დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1608-2025
16 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ა–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - თ.შ–ა, ნ.დ–ნი (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ.შ–ამ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) და ნ.დ–ნმა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „შეგებებული სარჩელით მოპასუხეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ.ა–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს.კ. ......... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ბინა“), გამოთხოვისა და მოსარჩელეთათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელეთა მიმართ და მოითხოვა მათთვის სოლიდარულად რემონტისათვის გაწეული ხარჯის - 13 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და დადგინდა მისი მოსარჩელეებისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 24 500 ლარის გადახდა. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ასევე წარადგინეს მოსარჩელეებმა, რომლითაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 9.1. N………. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა ეკუთვნით მოსარჩელეებს. მათ იგი 2021 წლის 16 ივნისს შეიძინეს 22 400 აშშ დოლარად პ.ბ–ვას წარმომადგენელ, დ.ა–გან გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით;
9.2. სადავო ბინას 2021 წლიდან ფლობს მოპასუხე. მფლობელს აღნიშნული ბინა საცხოვრებლად ასევე დ.ა–მ გადასცა;
9.3. მფლობელისათვის გადაცემის მომენტში სადავო ბინაში არ იყო საყოფაცხოვრებო პირობები. 2021 წელს მფლობელმა სადავო ბინა გაარემონტა და მის მიერ ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 24 500 ლარი.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 987-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთი მხრივ, მფლობელი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრეთათვის სადავო ბინა, ხოლო, მეორე მხრივ, მესაკუთრეებს უნდა აენაზღაურებინათ მფლობელისათვის ქონებაზე გაწეული ხარჯი.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ბინა საჯარო რეესტრში მესაკუთრეთა სახელზეა რეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ ბინა სწორედ მათ ეკუთვნით. მფლობელი არც სადავო ნივთზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია, რაც ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები ნამდვილია და ბინა მესაკუთრეებს ეკუთვნით. მფლობელმა, მართალია, აღნიშნა, რომ სინამდვილეში მესაკუთრეებსა და გამსხვისებელს შორის თვალთაქცური გარიგება დაიდო და ამით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება დაიფარა, თუმცა მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, აღნიშნული საქმის განხილვის პირობებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება იმ ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა, რადგან მითითებული არსებული დავის ფარგლებს სცდება. აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხეს არც შეგებებული სარჩელის და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის სახით სასამართლოსთვის არ წარუდგენია“ (სუსგ Nას-182-2022, 20 მაისი, 2022 წელი, პ. 44). როგორც აღინიშნა, სადავო ბინასთან მიმართებით მფლობელს სარჩელი არ აღუძრავს, შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო ვერ შეაფასებდა მფლობელის პოზიციას, რომ სინამდვილეში სადავო ბინა მესაკუთრეებს არ ეკუთვნით.
12. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლი და აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, მფლობელმა 2018 წლის 18 ოქტომბერს შპს „პ–თან“ დადო ხელშეკრულება მრავალბინიანი, ასაშენებელი სახლის პირველ სართულზე არსებული 65 კვ.მ ბინის შეძენის თაობაზე, თუმცა ეს ვალდებულება ვერ შესრულდა და ამის ნაცვლად დ.ა–მ მფლობელს ზეპირი გარიგებით სადავო ბინა გადასცა. არც შპს „პ–ს“ და არც დ.ა. ასაშენებელ სახლში ბინები არ ეკუთვნოდათ. სადავო ბინა ეკუთვნოდა პ.ბ–ვას, რომლის წარმომადგენელიც იყო დ.ა., თუმცა 02.06.2021წ. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ პ.ბ–ვამ დ.ა. 2021 წლის 01 ივნისს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. სანოტარო აქტში მითითებულია შემდეგი: „მე შევამოწმე დ.ა–ს უფლებამოსილება, იგი უფლებამოსილია წარმოადგინოს პ.ბ–ვა, თანახმად მინდობილობისა, დამოწმებული 01.06.2021წ. ნოტარიუს თ. კ–ის მიერ“. მტკიცებულება, რომლითაც 2021 წლამდე დ.ა– წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურდებოდა, საქმეში არ არის. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მფლობელისთვის სადავო ბინა უფლებამოსილ პირს არ გადაუცია და, ამის გამო, მას ბინის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძველი არ გააჩნია. სასამართლოს განმარტებით, ასეც რომ არ იყოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. დადგენილია, რომ მესაკუთრეებმა, რომლებიც მფლობელის მიმართ ვალდებულებით შებოჭილები არ იყვნენ, მფლობელს პრეტენზია წაუყენეს და სადავო ბინის დაბრუნება მოსთხოვეს. შესაბამისად, მფლობელს სადავო ბინის ფლობის საფუძველი რომც ჰქონოდა, მისი მფლობელობა მაინც შეწყვეტილად ჩაითვლებოდა. აქედან გამომდინარე, მფლობელმა სადავო ბინა მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნოს.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს „ვ–ის“ მიერ 03.06.2024წ. შედგენილი „საშემფასებლო ანგარიშის“ თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მფლობელს სადავო ბინაში ჩატარებული აქვს შემდეგი სამუშაოები: მთლიან ბინაში ჭერი არის დამუშავებული (მოხეხილი, გალაქული) ბეტონის; მისაღებში და ჰოლში დაგებულია კერამო-გრანიტის ფილები; ასევე, კერამო გრანიტია დაგებული სააბაზანო-ტუალეტში და აივანზე; საძინებლებში იატაკი არის ლამინატის; ბინაში კედლები არის თაბაშირით შეფითხული და შეღებილი; სააბაზანოს კედლები მოპირკეთებულია კაფელით; ბინაში არის წყლის, კანალიზაციის და ცენტრალური გათბობის მილები დაქსელილი, ასევე, დაქსელილია ელექტრო სადენები. ბინა სრულად გარემონტებულია და საცხოვრებლად ვარგისია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მფლობელის მიერ ჩატარებული სამუშაოები ბინაში საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად აუცილებელი იყო. სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გარემოება მესაკუთრეებს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ. მათ შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითებიათ არც იმ გარემოების შესახებ, რომ მფლობელმა სადავო ბინაში სამუშაოები უფრო ადრე ჩაატარა, ვიდრე ისინი მას შეიძენდნენ. შესაბამისად, მესაკუთრეთა მითითება აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია.
14. სააპელაციო პალატის განმარტებით, ასეც რომ არ იყოს, როგორც აღნიშნა, შპს „ვ–მა“ სადავო ბინაში ჩატარებული სამუშაოები 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეაფასა, ამ დროისთვის კი, სადავო ბინა უკვე მესაკუთრეთა სახელზე იყო რეგისტრირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მესაკუთრეები ამას სადავოდ არც ხდიან, ე.ი. ისინი სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ როდესაც მფლობელი ბინას არემონტებდა, საჯარო რეესტრის მონაცემებით ის მათ სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა აღნიშნავენ, რომ რეალური საკუთრება ბინაზე 2023 წელს შეიძინეს. როგორც აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის გამო, სასამართლო 2021 წლის 16 ივნისის გარიგებას თვალთმაქცურად ვერ მიიჩნევს, მითუმეტეს, რომ სამართალწარმოებაში არც გამსხვისებელი და არც მისი წარმომადგენელი არ მონაწილეობენ. თავად ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრის მონაცემებით კი დგინდება, რომ მესაკუთრეებმა ბინა იმთავითვე იყიდეს, თუმცა გამსხვისებელმა მისი გამოსყიდვის უფლება შეინარჩუნა.
15. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1, 477.2, 509-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ სადავო ბინაზე საკუთრება მესაკუთრეებმა შეიძინეს, ეს კი ნიშნავს, რომ მფლობელმა მათი ბინა გაარემონტა. ნებისმიერ შემთხვევაში ნათელია, რომ სადავო ბინაში ჩატარებული სამუშაოებით სიკეთე სწორედ მესაკუთრეებმა მიიღეს, ე.ი. უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ და ამიტომ მათ მფლობელს ბინაში საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად გაწეული ხარჯი უნდა აუნაზღაურონ.
16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
17.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხე სადავო ბინას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
17.2. მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების რეალურ მესაკუთრეებს, მათ სახელზე უძრავი ქონება გადაფორმებულია თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე, ხოლო მოპასუხეს აქვს აღნიშნული ქონების ფლობის მართლზომიერი უფლება. კერძოდ, მოსარჩელეების მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოპოვებულია 16.06.2021წ. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რაც ნიშნავს, რომ უძრავი ქონება მათ სახელზე გაფორმებულია დროებით, გარკვეული პირობით და რეალურმა მესაკუთრემ შესაძლებელია მისი დაბრუნება/გამოსყიდვა მოახდინოს. აღნიშნული ხელშეკრულებით გამყიდველს წარმოადგენდა მესაკუთრის (პ.ბ–ვა) რწმუნებით აღჭურვილი პირი - დ.ა., რომელსაც იმავდროულად კასატორის შვილთან (ნ.თ–ა) 2018 წლის 18 ოქტომბერს დადებული ჰქონდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება დადებულია მშენებარე უძრავ ქონებაზე, რომელიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა მშენებლობის დასრულების შემდგომ. აღნიშნულის შემდგომში დ.ა–მ მოსარჩელეებისგან აიღო სესხი და მათთან დადო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რადგანაც 2021 წლის 16 ივნისის მდგომარეობით აკრძალული იყო სესხის გაცემის უზრუნველსაყოფად ბინის იპოთეკით დატვირთა. მოპასუხემ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით მიუთითა შესაგებელში, თუმცა ისინი სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია;
17.3. ს.ჭ–ას 06.02.2024წ. ხელწერილით დგინდება, რომ მოპასუხეს ბინის გასაღები გადასცა დ.ა–მ. დ.ა– გააჩნდა მინდობილობა მესაკუთრისგან უძრავი ქონების განკარგვის უფლებით, რაც დასტურდება მოსარჩელეებთან 2021 წლის 16 ივნისს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით. ამდენად, დასახელებული ხელშეკრულება მოსარჩელეებთან დადო იმავე პირმა, ვინც ბინის გასაღები გადასცა მოპასუხეს და მათი იქ შესახლება მოახდინა. შესაბამისად, მოპასუხე არის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი;
17.4. მოწმე ს.ჭ–ას ჩვენების მიხედვით, მათი აშენებულია საცხოვრებელი კორპუსი, მდებარე: ქ. თბილისი, .......... მათ დაუკავშირდა დ.ა. და გამოთქვა სურვილი შეღავათიანი კრედიტის პროგრამით ექვსი ბინის შეძენის თაობაზე. ბინები დ.ა–მ გადააფორმა ნათესავებზე, სხვადასხვა პირებზე და ამის შემდგომ პოტენციურ შემძენებთან გააფორმა წინარე ხელშეკრულებები, მაგრამ მათ ბინებს არ უფორმებდა, ვიდრე ისინი მშენებარე ბინის ღირებულებას ბოლომდე არ გადაიხდიდნენ. ბინებმა N17 და N18 განიცადეს რეკონსტრუქცია და მოხდა გადაკეთება. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ექვსივე ბინა 2021 წლის ივნისში ერთდოულად იყო დ.ა– მიერ გასხვისებული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებით;
17.5. უძრავი ქონების რეესტრში განცხადებების ძებნით დგინდება, რომ პირველ მოსარჩელეს 2007-2019 წლებში რეგისტრირებული აქვს ათეულობით იპოთეკა, ხოლო 2019 წლიდან დღემდე უძრავ ქონებებს იფორმებს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებით. იგივე ვითარებაა მეორე მოსარჩელის შემთხვევაშიც;
17.6. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი და არ გამოიყენა იმავე კოდექსის 152-ე და 172-ე მუხლები. სასამართლომ არ შეაფასა დავის შინაარსობრივი მხარე და გადაწყვეტილება მიიღო ფორმალურად რეესტრში მითითებული მონაცემების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ შესაგებლით იყო შედავებული.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის მართლზომიერება. საკასაციო სასამართლო, თავდაპირველად, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ აღძრულია სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მოსარჩელეთა საკუთრების უფლების მართლზომიერებასთან დაკავშირებული მოპასუხის/ კასატორის პრეტენზიები, ვინაიდან ამ გარემოების კვლევა განსახილველი დავის ფარგლებს სცდება. ამასთან, მოპასუხეს აღნიშნულთან დაკავშირებით არც შეგებებული სარჩელი აღუძრავს და არც დამოუკიდებელი სარჩელით მიუმართავს სასამართლოსათვის (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-263-2022, 29 აპრილი, 2022 წელი; Nას-13-2023, 23 თებერვალი, 2023 წელი; Nას-1362-2022, 08 თებერვალი, 2024 წელი; Nას-1115-2024, 20 ნოემბერი, 2024 წელი; Nას-280-2025, 04 ივლისი, 2025 წელი; Nას-978-2025, 30 სექტემბერი, 2025 წელი; Nას-1258-2025, 28 ნოემბერი, 2025 წელი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 19), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული გარემოება მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით გაბათილებული არ არის. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხე/კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა. მართალია, დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავო ბინა საცხოვრებლად დ.ა–მ გადასცა, თუმცა, ერთი მხრივ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ბინის გადაცემის მომენტისათვის დ.ა. პ.ბ–ვას (სადავო ბინის წინა მესაკუთრე, რომელთანაც დადეს მოსარჩელეებმა 16.06.2021წ. ნასყიდობის ხელშეკრულება) უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელეებმა, რომელთა საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით გაბათილებული არ არის და მოპასუხის მიმართ რაიმე ვალდებულებით არ ყოფილან შებოჭილები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის [ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას] შესაბამისად, მოპასუხეს - მფლობელს წაუყენეს პრეტენზია აღნიშნულ ქონებაზე მფლობელობის შეწყვეტისა და ნივთის დაბრუნების მოთხოვნით. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.ა–ძეს (პ.ნ. ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2026 წლის 02 თებერვალს №31723245387 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია