უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-5098-გან-11-2025 7 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – ზ.მ–ძე
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა (თავდაპირველ სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.წ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.მ–ძის მიმართ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული 64.40 კვ.მ. ფართი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ............, საკადასტრო კოდით ............, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 10 მაისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №190513320) და 2020 წლის 06 მარტის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №200242668); დადგინდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს/კ ..........., საკუთრების უფლებით უნდა აღირიცხოს საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით მ.წ–ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ს/კ №..........., რეალიზაციის ნაწილში შეჩერდა ნოტარიუსის ა.მ–ას მიერ 2022 წლის 8 აპრილს გაცემული №180436638 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A22050674 სააღსრულებო წარმოება (კრედიტორი - ნ.კ–ძე, მოვალე/მესაკუთრე - ზ.მ–ძე (პ/ნ ..........)), მოცემულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. 2025 წლის 25 აგვისტოს მოპასუხემ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, ამავე სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. მისი განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მას არ სურს მის სახელზე ირიცხებოდეს უძრავი ქონება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა მოსარჩელეს. სასამართლო გადაწყვეტილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ვერ ხერხდება, ვინაიდან გამოყენებულია აღმასრულებლის ყადაღა, ხოლო სააღსრულებო საქმის წარმოება შეჩერებულია განჩინებით და აღმასრულებელი ქონებას ყადაღისგან ვერ ათავისუფლებს.
11. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და მისი უარყოფა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.
15. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 10 მაისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №190513320) და 2020 წლის 06 მარტის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №200242668); დადგინდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ............, ს/კ ........, საკუთრების უფლებით უნდა აღირიცხოს საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით №A22050674 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ..............; ს/კ: .............) რეალიზაციის შეჩერება საკასაციო სამართალწარმოების დასრულებამდე. რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა. ამასთან, ამავე სასამართლოს 2023 წლის 23 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
18. განმცხადებელი ითხოვს საკასაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას იმ მოტივით, რომ მას არ სურს მოსარჩელისთვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიკუთვნებული ქონება, მის საკუთრებაში ირიცხებოდეს. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო კი, ვერ ახერხებს სასამართლოს გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას.
19. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ზემოხსენებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სადავო უძრავი ქონება მიეკუთვნა მოსარჩელეს, შესაბამისად, სწორედ მის ინტერესს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
20. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (იხ: გ.კაჟაშვილი საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, თბილისი, 2018წ., გვ. 60). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ მოსარჩელის ინტერესი შეილახება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება საფრთხის ქვეშ დადგება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოტივი იყო ნოტარიუსის ა.მ–ას მიერ 2022 წლის 8 აპრილს გაცემული და კრედიტორის ნ.კ–ის მიერ წარმოდგენილი №180436638 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ შეტყობინება, რომლის თანახმადაც აღნიშნულ საქმეზე უახლოეს ვადებში ინიშნებოდა იძულებითი საჯარო აუქციონი მოვალე/მესაკუთრის - ზ.მ–ძის (პ/ნ ......) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ............, ს/კ №.........., რაც მომავალში საფრთხეს უქმნიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან აღნიშნული ქონების აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, დავის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულებისას გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განმცხადებელს აღნიშნული რისკების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ქონების რეალიზაციის შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმებით კი შესაძლოა აღნიშნული ქონება აღსასრულებლად მიექცეს, რაც მ.წ–ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი იქნება.
22. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა, შესაბამისად, გამოყენებული შეზღუდვის მიზანი - უზრუნველყოს აღსრულების ხელშეწყობა, მიღწეული არ არის. შესაბამისად, განჩინების გაუქმებისა თუ მოქმედების შეჩერების იურიდიული წინაპირობა არ დამდგარა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 271-ე, 191-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ზ.მ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი