დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.02.2026
საქმის ნომერი
ას-896-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-896-2025

26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „რ.რ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ია (მოსარჩელე)

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ.კ–იამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შპს „რ.რ.ს–ოს“ წინააღმდეგ, მოითხოვა:

შპრ „რ.რ.ს–ოს“ დირექტორის 2023 წლის 26 დეკემბრის N26122023/27/გ ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ნ.კ–იას სასარგებლოდ, უკანონოდ გათავისუფლების კომპენსაციის სახით 12 275,70 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის გადწყვეტილებით ნ.კ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა;

3.2. ბათილად იქნა ცნობილი, შპს "რ.რ.ს–ოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 26 დეკემბრის N26122023/27/გ ბრძანება, შპს "რ.რ.ს–ოს" რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთნის - ნ.კ–იას 2024 წლის 01 იანვრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

3.3. შპს "რ.რ.ს–ოს", ნ.კ–იას სასარგებლოდ დაეკისრა, კომპენსაციის ანაზღაურება 12 275.70 ლარის ოდენობით (ხელზემისაღები).

3.4. შპს "რ.რ.ს–ოს" ნ.კ–იას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,სახელმწიფო ბაჟის 368,27 ლარის გადახდა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.2. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

4.2.1 შპს „აკად. ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ა(ა)იპ ს.ს.ჰ–ი (ს/ნ:402157330) (ს.ფ.33-36);

4.2.2.სადავო არაა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „აკად. ნ.ყ.ს.ც.ს.კ–სა“ და ნ.კ–იას შორის, 2020 წლის 03 ნოემბერს, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ნ.კ–ია დაინიშნა კლინიკაში ემერჯენსისა და თერაპიის დეპარტამენტში ექთნის პოზიციაზე. აღნიშნული ხელშეკრულება მიმდევრობით არაერთხელ გაგრძელდა. ბოლოს, 2023 წლის 01 იანვარს წერილობით გაგრძელდა 2024 წლის 01 იანვრამდე. (ს.ფ.124-133)

4.2.3. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 2023 წლის 20 ივნისს, ა(ა)იპ ს.ს.ჰ–ის (ს/ნ:........) მიერ დაფუძნდა შპს „რ.რ.ს–ო“, რომელიც მდებარეობს და ფუნქციონირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...., იმავე მისამართზე და იმავე ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც შპს „აკად. ნ.ყ.ს. ც. ს. კ–ის“ ფილიალი (ს.ფ.62-63).

4.2.4. 2023 წლის 11 სექტემბერს, შპს „აკად. ნ.ყ. ს. ც. ს. კ –ას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თ.თ–ძეს განცხადებით მიმართა ნ.კ–იამ და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა, რაც 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა და 15 სექტემბრიდან გათავისუფლდა სამსახურიდან, თუმცა იმავდროულად, 2023 წლის 15 სექტემბერს, შპს „რ.რ.ს–ოსა“ და ნ.კ–იას შორის დაიდო ხელშეკრულება 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, 06 თვის გამოსაცდელი ვადით, საათობრივი ანაზღაურებით.1 საათის ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული 6.25 ლარით. ამავე ხელშეკრულების Nბ დანართით განისაზღვრა ნ.კ–იას სამუშაო აღწერილობა, რომლის მიხედვითაც, ნ.კ–იას, დავალების შესაბამისად უნდა უზრუნველეყო პაციენტის მიღება... შეესრულებინა ექიმის მიერ შედგენილი დანიშნულების, მითითებები და მოთხოვნები, ასევე დამსაქმებლის მიერ დამატებით ან დაზუსტებული ფორმით წარდგენილი სამუშაო მოვალეობები... (ს.ფ.22-29).

4.2.5. შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წლის ნოემბრიდან-2024 წლის იანვრამდე პერიოდში (38 თვე), ნ.კ–ია თავდაპირველად შპს „აკად. ნ.ყ.ს.ც. ს.კ–დან“, ხოლო შემდეგ, შპს „რ.რ.ს–ოდან“ უწყვეტად იღებდა შემოსავალს ხელფასის სახით. ამასთან, მისი შრომითი ანაზღაურება თვეების მიხედვით იყო განსახვავებული(ს.ფ..30-32).

4.2.6. შპს „აკად. ნ.ყ.ს.ც. ს.კ–ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თ.თ–ძის 2023 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით განხორციელდა კლინიკის ფილიალის-რ.რ.ს–ოს რეორგანიზაცია. 2023 წლის 20 დეკემბერს გაუქმდა აღნიშნული სტრუქტურული ერთეული და შეწყდა არსებული შრომითი ურთიერთობები (ს.ფ.141).

4.2.7. შპს „რ.რ.ს–ოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით, ნ.კ–ია 2024 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მისთვის, არც ზეპირად და არც წერილობით არ უცნობებიათ. იგი სამსახურში ხშირად დადიოდა და ითხოვდა სამორიგეოდ გამოუძახებლობის მიზეზების განმარტებას. გამოძახებას ჰპირდებოდნენ, უთითებდნენ საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებაზე. მხოლოდ, 2024 წლის 01 მაისს ჩააბარეს 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის 01 იანვრიდან გათავისუფლებული იყო სამსახურიდან (მხარეთა განმარტებები, ასევე, ს.ფ.182, 20).

4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა შრომითი ხელშეკრულებიდან და გამოსაკვლევი იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლები.

4.4. განსახილველ შემთხვევაში, ნ.კ–იას სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის მე-17 მუხლის 1, მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლის მიხედვითაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია გამოსაცდელი ვადა, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და მიიჩნევს, რომ იგი უვადოდ დასაქმებული იყო, რაც გამორიცხავდა გამოსაცდელ ვადაზე მითითებით მისი სამუშაოდან გათავისუფლებას.

4.5. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ დავაში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ სადავო იყო შრომის ხელშეკრულებით არსებითი პირობა -დასაქმების ვადა, შესაბამისად გამოყენებული უნდა ყოფილიყო სპეციალური წესი, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელს ეკისრებოდა მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი.

4.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 50-ე და მე-12 მუხლებზე მითითებით არ გაიზიარა დამსაქმებლის არგუმენტი, რომ განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა-შპს „რ.რ.ს–ომ“ ნ.კ–იას სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების დასადასტურებლად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15.1 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ნ.კ–იას თავდაპირველი დამსაქმებელი შპს „აკ.ნ. ყ.ს. ც. ს. კ–კა“ წარმოადგენდა ა(ა)იპ ს.ს.ჰ–ი ფილიალს (და არა იურიდიულ პირს) “, ხოლო მოპასუხე შპს „რ.რ.ს–ო“ არის ახლად დაფუძნებული სუბიექტი-იურიდიული პირი, რომელსაც რაიმე სახის სამართლებრივი კავშირი ნ.კ–იას წინა დამსაქმებელთან არ გააჩნია, და რომ მოპასუხესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, სადაც შეთანხმებული იქნა 6 თვით გამოსაცდელი ვადა და ამ ვადაში დასაქმებულის გათავისუფლება დამსაქმებლის უფლებას წარმოადგენდა.

4.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ნ.კ–იას დასაქმების ვადასთან და საწარმოს გადაცემასთან მიმართებით. აღნიშნა, რომ სწორად გამოიყენა სშკ-ის მე-12 და 50-ე მუხლები, სწორად დაადგინა, რომ სახეზე იყო საწარმოს გადაცემა კერძოდ, ერთი და იგივე 100% წილის მქონე დამფუძნებლის-ა(ა)იპ „ს.ს.ჰ–ის“ მიერ, განხორციელდა შპს „აკ. ნ.ყ. ს.ც.ს.კ–ის“ ფილიალის გაუქმება და იმავე მისამართზე, იმავე ადმინისტრაციულ შენობაში, ისევ სამედიცინო დაწესებულების-შპს „რ.რ.ს–ოს“ დაფუძნება, და რომ წინამორბედ საავადმყოფოში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი მდგომარეობა, საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ანალოგიურად უნდა მოწესრიგდეს.

4.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ნ.კ–ია შპს „აკად. ნ.ყ.ს.ც.ს.კ–აში“ უწყვეტად დასაქმებული იყო 2020 წლის ნოემბრიდან-2023 წლის 15 სექტემბრამდე (34 თვე) ხოლო შემდეგ, 2023 წლის 15სექტემბრიდან შპს „რ.რ.ს–ო“-ში, სშკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, იგი მოპასუხესთან უვადოდ დასაქმებულად მიიჩნევა და ამ კოდექსის მე-17-ე მუხლზე მითითებით მისი გათავისუფლება არამართლზომიერია.

4.9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 54-ე მუხლზე მითითებით და ზემოაღნიშნული მოტივებით დაასკვნა, რომ გამოსაცდელი ვადის საფუძვლით მოსარჩელესთან ხელშეკრულების მოშლა ბათილია, რაც გამორიცხავს შპს „რ.რ.ს–ოს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. ასევე, არ გაიზიარა დამსაქმებლის მსჯელობა, რომ დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება გამორიცხავდა უწყვეტად 30 თვის განმავლობაში დასაქმებულად მის ყოფნას.

4.10. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ნ.კ–იას მიერ წარდგენილ განცხადებაში გამოვლენილი ნება და განმარტა, რომ დამსაქმებელი საავადმყოფოს დირექტორმა არასწორად შეაფასა მოსარჩელის 2023 წლის 15 სექტემბრის განცხადების შინაარსი, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა იყო არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, არამედ ახლად დაფუძნებულ შპს “რ.რ.ს–ოში” საქმიანობის გაგრძელების უფლების მიცემა, მით უფრო, როდესაც სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებასა და ახლად გაფორმებული ხელშეკრულების თარიღი ერთი და იგივეა.

4.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო არ იყო, რომ ამჟამად დამსაქმებელთან ექთნის პოზიცია, რომელსაც ასრულებდა მოსარჩელე ვაკანტური აღარ არის, რამაც განაპირობა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის წარდგენა. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ბათილია, არსებობდა მისთვის კომპენსაციის მიკუთვნების საფუძველი.

4.12. კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით კი სააპელაციო სასამართლომ სშკს-ის 48-ე მუხლზე და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელემ კომპენსაცია მოითხოვა 2024 წლის სექტემბრამდე პერიოდზე (9 თვის) საშუალო გაანგარიშებით სახელფასო ანაზღაურების ტოლფასად, რაც შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, ხელზე მისაღებ 12 275.70 ლარს შეადგენდა, ამასთან, დასტურდება, რომ ნ.კ–იას არამართლზომიერად არ მიეცა შესაძლებლობა მითითებულ ვადაში (2024 წლის 15 სექტემბრამდე) განეხორციელებინა შრომითი საქმიანობა და მიეღო ანაზღაურება, ასეთ ვითარებაში სამართლიანია კომპენსაციის გადახდა უკანონოდ გათავისუფლების დღიდან-2024 წლის 15 სექტემბრამდე საშუალო ხელფასის შესაბამისი ოდენობით, რადგანაც პრეზუმირებულია, რომ დასაქმებული ამ პერიოდში შეასრულებდა შრომით მოვალეობებს.

4.13. სააპელაციო სასამართლო ასევე არ დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქმის მასალების თანახმად, დამსაქმებელმა დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება ჩააბარა 2024 წლის 1 მაისს, სასამართლოში კი სარჩელი წარდგენილია 2024 წლის 31 მაისს, ანუ გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ 30 დღიან ვადაში, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევას.

5. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დამსაქმებელმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5.2. დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზიის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა საწარმოს გადაცემას, კერძოდ ერთი და იგივე 100% წილის მქონდე დამფუძნებლის მიერ, გაუქმდა შპს „აკ. ნ.ყ. ს.ც.ს.კ–ის“ ფილიალი და იმავე მისამართზე და ადმინისტრაციულ შენობაში დაფუძნდა შპს „რ.რ.ს–ო”. შესაბამისად, წინამორბედ საავადმყოფოში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი მდგომარეობა სშკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ანალოგიურად უნდა მოწესრიგებულიყო.

5.3. კასატორის განმარტებით, შპს „რ.რ.ს–ო“ არის ახალი, სხვა დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი და არ წარმოადგენს შპს „აკ.ნ. ყ.ს.ც.ს.კ–ის“ სამართალმემკვიდრეს. შესაბამისად, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის ს.ც.ს.კ–ის“ ფილიალთან გაფორმებული ნ.კ–იას შრომითი ხელშეკრულება, ვერ ჩაითვლება ახლადშექმნილ, დამოუკიდებელ მეწარმე სუბიექტთან, შპს „რ.რ.ს–ოსთან“ გაფორმებულად.

5.4. კასატორის განმარტებით, შპს “რ.რ.ს–ო” როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი ფუნქციონირებდა 2023 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო დასაქმებულმა ფილიალში დაკავებული პოზიცია 2023 წლის 11 სექტემბრის განცხადების საფუძველზე დატოვა.

5.5. შპს ,,რ.რ.ს–ოსა“ და ნ.კ–იას შორის 2023 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, (რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 15 სექტემბერი, ხოლო ერთჯერადად გამოსაცდელ ვადად 6 (ექვსი) თვე) -დამოუკიდებელი ხელშკრულებაა და გამოსაცდელ ვადაში მოსარჩელის დაკავებული თნამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2023 წლის 26 დეკემბრის N26122023/27/გ ბრძანება სშკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი,მე-3, მე-4 პუნქტების შესაბამისია.

5.6. დამსაქმებლის განმარტებით, მას როგორც ახალ დამსაქმებელს სრული უფლება ჰქონდა დასაქმებულთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაედო.

5.7. კასატორი ასევე უთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე და განმარტავს, რომ დასაქმებული 2024 წლის 1 იანვარს დასაქმდა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისად მან იცოდა დაკავებული პოზიციიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რაც 2023 წლის 26 დეკემბერს შეიტყო. ვინაიდან შპს “რ.რ.ს–ოში” მისი სამუშაო საათებიდან გამომდინარე, ის პარალელურად დასაქმებას ვერ შეძლებდა. ამასთან, მოსარჩელემ 2024 წლის 18 აპრილს განცხადებით მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, შესაბამისად მისთვის გათავისუფლების ბრძანების თაობაზე უკვე ცნობილი იყო. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ დასაქმებული გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადის პერიოდში რაზეც არ ვრცელდება სშკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი დასაბუთების გადაცემის ვალდებულება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი დასაქმებულს დარღვეული აქვს გასაჩივრების ვადა, დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილია 30 დღიანი ვადა, რომელიც აითვლება დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობიდან. დასაქმებულს 2024 წლის 25 აპრილს 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთება არ მიუღია, შესაბამისად 2024 წლის 31 მაისს წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინებით დამსაქმებლის, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, ასევე მატერიალური ნორმების შეფარდებასთან დაკავშირებით, დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის საკასაციო მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების საგანს წარმოადგენს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება, ჰქონდა თუ არა ადგილი საწარმოს გადაცემას და სწორად მოხდა თუ არა დასაქმებულის შრომით-სამართლებრივი რეგულირება. ასევე, შესაფასებელია დასაქმებულისთვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხი.

13. საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითებს, რომელიც გამომდინარეობს სშკ-ის 50-ე მუხლი, ასევე ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 (თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო.), მე-6 (ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მეწარმეზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან 48 თვე არ გასულა (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.) და მე-8 (გარდა შრომითი ხელშეკრულების ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით დადების შემთხვევისა, თუ შრომითი ურთიერთობა დაწყებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ 48-თვიან პერიოდში, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.), სსკ-ის 52-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს), სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.), სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.

14. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში, გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის მე-17 მუხლის, პირველი, მესამე და მეოთხე პუნქტები, რომლის მიხედვითაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია გამოსაცდელი ვადა, რასაც შეედავა მოსარჩელე და მიუთითა, რომ იგი დასაქმებული იყო უვადოდ, რაც გამორიცხავდა გამოსაცდელ ვადაზე მითითებით მისი სამუშაოდან გათავისუფლებას.

15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

16. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.)

17. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).მტკიცების ტვირთის სპეციალური წესის მოქმედების პირობებში, სწორედ დამსაქმებელს ავალებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს, რადგან დამსაქმებელს მეტად ხელეწიფება, როგორც შრომითი ურთიერთობის არსებობის, ასევე მისი შეწყვეტის მართლზომიერების დამტკიცების შესაძლებლობა.

18. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დასადასტურებლად მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე (მეწარმეს შეუძლია დააარსოს ფილიალი. ეს ფილიალი არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი არ რეგისტრირდება) და განმარტა, რომ მოსარჩელის თავდაპირველ დამსაქმებელს შპს „აკ.ნ. ყ. ს.ც.ს.კ–ის საავადმყოფოს ....ის ფილიალი“ წარმოადგენდა, ხოლო შპს „რ.რ.ს–ო“ არის ახლად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც სამართლებრივი კავშირი მოსარჩელის წინა დამსაქმებელთან არ გააჩნია, რის გამოც, მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა დამოუკიდებელი შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დასაქმებულსა და წინამორბედ დამსაქმებელს შორის 2020 წლის 3 ნოემბერს, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულება მიმდევრობით არაერთხელ გაგრძელდა. ბოლოს, 2023 წლის 1 იანვარს წერილობით გაგრძელდა 2024 წლის 1 იანვრამდე. ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 20 ივნისს ააიპ ს.ს.ჰ–მა დააფუძნა შპს "რ.რ.ს–ო", რომელიც მდებარეობს და ფუნქციონირებს იმავე მისამართზე და იმავე ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც შპს "აკ. ნ. ყ. ს.ც.ს.კ–ის ფილიალი".

20. 2023 წლის 11 სექტემბერს, შპს "აკ. ნ. ყ. ს.ც.ს.კ–ის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თ.თ–ძეს განცხადებით მიმართა დასაქმებულმა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რაც 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა და იგი 15 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა იმავე დღეს მოპასუხესა და ნ.კ–იას შორის დაიდო ხელშეკრულება 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ (საწარმოს გადაცემა ნიშნავს გარიგების ან კანონის საფუძველზე საწარმოს ან ბიზნესის ან საწარმოს ან ბიზნესის ნაწილის სხვა დამსაქმებლისთვის გადაცემას, რაც, მათ შორის, მოიაზრებს ეკონომიკური საქმიანობის გადაცემას, რომლის დროსაც შენარჩუნებულია მისი იდენტურობა ან/და არსებითი მსგავსება და რომელიც გულისხმობს რესურსების ორგანიზებულ დაჯგუფებას ძირითადი და დამხმარე ეკონომიკური საქმიანობების განსახორციელებლად;), მე-2 (დაუშვებელია საწარმოს გადამცემის ან საწარმოს მიმღების მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საწარმოს გადაცემის საფუძვლით. ეს არ გამორიცხავს შესაბამისი წინაპირობების დაცვით შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის უფლებას.), მე-3 (საწარმოს გადაცემის თარიღის დროს მოქმედი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე გადამცემი საწარმოს უფლებები და ვალდებულებები საწარმოს გადაცემის საფუძვლით გადაეცემა მიმღებ საწარმოს მე-10 (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის პასუხისმგებლობა მიმღებ საწარმოს ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულება წყდება იმ საფუძვლით, რომ საწარმოს გადაცემა მოიცავს შრომის პირობების დასაქმებულთა საზიანოდ ცვლილებას.) პუნქტებიდან.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოებისა და ბიზნესების სრული ან ნაწილობრივი გასხვისების შემთხვევაში, დასაქმებულთა უფლებების დაცვას უკავშირდება ევროკავშირის საბჭოს 2001 წლის 12 მარტის 2001/23/EC დირექტივა, რომლის რეგულირების სფეროში შედის საწარმოს ან ბიზნესის ნებისმიერი გასხვისება ან მათი ნაწილების ნებისმიერი გადაცემა სხვა დამსაქმებლებისადმი კანონიერი გასხვისების ან შერწმყის შედეგად. დირექტივა ვრცელდება ნებისმიერ საჯარო თუ კერძო საწარმოზე, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას მიუხედავად იმისა, ორიენტირებული არიან თუ არა მოგებაზე. გამსხვისებელი/Transferor არის ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც საწარმოს, ბიზნესის ან საწარმოსა და ბიზნესის ნაწილების გასხვისების/გადაცემის გამო წყვეტს ფუნქციონირებას, როგორც დამსაქმებელი; მიმღები/Transferee არის ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც საწარმოს, ბიზნესის ან საწარმოსა და ბიზნესის ნაწილების გასხვისების/გადაცემის საფუძვლით ხდება დამსაქმებელი. აღნიშნული დირექტივის თანახმად, გამსხვისებლის ვალდებულებები და უფლებები, რომლებიც განსაზღვრული იყო შრომის ხელშეკრულებით ან გამომდინარეობდა შრომითი ურთიერთობებიდან, უნდა გადაეცეს მიმღებს ანუ ახალ დამსაქმებელს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ გასხვისების შემდეგ, გამსხვისებელი და მიმღები ერთობლივად და ცალ-ცალკეც პასუხისმგებელნი არიან იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რაც გასხვისების დროისთვის გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებებიდან ან შრომითი ურთიერთობებიდან.

23. ზემოაღნიშნული დირექტივის მითითებები ასახულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლში (ცვლილება 29.09.2020წ. №7177), რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისთვის, საწარმოს გადაცემა ნიშნავს გარიგების ან კანონის საფუძველზე საწარმოს ან ბიზნესის ან საწარმოს ან ბიზნესის ნაწილის სხვა დამსაქმებლისთვის გადაცემას, რაც, მათ შორის, მოიაზრებს ეკონომიკური საქმიანობის გადაცემას, რომლის დროსაც შენარჩუნებულია მისი იდენტურობა ან/და არსებითი მსგავსება და რომელიც გულისხმობს რესურსების ორგანიზებულ დაჯგუფებას ძირითადი და დამხმარე ეკონომიკური საქმიანობების განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საწარმოს გადაცემის თარიღის დროს მოქმედი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე გადამცემი საწარმოს უფლებები და ვალდებულებები საწარმოს გადაცემის საფუძვლით გადაეცემა მიმღებ საწარმოს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის პასუხისმგებლობა მიმღებ საწარმოს ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულება წყდება იმ საფუძვლით, რომ საწარმოს გადაცემა მოიცავს შრომის პირობების დასაქმებულთა საზიანოდ ცვლილებას.

24. როდესაც საწარმოს გადაცემა სახეზეა, სშკ-ის 50-ე მუხლის მიზნებისთვის, ტესტს წარმოადგენს იდენტურობის კრიტერიუმების დადგენა. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს CJEU-ის პრაქტიკა ითვალისწინებს ე.წ. სპაიკერსის ტესტს", რომლითაც დგინდება შეინარჩუნა თუ არა მიმღებმა საწარმომ ინდეტურობა. აღნიშნული ტესტი მოიცავს შვიდ კრიტერიუმს: -ეკონომიკური საქმიანობის სახე; მატერიალური აქტივების გადაცემა; არამატერიალური აქტივების ღირებულება გადაცემის თარიღისთვის; მიმღები საწარმოს მიერ დასაქმდა თუ არა დასაქმებულთა უმრავლესობა; მომხმარებელთა გადაცემა; გადაცემამდე და გადაცემის შემდგომ განხორციელებული საქმიანობის მსგავსება; საქმიანობის წყვეტის არსებობის შემთხვევაში-წყვეტის არსებობა. ამასთან, CJEU პრაქტიკის თანახმად, საწარმოს გადაცემის წესი გავრცელდება მხოლოდ იმ დასაქმებულებზე, რომლებთანაც გადაცემის მომენტისთვის ჯერ კიდევ არსებობს შრომით ურთიერთობა. სშკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საწარმოს გადაცემის საფუძვლით, გარდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციისა. მიმღებ საწარმოს ეკისრება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის პასუხისმგებლობა, თუ შრომითი ხელშეკრულება წყდება იმ საფუძვლით, რომ საწარმოს გადაცემა მოიცავს შრომის პირობების დასაქმებულთა საზიანოდ ცვლილებას. (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, 2023წ.)

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, სადაც პალატამ განმარტა, რომ სშკ-ის 50-ე მუხლის მიზნებისათვის, მოპასუხე საწარმო წარმოადგენს მიმღებ საწარმოს და მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მასზე გადავიდა გამსხვისებელი (გადამცემი) საწარმოს უფლებები და ვალდებულებები იმ სახით, როგორც ეს წინა დამსაქმებელთან არსებობდა, მათ შორის, ხელშეკრულების ვადის ჩათვლით. ხოლო ვინაიდან გამსხვისებელ საწარმოსთან მოსარჩელე იმყოფებოდა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, მოპასუხესთან (მიმღებ საწარმოსთან) ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, მხარეთა შორის კვლავ უვადო შრომითი ურთიერთობა იარსებებდა. (იხ. სუსგ. № ას-801-2025 9 ოქტომბერი, 2025 წელი) საწარმოს გადაცემის შემთხვევაში წინამორბედ საწარმოში უვადოდ დასაქმებულთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს განმარტებების თანახმად, "ვინაიდან საწარმოს გადაცემამდე მოსარჩელესთან დადებული იყო უვადო ხელშეკრულება, აქტივების მიმღებ კომპანიას (მოპასუხე) არ ჰქონდა უფლება დასაქმებულთან დაედო გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება. შესაბამისად, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრისა და გამოსაცდელ ვადაზე შეთანხმების შესახებ პირობებით, უვადო ხელშეკრულებით დასაქმებული მოსარჩელე მოპასუხემ თავის საწარმოში გადაიყვანა გამოსაცდელი ვადით და, საბოლოოდ, გაათავისუფლა გამოსაცდელ ვადაში. ხელშეკრულების ასეთმა პირობებმა, აშკარად გააუარესა დასაქმებულის შრომითი პირობები, რამაც არამართლზომიერად ხელყო დასაქმებულის ორგანული კანონით დაცული შრომის უფლება. დასაქმებულის შრომითი უფლების ხელყოფა თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც დამსაქმებელმა პირდაპირ კი არ შეწყვიტა უვადო ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულთან მისი წინამორბედი დამსაქმებლის მიერ დადებული ხელშეკრულება, არამედ უვადო ხელშეკრულების ნაცვლად, ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა, საიდანაც სამი თვე წარმოდგენდა გამოსაცდელ ვადას, საბოლოოდ კი, გამოსაცდელი ვადის გასვლის მოტივით დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა (შდრ. სუსგ №ას-848-2023, 07 თებერვალი, 2024 წელი., პ.14.3, №ას-513-2023 20 მარტი, 2024 წელი;)

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მასსა და წინამორბედ დამსაქმებელს შორის კავშირი არ არის და დასაქმებულთან გააფორმა ახალი შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ დამსაქმებელი წარმოადგენდა ახალ იურიდიულ პირს რომელსაც სამართლებრივი კავშირი წინა დამსაქმებელთან არ ჰქონდა, შემდეგი გარემოებების გამო: საქმის მასალებით დადგენილია, შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები: შპს „აკ. ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ა(ა)იპ ს.ს.ჰ–ი (ს/ნ:......) (ს.ფ.33-36); სოფელ ....ში, ფუნქციონირებდა შპს „აკ. ნ.ყ. ს.ც.ს.კ–ის“ ფილიალი (ს.ფ.62-63). სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 2023 წლის 20 ივნისს, ა(ა)იპ ს.ს.ჰ–ის (ს/ნ:402157330) მიერ დაფუძნდა შპს „რ.რ.ს–ო“, რომელიც მდებარეობს და ფუნქციონირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ....ში, იმავე მისამართზე და იმავე ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც შპს „აკ. ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ ფილიალი (ს.ფ.62-63). ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ნათლად ადასტურებს, რომ როგორც ფილიალის შემთხვევაში, ასევე შპს „რ.რ.ს–ოს“ შემთხვევაში, ერთი და იმავე დამფუძნებელია ა(ა)იპ “ს.ს.ჰ–ი” და ორივე შემთხვევაში, იურიდიული პირის მიზანი და საქმიანობა არის პაციენტების მკურნალობა და სპეციალური დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ამგვარად, სახეზეა გადაცემამდე და გადაცემის შემდეგ განხორციელებული საქმიანობის მსგავსება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სხვა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული გარემოებები, პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ა(ა)იპ სამედიცინო ჰოლდინგმა დააფუძნა შეზღუდული სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც ახორციელებს იგივე საქმიანობას(იმავე მისამართზე), რასაც მანამდე არსებული შპს „აკ. ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ ფილიალი.

27. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ფორმალური ნიშნით განსხვავების მიუხედავად, ახლად შექმნილმა კომპანიამ ჩაანაცვლა ძველი დამსაქმებელი და იგი, როგორც დამსაქმებლის „უფლებამონაცვლე“, შებოჭილი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული უფლება-მოვალეობებით. ამდენად, კასატორის აპელირება მასზედ, რომ მოპასუხე წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს და რაიმე სამართალურთიერთობაში არ იმყოფებოდა არც წინა დამსაქმებელთან და არც მოსარჩელესთან, არარელევანტურია მოსარჩელე ლ.შ–ძის უფლებრივ რესტიტუციაზე, მათ შორის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის არიდების კონტექსტში და აღნიშნული განპირობებულია არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144-ე მუხლით, როგორც ამას კასატორი მიუთითებს არამედ დასაქმებულთა უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2001 წლის 12 მარტის 2001/23/EC დირექტივითა და საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლით. (იხ. სუსგ. ას-1512-2023, 3.10.2024წ.).

28. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, 50-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-10 ნაწილების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ, მართებულად განმარტა, რომ სადავო შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა საწარმოს გადაცემას, როცა ერთი და იგივე 100% წილის მქონე დამფუძნებლის ა(ა)იპ “ს.ს.ჰ–ის” მიერ, გაუქმდა შპს “აკ. ნ. ყ.ს.ც.ს.კ–ის” ფილიალი და ამავე მისამართზე, იმავე ადმინისტრაციულ შენობაში, დაფუძნდა სამედიცინო დაწესებულება შპს “რ.რ.ს–ო”. შესაბამისად, წინა სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი მდგომარეობა, სშკ-ის 50-ე მუხლით უნდა მოწესრიგებულიყო. რაც გულისხმობს, რომ წინამორბედი საავადმყოფოს უფლებები და ვალდებულებები საწარმოს გადაცემის საფუძვლით გადაეცა ახლად დაფუძნებულ საავადმყოფოს/კასატორს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე წინამორბედ კლინიკაში უწყვეტად დასაქმებული იყო 2020 წლის ნოემბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე ხოლო შემდეგ, 2023 წლის 15 სექტემბრიდან შპს “რ.რ.ს–ოში”. საკასაციო სასამართლოს შეფასებით სშკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, მოსარჩელე მიიჩნევა უვადოდ დასაქმებულად, ვინაიდან დადგენილია, რომ დასაქმებული წინამორბედ საწარმოში დასაქმებული იყო უვადოდ. აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა თუ რა სახის შრომითი ხელშეკრულება გააფორმა ახალ დამსაქმებელთან, სშკ-ის 50-ე მუხლის გათვალისწინებით დასაქმებული ახალ დაწესებულებაშიც მიიჩნეოდა უვადოდ დასაქმებულად,.

29. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა მოსარჩელის გამოსაცდელი ვადით დასაქმებაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ითვლება უვადოდ დასაქმებულად, სშკ-ის მე-17 მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის გასვლის საფუძვლით, დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილია.

30. კასატორის განმარტებით, დასაქმებული სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს მისი უწყვეტად 30 თვის განმავლობაში დასაქმების ფაქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს დასაქმებულის მიერ ზემოხსენებულ განცხადებაში გამოვლენილ ნებას.

31. სსკ-ის 52-ე მუხლს, რომლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. “ნების გამოვლენის განმარტებაში „სიტყვასიტყვითი“ მნიშვნელობის მიღმა რეალური მნიშვნელობის დანახვა იგულისხმება“ (იხ. კერძო სამართლის უზოგადესი სისტემები; თბილისი; 2009; გვ. 251). აღნიშნული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ)

32. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს, რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს მხარეთა ქმედებებისა და გამოთქმების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (იხ. სუსგ-ები: N ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ.; N ას-425-425-2018, 18.02.2021წ. N ას-1063-2021, 21.12.2021წ.; N ას-999-2024, 29.11.2024წ.).

33. საქმის მასალებში წარმოდგენილია დასაქმებულის 2023 წლის 11 სექტემბრის განცხადება, სადაც ის ითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას (იხ. ტ.1, ს/ფ 18), შპს “აკ. ნ.ყ. ს.ც.ს.კ–ის” 2023 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით 2023 წლის 15 სექტემბრიდან დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2023 წლის 15 სექტემბერს მასსა და შპს “რ.რ.ს–ოს” შორის გაფორმებულია ახალი შრომითი ხელშეკრულება. (იხ. ტ.1, ს/ფ 67-74). საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს “რ.რ.ს–ოს” 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება დასაქმებულის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

34. ზემოხსენებული დოკუმენტების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დასაქმებულის მიერ 2023 წლის 15 სექტემბრის განცხადებაში გამოვლენილი ნება მიმართული იყო არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისკენ არამედ ახლად დაფუძნებულ საავადმყოფოში საქმიანობის გაგრძელებისკენ. დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წინამორბედი კლინიკის დირექტორის მ/შ ბრძანებით, 2023 წლის 15 სექტემბერს, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე დღეს მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს უქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ დასაქმებულის გამოვლენილი ნება მიმართული იყო ახლადშექმნილ შპს ....ის საავადმყოფოსთან ხელშეკრულების გაფორმებისკენ.

35. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით, შეიძლება ითქვას, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიურ ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“ აქვთ, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომითი ურთიერთობის მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

36. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების უკანონობის დადასტურება გულისხმობს სშკ-ის 48.8-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგების დადგომასაც - პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან კომპენსაციის გადახდის სახით. კანონმდებელი დასაქმებული პირის უფლებრივი რესტიტუციის საკითხს (პირვანდელ სამუშაოზე აღდგენას, ან მომდევნო ალტერნატიული რიგითობით ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფას, ან კომპენსაციას), ასევე, იძულებითი განაცდურის დაკისრებას, უკავშირებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას.

37. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ შპს “რ.რ.ს–ოში” ამ დროისთვის ექთნის პოზიცია ვაკანტური აღარ არის, აღნიშნულიდან გამომდინარე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მხარემ სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოითხოვა კომპენსაციის დაკისრება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, არსებობდა მისთვის კომპენსაციის მიკუთვნების საფუძველი.

38. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ხოლო მე-7 ნაწილის თანახმად, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. თუ დასაქმებული დამსაქმებლისგან არ მოითხოვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

39. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება ჩააბარა 2024 წლის 1 მაისს, სასამართლოში სარჩელი წარდგენილია 2024 წლის 31 მაისს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ 30 დღიან ვადაში, შესაბამისად წარდგენილი სარჩელი არ არის ხანდაზმული. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ დასაქმებული გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც გამორიცხავდა სშკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელებას. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ და არა გამოსაცდელი ვადით, შესაბამისად მასზე სწორად გავრცელდა სშკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ.რ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს „რ.რ.ს–ოს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2025 წლის 16 ივნისს, საგადასახადო დავალებით N540 გადახდილი 813,79 ლარის 70 % - 569,65 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი