დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 15.10.2025
საქმის ნომერი
ას-741-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

15 ოქტომბერი, 2025 წელი,საქმე №ას-741 -2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „თ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.დ–ვა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით მ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 135 000 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარდგენილი მტიცებულებები რასაც შედეგად სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოყვა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2019 წლის 4 სექტემბერს მოპასუხესა და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან დადებული კორპორატიული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე დაზღვეული იყო როგორც აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის შვილი. სადაზღვევო პერიოდი ყოველი წლის 1 აპრილს ერთი წლით ახლდებოდა, შესაბამისად, 2021 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 აპრილამდე დროს მოიცავდა.

ჰოსპიტალიზაცია (ჰოსპიტალში გაწეული სტაციონარული მკურნალობა) 100%-ით ანაზღაურდებოდა, წლიური მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში (იხ. შეთანხმების C.1.1 პუნქტი).

ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი - 150 000 ლარით (იხ. პუნქტი C.1.2) განისაზღვრა.

საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო ხარჯები იგივე დაფარვებით ანაზღაურდებოდა, რაც სხვა შემთხვევებში (იხ. პუნქტი C.1.1.17).

4.4. საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები ისევე ანაზღაურდებოდა, როგორც ქვეყნის შიგნით გაწეული, იგივე დაფარვების, ქველიმიტებისა და წლიური საერთო მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში. საზღვარგარეთ გეგმიური სამედიცინო მკურნალობის შემთხვევაში, თუ ეს მომსახურება ხელმისაწვდომი იყო საქართველოში, ანაზღაურება განხორციელდებოდა საქართველოში ანალოგიური მომსახურების მაქსიმალური ფასის მიხედვით.

თუ გეგმიური სამედიცინო მკურნალობა არ იყო ხელმისაწვდომი საქართველოში ან საჭირო ხდებოდა გადაუდებელი მკურნალობა დაზღვეულის საზღვარგარეთ ყოფნის დროს, ანაზღაურება განხორციელდებოდა სრული ღირებულებიდან, თანაგადახდების და გამონაკლისების გათვალისწინებით.

მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებამდე დაზღვეულს უნდა შეეტყობინებინა სადაზღვევო კომპანიისთვის 24/7 ცხელი ხაზის, სერვის ცენტრის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

შეტყობინების გარეშე გაწეული მომსახურება არ ანაზღაურდებოდა.

საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, დაზღვეული იხდიდა შესაბამისი მომსახურების სრულ ღირებულებას, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დაბრუნებიდან - 30 კალენდარულ დღეში კი, ანაზღაურებისთვის უნდა მიემართა სადაზღვევო კომპანიისთვის. წარედგინა, სათანადოდ დამოწმებული ასლები/დუბლიკატები, ინვოისები მომსახურების დეტალური კალკულაციით, გადახდის დამადასტურებელი ანგარიშები, პასპორტი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საზღვრის გადაკვეთის თარიღები.

ანაზღაურება ლარში, მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან - 10 სამუშაო დღეში გაიცემოდა (იხ. პუნქტი C.1.1.17) .

4.5. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში, მოსარჩელეს ტვინის ღეროში ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა დაუდგინდა, ინტრაპონტინური კავერნოზული ანგიომა ჰემორაგიით. 2021 წლის 24 მარტს პაციენტი/მოსარჩელე ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრიდან შპს „კ.მ.ც–ში“ გადაიყვანეს.

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაციონარიზაციისას და შემდგომ პერიოდში იყო საყურადღებო. პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ნევროლოგის მეთვალყურეობა; შესაბამისი მართვის ტაქტიკის გადაწყვეტა ნეიროქირურგის მიერ; გულისრევის შემთხვევაში დრამინა 50 მგ 1 ტაბლეტი (იხ. შპს „კ.მ.ც–ის“ მიერ გაცემული ფორმა 100).

4.6. 2021 წლის 1 აპრილს ტიროლის სასწრაფო საჰაერო სამედიცინო რეანომობილით, მოსარჩელე ავსტრიაში, ქ. ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 2021 წლის 7 აპრილს ჩაუტარდა თავის ტვინის ღეროს კავერნომაში სისხლჩაქცევის ექსტირპაცია.

პაციენტის ისტორიაში მითითებულია, რომ მოსარჩელე კლინიკაში მოთავსდა რამოდენიმე კვირის წინ განვითარებული პროგრედიენტული თავბრუსხვევისა და გულისრევის გამო. პაციენტის მდგომარეობა თანდათან იმდენად დამძიმდა, რომ ის ნაზო-გასტრალური ზონდით მოათავსეს ინსბრუკის კლინიკაში. ნევროლოგიურ სტატუსში აღსანიშნავია მარცხენა სახის ნერვის ცენტრალური პარეზი და განმზიდი ნერვის მარცხენამხრივი პარეზი, გაორება მარცხნივ გახედვისას და დაახლოებით 10 დღის წინ განვითარებული ყლაპვის მოშლა. გარდა ამისა, პაციენტს 10 დღის წინ ჩაედგა საშარდე კათეტერი. არსებული საშარდე გზების ინფექციის გამო, პაციენტს ცეფტრიაქსონის ნაცვლად ციპროფლოქსაცინი 400 მგ. დაენიშნა.

თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით დადგინდა 2,5*2,5 მმ ზომის კავერნობა თავის ტვინის ღეროში. კლინიკური ნიშნებისა და რადიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. პაციენტს მიეწოდა ინფორმაცია ოპერაციის ჩვენებებზე, რისკებზე, მოდუსზე და ალტერნატივებზე, რის შემდეგაც პაციენტი წერილობით დათანხმდა ოპერაციულ ჩარევას.

პრეოპერაციული უკუჩვენებების არარსებობის პირობებში - 2021 წლის 7 აპრილს ზოგადი ნარკოზის ფონზე გართულებების გარეშე დაგეგმილი ოპერაცია ჩატარდა.

4.7. პაციენტის საოპერაციო ოქმში აღნიშნულია, რომ ოპერაცია გართულდა კავერნომისა და თავის ტვინის ღეროს ქსოვილის მჭიდრო შეხორცებების, განსაკუთრებით დორზალურად არსებობის გამო. ინტრაოპერაციული მონიტორინგის დროს აღინიშნებოდა ანომალური სიგნალები სახის ნერვისა და გლოსოფარინგეალური ნერვის არეში, თუმცა მუდმივი პათოლოგია არ გამოსახულა. აღინიშნა ტიბიალური ნერვის გამოწვეული პოტენციალების მინიმალური გაუარესება, სხვა მხრივ ელექტროფიზიოლოგია პათოლოგიის გარეშე.

დიაგნოზი: დიდი ზომის სისხლჩაქცევა ხიდის მიდამოში.

ოპერაცია: კავერნომის ექსტირპაცია მარჯენამხრივი ოსტეოკლატური რეტროსიგმოიდალური ტრეპანაციის შედეგად, ნეირონავიგაციისა და ელექტროფიზიოლოგიური ნეირომონიტორინგის გამოყენებით და პალაკოს-პლასტიკის ჩანერგვით.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი მოთავსდა ნეიროქირურგიულ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პოსტოპერაციულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე აღინიშნა კავერნომაში სისხლჩაქცევის სრული დაცლა და მის მიმდებარე სტრუქტურებზე ზეწოლის უკუგანვითარება.

აღნიშნულის გათვალისწინებით პაციენტი ინტენსიური პალატიდან გადაყვანილი იქნა ჩვეულებრივ პალატაში. მომდევნო დღეებში პაციენტის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა, მან შეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ჩაუტარდა ერგო და ფიზიო თერეპია.

2021 წლის 14 აპრილს პაციენტი გაუმჯობესებულ მდგომარეობაში ბინაზე გაეწერა.

4.8. 2021 წლის 15 აპრილის წერილით, მოსარჩელის წარმომადგენელმა/დედამ მოპასუხეს აცნობა, რომ მის შვილს დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია - თავის ტვინის კავერნომის ექსტირპაცია, რომელიც ჩატარდა ავსტრიაში, ქ. ინსბრუკში. მდგომარეობის უცბად გამწვავების გამო, მოსარჩელე შპს „კ.მ.ც–ში“ მოთავსდა, ნეიროქირურგის - ვ.წ–ის აზრით, ოპერაცია საქართველოში ვერ ჩატარდებოდა და სასწრაფოდ საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მიეცა რჩევა.

საჭირო გახდა პაციენტის საჰაერო სამედიცინო რეანომობილით თბილისიდან ინსბრუკში გადაყვანა, ვინაიდან ჩვეულებრივი თვითმფრინავით მგზავრობა მოსარჩელის ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყო.

სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მიზნით, დაზღვევას ფრენის ხარჯის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი და ინსბრუკის კლინიკის მიერ გაცემული ფორმა #100 გადაეგზავნა.

4.9. საპასუხო წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ უნდა გამოკვლეულიყო თუ რამდენად იყო შესაძლებელი აღნიშნული ოპერაციის საქართველოში გაკეთება.

არაერთი მოთხოვნის შედეგად, 2021 წლის 2 სექტემბერს სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს აცნობა, რომ მისთვის ჩატარებული კავერნომის ექსტირპაციასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა დაასრულა.

4.10. მხარეთა შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულების 1.1.17 მუხლიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების მიზნით, კომპანიამ მიმართა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა დაედგინათ შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში ჩატარებულიყო შემდეგი ოპერაცია: თავის ტვინის ღეროს კავერნომაში სისხლჩაქცევა, კავერნომის ექსტრიპაცია და ჰემატომის ევაკუაცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეიროქირუგ ლ.წ–ის წერილში მითითებულია, რომ ტვინის ღეროს კავერნომა განეკუთვნება იშვიათ დაავადებას, რომლის ქირურგიული მკურნალობა - ამოკვეთა წარმოადგენს ერთერთ ყველაზე რთულ ოპერაციას ნეიროქირურგიაში და ხასიათდება გართულებების მაღალი ალბათობით. ამ ტიპის და სირთულის ოპერაციები საქართველოში ტარდება, თუმცა ქირურგიული სირთულის და გართულებების მაღალი რისკის გამო, შეიძლება ასევე განხილულ იქნეს უცხოეთში მკურნალობის საკითხიც.

რაც შეეხებოდაა აღნიშნული ოპერაციის საქართველოში განფასებას, საკითხის მოსაკვლევად სადაზღვევო კომპანიამ შპს „კავასიის მედიცინის ცენტრს“ მიმართა, რომლის პასუხითაც დგინდება, რომ ოპერაცია - თავის ტვინის ღეროს კავერნომაში სისხლჩაქცევა - კავერნომის ექსტირპაცია და ჰემატომის ევაკუაცია, ნეირონავიგაციისა და ელექტროფიზიოლოგიური ნეირომონიტორინგის გამოყენებით და პალაკოპლასტიკის ჩანერგვით ტარდება შპს „კ.მ.ც–ში“ და მისი ღირებულება - 12 500 ლარია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მიღებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდა საქართველოში ასეთი სამედიცინო მომსახურების ფასის მიხედვით, რაც - 12 500 ლარია.

4.11. სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებლად, 12 500 ლარი, მოსარჩელეს 2021 წლის 9 სექტემბერს გადაეცა.

4.12. დამზღვევის მიერ სადაზღვევო პერიოდში სხვადასხვა შემთხვევის გამო, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცა და მისი ლიმიტიდან ასათვისებელი თანხა - 135 802,44 ლარია.

4.13. მოსარჩელის მკურნალობის ხარჯი, ტრანსპორტირების ჩათვლით - 59 031 ევროა.

4.14. საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 29 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეული ნეიროქირურგის, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის, ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრის და შპს „კ.მ.ც–ის“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ვ.წ–ის განმარტებით, მას მოსარჩელის შემთხვევის დროისათვის მსგავსი ოპერაციის გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა მას შემდეგ, მან წარმატებით ჩაატარა კავერნომის ანალოგიური მდებარეობით სამი თითქმის იდენტური ოპერაცია.

მისივე განმარტებით, აღნიშნული განეკუთვნება განსაკუთრებული სირთულის, მაღალი რისკის მქონე იშვიათ ოპერაციას, რომელსაც შესაბამისი გართულებები მოჰყვება. ამ დროს მაღალი დონის კლინიკის არსებობა შესაბამისი სპეციალისტებითა და გამოცდილებით არის განსაკუთრებული, კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

მითუმეტეს, როცა საუბარია ახალგაზრდა პაციენტზე, მას უნდა მიეცეს საუკეთესოზე საუკეთესო არჩევანის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა უმჯობესია საუკეთესო გამოცდილების მქონე კლინიკაში ოპერაციის გაკეთება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში აღნიშნული ოპერაციის ჩატარება არ იყო შესაძლებელი და ამის შესახებ ექიმის მიერ გაცემულ ფორმა #100-ში იყო მითითება. რაც შეეხება მის ჩართულობას შემთხვევის დარეგულირებაში, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია მას არ ჰქონია.

4.15. შპს „კ.მ.ც–ის“ კლინიკური ხელმძღვანელის - გ.ხ–ძის განმარტების თანახმად, იგი ზოგადი თერაპიის ექიმია, აშშ-სა და საქართველოში 25 წლიანი გამოცდილებით. როგორც კლინიკური დირექტორი, ზედამხედველობას უწევდა და აფასებდა პაციენტების მდგომარეობას მიმღებიდან რეანიმაციის ჩათვლით.

მოსარჩელის შემთხვევა იყო საინტერესო, მდგომარეობა რთული, არაპროგნოზირებადი, ოპერაციის შემდეგი შესაძლო გართულებებით. შესაძლოა ოპერაცია საქართველოში გაკეთებულიყო, თუმცა იმ დროისათვის კლინიკას არ გააჩნდა შესაბამისი აღჭურვილობა. არ იყო ნეირონავიგაციის მოწყობილობა, გართულების შემთხვევაში არ იყო ნეირომონიტორინგის საშუალება.

არ ჰქონდათ დროში და სივრცეში გაწერილი ოპერაციის გეგმა. შესაძლოა ოპერაციის წარმატებით ჩატარება, თუმცა ასევე უმნიშვნელოვანესი და ურთულესია პოსტოპერაციული პერიოდის მართვა.

ვინაიდან აღნიშნულის შესაძლებლობა ტექნიკურად კლინიკას არ გააჩნდა, მან შესთავაზა ოჯახს, თუ იყო საშუალება წაეყვანათ პაცინტი საზღვარგარეთ. მართალია შესაძლო იყო ოპერაციის საქართველოში ჩატარება, თუმცა აქ რომ უკეთესი იქნებოდა, ამას პაციენტს ვერ ეტყოდნენ.

4.16. მოსარჩელის ჯანმრთელობასთან მიმართებით, საქმეში დაცული არაერთი ნეიროქირურგის მოსაზრებით, კავერნომა განეკუთვნება იშვიათ და ამავდროულად სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიას, რომლის ქირურგიული მკურნალობაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნეიროქირურგიულ პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული ოპერაცია მოითხოვს როგორც უახლეს საოპერაციო ტექნიკას, ასევე ქირურგის უმაღლეს კვალიფიკაციას. ნეირონავიგაციის გამოყენება ასეთ შემთხვევებში ამცირებს პოსტოპერაციულ გართულებებს.

იმ პერიოდისათვის საქართველოში ნეირონავიგაციის დანადგარი მხოლოდ ორ კლინიკაში არსებობდა და მისი თავის ტვინის ღეროს კავერნომებზე გამოყენების გამოცდილება არცერთ მათგანს არ გააჩნდა (იხ. საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტის წერილი).

მსგავსი შინაარსია გადმოცემული აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის - არჩილ ჯვარშეიშვილის წერილში, სადაც ის აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და კრიტიკულად საჭირო იყო უცხოეთში ოპერაციის ჩატარება, ვინაიდან ამისათვის საჭირო იყო კავერნომის ოპერაცის ჩატარების გამოცდილება და საოპერაციოს ტექნიკური აღჭურვილობა.

4.17. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას.

4.18. შესაბამისი გამოცდილების ნეიროქირურგი, რომელსაც უკვე გაკეთებული ჰქონდა მსგავსი ოპერაცია, კლინიკა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა საჭირო სამედიცინო ტექნიკით (ნეირონავიგაცია და ნეირომონიტორინგი), და შესაძლებელი იქნებოდა პოსტოპერაციული გართულებების მართვა, საქართველოში ვერ მოიძებნა.

4.19. მოსარჩელის საჰაერო რეანომობილით ტრანსპორტირება მკურნალობის სრულყოფილი პროცესის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) 836-ე (დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ), 8431-ე (ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დადოს დამზღვევმა დაზღვეული პირის სასარგებლოდ) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების ფარგლებში დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.

იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, ისე, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს, მხარეთა მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;

მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა.

სსკ-ის 799-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

შესაბამისად, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო დათქმების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

7. საკასაციო სასამართლოს განსჯით, განსახილველი დავის ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის ძირითადი საგანი, სახელდობრ:

7.1. დადგენილია, რომ მოპასუხესა და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან დადებული კორპორატიული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე დაზღვეული იყო როგორც აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის შვილი და, რომ დაზღვევის ხელშეკრულება საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებდა.

7.1. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობა იყო მძიმე და საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას.

7.2. დადგენილია ისიც, რომ შესაბამისი გამოცდილების ნეიროქირურგი, რომელსაც უკვე გაკეთებული ჰქონდა მსგავსი ოპერაცია, კლინიკა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა საჭირო სამედიცინო ტექნიკით (ნეირონავიგაცია და ნეირომონიტორინგი), და რომელშიც სრულფასოვნად შესაძლებელი იქნებოდა პოსტოპერაციული გართულებების მართვა, საქართველოში ვერ მოიძებნა.

7.3. დადგენილია, რომ მოსარჩელის საჰაერო რეანომობილით ტრანსპორტირება მკურნალობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილია, კერძოდ, 2021 წლის 1 აპრილს ტიროლის სასწრაფო საჰაერო სამედიცინო რეანომობილით მოსარჩელე ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

7.4. ნეიროქირურგიის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის უნივესისტეტის პროფესორის კ. თომეს 2021 წლის 7 აპრილის ცნობის მიხედვით, პაციენტი კლინიკაში მოთავსდა რამოდენიმე კვირის წინ განვითარებული პროგრედიენტული თავბრუსხვევისა და გულისრევის გამო.

მისი მდგომარეობა თანდათან იმდენად დამძიმდა, რომ ის ნაზო-გასტრალური ზონდით მოათავსეს ინსბრუკის კლინიკაში. ნევროლოგიურ სტატუსში აღსანიშნავია მარცხენა სახის ნერვის ცენტრალური პარეზი და განმზიდი ნერვის მარცხენამხრივი პარეზი, გაორება მარცხნივ გახედვისას და დაახლოებით 10 დღის წინ განვითარებული ყლაპვის მოშლა. გარდა ამისა, პაციენტს 10 დღის წინ ჩაედგა საშარდე კათეტერი. არსებული საშარდე გზების ინფექციის გამო პაციენტს დაენიშნა ცეფტრიაქსონის მაგივრად ციპროფლოქსაცინი 400 მგ.

თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით დადგინდა 2,5*2,5 მმ ზომის კავერნობა თავის ტვინის ღეროში. კლინიკური ნიშნებისა და რადიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.

პაციენტს მიეწოდა ინფორმაცია ოპერაციის ჩვენებებზე, რისკებზე, მოდუსზე და ალტერნატივებზე, რის შემდეგაც პაციენტი წერილობით დათანხმდა ოპერაციულ ჩარევას.

პრეოპერაციული უკუჩვენებების არარსებობის პირობებში 2021 წლის 7 აპრილს ზოგადი ნარკოზის ფონზე გართულებების გარეშე ჩატარდა დაგეგმილი ოპერაცია, თავის ტვინის ღეროს კავერნომაში სისხლჩაქცევის ექსტირპაცია.

8. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 8431.1 მუხლზე, რომლის დანაწესით, მოსარჩელე უფლებამოსილია მზღვეველს მოსთხოვოს პაციენტის მკურნალობის ხარჯები, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, ვალდებულია დაზღვევის ხელშეკრულების პირობებისა და მის მიერ წინასწარ გაცემული თანხმობის შესაბამისად, აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 750 ლარის (საგადახდო დავალება #1751956208, გადახდის თარიღი 08.07.2025წ), 70% - 4725 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „სს „თ.დ–ვას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „სს „თ.დ–ვას“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 750 ლარის (საგადახდო დავალება #1751956208, გადახდის თარიღი 08.07.2025წ), 70% - 4725 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა