დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
04 ნოემბერი 2025 წელი
№ას-1156-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - შ.პ.ს. „გ.ქ....“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ჯ.დ.ე...“
განმცხადებლის მოთხოვნა - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „გ.ქ....“-ის სარჩელი მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ.დ.ე...“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 595 480 ლარის და პირგასამტეხლოს - 43 869.07 ლარის ანაზღაურება. მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 833 512.33 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილი იქნა.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომლის მისამართია: რაიონი დუშეთი, მ-ყ-ლ–ის საავტომობილო გზის 48 კმ. 300 მ-ზე ხელმარჯვნივ, საკადასტრო კოდი N......., გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა. შუამდგომლობა ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, კერძოდ, დუშეთის რაიონში, მ-ყ-ლ–ის საავტომობილო გზის 48 კმ. 300 მ-ზე, ხელმარჯვნივ, საკადასტრო კოდით N.......... რეგისტრირებულ 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული ქვის სამტვრევი დანადგარის გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა. განმცხადებელს უარი ეთქვა აღნიშნული ნივთის დაყადაღებაზე.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. 2025 წლის 03 ნოემბერს, მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „გ.ქ....“-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და, მის სასარგებლოდ მიღებული მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა, რომ კასატორ - შ.პ.ს. „ჯ.დ.ე...“-ს აეკრძალოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთით (რომელიც განთავსებულია დუშეთის რაიონში, მ-ყ-ლ–ის საავტომობილო გზის 48 კმ. 300 მ-ზე ხელმარჯვნივ, საკადასტრო კოდით N ..... რეგისტრირებულ 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) - ქვის სამტვრევი ქარხნით (ე.წ. „დრაბილკით“) სარგებლობა.
8.1. განმცხადებლის განმარტებით, სარჩელი ამჟამად უზრუნველყოფილია მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებითა და მოძრავი ნივთით - ქვის სამტვრევი ქარხნით, რომელთა გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა აკრძალულია, თუმცა მისი მტკიცებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები საკმარისი არ არის იმ ვალდებულების დასაფარად, რაც მოპასუხეს აქვს დაკისრებული სასამართლო გადაწყვეტილებით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ ქვის სამტვრევი ქარხნით სარგებლობა არ არის შეზღუდული, მოპასუხე აგრძელებს მის ექსპლუატაციას, მოიპოვებს ინერტულ მასალას, საკმაოდ სოლიდური ბრუნვები აქვს, მუშაობს ყოველდღიურად, რაც იწვევს დანადგარის ცვეთასა და ქონების ღირებულების შემცირებას და საფრთხეს უქმნის მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა განცხადების საფუძვლების შესწავლისა და სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესაძლებლობას, ასევე, მხარეებს ანიჭებს საპროცესო უფლებამოსილებას, მოახდინონ მათ სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფა.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში, კერძოდ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. თუმცა, ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
12. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, ან, საჭიროებისამებრ, მხარეებმა მოითხოვონ ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
13. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
14. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
15. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
16. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 595 480 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს - 43 869.07 ლარის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
17. საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფას.
18. განმცხადებელი შუამდგომლობს დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, კერძოდ, მოპასუხისათვის ქვის სამტვრევი ქარხნით (ე.წ. „დრაბილკით“) სარგებლობის აკრძალვას საქმის განხილვის დასრულებამდე. მისი არგუმენტაცია ეფუძნება იმას, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთის ექსპლუატაცია იწვევს ცვეთასა და ღირებულების შემცირებას, რაც, განმცხადებლის თვალსაზრისით, მომავალში შესაძლოა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს.
19. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოს სარჩელის/სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
20. კონკრეტულ შემთხვევაში, ნიშანდობლივია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: რაიონი დუშეთი, მ-ყ-ლ–ის საავტომობილო გზის 48 კმ. 300 მ-ზე ხელმარჯვნივ, საკადასტრო კოდით N........), გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა. შუამდგომლობა ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ყურადსაღებია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული სწორედ იმ მოძრავი ნივთის - ქვის სამტვრევი დანადგარის, გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა, რომლით სარგებლობის აკრძალვასაც ამჟამად მოითხოვს განმცხადებელი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
21. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობები ორჯერ დააკმაყოფილა ნაწილობრივ და გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხის მოძრავ და უძრავ ნივთებზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებელს არ დაუსაბუთებია და არ წარმოუდგენია ისეთი ახალი გარემოებები, რომლებიც ნიშანდობლივად შეცვლიდნენ რისკის შეფასებას, რომ უკვე გამოყენებული ორი უზრუნველყოფის ღონისძიება საკმარისი აღარ არის მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ ქვის სამტვრევი ქარხნა ჩვეულებრივ სამეწარმეო რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს მისი ბუნებრივი ცვეთა, არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება რეალურად შეუძლებელი გახდება.
22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში, მოპასუხისათვის დასახელებული ქვის სამტვრევი ქარხნით სარგებლობის აკრძალვა არ წარმოადგენს საჭირო და პროპორციულ საპროცესო რეაგირებას. აღნიშნული ღონისძიება არსებითად ზღუდავს მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობას და ქმნის საფრთხეს, რომ იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები (მოპასუხის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვა, წინამდებარე განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები) რეალურად უზრუნველყოფს სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ინსტიტუტისთვის დამახასიათებელი მიზნის მიღწევას და მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესების დაცვას. თავად განმცხადებლის მითითებით, ,,მოპასუხე მუშაობს ყოველდღიურად და საკმაოდ სოლიდური ბრუნვები აქვს". შესაბამისად, სწორედ ეს გარემოება უნდა იყოს მოსარჩელის ინტერესი, რომ იმუშაოს საწარმომ, ჰქონდეს შემოსავლები და მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეეშალოს ხელი და არა - აეკრძალოს მოპასუხეს დანადგარების გამოყენება, მოხდეს საქმიანობის პარალიზება და საწარმომ ვერ დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები, რასაც განმცხადებელი ითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამატებითი შეზღუდვის დაწესება გამოიწვევს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის დარღვევას.
23. ამრიგად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლისა და შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის დაცვით, სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი წინაპირობებისა და იმგვარი საფრთხის არსებობა, რომელიც შესაძლოა, გახდეს სამომავლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც წარმოდგენილ განცხადებას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 191-ე, 271-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „გ.ქ....“-ის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი