დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-314-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.ბ–იი (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარეები – შ.კ–ი, მ.კ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით შ.კ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ.კ–ის სარჩელი მ.კ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ.კ–ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ........... (ს/კ.........) მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ.კ–ის კუთვნილი 108/292 წილიდან, მ.კ–ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის, კერძოდ, ორსართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 84,94 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის და 2.96 კვ.მ სათავსოს მესაკუთრედ, შ.კ–ისათვის 41250 ლარის გადახდის სანაცვლოდ და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. შ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ.კ–ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა 2,96 კვ.მ. ფართის მქონე სათავსო და გადაეცა შ.კ–ის. დანარჩენ ნაწილში შ.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ.კ–ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, .......... (ს/კ...........) მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ.კ–ის კუთვნილი 108/292 წილიდან, მ.კ–ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის, კერძოდ, ორსართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 84,94 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, შ.კ–ისათვის 41 036,21 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.კ–იმ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
3. 2024 წლის 15 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ვ.ბ–იის წარმომადგენელმა, ზ.ჟ–ძემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით, განცხადება არ დაკმაყოფილდა.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ვ.ბ–იიმ, რომელმაც განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
6. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქმის წარმოების განახლება დამოკიდებულია იმის დადგენაზე, თუ ვისი საკუთრებაასადავო ფართი. განცხადებაში მკაფიოდ იყო მითითებული, მ.კ–ი ნამდვილად ცხოვრობს ქ. თბილისში, .......... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, რაც შეეხება შ.კ–ის, მისი თანასაკუთრების წილი ნამდვილად არ მდებარეობს შენობის პირველ სართულზე. უფრო მეტიც, ქ. თბილისში, .......... მდებარე საცხოვრებელი სახლი არის სამი პირის თანასაკუთრება: შ.კ–ი - 108/292 ნაწილი, ვ.ბ–იი - 90/292 ნაწილი და რ.ჯ–ი - 94/292 ნაწილი. თანასაკუთრების წილები ოფიციალურად არ არის გამიჯნული და შესაბამისად თითოეული თანასაკუთრების (ფართის) მდებარეობა არც თავად თანამესაკუთრეებისთვის და მითუმეტეს ნებისმიერი მესამე პირისთვის, მათ შორის, მ.კ–ისთვის და სასამართლოსთვისაც არ არის იდენტიფიცირებული.
7. თანასაკუთრების წილები გამიჯნულია მხოლოდ ფაქტობრივი ფლობით და შ.კ–ი ფლობს მეორე სართულზე არსებულ ფართს, სადაც ატარებდა სარემონტო სამუშაოებს, რომლეთა მიმდინარეობაც ემთხვევა სასამართლო დავის პერიოდს. მეორე სართულზე ფლობს თანასაკუთრებაში არსებულ ფართს რ.ჯ–იც.
8. რაც შეეხება პირველ სართულზე არსებულ ფართს, რომელიც ფაქტურად არის ვ.ბ–იის თანასაკუთრების ფართი, მისი ნაწილი უკავია მ.კ–ს, თავად ვ.ბ–იი მრავალი წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ. შ.კ–ის, რ.ჯ–სა და ვ.ბ–იის შორის თანასაკუთრების წილების ფაქტობრივი გამიჯვნა არ მომხდარა მათი ზეპირი შეთანხმებით. ასეთი ფაქტობრივი გამიჯვნა არის (მათი შეთანხმების გარეშე) ობიექტურად არსებული რეალური მოცემულობა, რასაც აქვს მყარი ფაქტობრივი და გარკვეულწილად სამართლებრივი საფუძველიც. კერძოდ: საჯარო რეესტრში რეგისტრირებული თანასაკუთრების წილები (108/292, 90/292 და 94/292) განსაზღვრულია მთლიანი სახლის სართულებრივი გეგმისა და ნახაზების მიხედვით მხოლოდ საცხოვრებელი ფართიდან, რომლის ოდენობაც არის 292 კვ.მ. შესაბამისად, თითოეული თანასაკუთრების წილი განსაზღვრულია იმის მიხედვით, თუ რამდენი კვ.მ. საცხოვრებელი ფართია თითოეული თანამესაკუთრის საკუთრებაში. ანუ, შ.კ–ის წილი არის მთლიან სახლში 108 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რ.ჯ–ის წილი არის 94 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ასევე ვ.ბ–იის თანასაკუთრების წილი არის 90 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. სახლის სართულებრივი გეგმის და ნახაზის მიხედვით (სადაც მკაფიოდ არის აღნიშნული საცხოვრებელი ოთახების ფართებიც და განლაგებაც. ოთახები არის დანომრილი და მათი დანიშნულება (საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი) მითითებულია სახლის სართულებრივი გეგმის აღწერილობაში.
9. შენობის მეორე სართულზე ერთ მხარეს არის სამი ერთმანეთთან დაკავშირებული საცხოვრებელი ოთახი, რომელთა საერთო ფართიც (იმავე ნახაზის მიხედვით) არის 107.76 კვ.მ. რაც შეესაბამება შ.კ–ის 108 კვ.მ.-ს და სწორედ ეს ფართი არის მისი თანასაკუთრების წილი. მეორე სართულზე საპირისპირო მხარეს არის ასევე ერთმანეთთან დაკავშირებული სამი საცხოვრებელი ოთახი, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 94.6 კვ.მ.-ს რაც შეესაბამება რ.ჯ–ის თანასაკუთრების წილს - 94/292 (ანუ 94 კვ.მ.). პირველ სართულზე არის შედარებით მცირე ზომის ოთხი საცხოვრებელი ოთახი, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 93.42 კვ.მ.-ს (ამ ოთახების ფართები სხვადასხვა აზომვების შედეგად, რამოდენიმეჯერ შეიცვალა უმნიშვნელოდ), პირველ სართულზე არსებული დანარჩენი ფართი არის სამი არასაცხოვრებელი (დამხმარე ფართის) ოთახი, მეორე სართულზე ასასვლელი ორი სხვადასხვა კიბის უჯრედი, დერეფნები და საკმაოდ მოცულობითი ღია ჰოლი.
10. ფაქტობრივად, სასამართლომ შ.კ–ისა და მ.კ–ს შორის დავის განხილვისას და გადაწყვეტისას ისე მიიჩნია სადავო ფართი შ.კ–ის თანასაკუთრებაში არსებულ ფართად, რომ არც ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ყოფილა საქმეში (ვერც იქნებოდა, ვინაიდან ასეთი რამ საერთოდ არ არსებობს) და არც დანარჩენი ორი თანამესაკუთრის აზრი და პოზიცია არ უკითხავს. უფრო მეტიც, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ამ საკითხზე, ანუ იყო თუ არა შ.კ–ი მ.კ–ის უკანონო მფლობელობიდან შენობის პირველ სართულზე არსებული ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნის უფლების მქონე პირი და პირიქით, მ.კ–ის სარჩელზე იყო თუ არა სათანადო მოპასუხე, ანუ პირველ სართულზე არსებული ფართის მესაკუთრე. ფაქტიურად, სასამართლოებმა სამი თანამესაკუთრის გაუმიჯნავი წილებიდან სადავო ფართი ერთ-ერთი თანამესაკუთრის საკუთრებად მიიჩნიეს დანარჩენი ორი მესაკუთრის არათუ მონაწილეობით და მათი პოზიციის მოსმენით, არამედ მათი სრული ინფორმირებულების გარეშე, მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის და კიდევ სხვა არამესაკუთრე პირის, ორი მოდავე მხარის სარჩელების და შესაგებლების მიხედვით.
11. ვ.ბ–იის თანასაკუთრების წილი არის სახლის პირველ სართულზე, რომელიც გამოყენების თვალსაზრისით არის ბევრად პერსპექტიული ვიდრე მეორე სართული. პირველ სართულზე მ.კ–ის მიერ ფართის გარკვეული ნაწილის ფლობის მიუხედავად ვ.ბ–იის აქვს არაერთი გზა და საშუალება, რომ სრულად შეინარჩუნოს მისი კუთვნილი ფართი პირველ რიგში შეთანხმებით, რაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის შეთავაზებებითა და პირობებით. ასევე, თუნდაც ამ ფართის ნაწილზე მარინა კანდელაკთან, თუნდაც როგორც მოსარგებლის კანონით გათვალისწინებული უფლების საფუძველზე დავის პირობებშიც, ვ.ბ–იის აქვს რეალური ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ სასამართლო გზით დადგეს განსხვავებული შედეგი და მაქსიმუმ მ.კ–ი კომპენსაციის სანაცვლოდ ცნობილი იქნეს ბევრად ნაკლებ ფართზე, ვიდრე 84. 94 კვ.მ. თუმცა დაშვების დონეზე, შესაძლებელია, მ.კ–თან დავა დასრულდეს ვ.ბ–ისთვის უფრო უკეთესი შედეგით.
12. გასაჩივრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ შეიძლება ვ.ბ–იის მისგან სრულიად დამოუკიდებლად მოესპოს საკუთრების უფლება მის კუთვნილ ფართზე და სულ მცირე, საკუთარ ფართზე სამოქალაქო სამართალურთიერთობის წესით შეთანხმების ან თუნდაც სასამართლო დავით თვითონ დაიცვას საკუთარ უძრავ ნივთთან დაკავშირებული უფლებები და ინტერესები.
13. საკუთრების არსებობის ფაქტი დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, სადაც მითითებულია თანასაკუთრების წილები. ასევე, აღნიშნული დგინდება სახლის სართულებრივი გეგმის ექსპლიკაციაში.
14. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლი არის საზიარო და თანამესაკუთრე არ არის იზოლირებული. აღნიშნული მსჯელობა არარელევანტურია, რადგან ამ ეტაპზე მთავარია დადგინდეს სახლის მესაკუთრე შ.კ–ი არის თუ ვ.ბ–იი. აღნიშნულ ვერ დადგინდება იმაზე მსჯელობით, სახლი არის საზიარო თუ ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რადგან ორივე შემთხვევაში ერთნაირადაა შესაძლებელი სადავო ფართი იყოს ან შ.კ–ის, ან ბარსკიის ან რ.ჯ–ის საკუთრება.
15. საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თითქოს რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი საზიარო არ არის. პალატა აღნიშნულ მსჯელობას არასწორად აფუძნებს რეგისტრაციის მონაცემში მითითებულ წილობრივ მონაცემებს. სინამდვილეში, კი სახლი სამ ბინადაა გაყოფილი, რომლებიც იზოლირებულია ერთმანეთისგან. რეალურად, მართალია, მესაკუთრეთა წილები ოფიციალურად იზოლირებულად არ არის გამიჯნული და საკუთრება საზიაროა, თუმცა ფაქტობრივი ფლობით საკუთრება უკვე გამიჯნულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამიჯვნა ოფიციალურად არსადაა დადასტურებული. ვერც ერთი ოფიციალური დოკუმენტი ვერ დაადგენს გამიჯვნის რეალობას თუ კი ამას თავად მესაკუთრეები არ მიუთითებენ.
16. სააპელაციო პალატა ასევე უთითებს იმ მტკიცებულებებზე (ნახაზებზე და დასკვნებზე), სადაც ნამდვილად დგინდება, რომ ბინები იზოლირებულია. საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული საქმის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ არის პირველ სართულზე არსებული ფართის მესაკუთრე და არ არის საჭირო იმის დადგენა, სახეზე საზიარო საგანია თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
17. ასევე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველ სართულზე განთავსებული სადავო ფართის მესაკუთრეა შ.კ–ი და არა ვ.ბ–ი, თუმცა მის მიერ გაკეთებული აღნიშნული დასკვნა მტკიცებულებების არასწორი გამოკვლევის შედეგია. საბოლოოდ კი პალატამ არასწორად დაასკვნა, რომ ბინა, რომელის მესაკუთრეც ი.ბ–ი იყო რა რომელსაც მ.კ–ის ოჯახი 1970-ინი წლებიდან ფლობდა, ამჟამად შ.კ–ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
18. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 1987 წელს ი.ბ–ი იყო მთლიანი სახლის მესაკუთრე, რომელიც გაყიდა რ.ჯ–ის საკუთრებაში არსებული ფართი. სწორედ ი.ბ–იმ გადასცა ვ.ბ–ის 1989 ლის 11 იანვარს ჩუქების საფუძველზე 90/292 კც.მ. ი.ბ–იმ დაიტოვა 108/292 კვ. მ. რომელიც ანდერძით დაუტოვა შ.კ–ის. სასამართლომ კი არასწორად დაასკვნა, რომ ი.ბ–ისა და მ.კ–ის მეუღლეს შორის არსებული სადავო ფართი არის სწორედ ი.ბ–ისგან შ.კ–იზე გადაცემული 108/292 კვ.მ.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და საქმის განახლების საფუძველი, კერძოდ: „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიZლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ: გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
23. სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“ (იხ.: მ. სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).
24. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
25. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 265-ე მუხლის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ მართალია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სარგებლობს საბოლოობისა და უცვლელობის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის დაცვას, თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი მექანიზმის არსებობას. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში და შესაბამისი საპროცესო წესის დაცვით.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში საქმის წარმოების განახლების საკითხს ეძღვნება თავი LII, რომელიც წარმოადგენს მოქნილ, საგამონაკლისო საპროცესო ინსტრუმენტს. იგი ადგენს განცხადების შეტანის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს და განსაზღვრავს კანონით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელი ხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვა.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ობიექტი სსსკ-ის LII თავის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავენ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს, ისე ის განჩინებები, რომლებიც პროცესს საბოლოოდ ასრულებენ. ასეთ ობიექტებად მიიჩნევა პირველი ინსტანციის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები (საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ), აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები და შესაბამისი განჩინებები, მათ შორის განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ყველა სხვა, შუალედური ხასიათის განჩინება, რომელიც მხოლოდ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულებას ან საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას ემსახურება და პროცესის დასრულებას არ იწვევს, ვერ ჩაითვლება საქმის წარმოების განახლების ობიექტად (აღნიშნულ საკითხზე დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-730-2020, 12.10.2020წ.; №ა-2175-ა-11-2023, 05.05.2023წ.; №ა-252-ა-7-2025, 09.12.2025წ.).
28. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
29. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
30. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული რეგულირების თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კი არსებობს შემდეგი წინაპირობები: 1) პირი, რომლის უფლებებსა და მოთხოვნებს უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება; 2) ასეთი პირი არ იყო სასამართლოში საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით მოწვეული საქმის განხილვაზე; 3) აღნიშნულ პირს არ შეეძლო საქმის განხილვისას საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზაცია.
31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის კვლევის საგანია ის, თუ რამდენად არსებობს ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ესე იგი, რამდენად იყო სახეზე ისეთი სამართალსუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დასახელებულ წინაპირობებს.
32. იმისათვის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა წარმატებული იყოს, აუცილებელია დადასტურდეს მისი საკუთრებითი უფლება სადავო გადაწყვეტილებით მხარისთვის გადაცემული ქონების მიმართ. უძრავი ქონების მიმართ საკუთრების დადასტურება შესაძლებელია საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრირების არსებობის გზით. ამ კუთხით, საჩივრის ავტორის შედავება მიმართულია ისეთი თანასაკუთრების არსებობისკენ, როდესაც რეესტრში მითითებულია საზიარო უფლება. ასეთი უფლების არსებობა კი ადასტურებს დასახელებული ნორმის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების მართლზომიერებას.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სადავო სახლში საკუთრება რეგისტრირებულია შემდეგი სახით: შ.კ–ი - 108/292; ვ.ბ–ი - 90/292 და რ.ჯ–ი - 94/292. სინამდვილეში, სახლი სამ ბინადაა დაყოფილი, რომელთაგან შ.კ–ის 108 კვ.მ. ფართობის, განმცხადებელს - 90 კვ.მ. ფართობისა და რ.ჯ–ს - 94 კვ.მ. ფართობის მქონე ბინები ეკუთვნით. (აღნიშნულს ასევე ადასტურებს თავად საჩივრის ავტორის პოზიციაც, როდესაც უთითებს, რომ მისი ბინა პირველ, ხოლო შ.კ–ის - მეორე სართულებზეა. ბინების იზოლირება ასევე დასტურდება ნახაზებითა და ექსპერტიზის დასკვნებით.
34. საკასაციო პალატა მიუთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბინა მრავალბინიან სახლში არის მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის; ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მრავალბინიანი სახლი არის სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან); ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კი მესაკუთრე არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე.
35. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო სახლი დაყოფილია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, იზოლირებულ ბინებად. ასევე დადგენილია, რომ შ.კ–ი, ვ.ბ–იი და რ.ჯ–ი არიან მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეები. რაც შეეხება საზიარო უფლების არსებობის საკითხს, საქმის განხილვა დასრულდა ისე, რომ არ დადგენილა საზიარო თანასაკუთრება მხარეებს შორის.
36. დადგენილია, რომ მ.კ–ი და მისი ოჯახის წევრები, თავდაპირველად, სამართლებრივ ურთიერთობაში ი.ბ–ისთან იმყოფებოდნენ და მის ქონებას ფლობდნენ. ქ. თბილისის კიროვის რაიონის სასამართლოს 1987 წლის 27 ივლისის განჩინებით სადავო ბინაზე დამტკიცდა მორიგება ი.ბ–ისა და მ.კ–ის მეუღლეს, ბ.ვ–ძეს შორის;
37. ასევე წარმოდგენილია კიროვის რაიონის სახალხო სასამართლოს 1987 წლის 27 ივლისის მეორე განჩინებაც, რომლითაც დადგინდა, რომ ი.ბ–ის მ.კ–ის ოჯახის წევრის, ნ.ვ–ძის სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობა მოუთხოვია, თუმცა შემდეგ სარჩელზე უარი უთქვამს, იმ მოტივით, რომ მოპასუხე „ხსენებული მისამართიდან უკვე ამოეწერა“.
38. საქმეში ასევე არის ქ. თბილისის კიროვის სახ. რიონის შს განყოფილების უფროსის 1985 წლის 26 დეკემბრის მიმართვა, რომლითაც დგინდება, რომ ი.ბ–ისა და მ.კ–ის ოჯახის წევრებს შორის სადავო ბინასთან დაკავშირებით სხვა დავაც ყოფილა: „ი. ბ–ის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მისი ბინის რეკონსტრუქციის შედეგად მისმა ბინის მეწილეებმა ვ–ეების ოჯახმა გაზის მოწყობილობა გადაიტანეს ბინის სიღრმეში, სადაც ვინტილაცია არ მოქმედებს. ამჟამად გაზის გაყვანილობა ჩაჭრილია და გაუქმებული სათანადო სამსახურის მიერ“.
39. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მხარეთა უფლებები იმ ბინაზე, რომელიც, თავის დროზე, სწორედ ი.ბ–ის ეკუთვნოდა.
40. ასევე ხაზგასასმელია, რომ 1999 წლის 1-ელ ოქტომბერს შედგენილი „საინვენტარიზაციო გეგმის“ მიხედვით, მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეები იყვნენ - 108/292 - ბ. ი. ი. ძე; 94/292 - ჯ. ე. ს. ას და 90/292 ბ.ვ. ი. ასული. ამჟამად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მრავალბინიან სახლში შ.კ–ის 108/292, განმცხადებელს - 90/292, ხოლო რ.ჯ–ი - 94/292 ბინები ეკუთვნით;
41. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე დადგინდა, რომ 108/292 ბინა, რომლის მესაკუთრეც ი.ბ–ი იყო და რომელსაც მ.კ–ის ოჯახი 1970-იანი წლიდან ფლობდა, ამჟამად, შ.კ–ის საკუთრებადაა რეგისტრირებული. შესაბამისად, საჩივრის ავტორს ეკუთვნის 90 კვ.მ. ფართობის მქონე სხვა ბინა, რომელიც „საინვენტარიზაციო გეგმის“ შესაბამისადაც, ი.ბ–ის ქონებისაგან იზოლირებულია.
42. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილი ნახაზით დაიდენტიფიცირდა საჯარო რეესტრში შ.კ–ის სახელზე რეგისტრირებული ბინა, კერძოდ, ბინა მუქი ფერით არის შემოსაზღვრული. დამატებით, 2018 წლის 15 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა შ.კ–ის წარმომადგენელმა, ტ.ა–ამ და სასამართლოს „შ.კ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, ............“ აზომვითი ნახაზი წარუდგინა. ამ შუამდგომლობას თანდართულ შპს „კ–ის“ მიერ 2018 წლის 9 ოქტომბერს შედგენილ ნახაზზე სწორედ სადავო ბინა არის ასახული.
43. ასევე საგულისხმოა შპს „ს–ის“ 2021 წლის 6 აპრილის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ამონაწერის მიხედვით ობიექტის საერთო ფართია 108/292 წილი, ხოლო დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე შესაფასებელია: საცხოვრებელი სივრცე 84,94 კვ.მ. და სათავოს 2.96 კვ.მ. შესაბამისად, ცალსახად დადასტურდა, რომ ექსპერტმა სადავო ქონება სწორედ 108/292, ე.ი. შ.კ–ის კუთვნილი ბინის ნაწილად მიიჩნია.
44. ზემოაღნიშნულის საპასუხოდ, საჩივრის ავტორს (განმცხადებელს) არ წარმოუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა დასახელებულ დადგენილი და გამოკვლეული გარემოებებით განსაზღვრულ რეალობას. დამატებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, სახლის ნახაზები, რომელიც მან განცხადებას დაურთო, მის მიერვეა გაფერადებული და, არსებითად, არა წერილობით მტკიცებულებას, არამედ მისივე ახსნა-განმარტების ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ საჩივრის ავტორის კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება უშუალოდ არ შეხებია, შესაბამისად, ვერ დასტურდება სსსკ-ის 423.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ბ–იის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი