დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 23.07.2025
საქმის ნომერი
ას-130-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

23 ივლისი 2025 წელი

№ას-130-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ჩ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ტ.კ–ი“ (ს.ს. თ.ბ“-ს უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „ტ.კ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კრედიტის გამცემის უფლებამონაცვლე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტში ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს მ.ჩ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“, „კრედიტის ამღები“, „მოვალე“) მიმართ, 2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის №3705031-9194449 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 4924.55 ლარის გადახდის მოთხოვნით, საიდანაც ძირითადი თანხაა 3088.18 ლარი, პროცენტი - 825.91 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი და დაზღვევა - 10.46 ლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2017 წლის 14 სექტემბერს ს.ს. „თ.ბ–სა“ და მ.ჩ–ძეს (ყოფ. მ.ჯ–ა) შორის დაიდო საბანკო კრედიტის №3705031-9194449 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8400 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22.5%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 03 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვის თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 03 რიცხვი, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

2.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 03 დეკემბერს. აღნიშნული სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილი თანხიდან 5311.82 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, 4044.98 ლარით - პროცენტი, 65.99 ლარით - ჯარიმა, ხოლო 129.48 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია. 2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 6366.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 3088.18 ლარი, პროცენტი - 825.91 ლარი, პირგასამტეხლო - 2442.2 ლარი და დაზღვევა - 10.46 ლარი.

2.3. 2022 წლის 21 იანვარს ს.ს. „თ.ბ–სა“ და შ.პ.ს. „ტ.კ–ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბანკსა და მ.ჩ–ძეს შორის დადებული 2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის №3705031-9194449 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შ.პ.ს. „ტ.კ–მა“, შესაბამისად, იგი წარმოადგენს ს.ს. "თ.ბ"-ს უფლებამონაცვლეს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2020 წლის 03 ნოემბერს 267.53 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 03 დეკემბერს ბანკმა განახორციელა ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა, რაც მოპასუხის ნების გამოვლენას არ ადასტურებს. გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული შენატანები არ წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ვალდებულებებს, რომელიც გარკვეულ დროის მონაკვეთის დაშორებით სრულდება, რა შემთხვევაშიც თითოეული შესრულების დარღვევა ცალკ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან კრედიტის თანხა ერთ მთლიანობას წარმოადგენს. შესაბამისად, 2020 წლის 3 თებერვლიდან სამი წლის თავზე მოთხოვნა იქცა ხანდაზმულად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ხობის მუნიციპალიტეტში ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

6.1. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

6.2. გაუქმდა ხობის მუნიციპალიტეტში ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

6.3. შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

6.4. მ.ჩ–ძეს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2543.15 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 2177.67 ლარი, სარგებელი - 208.81 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის შესატანი - 6.67 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2017 წლის 14 სექტემბერს ს.ს. „თ.ბ–სა“ და მ.ჩ–ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №3705031-9194449 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 8400 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22.5%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 03 სექტემბრამდე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 03 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულებით დადგინდა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

7.2. მოვალე მ.ჩ–ძემ დაარღვია საბანკო კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც, 2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, 2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება 6366.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 3088.18 ლარი, პროცენტი - 825.91 ლარი, პირგასამტეხლო - 2442.2 ლარი და დაზღვევა - 10.46 ლარი.

7.3. 2022 წლის 21 იანვარს ს.ს. „თ.ბ–სა“ და შ.პ.ს. „ტ.კ–ს“ შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკსა და მ.ჩ–ძეს შორის დადებული 2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის №3705031-9194449 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შ.პ.ს. „ტ.კ–მა“, შესაბამისად, შ.პ.ს. „ტ.კ–ი“ წარმოადგენს ს.ს. „თ.ბ“-ს" უფლებამონაცვლეს.

7.4. მოვალემ ბოლო გადახდა განახორციელა 2020 წლის 3 ნოემბერს, ხოლო 2020 წლის 03 დეკემბერს კრედიტორის მიერ მოვალის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულია თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა.

7.5. შ.პ.ს. „ტ.კ–მა“ განსახილველი სარჩელით სასამართლოს მიმართა 2023 წლის 20 დეკემბერს.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს საბანკო კრედიტისა და მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებებიდან. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198.1, 867-ე, 868.1, 403.1, 417-418-ე 799.2 მუხლები.

8.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სააპელაციო პალატამ, საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე დაყრდნობით, განმარტა, რომ კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება პირის უფლების დარღვევად და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

8.3. პალატამ შენიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მომხდარიყო.

8.4. მოვალემ ბოლო გადახდა განახორციელა 2020 წლის 3 ნოემბერს, ხოლო 2020 წლის 03 დეკემბერს კრედიტორის მიერ მოვალის საბანკო ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო წესით ჩამოიჭრა; შ.პ.ს. „ტ.კ–მა“ განსახილველი სარჩელით სასამართლოს მიმართა 2023 წლის 20 დეკემბერს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად არ ჩაითვალა იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია 2020 წლის 20 დეკემბრის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებების (როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის და სადაზღვევო შესატანი) შესრულება, ხოლო 2020 წლის 20 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილში მოთხოვნა მიჩნეული იქნა ხანდაზმულად, შესაბამისად, სსკ 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეს მიენიჭა უფლებამოსილება, 2020 წლის 20 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილის გადახდაზე უარი ეთქვა, რაც გამორიცხავდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

8.4. საქმეში წარმოდგენილი კრედიტის გადახდის გრაფიკის თანახმად, 2020 წლის 20 დეკემბრის შემდეგ მოვალეს 2021 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით პერიოდულად უნდა გადაეხადა, ჯამში, კრედიტის ძირი თანხა - 2 177.67 ლარი, სარგებელი - 208.81 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის შესატანი - 6.67 ლარი. აღნიშნული კი, სსკ-ის 867-868-ე, 403-ე და 799-ე მუხლების შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად იქნა მიჩნეული.

8.5. პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევისათვის ფიქსირებული 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც, სარჩელის თანახმად, შეადგენდა 1000 ლარს, იყო არაგონივრული და ემსახურებოდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. კრედიტორმა სადავო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა სამი წლის გასვლის შემდგომ, ამასთან, არ დაასაბუთა თუ რა გარემოებები არსებობდა, რამაც დააბრკოლა უფრო ადრე მიემართა სასამართლოსათვის დარღვეული უფლების აღდგენისათვის. პალატის შეფასებით, 3 წლის განმავლობაში მოთხოვნის წარდგენის დაყოვნებით, კრედიტორმა თავად შეუწყო ხელი პირგასამტელოს ოდენობის გაზრდას, რაც სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნილი 1000 ლარის 150 ლარამდე შემცირების საფუძვლად იქნა მიჩნეული.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი და დაადგინა, რომ სესხი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-100 (კ-20), სადაც ჩამოთვლილია პირობები, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამიჯვნა ერთიანი, ნაწილ-ნაწილ შესასრულებელი ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ ეს ვალდებულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში რეგულარულად თავიდან წარმოიშობა და ეს წარმოადგენს მოთხოვნის ბუნებას (მაგ: ქირავნობა, იჯარა, სარჩოს, ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ა.შ.). ვალდებულების შესრულების რამდენი მომენტიც არსებობს, არსებობს იმდენივე ვალდებულება და შესაბამისად, წარმოიშობა იმდენივე მოთხოვნა, ამასთან, მოთხოვნა შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს მომავალში.

9.2. სესხის ვალდებულება წარმოადგენს არა პერიოდულად, არამედ ნაწილ-ნაწილ შესასრულებელ ვალდებულებას. პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე კრედიტორს შეუძლია სასამართლო წესით მოითხოვოს არა მთლიანად, არამედ მხოლოდ კონკრეტული პერიოდის შეუსრულებელი ვალდებულება, მაგალითად, გადაუხდელი 3 თვის საიჯარო ქირა ან გადაუხდელი 3 თვის ალიმენტი და ასე შემდეგ, კრედიტი კი, განეკუთვნება ნაწილ-ნაწილ შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი ითხოვს არა გადაუხდელი კრედიტის ოდენობას, არამედ მთელი თანხის დაბრუნებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15.1. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით სესხის ნაწილ-ნაწილ გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად უნდა შეფასდეს და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაც, შესაბამისად, სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე აითვალოს.

15.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).

15.3. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

15.4. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

16.1. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

16.2. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ. №ას-868-830-2014, 19.03.2015წ.).

16.3. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ. №ას-599-562-2010, 01.12.2010წ.).

16.4. ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).

16.5. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

16.6. განსახილველ შემთხვევაში კრედიტის მიმღებს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა (სსკ-ის 873-ე მუხლი). შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

16.7. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგებები წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-1432-1351-2012, 20.05.2013წ.; №ას-934-899-2016, 14.02.2017წ.; №ას-462-462-2018 22.06.2018წ.).

16.8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს კასატორის არგუმენტი, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის მიერ კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაფარვა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად არ უნდა ჩათვალოს.

16.9. ზემოაღნიშნული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი და სტაბილური პრაქტიკა მიუთითებს, რომ კასატორის დასახელებული არგუმენტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალისათვის თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულების არსებობა ცალსახად შეესაბამება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სამართლებრივ ბუნებას და სხვაგვარად მისი შეფასება მცდარია (იხ. სუსგ. №ას-462-462-2018 22.06.2018წ.).

17.1. გარდა ციტირებული სასამართლო პრაქტიკისა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, რომლითაც კრედიტის უკან დაბრუნება ნაწილ-ნაწილ, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად არის შეთანხმებული, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა კატეგორიას მიაკუთვნებს იურიდიული ლიტერატურაც, სახელდობრ, პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის კომენტარს, რომელშიც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად და მისგან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრის სპეციალური წესის გამოყენების საგნად დასახელებულია არამარტო პერიოდულად განმეორებადი ქმედებები (მაგალითად, როგორც საკასაციო საჩივარშია მითითებული: ჟურნალ-გაზეთების გარკვეული პერიოდულობით მისამართზე გაგზავნის ვალდებულება; წინასწარ დაგეგმილ გასართობ ღონისძიებაზე დაშვების ვალდებულება; გარკვეული პერიოდულობით მებაღის მიერ ბალახის გათიბვის ვალდებულება და ა.შ.) არამედ ნაწილ-ნაწილ შესასრულებელი ვალდებულებებიც. „ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ., ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. ვალდებულების ერთდროული ან ნაწილ-ნაწილ შესრულება მხარეთა შეთანხმებაზე (ნასყიდობა გადახდის განვადებით – 507) ან შესასრულებელი ვალდებულების არსზეა (მაგ., სარჩოს, პენსიის, ხელფასის გადახდის მოთხოვნის უფლება) დამოკიდებული. თუ კრედიტორი თანახმაა, მოვალეს შეუძლია ვალდებულება ნაწილ-ნაწილ (ნაწილობრივი შესრულება) შეასრულოს ხელშეკრულების დადების შემდეგაც (378). განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადის ათვლა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება. ვადის გამოთვლის აღნიშნული წესი ზოგადია და გამოიყენება განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელ ვალდებულებათა მიმართ...მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულობის ვადის ასეთი გამოთვლა დაწესებულია მხოლოდ ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც განსაზღვრულია ვალდებულების ცალკეული ნაწილის (მოქმედების) შესრულების კონკრეტული დრო...“ (კვანტალიანი ნ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 129, გვ. 730, ველი 5,6,7).

17.2. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის კომენტარსაც, რომლის თანახმად, „იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით იმთავითვე დადგენილია ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულება, მაშინ ყოველი ნაწილის შესრულების მიმართ მოქმედებს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა, სამი წელია (129 II). კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. მაგ., თუ საკრედიტო დაწესებულება 2006 წლის სექტემბრის თვეში გასცემს კრედიტს 10 წლის ვადით, ვალდებულების ყოველთვიურად შესრულების პირობით, ხოლო სარჩელით ბანკი სასამართლოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით 2011 წლის ნოემბერში მიმართავს, სასარჩელო მოთხოვნა 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე ხანდაზმული იქნება. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ის ფაქტი, რომ საკრედიტო ურთიერთობა ათწლიანი იყო“. (მესხიშვილი ქ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, მუხლი 378, გვ. 486, ველი 20).

18. დამატებით, საკასაციო პალატა კასატორს მიუთითითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე (იხ. სუსგ. №ას-462-462-2018 22.06.2018წ.), რომელშიც, კასატორის იდენტური პრეტენზიების საპასუხოდ, საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შეთანხმება კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებაზე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სახეა და მასზე ისევე ვრცელდება სსკ 129.2 მუხლი, როგორც დროის გარკვეულ ინტერვალებში შესასრულებელ მოქმედებებზე.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით არ დაუდასტურებია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის გამაქარწყლებელი არგუმენტები, რომ 2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის №3705031-9194449 ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნა 2020 წლის 20 დეკემბრიდან 2021 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით გადასახდელი თანხების ნაწილში ხანდაზმული არ არის.

20. მიუხედავად იმისა, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს სრული მოცულობით, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას სადავო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების არსებობა და მისი გონივრულ ოდენობად მიჩნეულია 150 ლარი. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტს არც სარგებლისა და სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების უმართებულობასთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმებისას, შეზღუდულია რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით, ზემოაღნიშნულ საკითხებზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

21. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, ხოლო კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაშვებულ იმგვარ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც, შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონოდა საქმის საბოლოო შედეგზე. საკასაციო საჩივრიდან არ ვლინდება მისი დასაშვებობის არც სხვა რომელიმე საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%, რაც 105 ლარს შეადგენს, უკან უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.ჩ–ძეს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება № 829, გადახდის თარიღი: 21.02.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი