დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1107-2025
28 აპრილი , 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ჰ.ე.გ.კ–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ზ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ს.ს.გ.დ–ი
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - J.U.
U. B.M.M.V.H.A.Ş and S. i. P. Ltd
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე.ზ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დაზარალებული“, „უძრავი ნივთის მესაკუთრე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ს.გ.დ–ისა და შპს „გ.ჰ.ე.გ.კ–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“, „კომპანია“, „მოპასუხე კომპანია“) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ს.ს.გ.დ–ისა და შპს „გ.ჰ.ე.გ.კ–ოს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „გ.ჰ.ე.გ.კ–ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 562 805 (ხუთას სამოცდაორი ათას რვაას ხუთი) ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე კომპანიამ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მხოლოდ მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 439 585 (ოთხას ოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელის საკუთრებაშია ზესტაფონის რაიონში, ........., ....... (ს/კ ..........) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 880 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სახლი, აგრეთვე, მრავალწლოვანი ნარგავები;
6.2. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არის აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ავტობანი, სადაც მიმდინარეობს E-60 მაგისტრალის F4 ლოტის (შორაპანი-არგვეთა) გვირაბის სამშენებლო სამუშაოები;
6.3. ზემოაღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს მოპასუხე კომპანია;
6.4. 2021 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება-შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, სამუშაოების მწარმოებელმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მესაკუთრის წინაშე და აიღო ვალდებულება, რომ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვით, გვირაბის მშენებლობისათვის ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებისას აუნაზღაურებს მესაკუთრეს მიყენებულ ზიანს. თავის მხრივ, მესაკუთრემ გამოხატა თანხმობა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მფლობელმა განახორციელოს ბურღვა-ფეთქებითი სამუშაოები მისი საკუთრების სიახლოვეს;
6.5. 2021 წლის 9 ნოემბრის შენობის გამოკვლევის ბარათით დგინდება, რომ შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე: ,,შენობა-ნაგებობას აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები, მეორე სართულზე საძინებელ ოთახში ფანჯრის ქვედა კუთხეში აქვს მიკრო ბზარი ნალესში, გარე ფასადზე ნალესს აქვს მცირე ეროზია დაწყებული, ასევე დაზიანებულია და ჯდენა აქვს დაწყებული აივნის საძირკველს;
6.6. 2022 წლის 9 ივნისს დამატებით შედგა შენობის გამოკვლევის ბარათი, რომლის მიხედვით, გაზრდილია შენობა-ნაგებობის დაზიანების ხარისხი;
6.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ ზესტაფონში, ........., .მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ. .........) და მასში განთავსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება და მიწის ნაკვეთის ზედაპირის დეფორმაციები გამოწვეული იყოს E-60 მაგისტრალის მშენებლობისათვის ჩატარებული სამუშაოების მიერ;
6.8. ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება მიწის დეფორმაციები. შენობაში შეინიშნება ბზარები. ექსპერტიზის ფარგლებში შედგა ზესტაფონში, ......... მდებარე საცხოვრებელი სახლის და E-60 მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მიმდებარე მონაკვეთის ნახაზი. მანძილი საცხოვრებელი სახლიდან დამუშავებული ფერდობის ზედა ნაწილამდე (თავამდე) შეადგენს 52.97 მეტრს. მიწის ნიშნულების სხვაობა საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ძირიდან არსებული გზის საფარს შორის შეადგენს 35.57 მეტრს. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ 09.11.2021 წელს შედგენილი შენობის გამოკვლევის ბარათით და ფოტო-ვიდეო მასალით ირკვევა, რომ 2021 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით დაფიქსირებულია „სუსტი დაზიანებები“, „წვრილი ბზარები ბათქაშში“ და „ბათქაშის მოცილება“, ზომიერი და მძიმე დაზიანებები შენობას არ აღენიშნებოდა, ხოლო 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით გაზრდილია 2021 წელს არსებული და გაჩენილია ახალი ბზარები; წარმოდგენილი სახით საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაცია არ არის საფრთხის შემცველი, თუმცა 2021 წლის 9 ნოემბრიდან დღემდე შეინიშნება ბზარების ინტენსიური მატება და ნიადაგის დეფორმაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტიზას მიაჩნია, რომ შენობაზე რაიმე სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის;
6.9. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 6 იანვრის დასკვნის თანახმად, N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 880 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა დღეისთვის დაზიანებათა ხარისხიდან გამომდინარე დამაკმაყოფილებელია. დაფიქსირებული დაზიანებები კლასიფიკაციის მიხედვით I-II ხარისხისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა მიეკუთვნება საექსპლუატაციო ვარგისიანობის I კატეგორიას და შესაძლებელია უსაფრთხო ექსპლუატაცია. არსებული სიტუაციის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში, შენობა საჭიროებს მხოლოდ კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებს;
6.10. ექსპერტი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ფერდის ჩამოშლას და ნაპრალების გაჩენას შეიძლება მოჰყვეს მეწყრული პროცესების მასშტაბური განვითარება. სახლის ფერდის ზედა ნიშნულიდან და ავტომაგისტრალიდან საკმაო მანძილით დაცილების გამო შენობის ფერდის ჩამოშლის ზონაში მოხვედრის საფრთხე არ არსებობს. თუმცა, ასეთმა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს გრუნტში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, რის გამოც განვითარდეს სახლის საძირკველში ჯდენითი პროცესები. მიწის (ფერდის) ჩამოშლისა და ნაპრალების წარმოქმნის მიზეზი სავარაუდოდ არის ფერდის ბუნებრივი დაფერდვის კუთხეზე მეტად დახრა. მიწის (ფერდის) ჩამოშლისა და ნაპრალების წარმოქმნის თავიდან აცილების პრევენციულ ღონისძიებებს წარმოადგენს ფერდების დახრა ბუნებრივი ქანობის კუთხით;
6.11. ამავე ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, საცხოვრებელ სახლზე არსებული ბზარების განვითარების ხასიათისა და გავრცელების არეალის მიხედვით, დაზიანებათა გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორი. კერძოდ, დაფიქსირებული ბზარების გამომწვევი მიზეზებია მიწისძვრები და წყალარინების სისტემების გაუმართაობის შედეგად წარმოშობილი ჯდენითი დეფორმაციები, ლითონის საკვამურის მილთან, წინაფრის მარცხენა კუთხეში კერამიკულ ფილებში ბზარების წარმოქმნა შეეძლო გამოეწვია საკვამურის ტემპერატურულ ზემოქმედებას, წინაფრის ქვეშ ბეტონის ფილაში ჯდენის შედეგად ბზარი კი - ფილის ქვეშ გრუნტის არასათანადო დატკეპნას, ხოლო რაც შეეხება ავტომაგისტრალის მშენებლობის შემდეგ წარმოშობილ ბზარებს, ისინი გარდა წყალარინების სისტემის გაუმართაობისა, შეეძლო გამოეწვია მშენებლობის (ფერდის მოწყობის სამუშაოების) შედეგად წარმოშობილი დინამიკური დატვირთვების ზემოქმედებით ფუძე-გრუნტებში გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებს;
6.12. ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას აქვს გარკვეული ზეგავლენა, რასაც მიანიშნებს გარკვეული ცვლილებები მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში შენობის კედლებში დამატებით გაჩენილი ბზარების სახით;
6.13. საქმეზე წარდგენილია შპს „თ.ა–ის“ შეფასების ანგარიში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დაბა შორაპანში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული N......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავებისა და სხვა აქტივების საბაზრო (ჩანაცვლებითი) ღირებულების შესახებ, რომლის შესაბამისად, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა 562 805 ლარის ოდენობით. ამავე შეფასების ანგარიშის თანახმად, შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა დანახარჯების ჩანაცვლების მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ნაგებობების სამშენებლო ღირებულების სრულ ხარჯებს, რათა განისაზღვროს თანხა, რაც საკმარისი იქნებოდა ასეთივე ფართისა და კეთილმოწყობის აქტივების ასაშენებლად. აღნიშნული შეფასების თანახმად, საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებითი ღირებულება, 2023 წლის მე-4 კვარტლის ფასებით, განისაზღვრა ჯამში 439 585 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის ეზოს, სხვადასხვა კონსტრუქციის ღობის, ვერანდის, ჭის, ტალავრის, ბოსლის და საქათმის ჩანაცვლებითი ღირებულება განისაზღვრა - 71 665 ლარის ოდენობით, ხოლო მრავალწლიანი ნარგავების საკომპენსაციო თანხა განისაზღვრა, ჯამში - 1 555 ლარის ოდენობით. ამდენად, დაბა ......., N...... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული აქტივების ჯამური საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 562 805 ლარის ოდენობით.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში ჩაბმული მესამე პირის პოზიციაზე, რომლის შესაბამისად, შენობა მიეკუთვნება საექსპლუატაციო ვარგისიანობის I კატეგორიას და შესაძლოა მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია, იგი საჭიროებს მხოლოდ კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებს.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 6.4 პუნქტი) და განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება-შეთანხმება მოწმობს იმ გარემოებას, რომ თავად მოპასუხე მხარე განსახორციელებელი სამუშაოების შესაბამისად, აკეთებს იმ დაშვებას, რომ მის ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს შესაძლოა დაეზიანებინა მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლები, რის გამოც იკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სამუშაოების დაწყებამდე განხორციელდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების გამოკვლევა, გამოკვლევის ბარათში (09.11.2021 წლის მდგომარეობით) აღნიშნულია შენობის ტექნიკური ხასიათის მდგომარეობა. კერძოდ, აშენების წელი - 1970-1990, მზიდი კონსტრუქცია - რკინაბეტონის სარტყელი, ანტისეისმური გაძლიერებით (მხოლოდ სარტყელი), აღენიშნება თუ არა ჯდენები - პასუხი არ არის გაცემული, კედლები - ქვა სილიკატის აგური, სუსტი დაზიანებები - წვრილი ბზარები, ბათქაშის მოცილება, ზომიერი დაზიანებები - არ აღენიშნება, მძიმე დაზიანებები - არ აღენიშნება, შენობის ნაწილების ჩამონგრევა - არ აღენიშნება, დაზიანებათა მოკლე აღწერა - შენობა-ნაგებობას აღენიშნება მცირე დაზიანებები, მეორე სართულზე საძინებელ ოთახში ფანჯრის ქვედა კუთხეში აქვს მიკრო ბზარი, ნალესში, გარე ფასადზე ნალესს აქვს მცირე ეროზია დაწყებული, დაზიანებულია და ჯდენა აქვს დაწყებული აივნის საძირკველს. შესაბამისად, შენობა-ნაგებობა, რომელიც ყველაზე გვიან აშენებულია 1990 წელს, 2021 წლამდე მოვიდა ისე, რომ მასზე მხოლოდ მცირედი ხასიათის დაზიანებები აღინიშნება.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2023 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით შენობის გამოკვლევის ბარათზე, რომელშიც საუბარია სხვადასხვა სახის დაზიანებებზე. მოსარჩელემ იმავე ხასიათის დოკუმენტი წარადგინა მოგვიანებით, რომელიც ასახავს 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობას და, სადაც უკვე მითითებულია, მძიმე დაზიანებები - კარკასში, შენობის ნაწილების ჩამონგრევა - შენობის ნაწილებს შორის კავშირის დარღვევა. საქმის მასალებში ასევე წარდგენილია ფოტო-სურათები, რომელიც ასახავს მითითებულ დაზიანებებს.
11. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოპასუხის საქმიანობის დაწყებამდე მინიმუმ 30 წლის მანძილზე შენობა ინარჩუნებდა მდგრადობას. ხოლო სამუშაოების განხორციელების ეტაპზე კი შენობას მაშინვე გაუჩნდა მძიმე დაზიანებები, რაც წარმოშობს ლოგიკურ ვარაუდს, რომ შენობის დაზიანება პირდაპირ კავშირშია სამშენებლო სამუშაოებთან;
12. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, როგორც საექსპერტო დასკვნა, ასევე, ფოტო- სურათები და შენობის გამოკვლევის ბარათი ცალსახად მიუთითებენ, რომ შენობა-ნაგებობის დაზიანებასა და მიწის ნაკვეთის დეფორმაციას ნამდვილად აქვს ადგილი.
13. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება დაკავშირებულია მოპასუხე კომპანიის მიერ საავტომობილო გზის სამუშაოების წარმოებასთან და შესაბამისად, აპელანტის შედავება, რომ აღნიშნული გარემოება (მიზეზობრივი კავშირი) არ დგინდება საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დაუსაბუთებელია, რამდენადაც ცალსახაა, რომ შესაბამისი სამუშაოების განხორციელებამდე, შენობის შეფასების ანგარიშით, საცხოვრებელ სახლს აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები, ხოლო აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდგომ სახეზეა მნიშვნელოვანი ბზარები, რაც შესაბამისი შეფასების აქტების, ფოტო-სურათებისა და ექსპერტიზის დასკვნების ერთობლივი შეფასებით მოწმობს მოპასუხე კომპანიის პასუხისმგებლობას არსებულ დაზიანებებთან მიმართებით. კერძოდ, 2021-2023 წლებში საცხოვრებელ სახლთან მიმართებით შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება, რომელიც შესაძლებელია პროგრესულიც იყოს. საქმეზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, სახლის ფერდის ზედა ნიშნულიდან და ავტომაგისტრალიდან საკმაო მანძილით დაცილების გამო, შენობის ფერდის ჩამოშლის ზონაში მოხვედრის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ასეთმა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს გრუნტში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, რის გამოც განვითარდეს სახლის საძირკველში ჯდენითი პროცესები.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარდგენილი მტკიცებულება არა თუ გამორიცხავს ან უარყოფს სამუშაოების მიზეზით ნივთის დაზიანებას, არამედ პირიქით, დასაშვებად მიიჩნევს, რომ სამუშაოებმა შესაძლებელია ჯდენითი პროცესები გამოიწვიოს. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ მიწის ფერდის ჩამოშლისა და ნაპრალების წარმოქმნის მიზეზი სავარაუდოდ არის ფერდის ბუნებრივი დაფერდვის კუთხეზე მეტად დახრა. საცხოვრებელ სახლზე არსებული ბზარების განვითარების ხასიათისა და გავრცელების არეალის მიხედვით დაზიანებათა გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორი. კერძოდ, დაფიქსირებული ბზარების გამომწვევი მიზეზებია მიწისძვრები და წყალარინების სისტემების გაუმართაობის შედეგად წარმოშობილი ჯდენითი დეფორმაციები, ლითონის საკვამურის მილთან, წინაფრის მარცხენა კუთხეში კერამიკულ ფილებში ბზარების წარმოქმნა შეეძლო გამოეწვია საკვამურის ტემპერატურულ ზემოქმედებას, წინაფრის ქვეშ ბეტონის ფილაში ჯდენის შედეგად ბზარი კი - ფილის ქვეშ გრუნტის არასათანადო დატკეპნას. შესაბამისად, დასკვნის პირველი ნაწილით, ექსპერტი დასაშვებად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ დაზიანება სამშენებლო საქმიანობას გამოეწვია, ხოლო მეორე ნაწილით კი დამატებით განმარტავს, რომ დაზიანება ასევე შესაძლოა სხვა ბუნებრივ მოვლენებსაც გამოეწვია, რაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ დასაშვებობის პრინციპზეა აგებული და არც მეორე ნაწილი არ გამორიცხავს სამუშაოების მიზეზით დამდგარ ზიანს. სასამართლოსთვის ისედაც ცნობილია, რომ ბუნებრივ მოვლენებს შეუძლიათ შენობის დაზიანება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს მართებდა წარმოედგინა ისეთი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც ცალსახად გამორიცხავდა ქონების დაზიანებას სამუშაოების შედეგად.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის სასამართლო სხდომაზე, რომლის ფარგლებშიც კითხვებით მიმართეს ექსპერტებს. მართალია, მათ წარმოდგენილი წერილობითი დასკვნისგან რაიმე არსებითად განსხვავებული განმარტება არ გაუკეთებიათ, თუმცა საყურადღებოა გიორგი მარჯანიძის ჩვენება, რომელიც დაზიანების პროგრესირებას შეეხება. იგი მიუთითებს, რომ ზედამხედველობის სამსახურს შეეძლო, თუ თავის მოვალეობას სრულად შეასრულებდა, დაზიანებებზე დაეყენებინა ე.წ. „ყანაურები“, რომლის შემთხვევაშიც მეტი სიზუსტით დადგინდებოდა, იყო თუ არა ზემოქმედება მოსარჩელის ქონებაზე. დამატებით ექსპერტმა განმარტა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „გ.ჰ.ე.გ.კ–ოს“ მიერ ასევე შესრულდა სამუშაოები კოდალას მეშვეობით, რომელიც იწვევს გარკვეულ ვიბრაციებს. შესაბამისად, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ დაზიანება კონკრეტულ სამუშაოსაც გამოეწვია, თუმცა, ამის დადგენა ზუსტად შეეძლო ზედამხედველობის სამსახურს ნახსენები მეთოდით. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ შენობა-ნაგებობას არ გააჩნია მაინცდამაინც მყარი მდგრადობა, შეფასების საფუძველია არსებული სარტყელი და სხვა სამშენებლო ხასიათის ტექნიკური დეტალი. შესაბამისად, ექსპერტის მოსაზრებით, შენობის დაზიანება შედარებით სუსტ ვიბრაციასაც შეეძლო გამოეწვია.
16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ს.ს.გ.დ–ის განცხადებაზე, სადაც განმარტებულია, რომ განსახლების პროცედურების მიმდინარეობის ეტაპზე დამატებით განხორციელდა იმ მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული აქტივების შეფასება, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული გეგმაში, თუმცა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დადგინდა მათზე ზემოქმედება. შესაბამისად, სამინისტრო ფაქტის სახით ადასტურებს, რომ გეგმით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სამუშაო პროცესში დაფიქსირდა დამატებით სხვა კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ზემოქმედება. ამდენად, სამუშაოებმა იმ ხასიათს და მასშტაბებს მიაღწია, რომ კერძო საკუთრებაზე ზემოქმედება ნორმალური და დასაშვები მოვლენაა. ასეთ დროს მოპასუხე მხარეს მით უფრო დასაბუთებული და დამაჯერებელი განმარტების წარმოდგენა მართებდა, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდა სამუშაოებთან ზიანის კავშირს.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებამ, რის გამოც მოსარჩელეს აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზიანის გაანგარიშებასთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტზე და აღნიშნა, რომ იგი მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების ღირებულებას, არამედ ეზოს, სხვადასხვა კონსტრუქციის ღობის, ვერანდის, ჭის, ტალავრის, ბოსლისა და საქათმის ჩანაცვლებით ღირებულებასაც, თუმცა გამართლებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარეს მიეკუთვნოს მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებითი ღირებულება 439 585 ლარის ოდენობით, რამდენადაც სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი სრული ქონების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციის მიკუთვნება, არამედ სარჩელით მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება, ხოლო არსებული ზიანის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით გამართლებულია ზიანის ანაზღაურება დაზიანებული სახლის ჩანაცვლებითი ღირებულების გათვალისწინებით.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზიანის შეფასების მიზნით ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს. ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობა ასევე დაყენებული იყო სააპელაციო განხილვის ეტაპზეც, კერძოდ, აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს დაენიშნა ექსპერტიზა დაზიანების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, რადგანაც თავად მხარის მიერ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება ვერ ხერხდება ადგილზე დაშვების შეზღუდვის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა 2025 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებაზე, სადაც მხარეს უარი ეთქვა ექსპერტიზის დანიშვნაზე, რამდენადაც სარჩელით მოთხოვნილი იყო ჩანაცვლების ღირებულება, თავის მხრივ მოპასუხე ითხოვდა ექსპერტიზის დანიშვნას ზიანის შეფასების მიზნით.
20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად. კასატორი ასევე ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებას, რომლითაც მოპასუხე მხარეს უარი ეთქვა ექსპერტიზის დანიშვნაზე.
21. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
21.1. მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს ზიანის სახით მოსარჩელის ქონების ჩანაცვლებითი ღირებულების ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს, თუმცა სასამართლომ უარი თქვა ზიანის ოდენობის დასადგენად ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ზუსტად დაადგენდა მოსარჩელის რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს „ზიანს“. აღნიშნული ექსპერტიზა არც მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარდგენილი;
21.2. წინამდებარე დავის ფარგლებში, სასამართლოს უნდა დაედგინა ზიანის არსებობა, მისი გამომწვევი მიზეზი და ზიანის მიმყენებელი პირი, ასევე უნდა დაედგინა ზიანის ოდენობა, რადგან ზიანის ანაზღაურების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ზიანის მიმყენებელმა უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, მოპასუხე კომპანიის ბრალეული ქმედებისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების დაზიანებასა და მოპასუხის მიერ განხორციელებულ აფეთქებებს შორის, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის; არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ და ცალსახად დაადასტურებს, რომ ზიანი გამოიწვია უშუალოდ მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებმა; წინამდებარე საქმეში კასატორის ბრალეულობის საკითხი მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში დადგენილი არ არის და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლომ უნდა დაადგინოს როგორც ზიანის მიყენების მიზეზშედეგობრივი კავშირი, ასევე ზიანის ოდენობა;
21.3. საქმის ფარგლებში წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას, მიწისძვრას, წყალარინების სისტემის გაუმართაობას და სხვა. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები არის სავარაუდო ხასიათის და იმპერატიულად (უტყუარად) არ ადასტურებს აპელანტის ბრალეულობას დამდგარ ზიანში; ასევე გამორიცხავს იმ მიზეზშედეგობრივ კავშირს, რომელიც უტყუარად უნდა დადგინდეს ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად
21.4. მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარდგენილია შპს თ.ა“-ს ,,შეფასების ანგარიში ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, დაბა ........, ე.ზ–ძის საკუთრებაში არსებული N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავებისა და სხვა აქტივების საბაზრო (ჩანაცვლებითი) ღირებულების შესახებ. სასამართლომ აღნიშნული დასკვნა და დასკვნით გათვალისწინებული ახალი უძრავი ქონების აშენების ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა) განსაზღვრა ზიანის ოდენობად, თუმცა თავად დასკვნა საერთოდ არ მიუთითებს ზიანის ოდენობის შეფასებაზე, ის მხოლოდ უძრავი ქონების შეფასებას ახდენს თუ რა დაჯდება მსგავსი შენობის აშენება და მოწყობა დღევანდელ პირობებში;
21.5. საქმეში ასევე წარმოდგენილია მეორე ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული 2023 წლის 06 იანვარს, სადაც ექსპერტი მიუთითებს, რომ შენობის დაზიანებები არის I – II ხარისხის, რაც იმას ნიშნავს რომ შენობა მიეკუთვნება საექსპლუატაციო ვარგისიანობის I კატეგორიას და შესაძლებელია მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია არსებული სიტუაციის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში, შენობა საჭიროებს მხოლოდ კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებს. ასევე ვარაუდს გამოთქვამს, რომ არსებული დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია მრავალ ფაქტორს, მათ შორის ბუნებრივ მოვლენებსაც, თუმცა ცალსახად არ ხდება უშუალოდ იმაზე მითითება, რომ ზიანი გამოიწვია E-60 მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებმა. რაც შეეხება უშუალოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულება, არც ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავდა მიყენებული ზიანის კონკრეტულ ოდენობას; სწორედ იმ ზიანის ოდენობას, რაც საჭიროა დაზიანების გამოსასწორებლად და მის პირვანდელ (დაზიანებამდე) მდგომარეობაში აღსადგენად. ასევე მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარდგენილი მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. უფრო მეტიც, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება აუცილებლად საჭიროებდა დემონტაჟს და მხოლოდ ამ გზით იქნებოდა შესაძლებელი მის მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, გაუგებარია რაზე დაყრდნობით დააკისრა სასამართლომ აპელანტს 439 585 ლარის გადახდა, როდესაც დაკისრებული თანხა არის არა მიყენებული ზიანის ოდენობა, არამედ დაუდგენელი მახასიათებლების მქონე ახალი შენობის აშენების ხარჯთაღრიცხვა, რაც საერთოდ არ არის კავშირში ზიანის ოდენობასთან და მის გამოსწორებასთან. ფაქტობრივად, სასამართლომ რეალური ზიანის ანაზღაურების ნაცვლად (მოპასუხის ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში) დააკმაყოფილა მოსარჩელის სურვილი ახალი უძრავი ქონების შექმნასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული შეფასება სრულიად აცდენილია მოცემულ რეგიონში არსებულ საბაზრო ღირებულებას;
21.6. ზიანის ოდენობად წარდგენილი ახალი მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა არ უნდა დაედგინა სასამართლოს, რადგან სრულიად ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს და იწვევს მოსარჩელე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას, რადგან მოსარჩელე 30 წელზე მეტი ასაკის შენობის მხოლოდ კოსმეტიკური ზიანის საპირწონედ, იღებს ახალი შენობის (მისი საპროექტო მახასიათებლების გარეშე) ასაშენებლად კერძო აუდიტორის შეფასებით მომზადებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ოდენობის თანხას, რომელიც, ამავე დროს, აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მეტია;
21.7. მოპასუხემ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს დააყენა შუამდგომლობა ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით, რადგან აშკარად ერთმანეთთან შეუსაბამო იყო ანალოგიური ქონების საბაზრო ღირებულება ან/და კოსმეტიკური რემონტისათვის საჭირო ხარჯები და მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეფასება, თუმცა სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ ჩათვალა საჭიროდ ზიანის და ასევე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება;
21.8. წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, სახლის ტექნიკური მდგომარეობა დღეისთვის დამაკმაყოფილებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა მიეკუთვნება საექსპლუატაციო ვარგისიანობის I კატეგორიას და შესაძლოა უსაფრთხო ექსპლუატაცია;
21.9. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, კი პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო;
21.10. სასამართლომ არასწორად განმარტა და დაუსაბუთებლად გამოიყენა შპს „თ.ა“-ს დასკვნა, რომელიც საერთოდ არ ეხება შენობის ზიანს ან მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურებას, არამედ დასკვნაში განხილულია და დაანგარიშებულია ახალი სახლის აშენების ღირებულება, მიწის ნაკვეთის ღირებულება და ასევე დამხმარე ნაგებობების ღირებულება, თუმცა საყურადღებოა ერთი ძირითადი გარემოება, სასამართლოს არ შეუფასებია უმთავრესი, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და სახლი რამდენად დაზიანებულია, რამდენად არის აუცილებელი მისი დემონტაჟი, ან რა სახის დაზიანება მიიღო სახლმა, ყოველივე ამის მიუხედავად სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ოდენობად განსაზღვრა სახლის აშენების ჩანაცვლებითი ღირებულება, 439585 ლარი, რომელიც შპს „თ.ა–ის” შეფასების ანგარიშით არის განსაზღვრული. აღნიშნული შეფასება არ წარმოადგენს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის გაანგარიშებას, არამედ აღნიშნული ანგარიშით განსაზღვრულია ზოგადად სახლის აშენების გაანგარიშება, თუმცა რა კავშირშია ზიანის ანაზღაურებასთან გაუგებარია;
21.11. ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისას არ ყოფილა გამოკვლეული დაზიანებების ხანდაზმულობა, ასევე, არ ყოფილა შეფასებული შენობის ბუნებრივი ცვეთა და ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით შენობის დაზიანებების შეფასება. 09.11.2021 წლის შენობის გამოკვლევის ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ შენობას ავტომაგისტრალის მშენებლობამდე ჰქონდა მცირე დაზიანებები, კერძოდ, ჰქონდა ბრაზები და დაზიანებული იყო აივანი, დაწყებული იყო აივნის საძირკვლის ჯდენა, ასევე ეროზირებული იყო ბათქაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია იმის თქმა, რომ სახლი ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდეც იყო მცირედ დაზიანებული.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია არსებობს თუ არა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. კერძოდ, შესაფასებელია მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მაგისტრალის მშენებლობის პროცესში განხორციელებული ქმედებები გახდა თუ არა მოსარჩელის კუთვნილი ქონების დაზიანების მიზეზი.
28. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. ამდენად, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ზიანის სახით 562 805 ლარის ანაზღაურება წარმოადგენდა.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 408.1 [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] და 409-ე მუხლი [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება].
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. იგი არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ამ ქმედების უშუალო შედეგს. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; №ას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; №ას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).
32. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, [ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი)“ (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). კანონმდებელი ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ნატურით რესტიტუციის პრინციპს უპირატესობას ანიჭებს, კერძოდ, დაზარალებულს არ აქვს უფლება ზიანის მიმყენებელს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოს, თუ რესტიტუცია შესაძლებელია და ის არათანაზომიერად დიდ დანახარჯს არ მოითხოვს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-98-93-2010, 8 ივნისი, 2010 წელი; საქმე №ას-389-366-2014, 20 მაისი, 2016 წელი).
34. სსკ-ის 408 I მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია, ზიანი აანაზღაუროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით, ანუ ნატურალური რესტიტუციის გზით. ამის საპირისპიროდ, 409-ე მუხლში მოწესრიგებულია ფულადი ანაზღაურების ფორმით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. 409-ე მუხლთან დაკავშირებით რელევანტურია ე.წ ღირებულების ინტერესის ანაზღაურება, როგორც ნატურით რესტიტუციის ალტერნატივა. ღირებულების ინტერესი გამოითვლება დაზარალებულის ჰიპოთეტური (ზიანის მომტანი მოვლენის გარეშე) და არსებული ქონებრივი მდგომარეობის შეპირისპირებით. თუ დამზიანებელმა ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული და ამგვარად შეუცვლელი ნივთი გაანადგურა, ფულადი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მსგავსი ნივთის საბაზრო ღირებულების მიხედვით. ანაზღაურების ოდენობა მეორადი ნივთების შემთხვევაში, რომელთა საბაზრო ფასიც დაუდგენელია, განისაზღვრება ამ ტიპის ახალი ნივთის საბაზრო ფასისათვის ცვეთით შემცირებული ღირებულების გამოკლებით.
35. სსკ-ის 408 I და 409-ე მუხლების სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უწინარესად მიმართულია შელახული სამართლებრივი სიკეთის ან დარღვეული უფლების აღდგენისა და შენარჩუნების ინტერესისაკენ. გამონაკლისის სახით, ანუ როდესაც რესტიტუციის გზით შელახული სამართლებრივი სიკეთის, ან დარღვეული უფლების აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია, ან არათანაზომიერად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია, კრედიტორს მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ანუ ზიანი ანაზღაურდეს მატერიალური ბალანსის აღდგენის გზით. 409-ე მუხლის მიხედვით, ღირებულების ანაზღაურების თითოეულ ვარიანტს – პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობას (აბსოლუტური შეუძლებლობა) და რესტიტუციისათვის არათანაზომიერი ხარჯების აუცილებლობას (რელატიური შეუძლებლობა) – განსხვავებული ფუნქცია და მიზანი აქვს. პირველი აწესრიგებს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად (ან მასთან ერთად დამატებით) დაზარალებულის მიერ ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას, მაშინ, როდესაც მეორე ვარიანტი ითვალისწინებს უკვე დამზიანებლის უფლებას, შესთავაზოს მეორე მხარეს ფული ნატურით რესტიტუციის სანაცვლოდ. რელატიური შეუძლებლობა სახეზეა, როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ორმხრივი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად ვასკვნით, რომ მოვალის არათანაზომიერი ხარჯის გაღებისაგან დაცვის ინტერესი აღემატება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ინტერესს. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა შევაფასოთ ორივე მხარის სუბიექტური ინტერესები და ქონებრივი მდგომარეობა. დამზიანებელს ამ შემთხვევაში შეუძლია, უარი თქვას ნატურით რესტიტუციაზე და დაზარალებულს სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია შესთავაზოს. დაზარალებულს ამ შემთხვევაში უნაზღაურდება არა შენარჩუნება-აღდგენის, არამედ მხოლოდ ღირებულების ინტერესი (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, მუხ. 316-476, თბილისი, 2019, გვ. 712, 713, 715).
36. სსკ-ის 409-ე მუხლი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ფულადი ანაზღაურების დაკისრება მხოლოდ სუბსიდიური სამართლებრივი საშუალებაა და მხოლოდ იმ დროს უნდა იქნეს დაკისრებული, როდესაც სახეზეა 409-ე მუხლით სიტყვასიტყვით განსაზღვრული აბსოლუტური და რელატიური შეუძლებლობის წინაპირობები. ფულადი ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ინტერესისაკენ იყოს მიმართული.
37. განსახილველი დავის ფარგლებში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ ზესტაფონში, დაბა ........., ........ N30-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ. ..........) და მასში განთავსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება და მიწის ნაკვეთის ზედაპირის დეფორმაციები გამოწვეული იყოს E-60 მაგისტრალის მშენებლობისათვის ჩატარებული სამუშაოების მიერ; ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება მიწის დეფორმაციები. შენობაში შეინიშნება ბზარები. ექსპერტიზის მიერ შედგა ზესტაფონში, დაბა ........., ......... მდებარე საცხოვრებელი სახლის და E-60 მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მიმდებარე მონაკვეთის ნახაზი. მანძილი საცხოვრებელი სახლიდან დამუშავებული ფერდობის ზედა ნაწილამდე (თავამდე) შეადგენს 52.97 მეტრს. მიწის ნიშნულების სხვაობა საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ძირიდან არსებული გზის საფარს შორის შეადგენს 35.57 მეტრს. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ 09.11.2021 წელს შედგენილი შენობის გამოკვლევის ბარათით და ფოტო-ვიდეო მასალით ირკვევა, რომ 2021 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით დაფიქსირებულია „სუსტი დაზიანებები“, „წვრილი ბზარები ბათქაშში“ და „ბათქაშის მოცილება“, ზომიერი და მძიმე დაზიანებები შენობას არ აღენიშნებოდა, ხოლო 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით გაზრდილია 2021 წელს არსებული და გაჩენილია ახალი ბზარები; წარმოდგენილი სახით საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაცია არ არის საფრთხის შემცველი, თუმცა 2021 წლის 9 ნოემბრიდან დღემდე შეინიშნება ბზარების ინტენსიური მატება და ნიადაგის დეფორმაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტიზას მიაჩნია, რომ შენობაზე რაიმე სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
38. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის, 2021 წლის 9 ნოემბრისა და 2022 წლის 9 ივნისის შენობის გამოკვლევის ბარათის თანახმად, ასევე, მხარეთა შორის გაფორმებული 2021 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულება-შეთანხმების, [რომლის საფუძველზეც სამუშაოების მწარმოებელმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მესაკუთრის წინაშე და აიღო ვალდებულება, რომ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვით, გვირაბის მშენებლობისათვის ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებისას აუნაზღაურებს მესაკუთრეს მიყენებულ ზიანს] ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ მაგისტრალის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება (დამატებით იხ. წინამდებარე განჩინების 6-16 პუნქტები). მოპასუხე კომპანიას საკუთარი ბრალის გამოსარიცხი უტყუარი მტკიცებულება არ წარუდგენია, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის ქონების დაზიანებასთან მოპასუხის მიერ განხორციელებულ მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებულ ქმედებებს კავშირი არ აქვს.
39. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა ზიანის აღმოფხვრის გზას, კერძოდ, კომპანია მიუთითებდა, რომ შესაძლებელი იყო ზიანის აღმოფხვრა აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით, ხოლო თავისი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებდა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 6 იანვრის დასკვნაზე, რომლის შესაბამისად, N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 880 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა დღეისთვის დაზიანებათა ხარისხიდან გამომდინარე დამაკმაყოფილებელია. დაფიქსირებული დაზიანებები კლასიფიკაციის მიხედვით I-II ხარისხისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა მიეკუთვნება საექსპლუატაციო ვარგისიანობის I კატეგორიას და შესაძლებელია უსაფრთხო ექსპლუატაცია. არსებული სიტუაციის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში, შენობა საჭიროებს მხოლოდ კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებში მოიპოვება ამავე ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 26 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელი სახლის წარმოდგენილი სახით ექსპლუატაცია არ არის საფრთხის შემცველი, თუმცა 2021 წლის 9 ნოემბრიდან დღემდე შეინიშნება ბზარების ინტენსიური მატება და ნიადაგის დეფორმაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტიზას მიაჩნია, რომ შენობაზე რაიმე სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, ჩვეულებრივ შემთხვევაში, არსებული დაზიანებები შესაძლოა აღმოფხვრილიყო თუნდაც კოსმეტიკური რემონტით/ რეკონსტრუქციით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, არ არის რეკომენდებული მსგავსი სამუშაოების ჩატარება. ამასთან, თავად მოპასუხე მხარის მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, თუ არსებული სიტუაცია იქნება შენარჩუნებული.
40. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთზე. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს (იხ. სუსგ საქმე №ას-934-2020, 25 მარტი, 2021 წელი). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1090-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წელი).
41. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ 409-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაცვლად ფულადი ანაზღაურების მოთხოვნას წარადგენს მოსარჩელე. მაშასადამე, მოსარჩელე (კრედიტორი) ვალდებულია, დაამტკიცოს, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა და ფულადი ანაზღაურების ოდენობის სისწორე და სამართლიანობა. გარდა ამისა, მოვალე ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ პირვანდელი მდგომარეობის ანაზღაურებისათვის საჭირო დანახარჯი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ინტერესის მიმართ არათანაზომიერია.
42. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმად, ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ ზესტაფონში, დაბა ......., ........ქ. N30-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ. 32.19.32.379) და მასში განთავსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება და მიწის ნაკვეთის ზედაპირის დეფორმაციები გამოწვეული იყოს E-60 მაგისტრალის მშენებლობისათვის ჩატარებული სამუშაოების მიერ. ამასთან, 2021 წლის 9 ნოემბრის შენობის გამოკვლევის ბარათით დგინდება, რომ შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე: ,,შენობა-ნაგებობას აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები, მეორე სართულზე საძინებელ ოთახში ფანჯრის ქვედა კუთხეში აქვს მიკრო ბზარი ნალესში, გარე ფასადზე ნალესს აქვს მცირე ეროზია დაწყებული, ასევე დაზიანებულია და ჯდენა აქვს დაწყებული აივნის საძირკველს; 2022 წლის 9 ივნისს დამატებით შედგა შენობის გამოკვლევის ბარათი, რომლის ფარგლებშიც გაზრდილია შენობა-ნაგებობის დაზიანების ხარისხი.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავად არის განსაზღვრული სსსკ-ის 102.2 მუხლით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
45. აღსანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
46. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი და სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ საქმე N ას-1074-2024, 28 თებერვალი 2025 წელი). მოპასუხე მხარეს კი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არ წარუდგენია საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების საპირწონე მტკიცებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს ზიანის სახით უნდა აუნაზღაურდეს დაზიანებული სახლის ჩანაცვლებითი ღირებულება.
47. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც დადგინდა, რომ მართებული იყო სასარჩელო მოთხოვნა ნივთის ჩანაცვლებითი ღირებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით, არარელევანტურია საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც ეხება სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის ჭრილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უმართებულობას.
48. რაც შეეხება პრეტენზიას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს წარდგენილი ჰქონდა უძრავი ქონების საბაზრო (ჩანაცვლებითი) ღირებულების დაანგარიშებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია დათვლის მეთოდოლოგია (საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების დანახარჯების, კერძოდ, აქტივების ჩანაცვლების მიდგომით), საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ზიანის განსხვავებულ გაანგარიშებას შესთავაზებდა ან/და მოსარჩელის ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით განსხვავებულ შეფასებას წარუდგენდა, მოპასუხის მხრიდან არ წარდგენილა, შესაბამისად, მარტოოდენ ზეპირი მითითებების პირობებში, პრეტენზიები ზიანის ოდენობის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
49. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, გასაჩივრებული იყო საოქმო განჩინება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა ექსპერტიზის დანიშვნაზე.
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, თუმცა მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც განსახილველ დავაში, მოპასუხემ თავი ვერ გაართვა - არ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება.
51. სსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში [სსსკ-ის 172-ე მუხლი].
52. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო მტკიცებულებები, რომლებიც სსკ-ის 992-ე და 409-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებას გაამართლებდა სასამართლოს საქმეში მოეპოვებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა სასამართლოს მხრიდან დამატებით ექსპერტიზის დანიშვნის საჭიროება. მოპასუხეს კი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეეძლო მისი პოზიციის გასამყარებლად ნებისმიერი სახის მტკიცებულება საქმის მომზადების სტადიაზე თავად წარედგინა [სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად], შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პრეტენზიებს ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.
53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
54. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ.ჰ.ე.გ.კ–ოს“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „გ.ჰ.ე.გ.კ–ოს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 23 ივლისს №28441094909 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის 70% – 5 600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე