დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.04.2026
საქმის ნომერი
ას-1197-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1197-2025

24 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ვ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ..“ (მოსარჩელე)

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

2023 წლის 31 ოქტომბერს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, სარჩელი აღძრა შპს „გ..“-მა, მოპასუხე ვ.კ–ძის მიმართ, და მოითხოვა ვ.კ–ძისთვის შპს „გ..“ ის სასარგებლოდ ზარალის ანაზღაურების დაკისრება 5296.50 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „გ..“-ის ს/ნ ........ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ვ.კ–ძეს (პ/ნ ........) შპს „გ..“-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზარალის 5296.50 ლარის გადახდა (თანხა ჩაირიცხოს შპს „გ..–ის“ საბანკო ანგარიშზე: სს „თ.ბ–ი“, ა/ა GE53BT76615....);

3.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

4.2.1. 2023 წლის 13 ივლისს დაახლოებით 14 საათზე ვ.კ–ძე თბილისის შემოვლით გზაზე მოძრაობისას, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის (მარკა სატვირთო დაფ; სახელმწიფო ნომერი - .....) მისაბმელით (40 ტონიანი კონტეინერი) წამოედო შპს "გ..."-ის კუთვნილ გაზსადენის მილს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი (ს.ფ. 18).

4.2.2. ელექტრონული საჯარიმო ქვითრითა (U030726) შსს საპატრულო პოლიციის 2023 წლის 13 ივლისის პატაკით დასტურდება, რომ ვ.კ–ძე მიჩნეულ იქნა ბრალეულად ზემოაღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით (ამ მუხლის მე-6, 62-ე, მე-7, 71-ე, 72-ე და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით) და დაჯარიმდა 250 ლარით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოებასთან დაკავშირებული აქტი - ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ვ.კ–ძეს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში (ს.ფ. 19)

4.2.3. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შპს "გ..."-მა ზარალი განიცადა, რომელიც შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: დაზიანების შედეგად ჰაერში გაფრქვეული ბუნებრივი აირის ღირებულება, რომელიც შეადგენს 769.85 ლარს. გაზის ავტოგასამართი სადგურის მოცდენით გამოწვეული ზარალი (მილსადენის დაზიანებიდან აღდგენამდე (18 საათვის განმავლობაში) კომპანიამ ვერ გაყიდა 1974,8 მ3 ბუნებრივი აირი, რომლის გაყიდვის შემთხვევაში კომპანია მიიღებდა 933,9 ლარს მოგების სახით. დაზიანებული გაზსადენის აღდგენის ღირებულება, რამაც ჯამში 3592.75 ლარი შეადგინა.

4.2.4. სარჩელზე დართული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჰაერში გაიფრქვა 1045.99 მ3 ბუნებრივი აირი, რომლის საერთო ღირებულება 769.85 ლარს შეადგენს (ს.ფ. 20-53, 63). გაფრქვეული აირის ღირებულება დაანგარიშებულია შემდეგნაირად: გაზით ავტოგასამართი სადგურის მომარაგებისათვის, შპს "გ.."-ს გაზსადენით 2023 წლის 13 ივლისის დილის 11 სთ-დან 2023 წლის 14 ივლისის დილის 11 საათამდე გატარებულ იქნა 1920.9 მ3 ბუნებრივი აირი(შპს "გ..."-ს გაზით ავტოგასამართ სადგურებზე 24 საათიანი ცვლის გადაბარება ხდება ყოველი მომდევნო დღის 11 სთ-ზე, რა დროსაც ხდება საკონტროლო სალარო აპარატებიდან ე.წ. ზეტის ამობეჭდვა), ხოლო ამავე პერიოდში, შპს "გ..."-ის გაზგასამართ სადგურზე რეალიზებულ იქნა 874.91 მ3 ბუნებრივი აირი (ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზებულ იქნა 559.66 მ3, რაც დასტურდება საკოტოლო სალარო აპრატებიდან ამობეჭდილი ე.წ. ზეტების ქვითრებით (568 + 288.28 856.28 ლარი: 1.53 (საცალო გაყიდვის ფასი) 559.66 მ3); უნაღდო ანგარიშწორებით რეალიზებულ იქნა 315.25 მ3, რაც დასტურდება გაზგასამართ სადგურზე არსებული სს "თ.ბ"-ს და სს "ს.ბ"-ს უნაღდო ანგარიშსწორების ტერმინალების ამონაწერით (190.06 + 292,27 = 482.33 ლარი 1.53 (საცალო გაყიდვის ფასი) 315.25მ3).

4.2.5. ბუნებრივი გაზის შესასყიდი ფასი/თვითღირებულება დათვლილია შემდეგნაირად: ბუნებრივი გაზის ყოველ 1000 კუბური მეტრი მისაწოდებელი ღირებულება განისაზღვრება 230 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით (ლარის გაცვლითი კურსი 2.6433), დამატებული სემეკ-ის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული გაზის ტრანსპორტირების ღირებულება 15.83 ლარი და მთლიანი თანხის დღგ, შესაბამისად 1მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება შეადგენს - 0.736 ლარს).

4.2.6. დადგენილია, რომ ავარიის შედეგად სადგური მოცდა 18 საათით. კერძოდ, გაზსადენის დაზიანების შემდგომ მის აღდგენამდე 2023 წლის 13 ივლისის 15 საათიდან 2023 წლის 14 ივლისის 10 საათამდე გათიშული იყო გაზის ავტოგასამართი, შესაბამისად კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში ვერ გაყიდა 1974,8 მ3 ბუნებრივი აირი. აღნიშნული ციფრი მიღებულ იქნა 2023 წლის 11, 12, 14 და 15 ივლისის ზემოაღნიშნული პერიოდების საშუალო რეალიზაციიდან (11 ივლისი - 2164.9მ3, 12 ივლისი 1- 884.1მ3, 14 ივლისი -1969.9მ3 და 15 ივლისი - 1880.383; 2164.9 +1884.1+ 1969.9 + 1880.3 = 7899.2 : 4 = 1974.8მ3). 1974,8 მ3 ბუნებრივი აირის გაყიდვის შემთხვევაში კომპანია მიიღებდა 933,9 ლარს მოგების სახით (აღნიშნული ციფრი მიღებულ იქნა შედეგი დაანგარიშებით: 1,53 ლარს (საცალო გასაყიდი ფასი) გამოკლებული 0,736 ლარი (1 მ3 ბუნებრივი აირი თვითრირებულება) გამოკლებული დღგ 15,25% და გამოკლებული _ 0,20 ლარი (1 მ3 ბუნებრი აირზე აქციზის გადასასახდი) და შესაბამისად 1მ3 ბუნებრივ აირზე მოგების სახით მიღებულმა თანხამ შეადგინა 0,4729 ლარი; 1974,8 X 0,4729 = 933,9) (ს.ფ. 2-16, 20-22);

4.2.7. დაზიანებული გაზსადენის აღდგენასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით სამუშაოს შესრულების შესახებ, სალაროს გასავლის ორდერებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურითა და მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ დაზიანებული გაზსადენის აღდგენის ღირებულებამ შეადგინა 3592.75 ლარი (ახალი მილების ღირებულება - 1080 ლარი, შემდუღებელის მომსახურება - 1913.26 ლარი და ამწეკრანის მომსახურება - 637.75 ლარი) (ს.ფ. 51-59).

4.2.8. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 9325.6 მეტრის სიგრძის მილსადენის (ხაზოვანი ობიექტი) - საშუალო წნევის გაზსადენის (საკადასტრო კოდი 81.00.006.), შპს გ..-ის საკუთრებად რეგისტრირაციის საფუძველი გახდა: ექსპლუატაციაში მიღების აქტი 25.12.2006წ. აუდიტორული დასკვნა 01გაც.5.01.2007წ. მშენებლობის ნებართვა 116გაც. 29.12.2005წ, დაკვეთა 96/2005 ინვენტ. 354 06.12.2005წ. (ს.ფ. 60).

4.2.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთაშორის სადავო იყო მოპასუხის ბრალი სამართალდარღვევის ჩადენასა და ზიანის გამოწვევაში, გამოწვეული ზიანის ოდენობა, ზიანის დადგენის კანონით გათვალისწინებული კომპეტენცია და მოსარჩელის კუთვნილი გაზმომარაგების მილი ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნებით დადგენილი სტანდარტების დარღვევით იყო თუ არა გაყვანილი.

4.2.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2023 წლის 13 ივლისს დაახლოებით 14 საათზე ვ.კ–ძე თბილისის შემოვლით გზაზე მოძრაობისას, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის (მარკა სატვირთო დაფ; სახელმწიფო ნომერი - NN ....... მისაბმელით(40 ტონიანი კონტეინერი) წამოედო შპს "გ"-ის კუთვნილ გაზსადენის მილს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი და მოსარჩელე შპს "გ"-ს მიადგა ზიანი. კერძოდ: დაზიანების შედეგად ჰაერში გაფრქვეული ბუნებრივი აირის ღირებულება - 769.85 ლარი, მოცდენით მიუღებელი მოგება - 933,9 ლარი და გაზსადენის აღდგენის ღირებულება - ჯამში 3592.75 ლარი, ჯამში ზიანის ოდენობამ 5296.50 ლარი შეადგინა.

4.2.11. შემთხვევის შედეგად გაფრქვეული აირის, მიუღებელი მოგებისა და აღდგენის ღირებულება დადგენილია მიწოდებულ და რეალიზებულ ოდენობებს შორის სხვაობის, 1მ3 აირის თვითღირებულების, საბანკო ამონაწერებით, უნაღდო ანგარიშსწორებით გაყიდული აირის ოდენობებისა და აღდგენის სამუშაოების ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებებით.

4.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ზიანი დათვლილი იყო მოსარჩელის მიერ, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 30917 მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, არ ჰქონდა ზიანის გაანგარიშების დოკუმენტის შედგენის უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, რომელმაც ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, წარადგინა გაანგარიშება, რომელის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მიწოდებულ, საბანკო ამონაწერებში არსებულ და სხვა მკაცრი აღრიცხვის მონაცემებზე, ასევე, გაზის მიწოდების მილის აღდგენის ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე იქნა დაანგარიშებული. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მას მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

4.4. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ შემთხვევა მისი ბრალეულობით არ იყო გამოწვეული. მის ბრალეულობას ადასტურებს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც სამართალდამრღვევს - მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში. ასევე, უსაფუძვლოა აპელანტის პრეტენზია გაზსადენი მილის კანონდარღვევით მონტაჟის თაობაზე, ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ ხაზოვანი ობიექტის მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველია: აუდიტორული დასკვნა 01გაც.5.01.2007წ. მშენებლობის ნებართვა 116 გაც. 29.12.2005წ, დაკვეთა 96/2005 ინვენტ. 354 06.12.2005წ. ექსპლუატაციაში მიღების აქტი 25.12.2006წ, რომელსაც მოპასუხე არ შედავებია.

4.5. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მისი არაბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე ზიანის დაანგარიშების თაობაზე მისი ინიციატივით შედგენილი დოკუმენტები. შესაბამისად, ვინაიდან მან სადავოდ გახადა მისი ქმედების კავშირი ზიანის არსებობასთან და ოდენობასთან, მოსარჩელეს ეკისრებოდა საპროცესო ვალდებულება ემტკიცებინა, ზიანის გამოწვევაში მოპასუხის ბრალისა და მიზეზობრივი კავშირის დადასტურება, ასევე ზიანის მოცულობის მტკიცების ვალდებულება, რასაც მან სრულად გაართვა თავი/ შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი, მის მიერ სადავო გამხდარი გარემოებების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები და დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ არსებობდა დელიქტიდან გამომდინარე მოვალისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები. მისი განმარტებით, სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ასევე დადასტურებელი არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებას, ზიანს და დამდგარ შედეგს შორის, ვინაიდან აღნიშნულზე ჩატარებული არ არის ექსპერტიზა.

5.3. მისი განმარტებით, გაზის მილები არ უნდა ქმნიდეს საავარიო სიტუაციას, უნდა იყოს მიწაში დაფლული ან მიწისზედა განლაგებისას აკმაყოფილებდეს სიმაღლის იმ სტანდარტს, რომ დაუბრკოლებლად შეძლოს სატრანსპორტო საშუალებამ გადაადგილება.

5.4. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ზიანის გამომწვევი მიზეზების, ოდენობის და მოპასუხის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ასევე, კასატორის მოსაზრებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელე არ წარმოადგენდა ზიანის ოდენობის განსაზღვრაზე უფლებამოსილ პირს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

10. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოპასუხის ბრალეულობა მომხდარ სამართალდარღვევასა და ზიანის გამოწვევაში, რამდენად დაცული იყო მოსარჩელის კუთვნილი გაზმომარაგების მილის გაყვანისას, უსაფრთხოების მოთხოვნები. ასევე, ზიანის ოდენობა და მის გამოთვლაზე უფლებამოსილი პირის დადგენა.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, 408.1. მუხლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება. რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს(იხ. სუსგ-ები: N ას-912-2021, 08.02.2022წ; N ას-1285-2018, 1.04.2022წ; N ას-1614-2022, 17.03.2023წ; N ას-934-2023, 3.10.2024წ;).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916-ე მუხლის თანახმად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917.1 და 30917.2 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

15. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).

16. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.)

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა (შდრ: სუსგ №ას-352-2022, 20.04.2022; №ას-1243-2021, 26.01.2022 წ; №ას-1129-2013, 26.12.2023 წ; №ას-934-2023, 03.10.2023 წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მისი კავშირი დამდგარ შედეგთან, რომლითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი 5296,50 ლარის ოდენობით.

19. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ შემთხვევა გამოწვეული არ იყო მისი ბრალეულობით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე- ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა (U03072), ასევე 2023 წლის 13 ივლისს შედგენილ პატაკზე (იხ. ტ.1, ს/ფ 18-19),რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი და მოსარჩელის ბრალეული ქმედება. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს, რომელიც მიიჩნევს, რომ შემთხვევა გამოწვეული არ იყო მისი ბრალეულობით, აღნიშნული საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია.

20. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2023 წლის 13 ივლისს დაახლოებით 14 საათზე თბილისის თბილისის შემოვლით გზაზე მოძრაობისას, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის (მარკა სატვირთო დაფ; სახელმწიფო ნომერი - ..... KK) 10 მისაბმელით(40 ტონიანი კონტეინერი) წამოედო შპს "გ.."-ის კუთვნილ გაზსადენის მილს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი და მოსარჩელე შპს "გ..."-ს მიადგა ზიანი. კერძოდ: დაზიანების შედეგად ჰაერში გაფრქვეული ბუნებრივი აირის ღირებულება - 769.85 ლარი, მოცდენით მიუღებელი მოგება - 933,9 ლარი და გაზსადენის აღდგენის ღირებულება - ჯამში 3592.75 ლარი, ჯამში ზიანის ოდენობამ 5296.50 ლარი შეადგინა.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გაფრქვეული აირის, მიუღებელი მოგებისა და აღდგენის ღირებულება დადგენილია მიწოდებული და რეალიზებული გაზის ოდენობებს შორის სხვაობის, 1მ3 აირის თვითღირებულების, საბანკო ამონაწერებით, უნაღდგო ანგარიშსწორებით გაყიდული აირის ოდენობებისა და აღდგენის ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებებით. (იხ.ტ 1, ს/ფ 20-62).

22. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელე არ იყო ზიანის დაანგარიშებაზე 30917 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული, უფლებამოსილი პირი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ასეთ უფლებამოსილ პირს, რომელმაც ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, წარადგინა გაანგარიშება, რომელიც დაანგარიშებული იყო საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მიწოდებულ, საბანკო ამონაწერებში არსებულ და სხვა მკაცრი აღრიცხვის მონაცემების, ასევე გაზის მიწოდების მილის აღდგენის ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, დაამტკიცა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ხოლო მოპასუხემ, თავის მხრივ ვერ შეძლო წარმოედგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა მოპასუხის დელიქტურ (მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ) ქმედებისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებებთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს. მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, იმგვარი გარემოების თაობაზე, რაც შესაბამისი და ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით გამყარებას ექვემდებარება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული დადასტურებულად.

23. გაზსადენის მილის კანონდარღვევით მონტაჟთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმადაც ხაზოვანი ობიექტის მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველია: აუდიტორული დასკვნა 01გაც.5.01.2007წ. მშენებლობის ნებართვა 116 გაც. 29.12.2005წ, დაკვეთა 96/2005 ინვენტ. 354 06.12.2005წ. ექსპლუატაციაში მიღების აქტი 25.12.2006წ. აღნიშნულ დასკვნას კი კასატორი არ შედავებია და არც საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარუდგენია.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

25. საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლითაც. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. ვ.კ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ჯ.კ–ძის (პ/ნ .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2025 წლის 17 ნოემბერს სს "თ.ბ–ში" №1088 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი