დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.06.2025
საქმის ნომერი
ას-550-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

24 ივნისი 2025 წელი

საქმე №ას-550-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „ტ.დ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „პ.რ.ო.თ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. „ტ.დ–ი“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - შ.პ.ს. „პ.რ.ო.თ–ი“-ს მიმართ, 2021 წლის 28 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმის (დამოწმებული 2021 წლის 1-ელ ნოემბერს) ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2018 წლის 20 მარტს დაფუძნდა შ.პ.ს. „პ.რ.ო.თ–ი“, რომლის პარტნიორია მოსარჩელე შ.პ.ს. „ტ.დ–ი“, ხოლო კომპანიის დირექტორი იყო ჯ.ა–ი. 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს მოპასუხე კომპანიის დირექტორად დამატებით დაინიშნა ს.ჭ–ე, ხოლო 2018 წლის 15 ნოემბერს - ჯ.ნ–ი და ჟ.ა.ჟ–ე. შედეგად, კომპანიას ოთხი დირექტორი მართავდა. 2018 წლის 07 დეკემბერს მოპასუხე კომპანიის პარტნიორი ჯ.ა–ის ნაცვლად გახდა „გ.ლ–ი“.

5.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ მოწვეული იქნა პარტნიორთა კრება, რომელიც 2021 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა.

5.3. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ხსენებული 2021 წლის 28 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან მოპასუხემ მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელზე მიუთითა, სასამართლომ იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა.

5.4. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 130-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ხანდაზმულობა ვრცელდება მოთხოვნის უფლებაზე და მისი ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, კერძოდ, იმ დროიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და დარღვეული უფლების დროულად განხორციელებას (ს.უ.ს.გ. №ას-988-1021-2011, 2011 წლის 15 ნოემბერი).

5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავა უკავშირდება 2021 წლის პერიოდში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას, რის გამოც დავის გადასაწყვეტად მართებულად იქნა გამოყენებული სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.

5.6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლისათვის უნდა დადგენილიყო მისი ათვლის წერტილი. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ იგი კრების ოქმის შინაარსს არ გაცნობია, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ ესწრებოდა პარტნიორთა კრებას, მეტიც, თავადვე მოიწვია იგი. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომ ვინაიდან იგი კრების ოქმის შინაარსს არ გაცნობია, ხანდაზმულობის ვადის ათვლა კრების თარიღიდან არ უნდა დაწყებულიყო. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ კრების ოქმის შინაარსის გაცნობა მხარის უფლება იყო და აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ მოახდენდა ხანდაზმულობის ვადის შეჩერებაზე. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე ესწრებოდა კრებას, მისთვის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი გახდა კრების ჩატარების დღეს, რის გამოც ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 29 ოქტომბრიდან და 2-თვიანი ვადა გავიდა ამავე წლის 29 დეკემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2022 წლის 27 ოქტომბერს, რაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა.

5.7. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იურიდიული ინტერესი, რომელიც გულისხმობს იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომლის მიღწევასაც მხარე სარჩელის დაკმაყოფილებით ცდილობს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო აღიარებითი სარჩელი პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რის გამოც მოსარჩელეს ევალებოდა მიეთითებინა როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ფაქტობრივი გარემოებები, ისე იურიდიული ინტერესი, კერძოდ, რაში მდგომარეობდა მისი დარღვეული უფლება და როგორ აღიდგენდა მას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო დავის გადაწყვეტის საფუძველს წარმოადგენს საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

5.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ,,...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“. ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან განსაზღვრავს მოსამართლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციის წინაპირობებს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომლებიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ მოსარჩელის მიერ ნორმის დისპოზიციის შესატყვისი წინაპირობები არ არის ანდა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია მოთხოვნის ამ კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში.

5.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე არ მიუთითებდა იმ ფაქტებზე, რომლებიც კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა და მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებდა, რომ ოქმზე ხელმოწერა მოგვიანებით შესრულდა. პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით დასაბუთებული მსჯელობა ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო როგორც მოთხოვნა, ისე იურიდიული ინტერესი, რის გამოც, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის განმარტებით, კომპანია იმართებოდა ოთხი დირექტორის მიერ, რომელთაც ეკისრებოდათ ვალდებულება, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები პარტნიორებთან შეთანხმებით წარემართათ. კასატორისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ანგარიშებიდან ხდებოდა თანხების გატანა და გადარიცხვა სხვადასხვა კომპანიებსა და ერთ-ერთი დირექტორის პირად ანგარიშზე, რის შესახებაც იგი, როგორც პარტნიორი, ინფორმირებული არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ არაერთხელ მიმართა კომპანიის დირექტორს, ჯ.ნ–ს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, თუმცა პასუხი არ მიუღია.

6.2. კასატორის მტკიცებით, მას გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ, ვინაიდან ოქმის ძალაში დატოვების შემთხვევაში, მოპასუხეს შესაძლებლობა ექნება, განმეორებით მიმართოს საჯარო რეესტრს და პარტნიორობიდან გარიცხოს კასატორი. ამასთან, კასატორი მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის წესსა და საფუძვლებს.

6.3. კასატორი მიუთითებს, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პარტნიორთა კრება და განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რის თაობაზეც შედგა პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც მას, როგორც პარტნიორს, არ ჩაბარებია. შესაბამისად, პარტნიორთა კრების ოქმის შინაარსის დეტალები კასატორისთვის უცნობი იყო, მან მოგვიანებით შეიტყო, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმზე 2021 წლის 1-ელ ნოემბერს კრების თავმჯდომარის მიერ დამოწმდა ხელმოწერა, რაც, მისი მოსაზრებით, წესდებასთან შეუსაბამოა და კანონისა და წესდების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის, იურიდიული ინტერესის დაუსაბუთებლობისა და კრების ოქმის ბათილობისათვის საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის გამო.

11. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განიხილავს იურიდიული ინტერესის საკითხს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი, კერძოდ, პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნა, სხვა პროცესუალურ წინაპირობებთან ერთად, იურიდიული ინტერესის არსებობასაც მოითხოვს.

11.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია არაერთ საკასაციო პალატის განჩინებაში. დიდმა პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა, რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

11.2. სხვა სამოქალაქო საქმეში საკასაციო პალატამ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპთან დაკავშირებით იმგვარი განმარტება გააკეთა, რომლის მიხედვით: „აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე უნდა შემოწმდეს, თუმცა, დასაშვებობის ეტაპის გადალახვა, სასამართლოს არ ართმევს უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, თავისი ინიციატივით, შეამოწმოს აღნიშნული პროცესუალური საკითხი“ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178.1. „ლ“ და 186.1. „თ“ მუხლი, იხ. ს.უ.ს.გ. №ას-140-132-2017, 24 მარტი, 2017 წელი; №ას-819-770-2015, 04 ნოემბერი, 2015).

11.3. არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (მრავალთა შორისაა, ს.უ.ს.გ. №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016. პ. 41).

11.4. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „სადავო გარიგებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად პერსპექტიულია პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ გარიგების ბათილად ცნობა“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი; პ-14.3).

11.5. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ სადავო კრების ოქმის ძალაში დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა მომავალში მოხდეს მისი პარტნიორობიდან გარიცხვა, რის გამოც მიაჩნია, რომ აქვს იურიდიული ინტერესი კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორმა ვერ მიუთითა იმ კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდა, რა უშუალო სამართლებრივი შედეგი დადგებოდა მისთვის აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მხოლოდ შესაძლო სამომავლო საფრთხეზე მითითება, თავისთავად, ვერ ჩაითვლება აღიარებითი სარჩელისათვის აუცილებელი იურიდიული ინტერესის საკმარის საფუძვლად, ვინაიდან კასატორმა ვერ დაასაბუთა უშუალო კავშირი სადავო ოქმსა და მისი სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას შორის. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა უშუალოდ სადავო ოქმიდან არ გამომდინარეობს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კანონით დადგენილი დამოუკიდებელი პროცედურის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში ხდება.

11.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც, მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები” (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1492-2023, 05 ივლისი, 2024 წელი). მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც კრების ოქმის ბათილად ცნობისათვის საკმარის საფუძველს შექმნიდა და მხოლოდ ოქმზე ხელმოწერის მოგვიანებით დამოწმებაზე აპელირებდა, რაც, კრების ოქმის ბათილად ცნობას საფუძვლად ვერ დაედებოდა.

12. როგორც უკვე აღინიშნა, იურიდიული ინტერესის საკითხთან ერთად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულადაც მიიჩნიეს. კასატორი ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტთან დაკავშირებით აპელირებს, რომ კრების ოქმის შინაარსი მისთვის კრების ჩატარების შემდგომ გახდა ცნობილი. საკასაციო პალატა ამ მსჯელობას ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

12.1. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი), რაც არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ მათი ეს უფლება რაიმე შეზღუდვას არ ექვემდებარეობდეს. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც სადავო იყო გარკვეული საპროცესო მოქმედების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის არსებობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა შემდეგი: ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება რა ლეგიტიმურ მიზნებს, სასამართლო უნდა სარგებლობდეს მკაფიო და ხელშესახები კრიტერიუმებით იმის შესამოწმებლად და დასადგენად, რომ პირმა არ იცოდა და ობიექტურად არც შეიძლებოდა სცოდნოდა მის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. უნდა მოხდეს იმის პრევენცია, რომ პირმა დროში უმიზეზოდ არ გაახანგრძლივოს უფლების განხორციელება, ის შეზღუდული უნდა იყოს შესაძლებლობაში, მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო ეს თავის დროზე განეხორციელებინა... (იხ., თ.ჯანაშვილი, ნ.ჯანაშვილი და ი.ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №3/1/531, ბათუმი, 2013 წლის 05 ნოემბერი).

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ნამსჯელი ხანდაზმულობის ლეგიტიმურობის სამართლებრივ საკითხზე, სახელდობრ, 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა: „ ... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომელთაგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ. 51).

12.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პარტნიორთა კრება, რომელსაც მოსარჩელე ესწრებოდა, მეტიც, თავადვე მოიწვია იგი. აღნიშნულით დადასტურებულია, რომ იგი ინფორმირებული იყო, სადავო კრების ჩატარებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, როგორც კრების ინიციატორსა და კრებაზე დამსწრე პირს, ობიექტურად შეეძლო, დროულად გაცნობოდა კრების შედეგებსა და ოქმის შინაარსს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 29 ოქტომბრიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2022 წლის 27 ოქტომბერს, სპეციალური კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საფუძველზე.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაქარწყლება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ტ.დ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ტ.დ–ი“-ს (ს/კ ...........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადასახადო დავალება № 9918, გადახდის თარიღი: 21.06.2024წ, გადამხდელი: თ.ტ–ი (პ/ნ ..........), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე