დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.04.2026
საქმის ნომერი
ას-104-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-104-2026 22 აპრილი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - გ.ე–ძე, ც.ვ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ს.უ.კ–ი (მოპასუხე)

II კასატორი - ა(ა)იპ ს.უ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ე–ძე, ც.ვ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ყრილობის ოქმის ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ე–ძე (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და ც.ვ–ძე (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) ა(ა)იპ ს.უ.კ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან კავშირი) წევრები და არჩეული დელეგატები იყვნენ.

2. პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მოპასუხე კავშირის ხელმძღვანელი პირების მიმართ მოსარჩელეებმა განცხადება შეიტანეს. კავშირის რამდენიმე ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა და სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა.

3. 2024 წლის 12 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით მოსარჩელეები სხვა წევრებთან ერთად აპროტესტებდნენ კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს.

4. 2024 წლის 29 ივნისს კავშირის 39-ე ყრილობა ჩატარდა და მოსარჩელეთა წევრობიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

5. პროტესტში კავშირის სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ, თუმცა კავშირიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მხოლოდ მოსარჩელეების მიმართ მიიღეს.

6. ს.უ.კ–ის წესდების 6.5 პუნქტის საფუძველზე კავშირის წევრი შეიძლება გაირიცხოს კავშირიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კავშირის მიზნებს და ლახავს კავშირის სახელსა და რეპუტაციას, ასევე, შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა). კავშირის ინტერესების უხეშად დარღვევის შემთხვევაში. ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე წესდების 6.6 პუნქტის თანახმად, წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კავშირის ყრილობა, ფილიალის ან კავშირის გამგეობის წარდგინებით. ამასთან, წევრს, რომლის გარიცხვის საკითხი განიხილება ყრილობის მიერ, ოფიციალურად უნდა ეცნობოს ყრილობის გამართვის თარიღი, დრო და ჩატარების ადგილი. სურვილის შემთხვევაში მას აქვს ყრილობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება.

7. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შემდეგი მოთხოვნებით წარადგინეს:

- ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2024 წლის 29 ივნისის 39-ე ყრილობის ოქმის ის ნაწილი, რითაც კავშირის რიგებიდან (მე-5 ნაწილი) მოსარჩელეები გაირიცხნენ და აღდგეს მათი სამართლებრივი სტატუსი;

- მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდეს;

- თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 33 000 ლარის გადახდა დაეკისროს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

- მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით მოცემულ საქმეზე გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი;

- თითოელი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000-10 000 ლარის გადახდა დაეკისრა;

- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი მოსაზრება ჩამოაყალიბა:

10.1.1. თავისი მიზნებითა და ფუნქციებით, მასში გაერთიანებულ პირებს კავშირი სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება, შესაბამისად, მისგან უსინათლო წევრების გარიცხვა, შესაძლოა, გარიცხული წევრების მიმართ მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს, რაც თანაზომიერ გადაწყვეტილებად ვერ შეფასდება.

10.1.2. საქმეზე გამოკვეთილი გარემოებები მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის მაუწყებელია.

10.1.3. ვინაიდან განსახილველი დავის ფარგლებში დადგინდა, რომ ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, კერძოდ, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალულია, ამდენად, მიღებული ოქმი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 54-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ შედეგს წარმოშობს. შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი წარმატებულია.

10.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სრულად არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლომ განმარტა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, კანონმდებელი არ ადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალურობის და თავისებურებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით.

თავად კავშირის მიზნების, სამართლებრივი სტატუსის, ამავდროულად მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობის ნაცვლად, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებით მოპასუხეს 10 000 - 10 000 ლარი დაჰკისრებოდა, რაც მხარეთა ურთიერთდაპირისპირებული პოზიციების გათვალისწინებით ჯეროვნად უზრუნველყოფდა, როგორც მოსარჩელეთა შელახული უფლებების კომპენსირებას, ამავდროულად დაუსაბუთებელ ტვირთად არ დააწვებოდა კავშირსა და მის სხვა წევრებს.

11. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ მოსარჩელეები, რომლებიც მათ მიერ მოთხოვნილი მორალური ზიანის გონივრულობაზე მიუთითებენ და განმარტავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში თავიანთი უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. მოპასუხე კავშირის წევრობას მოსარჩელეთათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან აღნიშნული სოციალიზაციის უმნიშვნელოვანესი სივრცეს ქმნის.

12. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

- კავშირიდან მოსარჩელეთა გარიცხვა საპროტესტო განწყობის ან განსხვავებული აზრის ზოგადად ქონას კი არ უკავშირდება, არამედ, კავშირის წესდების მოთხოვნათა მათ მიერ არსებითად, არაერთხელ და განგრძობადად უხეში დარღვევიდან გამომდინარეობს, რაც მოპასუხის საქმიანობის პარალიზების მცდელობით იყო გამოწვეული და დისკრიმინაციულ მოტივს აბსოლუტურად გამორიცხავს. მოსარჩელეები, კავშირის შენობაში შეჭრის, თვითნებობის, კავშირის საქმიანობის პარალიზებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ორგანიზატორები იყვნენ. ხსენებული გარემოება საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი და ვიდეო მასალებით დასტურდება. მოსარჩელეთა მხრიდან მოპასუხე კავშირის წესდებისა და შინაგანაწესის არაერთხელ და უხეშად დარღვევას ჰქონდა ადგილი, რაც მარავალჯერ გაფრთხილების მიუხედავად ვერ აღმოიფხვრა. ამდენად, მოპასუხის სადავო გადაწყვეტილება კანონიერია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც არასწორია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 2 და 6 მარტის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

16. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: წარმატებულია, თუ არა, ყრილობის ოქმის ბათილად ცნობის, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელეთა მიერ აღძრული მოთხოვნები.

17. ყრილობის ოქმის ბათილად ცნობისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში აღძრულ მოთხოვნათა წარმატებულობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს პოზიცია გასაზიარებელია.

18. დასაწყისში, აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის საკითხზე განმარტებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაშია წარმოდგენილი, კერძოდ:

დისკრიმინაციის ამკრძალავ გენერალურ დათქმას შეიცავს ძირითადი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს რა ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობას, კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით (იხ. სუსგ #ას-1012-2024, 7.11.2025).

უშუალოდ დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97).

საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი #7798/08, 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) ევროსასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს.

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე ევროსასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულია დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის მეთოდები - ე.წ „შეფასების ტესტები“: საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება აღიარებს „მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, რომელთაგან პირველს იყენებს ე.წ „კლასიკური“ (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული) ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კვლევისას, ხოლო მეორეს - ყველა სხვა შემთხვევასთან მიმართებით. საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კლასიკური, სპეციფიკური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“.

დანარჩენ შემთხვევებში, მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი), რომლის მიხედვითაც: ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. შეფასების ტესტთან მიმართებაში ევროსასამართლო არ ადგენს დისკრიმინაციის საფუძვლების იერარქიას, არამედ მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ანუ, თუ არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ან თუ არ არსებობს გონივრული თანაბარზომიერება ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის (იხ. Mizzi v. Malta, # 26111/02).

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე და აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების დამადასტურებელი იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება აქვს, რომელთა მოპოვება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. ქეთევან მესხიშვილი, „მტკიცებულებათა სტანდარტი დისკრიმინაციის სამართალში“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 10/2022, გვ. 8, 25).

20. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივად გაანალიზების შედეგად მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციის დადგენისთვის საჭირო ელემენტები იკვეთება. მოცემული საკითხის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სწორად გაითვალისწინა, რომ მასში გაერთიანებულ პირებს მოპასუხე კავშირი სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება, რის გამოც მისგან უსინათლო წევრების გარიცხვა, შესაძლოა, გარიცხული წევრების მიმართ მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. შესაბამისად, მოსარჩელეთა ქმედებასთან მიმართებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება თანაზომიერად, მართებულად და ადექვატურ ღონისძიებად არ იქნა შეფასებული ზემოგანხილული, დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობის საფუძველზე.

21. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილობრივ წარმატებულობის ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1 მუხლით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. პირს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება (სსსკ, მუხლი 3632.3 „ბ“).

სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა, ზიანის მიყენების შედეგად მოთხოვნილებების და როგორც შედეგი - ხარჯების გაზრდა და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. საქმეზე დადგენილი ფაქტობივი გარემოებების გათვალისწინებით... შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული (იხ., №ას-866-816-2015, 12 თებერვალი, 2016წ.; №ას-95-90-2013, 14.06.13წ.; Nას-594- 562-2015, 6.11.2015, Nას-797-940-2015, 10.09.2015წ.).

დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის ან, კიდევ, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრული სარჩელების დაკმაყოფილების წინაპირობაა (სუსგ Nას-1560-2018, 30.04.2020). განსახილველ შემთხვევაში, საქმის გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ მოპასუხე კავშირი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილ გაერთიანებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა გონივრულია და სათანადოდ უზრუნველყოფს მოსარჩელეთა შელახული უფლებების კომპენსირებას.

22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ე–ძისა და ც.ვ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა(ა)იპ ს.უ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კანონით კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეეი : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია