დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-71-2026 27 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
პირველი კასატორი – ნ.ა–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.წ–ი, დ.წ–ი (მოპასუხე)
მეორე კასატორი – ნ.წ–ი, დ.წ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ა–ნმა (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნ.წ–ის და დ.წ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, მეორე კასატორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 14 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება (2021 წლის 25 მარტიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდზე - 37 თვეზე), ასევე 2024 წლის 13 აგვისტოდან (სარჩელის შეტანიდან), 2025 წლის 20 მარტამდე (ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნებამდე), ყოველთვიურად 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
2. მოპასუხეებმა სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ა–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ.წ–სა და დ.წ–ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ნ.ა–ნის სასარგებლოდ 12 241.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტის შეცვლით, ასევე მეორე პუნქტის ნაწილობრივი შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ა–ნის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ.წ–ს და დ.წ–ს ნ.ა–ნის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 9450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. გადაწყვეტილებით, ნ.ა–ნისა და ა.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ.წ–ისა და დ.წ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ნ.ა–ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი: ........., 64.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ნ.ა–ნს. ნ.წ–ისა და დ.წ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით ნ.წ–ისა და დ.წ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ნ.წ–ისა და დ.წ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, ამავე სასამართლომ 2022 წლის 06 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი.
6.4. 2025 წლის 20 მარტის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმიდან დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების პოლიციელი, სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ............, მოვალე ნ.წ–მა, წარმოადგინა უძრავი ქონების კარის გასაღები. ოქმის შემდგენლების მიერ უძრავი ქონების დათვალიერებისას ბინა დახვდათ მოძრავი ნივთებისაგან გამოთავისუფლებული, რომელიც ჩაბარდა კრედიტორს ნ.ა–ნს.
6.5. მოპასუხეები ნ. და დ.წ–ები, 2021 წლის მარტიდან 2025 წლის 20 მარტამდე პერიოდში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ, მოსარჩელე ნ.ა–ნის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს, ქ. თბილისში, ........., ს/კ N........ (ნაკვეთის წინა ნომერი: ...........).
6.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ..........., ს/კ N ............ (ნაკვეთის წინა ნომერი: ..........) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ.ა–ნის სახელზე.
6.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ.ა–ნის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, ..........., ს/კ N.......... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...........) გაქირავების შედეგად მისაღები ყოველთვიური ქირის ოდენობა უნდა განისაზღვროს 325 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა, იყო თუ არა სახეზე მოსარჩელის ქონების ხარჯზე მოპასუხეების უსაფუძვლოდ გამდიდრება.
6.9. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს მოპასუხეები მოსარჩელის მიერ მითითებულ - 2021 წლის მარტიდან 2025 წლის 20 მარტამდე პერიოდში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ, მოსარჩელეს კუთვნილ უძრავ ქონებას.
6.10. აპელანტები სადავოდ ხდიდნენ იმასაც, თუ რა დროიდან წარმოეშვა მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს, მოპასუხეების, როგორც არამართლზომიერი მფლობელების მიმართ, უსაფუძვლოდ დაზოგილის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელყოფის კონდიქციის ვალდებულების წარმოშობის დრო უკავშირდება არა ხელმყოფის - ამ შემთხვევაში მოპასუხეების სუბიექტურ წარმოდგენას ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობასთან დაკავშირებით, არამედ ხელყოფის - არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში, კი მხარეთა ახსნა-განმარტებებით, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითა და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხეები მოსარჩელის კუთვნილ ფართს სადავო პერიოდში -2021 წლის 25 მარტიდან 2025 წლის მარტამდე ფლობდნენ ისე, რომ მოსარჩელის კუთვნილი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ.
6.11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების პრეტენზიას დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, ჰქონდა ვარგისი საფუძველი.
6.12. პალატამ მიუთითა, რომ განცდილი ზიანის ანუ მოპასუხეთა მიერ დაზოგილი სიკეთის (დაზოგილი ქირა, რომლებსაც ისინი გადაიხდიდნენ, თუკი მესაკუთრესთან ან სხვასთან სამართალურთიერთობაში იქნებოდნენ) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურება ანუ გამდიდრების გათანაბრება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
6.13. პალატამ იმსჯელა მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე და ყურადღება გაამახვილა მოპასუხის შესაგებელზე, სადაც მოპასუხეებმა სადავო გახადეს დასაკისრებელი ყოველთვიური თანხის ოდენობაც და მიუთითეს, რომ ბინის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გაქირავების შედეგად სარგებლის მიღება ქირის სახით გამორიცხულია, რადგან, მისი ფასი ნულის ტოლია და იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს ფართი გაქირავებაუნარიანი იქნებოდა, ყოველთვიური თანხის ოდენობა იქნებოდა 250 აშშ დოლარი, რაც დასტურდებოდა მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით.
6.14. პალატამ ყურადღება მიაქცია მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ ინდივიდუალური აუდიტორის თ.კ–ძის 2024 წლის 24 მაისის სადავო უძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნაზე, რომლის თანახმად, ნ.ა–ნის კუთვნილი გასარემონტებელი უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, .......... (ყოფილი .......... ქ. 2ა) ს/კ N .........., ქირის საბაზრო ფასები 2021 წლის 21 მარტიდან 2024 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში, შეადგენს საშუალოდ 400 აშშ დოლარს. სპეციალისტს კვლევის ჩასატარებლად წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 ოქტომბრის დასკვნა, ასევე სპეციალისტის მიერ მოძიებულია ბაზარზე არსებული შესაფასებელი ქონების (ქირის) ანალოგიურ ან მსგავს ქონებაზე საბაზრო ფასები. მოხდა მოძიებული ანალოგების შესაფასებელ ქონებასთან (ქირის) შედარება და ფასების კორექტირება.
6.15. საქმეში მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი შპს დ.ს.ე.ც. „ვ–ის“ 2024 წლის 09 სექტემბრის N04/12 დასკვნით, წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის თვიური საიჯარო განაკვეთის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 250 აშშ დოლარი, იმ შემთხვევაში, თუ ბინაში იქნებოდა ადამიანისათვის ცხოვრების ნორმალური პირობები.
6.16. პალატის მითითებით, ვინაიდან, გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. ამ ნაწილში გადაწყვეტილება სსსკ-ის 264-ე მუხლის საფუძველზე, შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით გათვალისწინებულ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის - 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განსაზღვრის შესახებ.
6.17. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მოპასუხეების მიერ გადასახდელი დაზოგილი ყოველთვიური თანხების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანის მართლზომიერება. შესაბამისად, მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი ყოველთვიური დაზოგილი თანხის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მათ მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 09 სექტემბრის ექსპერტის დაკვნის საფუძველზე - ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის ოდენობით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. მოპასუხეებმა კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. ნ.ა–ნის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა. მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ იძლეოდა იმგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ დაკისრებული თანხა შემცირებულიყო.
9. ნ. და დ.წ–ების საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასრულად გამოიკვლია და შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოპასუხეები სადავო ქონებას ფლობდნენ როგორც საკუთარს და შეგებებული სარჩელით ცდილობდნენ მასზე საკუთრების უფლების მოპოვებას, როგორც მოსარგებლეები.
9.2. ვინაიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებას ფლობდნენ ნათესაური კავშირის საფუძველზე, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თხოვების უსასყიდლო ხასიათი და სარჩელი თანხის დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
9.3. ზიანის მიყენების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, სასამართლოს ეს პერიოდი უნდა აეთვალა არა გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან, არამედ, მისი კანონიერ ძალაში შესვლის დროიდან.
9.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ქონება გასაქირავებლად უვარგისია და მოსარჩელე შემოსავალს ვერ მიიღებდა, რაც შეეხება მოპასუხეების ცხოვრებას ასეთ მდგომარეობაში არსებულ ფართში, მოპასუხეები ფართში უსასყიდლოდ ცხოვრობდნენ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 თებერვლის განჩინებებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
16. მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოსრჩელეების, ისე მოპასუხეების საკასაციო პრეტენზია ძირითადად ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მოპასუხეები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმის განხილვისას, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 982.1-ე მუხლით.
17. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
18. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
19. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
20. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
21. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
23. განსახილველ შემთხვევაში, ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მოსარჩელე ცდილობს (საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) მუხლიდან გამომდინარეობს.
24. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებულ ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წ; საქმე №ას-172-161-2017, 29 ივნისი, 2017 წ; საქმე №ას-1084-2023, 12 აპრილი, 2024 წ; საქმე №ას-16-2024, 13 ივნისი, 2024 წ.).
25. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-197-186-2017, 30 მაისი, 2017წ.). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-479-2020, 14 დეკემბერი, 2021 წ.).
26. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც, ნ.ა–ნისა და ა.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ.წ–ისა და დ.წ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ნ.ა–ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: .........., 64.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ნ.ა–ნს. ნ.წ–ისა და დ.წ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
27. 2025 წლის 20 მარტის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმიდან დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების პოლიციელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ..........., მოვალე ნ.წ–მა, წარმოადგინა უძრავი ქონების კარის გასაღები. ოქმის შემდგენლების მიერ უძრავი ქონების დათვალიერებისას ბინა დახვდათ მოძრავი ნივთებისაგან გამოთავისუფლებული, რომელიც ჩაბარდა კრედიტორს ნ.ა–ნს.
28. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მოპასუხეები, 2021 წლის მარტიდან 2025 წლის 20 მარტამდე პერიოდში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ, მოსარჩელე ნ.ა–ნის კუთვნილ უძრავ ქონებას.
29. ნ. და დ.წ–ები საკასაციო საჩივარში ერთის მხრივ მიუთითებენ, რომ სადავო ქონებას ფლობდნენ როგორც საკუთარს და შეგებებული სარჩელით ცდილობდნენ მასზე საკუთრების უფლების მოპოვებას, როგორც მოსარგებლეები. მეორე მხრივ კი, მიიჩნევენ, რომ ადგილი ჰქონდა თხოვების ხელშეკრულებას და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატა კასატორების აღნიშნულ ურთიერთშეუსაბამო მითითებებს ვერ გაიზიარებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეების შეგებებული სარჩელი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, პრეტენზია, რომ სადავო ქონებას ფლობდნენ როგორც საკუთარს, საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება თხოვების ხელშეკრულებაზე აპელირებას, პალატა კასატორებს განუმარტავს, რომ თხოვების ხელშეკრულების არსებობის პირობებშიც, ვინაიდან, თხოვების ვადა არ ყოფილა დადგენილი, განმათხოვრებელს ნებისნიერ დროს შეეძლო მოეთხოვა ნივთის უკან დაბრუნება. მოსარჩელის მიერ თანხის დაკისრების მოთხოვნის წარდგენილი სარჩელი მიემართება გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ პერიოდს. აღნიშნული პერიოდიდან კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ვარგის საფუძველზე მოპასუხეებს არ მიუთითებიათ.
30. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობაზე, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას აღნიშნულ ნაწილში და განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
31. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო.
32. პალატის მოსაზრებით, საქმეში მოსარჩელისა და მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი დასკვნების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი ყოველთვიური დაზოგილი თანხის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მათ მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 09 სექტემბრის ექსპერტის დაკვნის საფუძველზე - ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 982.1-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობის შესახებ. კასატორებს კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
35. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ა–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ნ.წ–ისა და დ.წ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
3. ნ.ა–ნს (...........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 375.58 ლარის (საგადახდო დავალება N31731304742, გადახდის თარიღი 02.02.2026) 70% – 262.90 ლარი;
4. ნ.წ–სა (.........) და დ.წ–ს (...........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1270.69 ლარის (საგადახდო დავალება N31765883404, გადახდის თარიღი 04.02.2026) 70% – 889.48 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია