დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 23.04.2026
საქმის ნომერი
ა-807-შ-27-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-807-შ-27-2026

23 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ც–ი

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე პალატის 2024 წლის 11 ივნისის N JTPI/7282/2024 გადაწყვეტილების (საქმე C/6277/2024-2) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე პალატის 2024 წლის 11 ივნისის N JTPI/7282/2024 გადაწყვეტილებით (საქმე C/6277/2024-2) განქორწინებით შეწყდა ქორწინება, რომელიც შედგა 2012 წლის 16 მარტს, თბილისში (საქართველო) გ.ტ–ძეს, დაბადებული 1967 წლის 06 თებერვალს, გორში (საქართველო) და ე.ც–ს, დაბადებული 1975 წლის 11 სექტემბერს, კასპში (საქართველო), შორის.

2. ე.ც–მა 2026 წლის 20 თებერვალს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა განქორწინების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მან მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრს, რათა განქორწინება დაერეგისტრირებინა, თუმცა რეესტრმა მოსთხოვა წარედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.

4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება აღსრულებულია ჟენევაში.

5. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 მარტის განჩინებით ე.ც–ის შუამდგომლობა ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე პალატის 2024 წლის 11 ივნისის N JTPI/7282/2024 გადაწყვეტილების (საქმე C/6277/2024-2) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ც–ის შუამდგომლობა ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე პალატის 2024 წლის 11 ივნისის N JTPI/7282/2024 გადაწყვეტილების (საქმე C/6277/2024-2) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი ადგენს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა ცნობის წესს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს; იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ საქმე Nა-2761-შ-69-2016, 07 ივლისი, 2017 წელი).

10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში. აღნიშნული კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და, შესაბამისად, ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე პალატის 2024 წლის 11 ივნისის N JTPI/7282/2024 გადაწყვეტილება (საქმე C/6277/2024-2), რომლითაც ე.ც–ი და გ.ტ–ძე განქორწინდნენ, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ც–ის შუამდგომლობა ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე პალატის 2024 წლის 11 ივნისის N JTPI/7282/2024 გადაწყვეტილების (საქმე C/6277/2024-2) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე პალატის 2024 წლის 11 ივნისის N JTPI/7282/2024 გადაწყვეტილება (საქმე C/6277/2024-2), რომლითაც განქორწინებით შეწყდა ქორწინება, რომელიც შედგა 2012 წლის 16 მარტს, თბილისში (საქართველო) გ.ტ–ძეს, დაბადებული 1967 წლის 06 თებერვალს, გორში (საქართველო) და ე.ც–ს, დაბადებული 1975 წლის 11 სექტემბერს, კასპში (საქართველო), შორის;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია