გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
26 თებერვალი, 2026 წელი,საქმე №ას-1347-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),ვლადიმერ კაკაბაძე (მომხსენებელი),ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ა.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისისა და 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე თ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ა.დ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი ან საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ უარყოფილ იქნა.
2. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს, ბათუმში, ........... მდებარე (მიშენებული ლოჯიების თავზე), მესამე სართულის ზემოთ არსებული 43.30 კვ. მ. საერთო საკუთრების სხვენით სარგებლობაში.
4. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. 2025 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და დავის საბოლოო დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმში, ......... მდებარე, მიშენებული ლოჯების თავზე არსებული სხვენ-სართულზე ყადაღის დადება მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხე ამავე სართულზე აწარმოებდა მშენებლობას, რაც უნდა შეჩერებულიყო, რადგან საერთო სარგებლობის 43.30 კვ.მ სხვენით სარგებლობაში ხელი ეშლებოდა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის/აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ბათუმში, ........... ქუჩა N8-ში მდებარე (მიშენებული ლოჯიების თავზე) მესამე სართულის ზემოთ არსებულ სხვენ-სართულს.
8. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და შუამდგომლობის უარყოფა. ის ამტკიცებდა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ყადაღის დადება ქონებაზე საკუთრების უფლების განკარგვის შეზღუდვას ნიშნავდა, სადავო 45.00 კვ.მ სხვენი კი, არავის საკუთრება არ იყო.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლი, თავის მხრივ, მითითებითი ნორმააა და საპროცესო შედეგის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს ამავე კოდექსის 410-ე-412-ე მუხლებს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ვლინდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მართლზომიერება, რომლითაც ყადაღა დაედო ბათუმში, ........... ქუჩა N8-ში მდებარე (მიშენებული ლოჯიების თავზე) მესამე სართულის ზემოთ არსებულ სხვენ-სართულს.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე (სსსკ-ის 191.1 მუხლი).
13. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ის კონკრეტული გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შედ. სუსგ №ას-1302-2019, 26.12.. 2019 წ). სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ. სუსგ №ას-587-2019, 20.02.2020 წელი). სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების არსი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაა (შდრ. სუსგ №ას-114-107-2015.06.02. 2015 წ).
15. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-218-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს მოპასუხის წინააღმდეგ ბათუმში, ........... ქუჩა N8-ში მდებარე (მიშენებული ლოჯიების თავზე), მესამე სართულის ზემოთ არსებული 43.30 კვ. მ. საერთო საკუთრების სხვენით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის/აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ბათუმში, ........... ქუჩა N8-ში მდებარე (მიშენებული ლოჯიების თავზე) მესამე სართულს ზემოთ არსებულ სხვენ-სართულს.
17. საჩივრის ავტორის მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა.
18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება საჩივრის ავტორის მსჯელობას, და მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 198.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. თუმცა, უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას; ბ) სარჩელის უზრუნველყოფის ის ღონისძიება, რომლის გატარება განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნისგან თავის დაღწევის მიზნით, განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შესაძლოა არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და საკუთარი ქონება გაასხვისოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება.
19. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის თანახმად კი, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას.
20. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ამ ქონების რაიმე ფორმით განკარგვას და არა მასზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას, რასაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნად ასახელებს განცხადების ავტორი; მითუმეტეს ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის/განმცხადებლის პოზიცია, რომ მოცემული უზრუნველყოფის ღონისძიების (ქონებაზე ყადაღის დადების) მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სამომავლოდ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო პალატისთვის ნათელია, რომ ხელშეშლის აღკვეთის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უძრავი ნივთის ნებისმიერი მესაკუთრის პირობებში შეიძლება განხორციელდეს და ამ საფუძვლითაც მიღებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.
21. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
22. ზემოაღნიშნულიდან ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი დასაბუთებულია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებები უნდა გაუქმდეს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოსარჩელის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 1991, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.დ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისისა და 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებები.
3. თ.გ–ძის განცხადება ბათუმში, ........... ქუჩა N8-ში მდებარე (მიშენებული ლოჯიების თავზე) მესამე სართულის ზემოთ არსებულ სხვენ-სართულზე ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ნიკოლოზ მარსაგიშვილი
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია