დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 31.03.2026
საქმის ნომერი
ას-240-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-240-2026 31 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ფ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „ს.ს.კ–იის“ (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გ.ფ–ის (შემდგომში – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 60-ე, 61-ე, 70-ე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე ამავე კოდექსის 372-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2025 წლის 31 დეკემბერს საქმის ელექტრონული სერვისის (ecourt.ge) გამოყენებით სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო დოკუმენტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაეწერა. აღნიშნულის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

6. ზემოაღნიშნული ხარვეზის არსებობის შესახებ აპელანტისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2026 წლის 23 იანვარს, გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების შემდეგ. აპელანტს აღნიშნული გარემოების შესახებ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე რომ სცოდნოდა, იგი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდა მის აღმოფხვრას.

7. ამასთან, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში სააპელაციო საჩივარი არ დაბრუნებულა, რის გამოც აპელანტს შეექმნა გონივრული მოლოდინი, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი წესის დაცვით იყო წარდგენილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს გააჩნია დავის განხილვის რეალური ინტერესი და სურს სასამართლო წესით დარღვეული უფლების აღდგენა. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ასევე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის მიზნით განხორციელებული მოქმედებები.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუსწორებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი.

11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსებას და ამისათვის განუსაზღვრავს ვადას. თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩება.

12. გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტმა დადგენილ ვადაში სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზები არ გამოასწორა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა, 10 დღის ვადაში წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, 492.43 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და საჩივრის ელექტრონული ვერსია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტს 2025 წლის 23 დეკემბერს ჩაჰბარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ აპელანტმა დადგენილ ვადაში მითითებული ხარვეზები არ გამოასწორა.

13. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ხარვეზის შევსების მიზნით მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2025 წლის 31 დეკემბერს საქმის ელექტრონული სერვისის (ecourt.ge) გამოყენებით წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო აღნიშნული დოკუმენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაეწერა, რის შესახებაც აპელანტისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2026 წლის 23 იანვარს, გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების შემდეგ. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული გარემოების შესახებ ვადის გასვლამდე რომ სცოდნოდა, იგი დაუყოვნებლივ აღმოფხვრიდა არსებულ ხარვეზს. ამასთან, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში სააპელაციო საჩივრის დაუბრუნებლობამ აპელანტს შეუქმნა გონივრული მოლოდინი, რომ დაზუსტებული საჩივარი კანონით დადგენილი წესით იყო წარდგენილი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება აპელანტის რეალური ინტერესი დავის განხილვისა და სასამართლო წესით დარღვეული უფლების აღდგენის მიმართ, რასაც ადასტურებს როგორც სააპელაციო საჩივრის, ისე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დადგენილ ვადაში წარდგენის მცდელობა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი სასამართლო დაცვის შესაძლებლობას, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის ეფექტიან განხორციელებასაც. გასაჩივრების ინსტიტუტის მიზანია შესაძლო სასამართლო შეცდომების გამოსწორება და პირის უფლებათა სრულყოფილი და ეფექტიანი სასამართლო დაცვის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ის სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც მხარე ახორციელებს სასამართლო დაცვის უფლებას. ამასთან, სასამართლოს შეფასება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საპროცესო მოთხოვნების ფორმალური დაცვით და უნდა მოიცავდეს მხარის მიერ სასამართლო დაცვის მისაღებად განხორციელებული მოქმედებების რეალური შინაარსის შეფასებასაც.

16. სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების გათვალისწინებით, დავის ფაქტობრივი გარემოებების განსაზღვრა, მტკიცებულებათა წარდგენა, ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელება და მათი სამართლებრივი მნიშვნელობის შეფასებისათვის აუცილებელი პროცესუალური აქტიურობის გამოვლენა მხარეთა უფლებამოსილებასა და ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია და, ამავდროულად, ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციების, არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მათი ერთობლივი შეფასების შედეგად.

17. პალატა მიუთითებს, რომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მიზნად ისახავს ელექტრონული ფორმით განხორციელებული მოქმედებების სამართლებრივი მნიშვნელობის, სანდოობისა და მათი სამართლებრივი შედეგების უზრუნველყოფას. შესაბამისად, მხარის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელებული საპროცესო მოქმედების შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ დოკუმენტის კონკრეტულ სასამართლოში საბოლოო ასახვას, არამედ იმ გარემოებასაც, განახორციელა თუ არა მხარემ კანონით ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

18. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევებში, როდესაც მხარის მიერ დადგენილ ვადაში განხორციელებული საპროცესო მოქმედება უტყუარად დასტურდება ელექტრონული სისტემის მონაცემებით, თუმცა შემდგომ წარმოიშობა ტექნიკური ან სხვა სახის გარემოება, რომელმაც გავლენა მოახდინა დოკუმენტის ასახვასა თუ მის მიმართულებაზე. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ფორმალური საფუძვლით საპროცესო შედეგის დადგომა საჭიროებს საქმის კონკრეტული გარემოებების ზედმიწევნით შეფასებას.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, საქართველოს სასამართლოების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მონაცემებზე, რომელთა მიხედვითაც დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2025 წლის 31 დეკემბერს. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახელზე შედგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლის მატერიალურ ეგზემპლარზე რეგისტრაციის თარიღად ასევე მითითებულია 2025 წლის 31 დეკემბერი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს ერთვის გ.ფ–ის საქმეზე 494.84 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება, რაც სრულ შესაბამისობაშია ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ბაჟის ოდენობასთან.

20. საქმეში ასევე წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის მიმართვა თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი, რომლის თანახმადაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეცდომით რეგისტრირებული აპელანტის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. ამასთან, საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს საქართველოს სასამართლოების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მომხმარებელს და ფლობს აღნიშნული სისტემით სარგებლობისათვის აუცილებელ მონაცემებს, რასაც ადასტურებს მის მიერ ამავე საქმეზე იმავე ფორმით სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტის წარდგენა. შესაბამისად, საქმის მასალების ერთობლივი შეფასებით დასტურდება, რომ აპელანტს გააჩნდა სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზების სრულად და ჯეროვნად აღმოფხვრის მკაფიო ნება და ამ მიზნით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განახორციელა ყველა შესაბამისი საპროცესო მოქმედება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ სადავო გარემოება არ არის განპირობებული კერძო საჩივრის ავტორის უმოქმედობით ან მის მიერ საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობით, არამედ დაკავშირებულია რეგისტრაციის პროცესში დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზთან.

21. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც კონკრეტულ სასამართლოში შეცდომით დარეგისტრირებული სააპელაციო ან საკასაციო საჩივარი თავად სასამართლოს მიერ ეგზავნება უფლებამოსილ სასამართლოს (იხ. სუსგ №ას-525-2023, 07.07.2023წ.).

22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, გადაჭარბებული ფორმალიზმი შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასთან, ვინაიდან ასეთი მიდგომა შეიძლება იქცეს დაბრკოლებად პირის მიერ თავისი საქმის არსებით განხილვაში. სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ სასამართლოზე წვდომის უფლება უნდა იყოს პრაქტიკული და ეფექტური და არა თეორიული და ილუზორული. ამასთან, მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს, რომ პირებს გააჩნდეთ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები (იხ.: Běleš and Others v. the Czech Republic, no. 47273/99, §§50-51, 69, 12.11.2002; Pérez de Rada Cavanilles v. Spain, no. 28090/95, 28.10.1998; Miragall Escolano and Others v. Spain, nos. 38366/97 et al., §§33, 36, ECHR 2000-I; Sotiris and Nikos Koutras ATTEE v. Greece, no. 39442/98; Miessen v. Belgium, no. 31517/12, 18.10.2016; Al-Dulimi and Montana Management Inc. v. Switzerland [GC], no. 5809/08, §136, ECHR 2016).

23.ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული მოქმედებები კანონით დადგენილი ვადის დაცვით შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. მოცემულ საქმეში განსხვავებული შეფასება არსებითად გამოიწვევდა აპელანტის მიერ დადგენილ ვადაში რეალურად განხორციელებული საპროცესო მოქმედების სამართლებრივი მნიშვნელობის უარყოფას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ტექნიკური ხასიათის გარემოების შედეგად შესაბამისი დოკუმენტაცია სხვა სასამართლოში აისახა. ამგვარი შეფასება აპელანტს დააკისრებდა მისგან დამოუკიდებელი გარემოებით გამოწვეული შედეგის ტვირთს და პროცესუალური ფორმალიზმის პრინციპს უპირატესობას მიანიჭებდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტურ უფლებებთან შედარებით.

24. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღების დროისათვის სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა იმ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობა, რომლებიც შემდგომში კერძო საჩივრის ფარგლებში გამოიკვეთა, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეცდომით რეგისტრირებული და შემდგომ უფლებამოსილ სასამართლოში გადაგზავნილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული გარემოებები განაპირობებს საქმის მასალების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას, თუმცა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი მოქმედებები დადგენილ ვადაში განახორციელა. შესაბამისად, აპელანტის მიერ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილად უნდა მივიჩნიოთ, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

25. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.ს.კ–იის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია