების შესახებ, რაც დაადასტურეს მოწმეებმა. მოსარჩელემ წარადგინა მამკვიდრებლის წიგნაკის ჩანაწერები, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ერთობლივი საქმიანობის დროს გაწეული ხარჯები და მიღებული მოგება. აღნიშნული ჩანაწერები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა სასამართლოს და დაედასტურებინა მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის არსებობა.
10.2. კასატორი აღნიშნავს, რომ მამკვიდრებელი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო მას შემდეგ რაც ფინანსური პრობლემები შეექმნა საგადასახადო ორგანოებთან, საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე გაგრძელება გადაწყვიტა. ამ მიზნით ერთობლივი საქმიანობა, შექმნა, რომელსაც რეგისტრაცია არ სჭირდება. საქმიანობდა იმ მისამართზე, სადაც მოპასუხესთან ერთად გააგრძელა სოკოს რეალიზაცია (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს.
16. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით; რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
17. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
18. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით ვასკვნით, რომ სარჩელი ორი ელემენტისგან შედგება: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება სასამართლოს ვალდებულებაა.
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს, როგორც 30 000 ლარის დაკისრებას, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელმა ერთობლივ საქმიანობაში შენატანის სახით შეიტანა და ასევე, ერთობლივი საქმიანობიდან მოგების სახით, ყოველთვიურად, 20 000 ლარის დაკისრებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
20. მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა ერთობლივი საქმიანობის განხორციელების შესახებ მოპასუხემ უარყო (სსსკ-ის მე-4 და 201-ე მუხ.). ამ ფაქტობრივ მოცემულობაში, მოსარჩელეს რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა ემტკიცებინა, რომ მხარეთა შორის მართლაც არსებობდა შეთანხება ერთობლივი საქმიანობის შესახებ და ამ საქმიანობის ფარგლებში მამკვიდრებელმა 30 000 ლარის შენატანი განახორციელა; ერთობლივი საქმიანობის შედეგად კი, მოგება წელიწადში 100 000 დოლარს შეადგენდა, საიდანაც მამკვიდრებლის მემკვიდრეს, ყოველთვიურად, 20 000 ლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა (იხ., სარჩელის საფუძვლები - ტ.1. ს.ფ. 4).
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საკასაციო პალატა განამარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება.
22. მხარეთა ავტონომიურობის პრინციპს აშკარად ასახავს ზემოხსენებული ნორმით აღიარებული კერძო სამართლის სუბიექტთა უფლება – დადონ ისეთი ხელშეკრულება, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებათა სახეები ამომწურავი არ არის და მხარეებს, ამავე კოდექსის განხილული ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, შეუძლიათ, დადონ მათთვის სასურველი შინაარსის და კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
24. სსკ-ის 930-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ხოლო ამავე კოდექსის 932-ე მუხლის მიხედვით მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას...
25. სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს. ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. ამხანაგობის წევრთა უფლება-ვალდებულებები ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ისეთ უფლება-ვალდებულებებს, რაც დამახასიათებელია კოლექტიური გაერთიანებისათვის, რომელსაც ახასიათებს კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ კომპონენტებს.
26. ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება იმაში ვლინდება, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით (იხ., სუსგ №ას-866-808-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი).
27. ამასთან, სავსებით შესაძლებელია მხარეთა შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმებით დგინდებოდეს ურთიერთობის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებად შეფასების არსებითი ნიშნები, კერძოდ: ურთიერთობის მონაწილეები ერთიან (საერთო) მიზანს ისახავენ; ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ მოქმედებებს ასრულებენ; შენატანების საფუძველზე საერთო წილობრივი საკუთრების ქონებას ქმნიან; საქმიანობიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას ერთობლივად კისრულობენ და მიღებულ შედეგებს ინაწილებენ (იხ., სუსგ №ას-339-2023, 22 სექტემბერი, 2023წ.). ამ ნიშნების სამართლებრივი შეფასება კი, განხორციელდება საქმეზე დადგენილი ფატობრივი გარემოებების საფუძველზე.
28. ასეთ დროს, სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს. შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს. კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მოთხოვნის წარმომშობი ფაქტობრივი გარემოებების განხორციელების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენა.
31. მოწმეთა ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიას რაც შეეხება, საკასაციო პალატა განმარტავს:
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ.
33. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
34. მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული მტკიცებულებაა სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში. მოწმის მეშვეობით დასტურდება მრავალი ფაქტი, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტა. მოწმეს მოეთხოვება იყოს პირი, რომელსაც შესწევს უნარი, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება და რომელიც არ არის იურიდიულად დაინტერესებული საქმის შედეგით. მხედველობაშია ისეთი ინტერესი, რომელიც მოსარჩელეს და მოპასუხეს აქვს, რომელთათვისაც საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობის მოტანა შეუძლია. შესაბამისად, მოწმის ჩვენების მიღებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას თან ახლავს, მათ შორის, მოწმის როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. ამ კრიტერიუმით განისაზღვრება მოწმის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურდიული სანდოობაც (იხ., გაგუა ილონა, მტკიცებულებები და მტკიცების ტვირთი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, გამომცემლობა „ბონა-კაუზა“, თბ., 2020, 77).
35. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით მოწმეთა ჩვენებები, ცხადია დასაშვები მტკიცებულებაა (სსსკ-ის 102.3), თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ მოწმედ დაკითხული პირები არიან ერთ შემთხვევაში, მოსარჩელის დედა და მეორე შემთხვევაში მოსარჩელის ბიძა, ვერ გამოდგება მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის ერთობლივი საქმიანობის არსებობის და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით სადავო თანხის შენატანის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებად, იმ ვითარებაში, როდესაც ამ გარემოებებს და თანხის შეტანას/გადაცემას მოპასუხე უარყოფს (შდრ: სუსგ №ას-929-891-2014 22 აპრილი, 2015წ.).
36. რაც შეეხება მამკვიდრებლის წიგნაკის ჩანაწერებს, რომელზედაც მოსარჩელე როგორც წერილობით მტკიცებულებაზე არაერთხელ უთითებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩანაწერები ცალმხრივადაა შესრულებული მამკვიდრებლის მიერ, და რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს, როგორიცაა, საგადასახადო/საშემოსავლო დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი, ინვიოსი და ა.შ., ან ორმხრივად ხელმოწერილ საბუთს არ წარმოადგენს, რის გამოც, მათ საფუძველზე სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, შეუძლებელია.
37. ზემომითითებულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთობა ერთობლივ საქმიანობას (ამხანაგობა) წარმოადგენდა. მოსარჩელემ ვერ წარადგინა სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მოდავე მხარეთა შორის საერთო მიზანის მისაღწევად შეთანხმების არსებობას; იმ გარემოებას, რომ დასახული მიზნის მისაღწევად თითოეული მათგანი მოქმედებებს ასრულებდა; შენატანების საფუძველზე ქმნიდნენ ქონებას, რაც მათ საერთო წილობრივ საკუთრებას წარმოადგენდა; საერთო საქმიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას ერთობლივად კისრულობდენ; ამხანაგობიდან მიღებულ შედეგებს ინაწილებდნენ და ა.შ.
38. ამდენად, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დაასშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ე.ბ–ს (ს.კ: .......) დაუბრუნდეს თ. ჭ–ის მიერ 21.03.2025წ.-ს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4,200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე