დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1090-2025
23 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე.მ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ, მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე გაყიდვის წესით და ამონაგები თანხის მხარეებს შორის განაწილება მათი წილების შესაბამისად.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი .........) თანამესაკუთრეებს, რომელიც წარმოადგენს 154 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისგან შემდგარ საკადასტრო ერთეულს (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“, „საზიარო ქონება“), ხოლო მხარეთა წილობრივი უფლებები განსაზღვრულია შემდეგნაირად: მოსარჩელე - 2/3, მოპასუხე - 1/3;
6.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, .......... მდებარე N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს შორის ორ საკადასტრო ერთეულად გამიჯვნა (2/3 და 1/3 ნაწილებად), მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების თავისებური განლაგების, ფასადებზე არსებული ღიობების მდებარეობის, გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის სიმცირის გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, ფუნქციური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, სრული იზოლირებით შეუძლებელია.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეს გააჩნიათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, კონკრეტული წილების მითითებით.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონების ნატურით გამოყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება შეუძლებელია, ამდენად, მისი გაუქმება უნდა მოხდეს უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის წესით.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე საქმეში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სურდა სადავო უძრავ ქონებაზე არსებული საზიარო უფლების გაუქმება, რადგან თანასაკუთრების პირობებში, ხსენებული ქონებით სრულფასოვანი სარგებლობა და მისი განკარგვა პრობლემური იყო; მხარეები/მესაკუთრეები ვერ შეთანხმდნენ მათ შორის არსებული საზიარო უფლების სასამართლო დავის გარეშე გაუქმების თაობაზე, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, გამოეყენებინა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოსათვის მიმართვის გზით მოეწესრიგებინა მის წინაშე მდგარი სამართლებრივი პრობლემა.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე დავობდა, რომ სადავო უძრავი ქონების გამიჯვნა ტექნიკურად შესაძლებელია, შესაბამისად, წინააღმდეგია მოხდეს საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის წესით.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ N004860323 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, გამოსაკვლევი ობიექტი მდებარეობს ქალაქ თბილისში, ............ (ს/კ N..........). საქმის მასალებში წარმოდგენილ იქნა 11.10.2022 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი, ფართით 154 კვ.მ. მესაკუთრეებს წარმოადგენენ: ე.მ–ძე (შენობა-ნაგებობა N1 საერთო ფართობით 149.54 კვ.მ. და შენობა N2, აქედან 2/3 ნაწილი) და ლ.მ–ძე (შენობა-ნაგებობა N1 საერთო ფართობით 149.54 კვ.მ. და შენობა N2, აქედან 1/3 ნაწილი) ექსპერტმა ადგილზე დაათვალიერა საკვლევი ობიექტი, ჩაატარა კვლევისათვის საჭირო შიდა აზომვითი სამუშაოები და შეისწავლა წარმოდგენილ საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაცია. ქალაქ თბილისში, .......... მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობების შიდა ფართი სულ შეადგენს 202.82 კვ.მ-ს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ......... შესახვევი N3-ში მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს შორის ორ საკადასტრო ერთეულად გამიჯვნა (2/3 და 1/3 ნაწილებად), მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების თავისებური განლაგების, ფასადებზე არსებული ღიობების მდებარეობის, გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის სიმცირის გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, ფუნქციური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, სრული იზოლირებით შეუძლებელია. დასკვნაში საუბარია გაყოფის შესაძლებლობაზე, თუმცა არა დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე, ამასთან მიწის ნაკვეთი ისევ ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ მოექცევა და მიწის ნაკვეთი დარჩება საერთო სარგებლობაში.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი/მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ შესაძლებელია ინდივიდუალურ საკუთრებაში ფართის გამოყოფა, ფასადებზე არსებული ღიობების ამოვსების შემდგომ, შენობა-ნაგებობების გამიჯვნა და ამ გზით საზიარო უფლების გაუქმება. მტკიცებულებად კი მიუთითებს ზემოაღნიშნულ დასკვნას, სადაც შენობა-ნაგებობების ტექნიკურად გამიჯვნის შესაძლებლობაა მოცემული. ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა არსებობს მაშინ, როდესაც ქონება იყოფა ერთგვაროვან ნაწილებად და ამგვარი გაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. შესაბამისად, ამგვარი გაყოფა უნდა მოხდეს ყოველგვარი რეკონსტრუქციის და მცირე დანახარჯების გაღების გარეშეც კი. რეკონსტრუქცია თავისთავად ნიშნავს გადაკეთებას, გარდაქმნას მისი გაუმჯობესების გზით. თუ არსებობს უძრავი ნივთის რეკონსტრუქციის საჭიროება, შესაბამისად, საჭიროა დანახარჯის გაღებაც, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით დადგენილ პრინციპს ქონების ნატურით გამიჯვნისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დასკვნის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ რამდენადაც სადავო ქონების გამიჯვნისათვის საჭიროა საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქცია და შესაბამისი დანახარჯების გაღება მისი ნატურით გაყოფა ვერ მოხდება.
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში, არ არსებობს ის ობიექტური გარემოება, რომელიც მოპასუხეს მისცემდა უფლებას, ესარგებლა და გამოეყო საერთო საკუთრებაში არსებული ქონება არა, როგორც თანამესაკუთრეს, არამედ ინდივიდუალურად, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაადასტურა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, მოპასუხემ მხარემ კი, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყო სათანადო შედავება და იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ საზიარო ქონების ნატურით გაყოფა, შესაძლებელია. შესაბამისად, არ არსებობს საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და ნაგებობის ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების საფუძველი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებისა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
16.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ უძრავი ქონების გამიჯვნა შესაძლებელია ისე, როგორც ეს N2 და N3 დანართშია მითითებული. N2 დანართის თანახმად, ლ.მ–ძეს შესაძლებელია გამოეყოს 180.40 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობიდან ყვითლად მონიშნული 1/3 ნაწილის შესაბამისი 60,13 კვ.მ. ფართი, ხოლო ე.მ–ძეს შესაძლებელია გამოეყოს დანართ N2-ზე ცისფრად მონიშნული 2/3 ნაწილის შესაბამისი 120.27 კვ.მ. ფართი. ხოლო N3 დანართის შესაბამისად, ლ.მ–ძე შესაძლებელია გამოეყოს 180.40 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობიდან ყვითლად მონიშნული 1/3 ნაწილის შესაბამისი 60.13 კვ.მ. ფართი, ხოლო ე.მ–ძეს შესაძლებელია გამოეყოს დანართ N3-ზე ცისფრად მონიშნული 2/3 ნაწილის შესაბამისი 120.27 კვ.მ. ფართი. ამდენად, ზემოაღნიშნული დასკვნა იძლევა გამიჯვნის შესაძლო იმ ორ ვარიანტს, რომლითაც სასამართლოს შეეძლო ეხელმძღვანელა და მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც საზიარო უფლების გაუქმება მოხდებოდა საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნის გზით და არა აუქციონზე რეალიზაციის გზით;
16.2. სასამართლო პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებს საზიარო უფლების ნატურით გამიჯვნას აუქციონზე საზიარო საგნის რეალიზაციასთან შედარებით, თუკი პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ თავიდან იქნას აცილებული საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის უარყოფითი შედეგები: საზიარო საგანი შეიძლება გაიყიდოს მის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, რადგანაც პირველ აუქციონზე საზიარო საგანი გასაყიდად გამოდის საბაზრო ღირებულების 75%-ით, ხოლო მეორე აუქციონზე 50%-ით, ხოლო მე-3 აუქციონზე საერთოდ ნულოვანი ღირებულებით. საგნის რეალიზაციიდან მიღებული ღირებულების ნაწილით ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება სხვა უძრავი ქონების შეძენა. მცირედი რემონტის თანხების გაღება არ შეიძლება შევადაროთ უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანხებს. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა მიიღოს სოციალურ ნორმებსა და სამართლიანობის ნორმებს დაფუძნებული გადაწყვეტილება და მხარე არ უნდა დააყენოს უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ ან არასტაბილურ სოციალურ სიტუაციაში უსაშველოდ დიდი სასესხო ვალდებულების აღების რისკის ქვეშ. სასამართლოს ასეთ დროს მართებს მეტი პასუხისმგებლობა და გონივრულობა. მან არ უნდა გადაწყვიტოს საკითხი ვიწრო ჭრილში და უნდა დაინახოს მისი ფართო სოციალური მნიშვნელობა. სასამართლოს სოციალური ვალდებულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საქმეებში, სადაც კერძო დავა არ არის მხოლოდ ორი მხარეს შორის ფინანსურ-იურიდიული საკითხის გადაჭრის საქმე, არამედ მას შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გავლენა ადამიანის ღირსებაზე, საცხოვრებელ პირობებზე და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე. ამგვარ სიტუაციაში, სასამართლო ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური სამართლებრივი ნორმების მექანიკურ გამოყენებით. ის ვალდებულია, გაითვალისწინოს სამართლის ფართო სოციალური ფუნქცია ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის აღდგენა ისე, რომ გადაწყვეტილებამ არ წარმოშვას ახალი, გაცილებით მძიმე პრობლემები, ვიდრე არსებული დავაა; სასამართლო ვალდებულია განიხილოს, არის თუ არა გამოყენებული იძულებითი ღონისძიება პროპორციული დასახული მიზნის მიმართ. ქონების რეალიზაცია შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ერთადერთი გზა არის კანონის მიზნის მისაღწევად და არ არსებობს ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივა;
16.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-108-2024 გადაწყვეტილებით დადგინდა გავრცელებული პრაქტიკისგან განსხვავებული მოწესრიგება. ზემოაღნიშნული საქმე ფაქტობრივი გარემოებებით თითქმის იდენტურია მოცემულ სადავო საქმესთან. უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით, არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას და აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას. კანონმდებელი საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობას ქონების რეალიზაციის გზით, იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ქონების ნატურით გაყოფა პრაქტიკულად გამორიცხულია. გავრცელებული სასამართლო პრაქტიკის პირობებში, სასამართლოები გამორიცხავენ საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნას, თუკი საზიარო საგანმა უნდა განიცადოს გარკვეული სახეცვლილებები (მაგალითად, ღიობის ამოშენება, ღიობის გაჭრა, ფუნქციური დანიშნულების მქონე ფართის მოწყობა და ა.შ.). ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული სახეცვლილებები იმდენად უმნიშვნელო და მცირეა, რომ სასამართლო მაინც იღებს გადაწყვეტილებას საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციაზე, თავისი უარყოფითი შედეგებით. როდესაც ნატურით გამიჯვნის მომხრე მხარე თანახმაა, საკუთარი ხარჯით განახორციელოს საზიარო საგნის სახეცვლილებები, სასამართლო ამ გარემოებასაც არ ითვალისწინებს, რასაც უსამართლო სასამართლო პრაქტიკამდე მივყავართ. ზემოთ მითითებულ საქმეზე, საკასაციო პალატა სწორად განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საპროცესო კანონმდებლობა უპირატესობას საზიარო საგნების ნატურით გამიჯვნას ანიჭებს, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საზიარო საგნების ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობა, თუნდაც გარკვეული მოდიფიცირების გათვალისწინებით შესაძლებელია, არ არსებობს აუქციონზე რეალიზაციის გზით, საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები (ანალოგიურ განმარტებას შეიცავს სუსგ საქმეზე ას-125-2022; 13/10/2022 წ.);
16.4. მოსარჩელის მიზანი მოპასუხისათვის ზიანის მიყენებაა, რამდენადაც არ ცხოვრობს საქართველოში, ასევე, მას არანაირი პრობლემა არ გააჩნდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით სარგებლობაში. სახლი ბუნებრივად იყო გამიჯნული და მას შეეძლო ესარგებლა მისი კუთვნილი წილი ოთახებით.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სადავოდ ხდის საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით, კერძოდ, მოპასუხის მითითებით, წინამდებარე დავის ფარგლებში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო უძრავ ქონებაზე შესაძლებელი იყო საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის 953-ე-968-ე მუხლებით რეგულირებული კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები. კერძოდ, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის (2/3 წილით) და მოპასუხის (1/3 წილით) სახელზე. მოსარჩელე ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა წილების შესაბამისად განაწილებას.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით [სსკ-ის 963-ე მუხლი] და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით [სსკ-ის 964-ე მუხლი]. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია [სსკ-ის 964.1 მუხლის პირველი წინადადება: თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით].
25. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა შეზღუდული იყოს კანონით ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი). ამასთან, მესაკუთრის უფლების - ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება - რეალიზების საშუალება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში.
26. საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება). ამასთან, საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).
27. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას. საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).
28. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების გაყოფა ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია, რამდენადაც საქმის ფარგლებში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ......... შესახვევი N3-ში მდებარე N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს შორის ორ საკადასტრო ერთეულად გამიჯვნა (2/3 და 1/3 ნაწილებად), მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების თავისებური განლაგების, ფასადებზე არსებული ღიობების მდებარეობის, გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის სიმცირის გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, ფუნქციური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, სრული იზოლირებით შეუძლებელია.
29. საკასაციო საჩივრის ავტორი აპელირებს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული საზიარო საგნის გამიჯვნის ორ ალტერნატივაზე, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მხარეთა წილის შესაბამისად მათთვის ქონების ნაწილის მიკუთვნების შესაძლებლობა, თუმცა არა დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე, ამასთან მიწის ნაკვეთი ისევ ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ მოექცევა და მიწის ნაკვეთი დარჩება საერთო სარგებლობაში. სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების აუცილებლობა კი, საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მიუთითებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობაზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი; Nას-1228-2020, 25 ივნისი, 2021 წელი; Nას-602-2019, 22 თებერვალი, 2022 წელი). ამასთან, დაუშვებელია საზიარო უფლების ნატურით გაყოფისას ქონების ნაწილზე კვლავ თანასაკუთრების არსებობა, რამდენადაც როგორც უკვე აღინიშნა, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
31. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22.03.2019 წელი; №ას-1329-2018, 22.02.2019 წელი; №ას-1610-2019, 07.02.2020 წელი).
32. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, მართებულად გაუქმდა საზიარო უფლება ქონების რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით (სსკ-ის 964-ე მუხლი).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.მ–ძის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.მ–ძეს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ქ.ე–ის (პ/ნ ........) მიერ 2025 წლის 14 აგვისტოს №1120 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე