გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-893-2025 27 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
პირველი კასატორები – გ.ა–ძე, ე.ფ–ი, ვ.ა–ია, კ.კ–ი (ნ.შ–ს უფლებამონაცვლე)
მეორე კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო
მეორე კასატორი – სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი.პ–ძე, ლ.პ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა, თანხმობის გარეშე ნებართვის მიღების უფლების მინიჭება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ირმა და ლ.პ–ძეებმა (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, კ.კ–ის (ნ.შ–ს უფლებამონაცვლე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდეგში: მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვეს:
ი.პ–ძისა და ლ.პ–ძისთვის, ქ.თბილისში, ........, N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის, საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით, მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანასაკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, .........., N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭება, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 03/04/2018 წლის N002195218 ექსპერტიზის დასკვნის დანართ სქემაზე მწვანე ფერის ისრით აღნიშნული ტრაექტორიის შესაბამისად.
ი.პ–ძისა და ლ.პ–ძისთვის, ქ.თბილისში, ........., N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, ............, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობის ნებართვის მინიჭება შპს „ლ–ს“ 15/04/2015 წლის „ქ. თბილისი, .........., (ნაკვეთი 11/4) საკადასტრო კოდით N.......... მოქალაქე ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ“ - საექსპერტო დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლებით, მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი.პ–ძეს და ლ.პ–ძეს, ქ. თბილისში, ........., N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის, საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით, მიეცათ მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანასაკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, .........., N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 03/04/2018 წლის N002195218 ექსპერტიზის დასკვნის დანართ სქემაზე მწვანე ფერის ისრით აღნიშნული ტრაექტორიის შესაბამისად. სარჩელი, მოპასუხეების თანხმობის გარეშე ნებართვის მიღების უფლების მინიჭების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა“. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მე-2 სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ: ი.პ–ძესა და ლ.პ–ძეს, ქ. თბილისში, .........., N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, .........., N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობასთან დაკავშირებით მოპასუხეების თანხმობა გაცემულად ჩაეთვალათ შპს „ლ–ს“ 15/04/2015 წლის „ქ. თბილისი, ..........., (ნაკვეთი 11/4) საკადასტრო კოდით N........ მოქალაქე ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ“ - საექსპერტო დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. ქ.თბილისში, ........ მდებარე 404.00 კვ.მ. N11/4 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N.........) საკუთრების უფლებით ირიცხება ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის სახელზე.
6.2. ქ.თბილისში, .......... მდებარე 3670.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N..........) თანასაკუთრების უფლებით ირიცხება გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, თ.ფ–ის, მ.ფ–ის, ნ.შ–ს, რ.თ–ის, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.
6.3. უძრავი ქონება ს/კ N.......... და უძრავი ქონება ს/კ N............ მეზობელ მიწის ნაკვეთებს წარმოადგენენ.
6.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N3065577 გადაწყვეტილებით: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1467095 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე დროებითი გზის მოწყობასთან დაკავშირებით, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: როგორც თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, საპროექტო გზა გადის მიმდებარედ არსებულ კერძო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საკადასტრო ერთეულებზე (საკადასტრო კოდი N........, N.........., N.........) იმისათვის, რომ არქიტექტურის სამსახურმა სრულყოფილად იმსჯელოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა წარმოადგინოთ ზემოაღნიშნულთა მესაკუთრეების შესაბამისი ფორმით დამოწმებული თანხმობები. წარმოადგინოს მესაკუთრეთა თანხმობა რომლის საკადასტროზეც გაივლის საპროექტო მისასვლელი იმ შემთხვევაში თუ სერვიტუტი უწევს აღნიშნულთან დაკავშირებით.“ პალატა დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილით იგულისხმება არქიტექტურის სამსახურის მიერ მის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტისთვის მსჯელობის დასაწყებად წარსადგენი დოკუმენტების დაზუსტება, კერძოდ, თანხმობების წარდგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დასტურდება 2016 წლის 14 სექტემბრის წერილით და მასზე პასუხით თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან. ასევე, 2019 წლის 25 იანვრის წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან თანდართული ფოტომასალით.
6.5. ი.პ–ძის დაკვეთით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ჩაატარა საინჟინრო ექსპერტიზა. მის მიერ 11/08/2016 წელს მომზადდა N004752416 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვა: „მოგახსენებთ, რომ ........ არსებულ კერძო სახლს არ გააჩნია სამანქანო მისასვლელი გზა. გთხოვთ დამიდგინოთ, როგორ შეიძლება მოეწყოს ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზა.“ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, „ქ. თბილისში, ......... მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე, საავტომობილო გზის მოწყობა ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გავლით (იხ. დანართზე მწვანე ფერით ნაჩვენები მიმართულება).“
6.6. ლ.პ–ძის დაკვეთით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ჩაატარა საინჟინრო ექსპერტიზა. მის მიერ 03/04/2018 წელს მომზადდა N002195218 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვები: 2016 წლის 11 აგვისტოს #004752416 დასკვნის შესაბამისად ქ.თბილისში, ......... მდებარე #.......... (მესაკუთრეები: ი.პ–ძე, ლ.პ–ძე) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე საავტომობილო გზის მოწყობა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან #......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე დამატებით გთხოვთ, გასცეთ დასკვნა, შემდეგ შეკითხვებზე: 1). ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით საავტომობილო გზის მოწყობა #......... (მესაკუთრეები: ი.პ–ძე, ლ.პ–ძე) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე არის თუ არა ერთადერთი ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან თუ გააჩნია სხვა ალტერნატივაც? 2). ვინაიდან, #....... და №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთისგან გამიჯნულია კაპიტალური ღობით, გთხოვთ, დაგვიმზადოთ გეგმა ნახაზი, კონკრეტულად, ტექნიკური თვალსაზრისით თუ როგორ უნდა მოეწყოს #......... (მესაკუთრეები: ი.პ–ძე, ლ.პ–ძე) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა და მიწის ნაკვეთზე შესასვლელი ჭიშკარი, რომ მესაკუთრეებმა განახორციელონ ჯეროვანი გამოყენებისათვის, სამედიცინო, სახანძრო უსაფრთხოების თუ სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით აუცილები კავშირი საჯარო გზასთან? 3). პირველი შეკითხვიდან გამომდინარე, თუ არსებობს #.......... (მესაკუთრეები: ი.პ–ძე, ლ.პ–ძე) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე სხვა ალტერნატიული გზის მოწყობის შესაძლებლობა, გთხოვთ, დაგვიმზადოთ გეგმა-ნახაზი, კონკრეტულად, ტექნიკური თვალსაზრისით თუ როგორ უნდა მოეწყოს მისასვლელი გზა და შესასვლელი ჭიშკარი #....... (მესაკუთრეები: ი.პ–ძე, ლ.პ–ძე) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე? წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, „ქ.თბილისში, ........ მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე, საავტომობილო გზის მოწყობა ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომელიც არსებული რელიეფიდან და ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე წარმოადგენს ერთადერთ ვარიანტს (იხ. დანართზე მწვანე ფერით ნაჩვენები მიმართულება). N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის და შესასვლელი ჭიშკრის გეგმა-ნახაზის შედგენა არ შედის ინჟინერ-ექსპერტის კომპეტენციაში, ამისათვის საჭიროა შედგეს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია კომპეტენტური საპროექტო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უნდა შეთანხმდეს ქალაქის შესაბამის სამსახურებთან.“
6.7. შპს „ლ–ს“ 2015 წლის 15 აპრილის, ქ. თბილისი, ........, (ნაკვეთი 11/4) საკადასტრო კოდით N.......... მოქალაქე ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ - საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ.თბილისი, .........., მოქალაქე ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის თხოვნის საფუძველზე დაგვევალა შემოწმება ჩაგვეტარებინა მათ კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული საყრდენი კედლის კონსტრუქციულ მდგომარეობაზე, ვინაიდან გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით არ მოხდეს კონსტრუქციული სქემის დარღვევა და დამაზიანებელი ფაქტორების წარმოქმნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებულია ისეთ მონაკვეთში, სადაც ვერ ხერხდება ვერავითარი სახის სატრანსპორტო საშუალებების მიდგომა. ასევე ერთი მხრიდან, საიდანაც განთავსებულია ლითონის კიბე და წარმოადგენს საკმაოდ მაღალ ნაგებობას, რაც მოუხერხებელია და მიუდგომელი. აქედან გამომდინარე, მოქალაქე ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის არსებულ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მეორე მხრიდან მომიჯნავე ტერიტორიაზე გასასვლელად არსებულ გამყოფ საყრდენ კედელზე კარის ღიობის გაჭრა და ჩასასვლელი კიბის მოწყობა. დათვალიერებისა და შემოწმების საფუძველზე კონსტრუქციული მდგომარეობა წარმოდგენილია შემდეგი სახით: საპროექტო სამუშაოები ხორციელდება კედელზე, რომელიც წარმოადგენს გრუნტის შემაკავებელ და მომიჯნავე ტერიტორიისგან გამყოფ ბეტონის კედელს. კონსტრუქციული თვალსაზრისით აღნიშნული კედლის ჩაჭრა დასაშვებია, ვინაიდან არ ხდება გაჭიმული ზონის კვეთა, რომელიც მუშაობს დატვირთვებზე კუმშვაზე და გაჭიმვაზე. რაც შეეხება ჩასასვლელ კიბის მოწყობას, მას ესაზღვრება ხის ნაგებობა, რის საფუძველზეც საჭიროა მოეწყოს ბეტონის დიაფრაგმა არმირების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს მდგრადობისა და საიმედოობის პირობას. ჩვენს მიერ შესწავლილი მზიდი დანიშნულების ელემენტების კონსტრუქციული მდგომარეობა აღნიშნულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან მიმართებაში აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებსა და წესებს, რის საფუძველზეც კარისა და ჩასასვლელი კიბის მოწყობა შესაძლებელია ზემოთ ხსენებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.“
6.8. ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის საკუთრებაში არსებულ, ქ.თბილისში, ........., მდებარე N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს აუცილებელი გზა არ გააჩნია და ასეთი გზის მოწყობა შესაძლებელია გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანასაკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ..........., N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მეშვეობით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12/07/2019 წლის N004843419 ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1-ზე მწვანე ფერის ისრით აღნიშნული ტრაექტორიის შესაბამისად.
6.9. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა თვითნებური მოქმედებით გააუქმეს N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი არსებული საშუალება.
6.10. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.პ–ძესა და ლ.პ–ძეს, ქ. თბილისში, ........, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ქ.თბილისში, .........., N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობისათვის ესაჭიროებათ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა, ხოლო აღნიშნული ნებართვის მისაღებად მიმართვის წინაპირობაა მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა, რაზედაც ისინი უარს აცხადებენ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.11. პალატის მითითებით, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისთვის აუცილებელია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დაკავშირების ერთადერთ და ყველაზე ოპტიმალურ საშუალებას. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მან კი, წარადგინა საექსპერტო დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქ. თბილისში, ........... მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე, საავტომობილო გზის მოწყობა ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომელიც არსებული რელიეფიდან და ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე წარმოადგენს ერთადერთ ვარიანტს. N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის და შესასვლელი ჭიშკრის გეგმა-ნახაზის შედგენა არ შედის ინჟინერ-ექსპერტის კომპეტენციაში, ამისათვის საჭიროა შედგეს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია კომპეტენტური საპროექტო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უნდა შეთანხმდეს ქალაქის შესაბამის სამსახურებთან.“ სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხეთა მხრიდან კვალიფიციურად შედავებული არ ყოფილა და არც მისი საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება/დასკვნა ყოფილა წარმოდგენილი.
6.12. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულმა დასკვნამ პასუხი გასცა სწორედ იმ საკვანძო შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა აუცილებელი გზის დადგენის საჭიროება და, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობა. აპელანტის მითითება, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გეგმა-ნახაზი, არ შეიძლება შეფასებულიყო მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ვერ დაძლევად, რადგან სწორედ მოსარჩელემ წარმოადგინა საექსპერტო დასკვნა, რომელიც მიუთითებდა კონკრეტულ ტრაექტორიაზე, თუ როგორაა შესაძლებელი მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაკავშირება საჯარო გზასთან და რომ ეს ვარიანტი არის ერთადერთი. პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმად, სპეციალური ცოდნის მქონე პირმა დაადგინა, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან არ გააჩნია და ასეთი გზის მოწყობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ექსპერტს არ აღუნიშნავს სხვა ალტერნატივები, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა დასმული იყო არსებობდა, თუ არა N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე აუცილებელი გზის მოწყობის სხვა ალტერნატივაც. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული - N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული, N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას.
6.13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით. მოპასუხე მხარეს კი, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან დაკავშირების სხვა საშუალება გააჩნია, შესაბამისი მტკიცებულება (სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ შედგენილი დასკვნა) არ წარმოუდგენია. მხოლოდ მხარის განმარტება, კი, თუ ის არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად.
6.14. აპელანტების არგუმენტებთან მიმართებით, სერვიტუტის გამოყენების შესახებ, პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასმართლოს შეფასება, რომ რამდენადაც ქ.თბილისში, .......... (ს/კ N...........) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრების ობიექტს, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეები ფლობენ კონკრეტულ ფართებს აღნიშნულ ქონებაში, მათი კუთვნილი ფართები გამიჯნული არ არის, ე.ი. არსებობს იდეალური სახით. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ფართების მდებარეობა განსაზღვრული არ არის. ასეთ პირობებში კი, მხოლოდ ორი ან თუნდაც სამი მესაკუთრის თანხმობა საკმარისი არ იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოსაქმნელად და დღის წესრიგში იდგა სსკ-ის 180-ე მუხლის ნორმატიული შემადგენლობის გამოყენების აუცილებლობა.
6.15. რაც შეეხება ი. და ლ.პ–ძეების სააპელაციო საჩივარს, პალატამ გაიზიარა მათი არგუმენტები და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
6.16. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.პ–ძესა და ლ.პ–ძეს, ქ. თბილისში, ........., N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ქ.თბილისში, ............, N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობისათვის ესაჭიროებათ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა, ხოლო აღნიშნული ნებართვის მისაღებად მიმართვის წინაპირობაა მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა, რაზედაც ისინი უარს აცხადებენ. წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით მოსარჩელე მხარის ინტერესია მას მიეცეს უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს ნებართვის გასაცემად მიმართოს მოპასუხეთა თანხმობის გარეშე, ანუ თანხმობა გაცემულად ჩაითვალოს სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით და შემდეგ უკვე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავს ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად. აღნიშნული უფლების მინიჭება ცხადია არ გამორიცხავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ან არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით.
6.17. პალატამ გაიზიარა აპელანტების განმარტება, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ მოთხოვნა და შესაბამისად, არ დაუწყიათ დავა არქიტექტურის სამსახურის მიმართ, რადგან მათ თავად ვერ წარადგინეს არქიტექტურის სამსახურში მოპასუხეთა წერილობითი თანხმობა, რადგან ისინი წინააღმდეგი არიან აუცილებელი გზა მიეცეს მოსარჩელეებს მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით და მოაწყონ შესასვლელი შპს „ლ–ს“ დასკვნის შესაბამისად. გადაწყვეტილების აღსრულება მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოპასუხეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან, იქ ჩასატარებელია მთელი რიგი სამუშაოები, მიწის ნაკვეთების დონეთა სხვაობის გამო და ეს ყველაფერი კი აუცილებლად საჭიროებს არქიტექტურის სამსახურის ნებართვას მოსარჩელეების მიმართვისა და მოპასუხეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელი გზის მოთხოვნის ნაწილში მართალია, მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ იგი ვერ აღსრულდება, თუ არქიტექტურის სამსახური არ გასცემს შესაბამის ნებართვას იმ სამუშაოების ჩატარებაზე, რომელთა ჩატარების აუცილებლობა დასაბუთებულია შპს „ლ–ს“ დასკვნაში და ფოტომონტაჟში, ამასთან, არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის გარეშე ვერ მოეწყობა მოსარჩელეებისთვის მიცემული აუცილებელი გზის შესაბამად მათ მიწის ნაკვეთზე შესასვლელი კარი. არქიტექტურის სამსახური გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ამ ეტაპზეც მოპასუხეთა წერილობითი თანხმობის გარეშე და სასამართლოს მიერ განმარტებული არქიტექტურის სამსახურში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებით კი ეს საკითხი ვერ გადაწყდება. სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებელი საავტომობილო გზის მოწყობის თაობაზე რომ აღსრულდეს, საჭიროა მოპასუხეთა მიწის ნაკვეთიდან მოეწყოს მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთზე შესასვლელი კარები და ასევე, საჭიროა რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად წარდგენილ იქნას მოპასუხეთა ანუ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობა შესაბამის საპროექტო ნახაზებთან ერთად სარჩელის #8 დანართის-ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, რასაც მოპასუხეები ნებაყოფლობით არ იძლევიან.
6.18. პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობების არსებობა, მოპასუხეთა მხრიდან აუცილებელი გზის მოწყობისთვის საჭირო კანონიერი ქმდებებისთვის ხელშეშლა უნდა განმარტებულიყო უფლების ბოროტად გამოყენებად.
6.19. ამდენად, სააპელაციო პალატამ მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და ი.პ–ძესა და ლ.პ–ძეს, ქ. თბილისში, .........., N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, ........., N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობასთან დაკავშირებით მოპასუხეების თანხმობა გაცემულად ჩაეთვალა შპს „ლ–ს“ 15/04/2015 წლის „ქ. თბილისი, .........., (ნაკვეთი 11/4) საკადასტრო კოდით N.......... მოქალაქე ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ“ - საექსპერტო დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტმა“, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, გ.ა–ძემ, ე.ფ–მა, ვ.ა–იამ და კ.კ–მა (ნ.შ–ს უფლებამონაცვლე). სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტმა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარეს მოპასუხე სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის არ მიუმართავს მათი საკუთრების საჯარო გზასთან დაკავშირების მიზნით თანხმობის გაცემის მოთხოვნით. მეორე სასარჩელო მოთხოვნის წარდგენისა და მისი დაკმაყოფილების აუცილებლობა კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს. მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს შესასვლელი კარის მოწყობის მოთხოვნით და შესაბამისად, არც ადმინისტრაციულ ორგანოს მოუთხოვია რაიმე თანხმობის წარდგენა.
9. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. მეორე სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება სააპელაციო სასამართლომ მოახდინა ტრანსფორმირებული სახით. მოთხოვნის ფორმულირება ისე, როგორც ასახულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოსარჩელეების მიერ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე არ განხორციელებულა. გარდა ამისა, მოთხოვნა თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალდებულებას, რაც ვერ გახდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადი საკითხი. შესასვლელი კარის მოწყობაზე ნებართვის გაცემა მიეკუთვნება ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი დადგენილებით.
10. გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იასა და კ.კ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. კასატორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია მათი მონაწილეობის გარეშე. ვინაიდან, სასამართლო უწყება არ ჩაბარებიათ და პროცესში მონაწილეობის საშუალება არ მისცემიათ.
10.2. საკასაციო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და შეცვალა მოთხოვნის შინაარსი, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის განჩინებებითა და 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
13. 2026 წლის 24 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართეს მოსარჩელეებმა და ითხოვეს საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო საჩივრების ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანს სამეზობლო სამართლიდან გამომდინარე მოთხოვნის - აუცილებელი გზის უფლების დადგენის წინაპირობების არსებობა წარმოადგენს. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით), რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული.
17. დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
18. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ-ებები №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
20. სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის“ საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება აუცილებელი გზის დადგენის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას. აღნიშნული კასატორის, ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და მოპასუხე ფიზიკური პირების საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეების თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, ........, N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობასთან დაკავშირებით მოპასუხეების თანხმობა გაცემულად ჩაითვალა შპს „ლ–ს“ 15/04/2015 წლის „ქ. თბილისი, .........., (ნაკვეთი 11/4) საკადასტრო კოდით N........... მოქალაქე ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ“ - საექსპერტო დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად.
21. საკასაციო პალატა პირველ რიგში უპასუხებს საკასაციო პრეტენზიას აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის საფუძვლის არსებობის შესახებ.
22. აღნიშნული საკითხის შეფასების კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისთვის აუცილებელია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დაკავშირების ერთადერთ და ყველაზე ოპტიმალურ საშუალებას. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. მან სასამართლოს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქ. თბილისში, .......... მდებარე N.........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე, საავტომობილო გზის მოწყობა ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომელიც არსებული რელიეფიდან და ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე წარმოადგენს ერთადერთ ვარიანტს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის და შესასვლელი ჭიშკრის გეგმა-ნახაზის შედგენა არ შედის ინჟინერ-ექსპერტის კომპეტენციაში, ამისათვის საჭიროა შედგეს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია კომპეტენტური საპროექტო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უნდა შეთანხმდეს ქალაქის შესაბამის სამსახურებთან.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ექსპერტის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, თბილისი, 2020 წელი, გვ: 97-122. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
24. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია კონკრეტული მიმართულება, თუ როგორ არის შესაძლებელი მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაკავშირება საჯარო გზასთან და მითითებულია, რომ ეს შესაძლებლობა არის ერთადერთი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეების მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა და არც სხვაგვარ კვალიფიციურ შედავებას ჰქონია ადგილი.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის ნაწილში (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის N002195218 ექსპერტიზის დასკვნის დანართ სქემაზე მწვანე ფერის ისრით აღნიშნული ტრაექტორიის შესაბამისად) სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 180.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს მართებულად მიანიჭეს აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება. სასამართლოს შეფასებები დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო კვლევების შედეგების სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით (ინდივიდუალურად და ერთობლიობაში) შეფასებიდან, ხოლო კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამ ნაწილში არ წარმოუდგენია.
26. რაც შეეხება კასატორების საკასაციო პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოპასუხეების თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, ........, N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობასთან დაკავშირებით მოპასუხეების თანხმობა გაცემულად ჩაითვალა შპს „ლ–ს“ 15/04/2015 წლის ქ. თბილისი, ქუჩა ........., (ნაკვეთი 11/4) საკადასტრო კოდით N.......... მოქალაქე ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ“ - საექსპერტო დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულია, კერძოდ, არსებობს იმის საფუძველი, რომ მოპასუხეების თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, ..........., N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობასთან დაკავშირებით მოპასუხეების თანხმობა გაცემულად ჩაითვალოს. თუმცა, სასარჩელო მოთხოვნა, შპს „ლ–ს“ საექსპერტო დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად, სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
27. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს იმის დასადგენად, თუ როგორ არის შესაძლებელი ....... ქ. #6ბ-ში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი სამანქანო მისასვლელი გზის მოწყობა. ექსპერტიზის 2016 წლის 1 აგვისტოს N004752416 დასკვნის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთამდე საავტომობილო გზის მოწყობა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთის მიწის ნაკვეთზე გავლით (მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე). მოსარჩელეებმა დამატებითი კითხვით მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს იმ საკითხების დასადგენად, წარმოადგენს, თუ არა ს/კ N........-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საავტომობილო გზის მოწყობა N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დაკავშირების ერთადერთ საშუალებას, ან ხომ არ არსებობდა სხვა ალტერნატივა. მოითხოვეს ასევე შესაბამისი გეგმა-ნახაზის დამზადება, თუ როგორ უნდა მოეწყოს მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა და შესასვლელი ჭიშკარი. ექსპერტის დასკვნით, მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე საავტომობილო გზის მოწყობა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან #..........ს/კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე გავლით, რომელიც არსებულ რელიეფიდან და ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე წარმოადგენს ერთადერთ ვარიანტს. დანარჩენ შეკითხვებზე ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შესაბამისი საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ნახაზის შესაბამისად შეთანხმება უნდა მოხდეს ქალაქის შესაბამის სამსახურთან.
28. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის N3065577 გადაწყვეტილებით: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა მოსარჩელეების AR1467095 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქალაქგეგმარებით დასკვნა, მოსარჩელეების დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე დროებითი გზის მოწყობასთან დაკავშირებით. განმცხადებლებს პასუხად ეცნობათ შემდენი: „როგორც თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, საპროექტო გზა გადის მიმდებარედ არსებულ კერძო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საკადასტრო ერთეულებზე (საკადასტრო კოდი N.........., N.........., N..........) იმისათვის, რომ არქიტექტურის სამსახურმა სრულყოფილად იმსჯელოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა წარმოადგინოთ ზემოაღნიშნულთა მესაკუთრეების შესაბამისი ფორმით დამოწმებული თანხმობები.
29. ამდენად, მოსარჩელეებს ქ.თბილისში, ........., N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ქ.თბილისში, ........., N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობისათვის ესაჭიროებათ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა, ხოლო აღნიშნული ნებართვის მისაღებად მიმართვის წინაპირობაა მოპასუხეების თანხმობა, რაზედაც ისინი უარს აცხადებენ.
30. საკასაციო პალატამ იმსჯელა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის საფუძვლიანობაზე. თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულება მოპასუხეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან, იქ ჩასატარებელია მთელი რიგი სამუშაოები, რაც საჭიროებს არქიტექტურის სამსახურის ნებართვას მოსარჩელეების მიმართვისა და მოპასუხეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე. შესაბამისად, არსებობს იმის საფუძველი, რომ მოპასუხეების თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, ............, N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობასთან დაკავშირებით მოპასუხეების თანხმობა გაცემულად ჩაითვალოს.
31. პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა, შპს „ლ–ს“ საექსპერტო დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად, სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
32. სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საკითხების ნუსხას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, რომლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საქმეთა შორის განსახილველი დავის საგანი არ არის მითითებული. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
33. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები შპს „ლ–ს“ საექსპერტო დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად, სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესახებ მოთხოვნის წარდგენით ითხოვენ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალდებულებას - კონკრეტულ დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად, განხორციელდეს სამუშაოები. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას, რომლის ფარგლებშიც იგი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, მოცემული სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადი ვერ იქნება, რადგან არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხებში ექვემდებარება კონკრეტულ ადმინისტრაციულ ნორმებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვერ მიიღებს აღნიშნული სამშენებლო ნორმების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა შპს „ლ–ს“ დასკვნას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შესაძლებელია, მის საფუძველზე სამუშოების განხორციელება, ვერ შეაფასებს. ამასთან, პალატა არც აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, კარის მოწყობის შესაძლებლობას გამორიცხავს. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება გულისხმობს მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით საკუთარი ინტერესების დაცვის რესურსის ამოწურვას, რაც დადგენილია კანონმდებლობით. ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა სწორედ კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს განსახილველი საკითხია და ამ საკითხის სასამართლო წესით განხილვა იმგვარად, რომ იგი ადმინისტრაციული წარმოების წესით არ ყოფილა გამოკვლეული, ეწინააღმდეგება პროცესის მიზნებს. სასამართლოს აღნიშნული განმარტება, ბუნებრივია, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ პირს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ეზღუდება/ესპობა, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის (ადმინისტრაციული წარმოება) დაცვის შედეგად მხარისათვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება მას სრულ შესაძლებლობას აძლევს, დავა გააგრძელოს სასამართლოში.
34. რაც შეეხება მოსარჩელეების შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამ თვალსაზრისით, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს) დანაწესზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, რაც ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას; კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12 ნოემბერი, 2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29 ნოემბერი, 2021წ.). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ა-1915-ბ-8-2015 , 22 ივლისი, 2015წ.; №ას-1150-2020, 29 ნოემბერი, 2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (№ას-806-2021, 22 თებერვალი, 2022 წ, პ.8).
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს, სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ: სუსგ-ები: №ას-102-2021, 31 მარტი, 2021წ; №ას-670-2020, 15 სექტემბერი, 2020 წ; №ას-1208-2019, 21 ნოემბერი, 2019 წ.). ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე (ECHR, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32). ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა ზეპირი მოსმენის არ არსებობა მე-6 მუხლის დარღვევად, სამოქალაქო საქმეში K. v. SWITZERLAND, no. 15668/89, ECHR (Plenary), Decision of 06.12.1991.
36. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი და დადგინდა, რომ საკასაციო საჩივრებს საკასაციო სასამართლო განიხილავდა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, უკვე მიიჩნია, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საფუძველი არ არსებობდა, ხოლო, რაიმე სხვა ახალი გარემოება, რაც საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროებას წარმოშობდა არ გამოკვეთილა.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1. პუნქტი და აღიშნული მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ი.პ–ძისა და ლ.პ–ძისათვის, ქ. თბილისში, .........., N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, ........., N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობასთან დაკავშირებით მოპასუხეების თანხმობა გაცემულად ჩაითვალოს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცლველი.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
39. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ განაწილებული ხარჯების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საკასაციო სასამართლოში კასატორების მიერ გადახდილი/გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელეებს გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იასა და კ.კ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მისი ნაწილის (150/2=75) 75 ლარის გადახდა. ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ გადახდილია 300 ლარი, ზედმეტად გადახდილი 150 ლარი უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს. სსიპ ქონების მართვის სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. აღნიშნული საკასაციო საჩივრის ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 150 ლარს. შესაბამისად, ი.პ–ძესა და ლ.პ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 75 ლარის გადახდა საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პროპორციულად. ი.პ–ძესა და ლ.პ–ძეს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მათ მიერ, საკასაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის ნაწილის 75 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ირმა და ლ.პ–ძეების შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იასა და კ.კ–ის (ნ.შ–ს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების 3.1 პუნქტი (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება მე-2 სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ: ი.პ–ძესა და ლ.პ–ძეს, ქ. თბილისში, .......... ქ. N6ბ-ში, N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, .........., N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობასთან დაკავშირებით მოპასუხეების თანხმობა გაცემულად ჩაითვალოს შპს „ლ–ს“ 15/04/2015 წლის „ქ. თბილისი, ქუჩა ......, (ნაკვეთი 11/4) საკადასტრო კოდით N..........მოქალაქე ი.პ–ძისა და ლ.პ–ძის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ“ - საექსპერტო დასკვნაში მოცემული ფოტომონტაჟის შესაბამისად) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
6. ი.პ–ძისა და ლ.პ–ძისათვის, ქ. თბილისში, .......... ქ. N6ბ-ში, N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან მოპასუხეების: გ.ა–ძის, ე.ფ–ის, ვ.ა–იას, ნ.შ–ს, სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს თანხმობის გარეშე, ქ. თბილისში, ........, N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან შესასვლელი კარის მოწყობასთან დაკავშირებით მოპასუხეების თანხმობა გაცემულად ჩაითვალოს.
7. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
8. ი.პ–ძესა (........) და ლ.პ–ძეს (.........) გ.ა–ძის (.........), ე.ფ–ის (..........), ვ.ა–იასა (..........) და კ.კ–ის (.......) სასარგებლოდ დაეკისროთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 75 ლარის გადახდა.
9. ი.პ–ძესა (........) და ლ.პ–ძეს (.......) სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის“ სასარგებლოდ დაეკისროთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 75 ლარის გადახდა.
10. ი.პ–ძესა (.......) და ლ.პ–ძეს (........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 75 ლარის გადახდა.
11. გ.ა–ძეს (.......), ე.ფ–ს (.........), ვ.ა–იასა (..........) და კ.კ–ს (...........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N28020426481, გადახდის თარიღი 27.06.2025) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი.
12. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია