დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1433-შ-46-2026 22 აპრილი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.გ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ვ–ვა (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის №30 სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების (საქმე № 2-103/2024-30; 78MS0031-01-2024-000037-89) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის №30 სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე № 2-103/2024-30; 78MS0031-01-2024-000037-89) შეწყდა რ. ა. ძე გ–სა (დაბადებული 1993 წლის 24 მარტს, ქ.ბათუმი, საქართველო, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) და ო.ვ. ასულ ვ–ას (დაბადებული 1984 წლის 10 მაისს, პოლიარნი კრუგი, ლუოხოვოს რაიონი, კარელიის ასსრ, შემდეგში - მოსარჩელე) შორის 2019 წლის 19 დეკემბერს ქ.ბათუმის ქორწინების სახლში დარეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი № 86193000192.
2. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა და დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70.3 მუხლის მიხედვით, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნება.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
6. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - კონვენცია) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
7. რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის №30 სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს, დაცულია თუ არა კონვენციით გათვალისწინებული პირობები.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარების, იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
8. დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის №30 სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა მხარეთა შორის 2019 წლის 19 დეკემბერს ქ.ბათუმის ქორწინების სახლში დარეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი № 86193000192.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
11. ამდენად, რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის №30 სასამართლოს გადაწყვეტილება ზემომითითებულ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
12. რაც შეეხება შუამდგომლობის მოთხოვნას ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით განხილული საკითხის შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით, განმცხადებლის მიზანი გადაწყვეტილების ცნობის ფარგლებშიც მიღწეული იქნება. ამასთან განხილული საკითხიდან გამომდინარე მისი აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება და ამ ნაწილში განმცხადებელს უნდა ეთქვას უარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.გ–ნის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის №30 სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება (საქმე № 2-103/2024-30; 78MS0031-01-2024-000037-89), რომლითაც ქორწინება შეწყდა რ. ა. ძე გ–სა (დაბადებული 1993 წლის 24 მარტს, ქ.ბათუმი, საქართველო) და ო. ვ. ასულ ვ–ას (დაბადებული 1984 წლის 10 მაისს, პოლიარნი კრუგი, ლუოხოვოს რაიონი, კარელიის ასსრ) შორის, რაც 2019 წლის 19 დეკემბერს ქ.ბათუმის ქორწინების სახლში დარეგისტრირდა, აქტის ჩანაწერი № 86193000192.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია