არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-1508-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1508-2025

30 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ნ.გ–ი“, შპს „G. T.“, ქ.ბ–ი, თ.ზ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ.ლ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ.ლ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.გ–ის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), შპს „G. T.“-ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), ქ.ბ–ისა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და თ.ზ–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N LA-83417 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 22 562,75 ლარისა (საიდანაც საბალანსო ღირებულება არის 3 865,31 ლარი, მიმდინარე დავალიანება - 15 889,68 ლარი, პირგასამტეხლო - 1 373,04 ლარი, დაზღვევის თანხა - 604,41 ლარი და აღსრულების ხარჯი - 830,31 ლარი) და N LA-83418 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6 126,78 ლარის (საიდანაც საბალანსო ღირებულება არის 1 103,96 ლარი, მიმდინარე დავალიანება - 3 834,35 ლარი, პირგასამტეხლო - 314,38 ლარი, დაზღვევის თანხა - 874,09 ლარი) გადახდა, ჯამში 28 689,53 ლარის ოდენობით.

4. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 09 ივლისის განჩინებით საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2025 წლის 08 ოქტომბერს, 11:00 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდნენ აპელანტი - შპს „G. T.“-ის წარმომადგენელი/დირექტორი - თ.ზ–ძე და აპელანტების - შპს „ნ.გ–ის”, ქ.ბ–ისა და თ.ზ–ძის წარმომადგენელი დ.ა–ძე. დადგენილია, რომ აღნიშნული სხდომა, მხარეთა შესაძლო მორიგების მიზნით, გადაიდო 2025 წლის 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე. სხდომაზე გამოცხადებული მხარეები გაფრთხილებულ იქნენ მომდევნო სხდომის თარიღის შესახებ, რის თაობაზეც ჩამოერთვათ ხელწერილი, რომელიც დაერთო სხდომის ოქმს. აპელანტები არ გამოცხადებულან სასამართლო სხდომაზე და სასამართლოსათვის არც დაუძლეველი ძალის ან სხვა რაიმე ისეთი მოვლენის არსებობის შესახებ უცნობებიათ, რომელსაც შეეძლო სასამართლოში მათი დროულად გამოცხადებისათვის შეეშალა ხელი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1, 70.3, 73.1, 229.1, 229.2, 233-ე, 372-ე, 387.1 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტების გამოუცხადებლობა არასაპატიოდ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა/აპელანტებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვეს. კერძო საჩივრის თანახმად, აპელანტების წარმომადგენელი - დ.ა–ძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, რაც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს წარმოადგენს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. კერძო საჩივარი იმ გარემოებას ეფუძნება, რომ სახეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა, ვინაიდან აპელანტების წარმომადგენელი საპატიო მიზეზით, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით და ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არ უნდა ითხოვდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალურ წინაპირობას. ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების დადგენის შემდეგ უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; Nას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი). მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები. კერძოდ, სადავო არ არის, რომ აპელანტებს 2025 წლის 29 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტების უფლებამოსილი წარმომადგენელი - დ.ა–ძე, ასევე, მეოთხე მოპასუხე, რომელიც იმავდროულად არის მეორე მოპასუხის დირექტორი, ესწრებოდნენ სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 08 ოქტომბერს გამართულ სხდომას, რომელიც, მხარეთა მორიგების მიზნით, გადაიდო 2025 წლის 29 ოქტომბერს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ მომდევნო სასამართლო სხდომის შესახებ, რაც მათ მიერ დადასტურებულია საქმეში არსებული ხელწერილით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 88-89, 94). აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. მოწინააღმდეგე მხარემ იმავე სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში, არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სახეზე იყო მათი/ მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარში აპელანტების გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მათი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა მითითებული, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აპელანტებს ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, მხოლოდ კერძო საჩივარში არსებული ახსნა-განმარტება კი, საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორებმა/აპელანტებმა ვერ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მათი/მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ნ.გ–ის“, შპს „G. T.“-ის, ქ.ბ–ისა და თ.ზ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია