დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-419-2026
8 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.გ–ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი მოპასუხე ე.გ–იას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. მოპასუხე ე.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის 2 ოქტომბერს დადებული საბანკო კრედიტის 0100601173420231002145835287 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 28 742,08 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 24 988,87 ლარი, დარიცხული პროცენტი - 3496,5 ლარი და პირგასამტეხლო - 256,71 ლარი;
2. მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრიბვ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ე.გ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ იგი დაინტერესებულმა მხარემ არ გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა (გაგრძელება) დაუშვებელია (სსსკ-ის 369.1 მუხლი), ხოლო ვადის დარღევით საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრების ვადის გასვლის მიუხედავად, მხარე მაინც გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით, სააპელაციო სასამართლო საჩივარს განუხილველად დატოვებს სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ტ.კ–ს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. პირველი ისნტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სააპელაციო წესით გაასაჩვვრა მოპასუხემ. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კანონიერ ძალაშია შესული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება ან შეცვლა დაუშვებელია იმ წესით, რაც დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონიერ ძალაში შესვლამდე (სსსკ-ის 364-ე, 391-ე, 414-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო ან საკასაციო წესით დაუშვებელია, ხოლო, თუ დაინტერესებული პირი მაინც შეიტანს სააპელაციო ან საკასაციო საჩივარს, სასამართლომ იგი განუხილველად უნდა დატოვოს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კანონიერ ძალაშია შესული. ვინაიდან, მოსარჩელეს პირველი ისნტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ხსენებულ ნაწილში სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. თუმცა, განსახილველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს იმას, რომ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან ნემსაძე