დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
10 ოქტომბერი 2025 წელი
№ას-885-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. ,,მ.ბ–ი"
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „შემკვეთი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. „მ.ბ“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მენარდე“, „მენაშენე“) მიმართ, პირგასამტეხლოს - 48837.12 ლარის გადახდის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2020 წლის 06 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და შ.პ.ს. „მ.ბ–ს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, ........... და ვაზისუბნის საცხ. რაიონს შორის, (ნაკვეთი 14/140) (ს/კ: ..........) მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლ(ებ)ში სულ 5516.30 კვ.მ., ჯამში, 82 ბინა (ოროთახიანი - 44, სამოთახიანი - 20, ოთხოთახიანი - 18). უძრავი ქონების ღირებულება 1 კვ.მ.-ის საცხოვრებელ ფართზე განისაზღვრა 1853 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება - 10 219 480.30 ლარით. უძრავი ქონების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების ვადა - 2022 წლის 01 იანვრის ჩათვლით.
2.2. 2020 წლის 10 ნოემბრის №2020/04/02/01 ხელშეკრულებით ცვლილება განხორციელდა 2020 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებაში, კერძოდ დაემატა თითოეული ბინის ინდივიდუალური საკადასტრო კოდი, ცვლილება ასევე შეეხო ხელშეკრულების ღირებულებას, რაც ნაცვლად 10 219 480.30 ლარისა, განისაზღვრა 10 219 109.70 ლარით. 2021 წლის 8 ნოემბრის №2020/04/02/02 ხელშეკრულებით მხარეებმა კვლავ ცვლილება შეიტანეს 2020 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებაში, კერძოდ, ცვლილება შეეხო უძრავი ქონების მიწოდების ვადას და 2021 წლის 01 ნოემბრის ნაცვლად, მიწოდების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 2022 წლის 01 იანვრის ნაცვლად, განისაზღვრა 2022 წლის 01 მარტის ჩათვლით.
2.3. 2021 წლის 21 დეკემბრის №3 ოქმით კომისიამ განიხილა კომპანიის წერილი და დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მიწოდების ვადის ცვლილების შესახებ. მენარდეს მიწოდების ვადა განესაზღვრა 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით, პირგასამტეხლოს გარეშე.
2.4. 2022 წლის 28 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი №1. ამავე აქტით, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 10 174 399.59 ლარით. მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ნაცვლად 2022 წლის 20 თებერვლისა, წარადგინა 2022 წლის 27 აპრილს, 65 დღის ვადაგადაცილებით. 2022 წლის 02 ივნისის №10 ოქმით კომისიამ განიხილა მენარდის წერილი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, რის საფუძველზეც, კომპანიას მიწოდების ვადაგადაცილების 65 დღიდან საპატიოდ ჩაეთვალა 41 კალენდარული დღე. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 24 კალენდარულ დღეზე დაანგარიშებული პირგასამტეხლოს თანხა, რაც 132 267.20 ლარის ნაცვლად, შეადენს 48 837.12 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დროულად შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით, დარჩენილი იყო მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ერთი ვალდებულება ე.წ. შენობა-ნაგებობის ექსპლუტაციაში მიღება, რაც უნდა განეხორციელებინა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს. მოპასუხის მითითებით, მშენებლობის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში იყო პანდემია და ფორს-მაჟორულ გარემოში უხდებოდათ მოღვაწეობა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლმა განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი უნდა შემცირებულიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ს.ი.პ. დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შ.პ.ს. „მ.ბ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 4883.71 ლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2020 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და შ.პ.ს. „მ.ბ–ს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა: ქ.თბილისი, .......... და ვაზისუბნის საცხ. რაიონს შორის, (ნაკვეთი 14/140 (ს/კ: .........)) მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლ(ებ)ში მდებარე სულ 5516.30 კვ.მ. ფართის, 82 ბინა (ოროთახიანი - 44, სამოთახიანი - 20, ოთხოთახიანი -18).
7.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, 1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულება შეადგენდა 1853 ლარს, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება - 10 219 480.30 ლარს.
ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდება უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2021 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად, ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მენაშენეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
7.3. 2020 წლის 10 ნოემბრის №2020/04/02/01 ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა 2020 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებაში, კერძოდ დაემატა თითოეული ბინის ინდივიდუალური საკადასტრო კოდი, ცვლილება შეეხო ხელშეკრულების ღირებულებასაც და ნაცვლად 10 219 480.30 ლარისა, განისაზღვრა 10 219 109.70 ლარით.
7.4. 2021 წლის 8 ნოემბრის №2020/04/02/02 ხელშეკრულებით მხარეებმა კვლავ შეიტანეს ცვლილება 2020 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულებაში, კერძოდ, ცვლილება შეეხო უძრავი ქონების მიწოდების ვადას და 2021 წლის 01 ნოემბრის ნაცვლად, მიწოდების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
7.5. 2021 წლის 21 დეკემბრის №3 ოქმით კომისიამ განიხილა მენაშენის წერილი მიწოდების ვადების გახანგრძლივების შესახებ და დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, სახელდობრ, კომისიამ მენაშენეს მიწოდების ვადა განუსაზღვრა 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით, პირგასამტეხლოს გარეშე.
7.6. 2022 წლის 28 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი №1. ამავე აქტით, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 10 174 399.59 ლარით.
7.7. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ნაცვლად 2022 წლის 20 თებერვლისა, მოსარჩელეს წარუდგინა 2022 წლის 27 აპრილს, 65 დღის ვადაგადაცილებით.
7.8. 2022 წლის 2 ივნისის №10 ოქმით კომისიამ განიხილა მენაშენეს წერილი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, რის საფუძველზეც, ამ უკანასკნელს მიწოდების ვადაგადაცილების 65 დღიდან საპატიოთ ჩაეთვალა 41 კალენდარული დღე.
7.9. ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა 24 კალენდარული დღისთვის, რამაც შეადგინა 48 837.12 ლარი.
8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის პირგასამტეხლოს ოდენობასთან თანაფარდობის, აგრეთვე ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულად მაღალი იყო და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. შესაბამისად, დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, მიიჩნია მართებულად შემცირებულად 4883.71 ლარამდე.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო: ხელშეკრულება დადებული იყო სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სანქციები. მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეესაბამებოდა კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების შესრულების მიმართ. კრედიტორმა სააგენტოს მოპასუხეს სარჩელის აღძვრამდე ნებაყოფლობით აპატია პანდემიის დროს გამოცხადებული უქმე დღეების შესაბამისად შეუსრულებელი სამუშაოები და პირგასამტეხლოს ოდენობა დაითვალა შეუსრულებელი ვალდებულებიდან, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
15.1. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ. №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
15.2. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
15.3. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; №ას-386-2019, 02.04.2021წ.; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
15.4. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
16.1. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებით პირობას წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიგურაციის უძრავი ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში გადასაცემად შექმნა; დადგენილია, რომ დასახელებული ვალდებულება მოპასუხის მიერ შესრულებულია. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ე.წ. ჩვეულებრივი პირობებიც, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში ჩაბარებისა და ფართების ინდივიდუალური საკუთრების ობიექტებად რეგისტრაციის ვადები. მხარეთა შორის წარმოებული კომუნიკაციით ნათელია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო მიემართებოდა სწორედ დასახელებული ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობას.
16.2. საკასაციო პალატის განსჯით, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მსჯელობისას, სანქციის სიმძიმის განსაზღვრის მიზნით, მხარეთა ინტერესების დაბალანსების უზრუნველსაყოფად, ყოველთვის საყურადღებოა, დარღვეული ვალდებულება წარმოადგენს გარიგების არსებით თუ ჩვეულებრივ, რიგით პირობას. იგულისხმება, რომ არსებითი პირობის რღვევა კრედიტორს მეტად აზიანებს, ვიდრე არაძირითადი ვალდებულებისა. იმ მოცემულობაში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ნივთების შექმნის/აშენების ნაწილში კრედიტორის ინტერესი დროულად დაკმაყოფილებულია, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში დროული ჩაუბარებლობა და აშენებული ფართებისათვის ინდივიდუალური სარეგისტრაციო მონაცემების დათქმულ ვადებში მიუნიჭებლობა, პალატის განსჯით, არ საჭიროებს იმ სიმწვავის პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, როგორსაც კრედიტორი მოვალის მიმართ გამოიყენებდა ძირითადი ვალდებულების - მშენებლობის ვადების რღვევისათვის. საგულისხმოა ისიც, რომ ვადაგადაცილების მიუხედავად, ვალდებულება შესრულებულია - 19.04.2022 წელს შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში მიღებულია, შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ამ ნაწილში დაგვიანებით, თუმცა მაინც დაკმაყოფილებულია. საკასაციო პალატა იმასაც შენიშნავს, რომ ვადაგადაცილებაში მოვალის ბრალის ხარისხი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოპოვების ვალდებულების ვადების რღვევაში არ არის იმდენად მაღალი, როგორც, მაგალითად, სამუშაოების წარმოების ვადების ვალდებულების რღვევისას იქნებოდა, ვინაიდან ექსპლუატაციაში მიღებისა და სარეგისტრაციო ვადები, გარკვეულწილად, მენარდის კონტროლს მიღმაა და უპირატესად, დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებზე.
16.3. დასახელელ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატის განსჯით, 48837.12 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ემსახურებოდა არა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის საპირწონე პასუხისმგებლობის დაკისრებას, არამედ კრედიტორის გამდიდრებას, რაც სცდება პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებას, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს და გაუმართლებლად ამძიმებს მოვალის სამართლებრივ მდგომარეობას. ათჯერ შემცირების შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლო - 4883.71 ლარი - გონივრულ ფარგლებში ემსახურება ვალდებულების დამრღვევი პირის სანქცირების ამოცანას, ამავდროულად, შეესაბამება დარღვეული ვალდებულების მნიშვნელობასა და ხანგრძლივობას, აგრეთვე, მოვალის ბრალის ხარისხსა და კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების დროული შესრულებისადმი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18.1. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
18.2. კასატორ ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე მართებდა 2197.67 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივრის ფასი 43953.41 (48837.12 – 4883.71) ლარს შეადგენდა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 2441.86 ლარი. სხვაობა დასახელებულ თანხებს შორის, რაც შეადგენს 244.19 ლარს, კასატორს უკან დაუბრუნდება, როგორც ზედმეტად გადახდილი.
18.3. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის მოტივით განუხილველად დატოვების გამო კი, კასატორს უკან დაუბრუნდება 2197.67 ლარის 70%, რაც შეადგენს 1538.37 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციის ს/კ .......) დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 244.19 ლარი (საგადახდო მოთხოვნა № 09700, გადახდის თარიღი: 01.04.2025წ) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციის ს/კ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2197.67 ლარის (საგადახდო მოთხოვნა № 09700, გადახდის თარიღი: 01.04.2025წ) 70% – 1538.37 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი