დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 07.05.2026
საქმის ნომერი
ას-355-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

07 მაისი 2026 წელი

საქმე №ას-355-2026 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - პ.ჭ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები - ს.ქ–ნი, ს.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით პ.ჭ–ძის სარჩელი ს.ქ–ნისა და ს.ს–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე პ.ჭ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და მისი განხილვის მიზნით, დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა 2025 წლის 02 თებერვალს, 11:00 საათზე.

4. 2026 წლის 02 თებერვალს, 10:17 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა ლ.ბ–ას განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდებოდა, ითხოვა გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა და სასამართლო სხდომის გადადება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის განჩინებით:

5.1. აპელანტის წარმომადგენლის, ლ.ბ–ას, შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

5.2. მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლების შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, დაკმაყოფილდა;

5.3. პ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შეიცავს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:

6.1. 2026 წლის 02 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს, აპელანტის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, მათ შორის არის ავადმყოფობა, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

6.3. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სააპელაციო პალატამ მიიჩნია დაუსაბუთებლად, ვინაიდან სხდომის გადადების შესახებ განცხადებას თან არ ერთვოდა აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ცნობა. შესაბამისად, არ დგინდებოდა, რომ ადვოკატს ობიექტურად არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. შესაბამისად, პალატის განსჯით, სააპელაციო ინსტანციაში სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი არ არსებობდა.

6.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

6.5. პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტიც, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ქვეპუნქტის შესაბამისად, ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

6.6. სასამართლომ შეამოწმა, არსებობდა თუ არა აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, სახელდობრ: 1. იყო თუ არა გამოუცხადებელი მხარე საქმის განხილვაზე მოწვეული და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა თუ არა სასამართლო სხდომის შესახებ და 2. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

6.7. პალატამ შენიშნა, რომ აპელანტი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, პ.ჭ–ძის წარმომადგენელს, ლ.ბ–ას, სასამართლო უწყება გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და უკუგზავნილის მიხედვით დგინდება, რომ გზავნილი ჩაიბარა ადვოკატმა, ქ.გ–ძემ, 2025 წლის 18 ნოემბერს. ამასთან, აპელანტის წარმომადგენლის მიერ 2026 წლის 02 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში წარმოდგენილი განცხადება პალატამ მიიჩნია დასტურად, რომ აპელანტის ადვოკატი ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ. პალატამ კვლავ შენიშნა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, რომლითაც ის ითხოვდა სასამართლო სხდომის გადადებას, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან განცხადებას არ ერთვოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. 2026 წლის 02 თებერვალს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე, აპელანტის წარმომადგენელმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფორმით წარუდგინა წერილობითი განცხადება სხდომის გადადების მოთხოვნით. აღნიშნული ადასტურებს, რომ მხარემ გამოიჩინა მაღალი პროცესუალური პასუხისმგებლობა და სასამართლოს წინასწარ აცნობა გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზის შესახებ. განცხადებაში მხარემ მიუთითა, რომ ლ.ბ–ა სასამართლო სხდომაზე ვერ ცხადდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო („მწვავე მენორაგია“- „პაციენტის მდგომარეობა საჭიროებს წოლით რეჟიმს და მას არ შეუძლია გადაადგილება ან/და საჯარო პროცესში მონაწილეობა“). განმცხადებელმა საავადმყოფოში წასვლა ვერ შეძლო, განცხადებაც მისმა თანაშემწემ მოამზადა.

7.2. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტი არ გამოცხადდა სხდომაზე, თუმცა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ აპელანტი მხარე სრულად იყო მზად საქმის არსებითი განხილვისათვის. საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი პოზიციები, მტკიცებულებები და არგუმენტაცია ცალსახად ადასტურებს, რომ აპელანტის მიზანი იყო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და არა პროცესის ხელოვნური გაჭიანურება. სხდომის დღეს წარდგენილი განცხადება გამოუცხადებლობის შესახებ იყო არა პროცესუალური უფლების ბოროტად გამოყენება, არამედ სასამართლოსადმი გამოხატული პატივისცემა.

7.3. სასამართლოს ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა, სსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გადაედო სხდომა და დაეწესებინა გონივრული ვადა სამედიცინო დოკუმენტაციის წარსადგენად. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უკიდურესი საპროცესო სანქცია, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სისტემატურად და ბოროტად არღვევს საპროცესო წესებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გამოიყენა არაპროპორციული ზომა, რითაც აპელანტს წაართვა ზემდგომ ინსტანციაში დავის გაგრძელების უფლება. სასამართლო აპელანტს სთხოვს იმგვარი დოკუმენტის წარდგენას, რომლის მოპოვებაც სხდომის დაწყების მომენტში (ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობისას) ფიზიკურად შეუძლებელი იყო. კანონი არ შეიძლება ავალდებულებდეს პირს შეუძლებლის შესრულებას. სასამართლოს მიერ „საპატიო მიზეზის" ასეთი ვიწრო და ხისტი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სულისკვეთებას და სამართლიანობის პრინციპს.

7.4. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება სსკ-ის 229-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის (აპელანტის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის პირველადი საპროცესო უფლებაა მოითხოვოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ პირდაპირ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რაც სცილდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ფარგლებს. სასამართლომ კი, ნაცვლად იმისა, რომ ეხელმძღვანელა 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის სულისკვეთებით - რაც გონივრულ შემთხვევაში საქმის გადადებას ითვალისწინებს, გამოიყენა უკიდურესი საპროცესო სანქცია. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რომ კანონმდებლის მიზანია საქმის გადადება და არა პროცესის შეწყვეტა მხარის პირველივე გამოუცხადებლობისას, მით უმეტეს, როდესაც არსებობდა წინასწარი შეტყობინება ობიექტური შეფერხების შესახებ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

11. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აპელანტის წარმომადგენელს, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2025 წლის 18 ნოემბერს ჩაჰბარდა სასამართლო უწყება 02.02.2026წ. 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ. დადგენილია, რომ დანიშნულ დროს აპელანტი მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

13. საკასაციო სასამართლოს განსახილველი საკითხია, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობაში დასახელებული მიზეზი ქმნიდა თუ არა საფუძველს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიჩნეულიყო.

14. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლი ავადმყოფობის დადასტურების სპეციალურ წესს არეგულირებს, რომლის თანახმადაც, პროცესის მონაწილე სუბიექტმა, რომელიც ავადმყოფობის მიზეზით ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საპროცესო მოვალეობას, ავადმყოფობის ფაქტი უნდა დაადასტუროს კანონით განსაზღვრული მტკიცებულებით - სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

15. სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საფუძველს შეუქმნიდა რწმენისათვის, რომ სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო იყო.

16. საგულისხმოა, რომ აპელანტის წარმომადგენელს არც სხდომის გადადების შუამდგომლობის წარდგენისას და არც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისას, არათუ ზემოაღნიშნული კრიტერიუმებით შედგენილი სამედიცინო დოკუმენტი, არამედ არავითარი მტკიცებულება, თუნდაც სასამართლო სხდომის გამართვის დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დამადასტურებელი დოკუმენტიც კი, არ წარუდგენია. მაშასადამე, ავადმყოფობის ფაქტი დაუდასტურებელია. სათანადო საფუძვლის არსებობისას, კერძო საჩივრის ავტორს მართებდა, წარედგინა სასამართლოსთვის მტკიცებულება, რომელიც სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობასა და მოგვიანებით, კერძო საჩივარში ასახულ ავადმყოფობის არგუმენტს სიმყარეს შესძენდა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მყარი საფუძველი შეექმნებოდა დასკვნისათვის, რომ პ.ჭ–ძის წარმომადგენელი სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზის არსებობის გამო. მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ამგვარი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.

17. კერძო საჩივარში სსსკ 229.2 მუხლის უმართებულოდ გამოყენების არგუმენტთან მიმართებით საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.1 და 387.3 მუხლების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

18. სსსკ-ის 229.2 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

19. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არამარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (იხ. სუსგ. №ას-1080-2025, 25.02.2026წ.).

20. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის პირველ ჯერზე გამოუცხადებლობა აფუძნებს მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ან სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნის უფლებას, ხოლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება შემდგომი გამოუცხადებლობისათვის გამოსაყენებელი საპროცესო ზომაა, კანონის არასწორ განმარტებას ეფუძნება და საკასაციო პალატის მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო (იხ. სუსგ. №ას-171-2024, 12.06.2024წ.; №ას-733-2024, 11.07.2024წ.; №ას-421-399-2012, 30.04.2012წ.; №ას-237-224-2015, 25.05.2015წ.; №ას-634-634-2018, 31.10.2018წ.; №ას-1151-2021, 21.12.2021წ.).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ.ჭ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი