დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-1546-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1546-2025 30 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ დ.ბ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა, პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა, თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ი/მ დ.ბ–ის მიმართ და მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 7 806.50 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

3.1. მოპასუხემ, წარდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა: 2022 წლის 22 მარტის №2022-1/47 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მიჩნეულ იქნას მოსარჩელის მიერ არამართლზომიერად შეწყვეტილად; მოპასუხე გათავისუფლდეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 2 100 ლარის გადახდის ვალდებულებისგან. მოსარჩელეს, შეგებებული მოსარჩელის (მოპასუხის) სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს საზღაურის - 2 100 ლარის გადახდა.

4. შეგებებული სარჩელის შესაგებელი

4.1. მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელის მოპასუხემ) წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის მიერ ძირითად სარჩელში ასახულ გარემოებებზე მიუთითა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით: - სარჩელი მოპასუხის მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 210.00 ლარის ოდენობით; შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტილად აღიარების, პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელის მოპასუხეს) დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად 1 890.00 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელი, მხარეთა შორის დადებული 22.03.2022 წ.-ს №2022-1/47 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტილად აღიარებისა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნათა ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

6. მხარეთა სააპელაციო საჩივრები

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო, მოპასუხემ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; 2022 წლის 22 მარტის №2022-1/47 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა მოსარჩელის მიერ ჩაითვალა არამართლზომიერად და მოპასუხე (შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) განთავისუფლდა დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისგან; მოსარჩელეს, შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 100 ლარის გადახდა.

7.2. 2022 წლის 22 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა №2022-1/47 მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტია: სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად (CPV60170000) დანართი №1-ის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1.-2.2. პუნქტების მიხედვით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 99 065 ლარს, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის ჩათვლით.

7.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით, შემდეგი პირობების შესაბამისად: - სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერება; - დამაკმაყოფილებელი ვიზუალური მდგომარეობა; - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული (გათბობა-გაგრილება, ტელევიზორით, მაგნიტოფონით, მიკროფონით, საჭირო ხმის აპარატურით და სავარძლები საზურგეების გადაწევის ფუნქციით, მგზავრობის პერიოდში მძღოლი არ უნდა ეწეოდეს თამბაქოს) მგზავრობა; - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი მაღალი კლასის უსაფრთხო, გამართული, კომფორტული ტრანსპორტის მომსახურებით, რიგ შემთხვევებში, შეტყობინებიდან არაუმეტეს 3 (სამი) საათის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში ერთდროულად არაუმეტეს 10 ავტობუსით; - მგზავრობის დროს ტრანსპორტის დაზიანების შემთხვევაში, მომწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სხვა გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლება.

7.4. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1.-5.3. პუნქტების მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან. ხელშეკრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს თსსუ-ს კანცლერის 2018 წლის 3 აპრილის №98/02 ბრძანებით შექმნილი კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის შესახებ შემსყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს. შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. სატელეფონო შეტყობინების შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია ზეპირი შეტყობინებიდან არაუგვიანეს იმავე დღისა, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის ნაკლის შესახებ.

7.5. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტის და თსსუ-ს კანცლერის 2018 წლის 3 აპრილის №98/02 ბრძანებით შექმნილი კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნ(ებ)ის საფუძველზე.

7.6. ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1.-7.3. პუნქტების მიხედვით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება სტანდარტებთან შესაბამისობაში. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შემსყიდველი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოჩენის შესახებ, ხელშეკრულების 5.3 პუნქტით განსაზღვრული წესით.

7.7. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის თანახმად, მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის 10.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ამავე მუხლის 10.7. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან განახორციელოს იმ დროისთვის არსებული პირგასამტეხლოს თანხის დაკავება. ეტაპობრივად ანგარიშსწორების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკავება განხორციელდება შესაბამის ეტაპზე გადასახდელი თანხიდან. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3. პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, შემსყიდველს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება ან მოითხოვოს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება: „ა“) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეუძლია მიაწოდოს შესყიდვის ობიექტი; („ბ“) თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება.

7.8. 2022 წლის 7 ოქტომბერს მოპასუხის მიერ მოსარჩელის აკადემიურ პერსონალს და რამდენიმე სტუდენტს გაეწია №2022-1/47 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირების მომსახურება შემდეგი მიმართულებით: თბილისი - ციხისძირი (ბათუმი) - თბილისი (70 ადგილიანი ერთი ავტობუსით). გაწეული მომსახურების ღირებულებამ 2100 ლარი (საიდანაც 2 000 ლარი არის ტრანსპორტირების საფასური, ხოლო 100 ლარი - მძღოლის დღიური ხარჯი) შეადგინა, რომლის თაობაზეც 2022 წლის 14 ნოემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.

7.9. მოპასუხის მიერ, მოსარჩელის სასარგებლოდ, №2022-1/47 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, მომსახურების გაწევა მოხდა ასევე 2022 წლის 23 ოქტომბერს, შემდეგი მიმართულებით: თბილისი-ნორიო-თბილისი, რომლის ღირებულებამაც 460 ლარი შეადგინა. აღნიშნული მომსახურების თაობაზე შედგენილია როგორც მიღება ჩაბარების აქტი, ისე სახელმწიფო შესყიდვის კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის (ბრძანება №98/02 03.04.2018 წ.) დასკვნა.

7.10. 2022 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელის №MIA 5 22 0001469105 წერილით ი/მ დ.ბ–ს ეცნობა 22.03.2022 წ.-ს №2022-1/47 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლოს 9 906.5 ლარის დარიცხვისა და 14.11.2022 წ.-ს №MES 1 22 0001452235 მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე 2 100 ლარის (თბილისი - ბათუმი - თბილისის რეისის ღირებულება, მძღოლის დღიურ ხარჯთან ერთად) დაკავების თაობაზე. დარჩენილი 7 806.50 ლარის მითითებულ რეკვიზიტებზე გადასარიცხად კი, მიმწოდებელს განესაზღვრა წერილის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადა.

7.11. მოპასუხეს ასევე განემარტა, რომ მოსარჩელე სარგებლობდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებით, მის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3. პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

7.12. 18.11.2022 წ.-ს სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა“ №MES 4 22 0001476034 წერილით მიმართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ და მოითხოვა მოპასუხის შავ სიაში რეგისტრაცია, 22.03.2022 წლის №2022-1/47 ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულების გამო. აღნიშნულის თაობაზე, მოპასუხეს ეცნობა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ 2022 წლის 29 ნოემბრის №3988 წერილით. სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ 2022 წლის 13 დეკემბრის №4124 განკარგულებით მოპასუხეს მიეცა გაფრთხილება, მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა 55%-ის შესრულების გათვალისწინებით, ხოლო სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალა სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.

7.13. 2022 წლის 22 მარტს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული №2022-1/47 მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე პერიოდში, მიმწოდებლის მიერ შესრულდა 55%-ით, რომელთა ჯამური ღირებულებაც 54 687 ლარს შეადგენს.

7.14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სასამართლოს შესაფასებელია ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა. საკვანძო საკითხია მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფარგლები, რამდენადაც მოპასუხე, ძირითადი სარჩელის საპირისპიროდ, ისევე როგორც შეგებებული სარჩელის საფუძვლად, მიუთითებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტობრივ გარემოებაზე.

7.15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.

7.16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, არ არსებობდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები.

7.17. მართალია, მხარეები ხელშეკრულების 10.5 პუნქტით წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე, მაგრამ ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და არა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი იმპერატიულად მოითხოვს ასეთი შეთანხმების წერილობით არსებობას, შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

7.18. სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის პასუხად განმარტა, რომ სადავო იყო ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება. ამავე საკითხზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ე.წ „შავ სიაში“ მოხვედრის რისკის, გამო, შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღიარებითი მოთხოვნა ნამდვილ იურიდიულ ინტერესს ეფუძნებოდა.

7.19. დადგენილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, მომსახურების გაწევა მოხდა თბილისი-ციხისძირი (ბათუმი)-თბილისი მიმართულებით, რა დროსაც დაახლოებით ნატახტრის მიმართულებით ავტობანის გზაგასაყარზე, სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) გამოვიდა მწყობრიდან. ავტობუსის დაზიანების ხარისხის სიმძიმე თუ შეკეთების პერსპექტივა დოკუმენტურად დაუდასტურებელია, თუმცა, მხარეთა ახსნა განმარტებებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ დაზიანდა ჰაერის მილი, რომელიც წარმოადგენს სამუხრუჭე სისტემის ნაწილს. დადგენილია, რომ მოპასუხემ შეტყობინებისთანავე ადგილზე გაგზავნა როგორც ხელოსანი, ასევე, ახალი ავტობუსი.

7.20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალების (მოწმეთა ჩვენებები, მიღება ჩაბარების აქტი) ანალიზის საფუძველზე, არ დასტურდებოდა გარემოება, რაც სასამართლოს მისცემდა იმგვარი დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხემ დაზიანებული ტრანსპორტის გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლება გონივრულ ვადაში არ მოახდინა; საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 7-9 ოქტომბრის მომსახურების თაობაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც შესრულების ხარისხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია დაფიქსირებული არ არის, რაც პალატას აფიქრებინებს, რომ ტრანსპორტის დაზიანების პრობლემის აღმოფხვრის პროცესში მოპასუხე მოქმედებდა კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების სტანდარტის დაცვით. შესაბამისად, არ იკვეთება ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის რომელიმე საფუძვლის არსებობა.

8. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია, ამდენად, მოსარჩელე ორგანიზაციას უარი ეთქვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ხოლო, საპირისპიროდ, მოსარჩელეს, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად, დაეკისრა შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ასანაზღაურებელი 2100 ლარი, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნით პირგასამტეხლოში უნდა ჩათვლილიყო.

15. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს (იხ. წინამდებარე განჩინების 7.2-7.13 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ უდავოა, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა, თუმცა, მხარეებს, სადავო პირგასამტეხლო გათვალისწინებული ჰქონდათ, არა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის (იხ. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება 10.5 პუნქტი), შესაბამისად სსკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით კასატორის მოთხოვნა, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ასანაზღაურებელი თანხის ნაწილის პირგასამტეხლოს სახით დაკავებისა და ჩათვლის შესახებ დაუსაბუთებელია.

16. აქვე, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარებასთან დაკავშირებით ნამდვილი და საფუძვლიანია. უდავოა, რომ ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის პირობებში, შედეგის უცვლელად დატოვების შემთხვევაში, მეწარმე ე.წ „შავ სიაში“ მოხვდება, რაც გაართულებს/შეუძლებელს გახდის ეკონომიკურ საქმიანობას. განსახილველ შემთხვევაში, კი მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესრულებისას დაზიანებული ავტობუსი მოპასუხემ ახალი ავტობუსით ჩაანაცვლა. ამდენად, მხარეს არ დაურღვევია ხელშეკრულება, რომელიც იმთავითვე ითვალისიწნებდა მსგავსი შემთხვევებისთვის მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

17. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მსგავსი ხელშეკრულების მოქმედებისას, შემკვეთი ნებისმიერ დროსაა უფლებამოსილი ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა, მენარდეს უნდა აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლების არარსებობის გათვალისწინებით, მხარეს მართლზომიერად უნდა აუნაზღაურდეს მომსახურების საფასური 2100 ლარი, რომელიც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული შემკვეთის მიერ, პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლის მოტივით (იხ. სსკ-ის 629-ე და 636-ე მუხლები)

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (211328703) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №45518, გადახდის თარიღი 31/12/2025) 495.32 ლარის 70% - 346.72 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია