დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-228-2026 14 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – შპს „ჯ.ჰ–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ვ.მ–ძემ, შპს „ჯ.ჰ–სის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით 7 158 ლარი და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარი.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხე მხარემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა მკურნალობისთვის გაწეული ხარჯი ჯამში 4 358 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს „ჯ.ჰ–სის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე იმსჯელა თავდაპირველად. აპელანტი შუამდგომლობდა ექსპერტ მ.ვ–ის აცილებას და ამავე ექსპერტის დასკვნიდან მისი განმარტებით ამოღებას. აპელანტი განმარტავს, რომ მ.ვ–ის აცილების საფუძვლის თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა სასამართლოს ბოლო 11.03.2024 წლის მთავარ სხდომაზე, რის შედეგადაც პირველი ინსტანციის სასამართლოში შეუძლებელი იყო აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება. აქედან გამომდინარე მიიჩნევს რომ არსებობს მის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არ ეთანხმება, აპელანტის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება შეუძლებელი იყო. საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიხსნა 14:37:53 საათზე. 15:12:30 საათზე ლ.ბ–ძე (აპელნატის დედა) ექსპერტ მ.ვ–ს ეკითხება- „როდესაც ხელი იყო დეფორმირებული, მაგ კლინიკაში ხო ვიყავი და ხო ვუთხარი ხელი დეფორმირებულია, მითხრეს რომ ყველაფერი არის კარგად. ამის მერე მოვედი თქვენთან, გაჩვენეთ და მითხარი, რომ საოპერაციოაო აუცილებლადო, მ–თან მე მეგობრული ურთიერთობა მაქვსო და გავაკეთე ამიტომ იქ, თორემ მითხრეს არაა საოპერაციო გაივლისო“. ქ.უ–ის მითითებაზე: „შეკითხვა რა გაქვს“, ლ.ბ–ძე პასუხობს: „არაფერი, უბრალოდ ის რომ ხომ გახსოვთ, რომ ვიყავი თქვენთან და ნახეთ“, აღნიშნულს ექსპერტი მ.ვ–ი ადასტურებს და განმარტავს - „კი, მანამდეც ხომ იყავით, მანამდე ვმკურნალობდით ხომ ჩვენ მაგ ბავშვს?“, რაზეც ლ.ბ–ძე პასუხობს: „კი, მანამდე სხვა ხელი იყო მეორე ხელი, ექსტრემალია და ორჯერ ჰქონდა ხელი მოტეხილი, ლაპარაკი როა ორგანიზმზე, არაჩვეულებრივად ჩაუტარეს ბატონ მ–თან მკურნალობა და არაფერი გართულება არ ჰქონია“. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ ეს გარემოება გახდა აპელანტის მითითებით ექსპერტ მ.ვ–ის აცილების საფუძველი.
5.4. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის იმ პრეტენზიაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლითაც მესამე პირად ექიმის - დ.ქ–ის ჩაბმაზე ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ იკვეთება დ.ქ–ის დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმის წინაპირობები.
5.5. მოსარჩელე, (13 წლის), სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 2017 წლის 18 ივნისს მიყვანილ იქნა შპს „ა.ჰ.პ.კ–ის“ მიმღებში დიაგნოზით მარცხენა წინამხრის ძვლების დისტალური ბოლოების მოტეხილობა ცდომით (20:48 სთ). ავადმყოფს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ესაჭიროება სასწრაფო ოპერაციული ჩარევა, რეპოზიცია, ფიქსაცია. ოპერაციის გეგმა: ზოგადი ინტუბაციის ქვეშ გაკეთდეს რეპოზიცია, ფიქსაცია კირშნერის ჩხირებით.
5.6. 2017 წლის 18 ივნისს, 21:50 საათზე პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის დასახელება: მარცხენა წინამხრის ძვლების რეპოზიცია, ოსტეოსინთეზი კირშნერის ჩხირებით; გაუტკივარების სახეობა: ზოგადი; ოპერაციის მსვლელობისას გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილებების აღწერა: მარცხენა წინამხრის მიდამო მკვეთრად დეფორმირებული, შესიებული, რენტგენოლოგიურად ორივე ძვლის მოტეხილობა ცდომით. ინტრაოპერაციული დიაგნოზი: მარცხენა წინამხრის ძვლების დისტალური ბოლოების მოტეხილობა ცდომით. მოხდა მოტეხილი ფრაგმენტების რეპოზიცია, დაფიქსირდა კარშნერის ჩხირებით. ჰემოსტაზი სრული. შეიხვა ასეპტიურად, ფიქსაციისთვის გაუკეთდა თაბაშირის ღარი. ამასთან 2017 წლის 19 ივნისის 09:20 საათის ჩანაწერის მიხედვით ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. უჩიოდა ყრუ ტკივილებს მარცხენა წინამხრის არეში. ავადმყოფს გაუკეთდა შეხვევა. 10:00 საათზე აღნიშნავს ძლიერ ტკივილს წინამხრის არეში, რის გამოც გაუკეთდა პრომედოლის 2%-იანი ხსნარი 1 ამპულა. 2017 წლის 20 ივნისს 02:30 საათზე პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილებს პოსტოპერაციულ არეში. გაუტკივარების მიზნით გაუკეთდა პრომოდოლის 2%-იანი ხსნარი 1 ამპულა. პოსტოპერაციულად აღინიშნება ძლიერი ტკივილი მოტეხილობის არეში. გადაწყდა მოტეხილობის რევიზია, ღია ჩასწორება სავარაუდოდ ქსოვილების ინტერპოზიციის გამო. ოპერაციული მკურნალობის მიზანი და ამოცანები: ტკივილის შემცირება, კიდურის ფუნქციის აღდგენა. სადავო არ არის რომ პაციენტს 2 დღეში 2017 წლის 20 ივნისს 14:15-15:15 საათზე ჩაუტარდა განმეორებითი ოპერაცია (მარცხენა წინამხრის ძვლების დახურული ბოლოების ღია წესით ჩასწორება, ფიქსაცია კარშნერის ჩხირებით. ოპერაციისას გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილებების აღწერა: აღინიშნება ძვლისსაზრდელას და ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილების ინტერპოზიცია მოტეხილობის არეში). 21 ივნისისთვის ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. უჩიოდა ყრუ ხასიათის ტკივილებს მარცხენა წინამხრის არეში. ავადმყოფს გაუკეთდა შეხვევა. ქსოვილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, დამუშავდა, შეიხვა ასეპტიურად. 2017 წლის 21 ივნისს ავადმყოფი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. სადავო არ არის რომ 2017 წლის 26 ივლისს ვ.მ–ძე მოთავსდა შპს „ა.ჰ.პ.კ–ში“ თვითდინებით 09:50 საათზე და გაეწერა 2017 წლის 27 ივლისს. დიაგნოზი: ორივე წინამხრის ძვლების ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა, მარცხენა წინამხრის ძვლების ფიქსატორების მექანიკური გართულება. უჩიოდა ტკივილებს მარცხენა წინამხრის არეში. მარჯვნივ დისკომფორტი დატვირთვაზე. დინამიკაში აღენიშნება ჩხირების მიგრაცია კანქვეშ, ჰიპერემია. დაახლოებით ერთი წლის წინ გაუკეთდა მარჯვენა წინამხრის (მეორე ხელი) ძვლების ოსტეოსინთეზი ინტრამედულარული ღერებით. ოპერაციის პროტოკოლი N1243-ის მიხედვით ორივე წინამხრის ქვედა მესამედში გაკეთდა განაკვეთები დაახლოებით 2,5 სმ. ფიქსატორების საპროექციოდ. რევიზიის შემდეგ გ.ო.გ. კონტროლით მოხდა ფიქსატორების მონახვა და ამოღება. მარცხნივ აღინიშნებოდა ფიქსატორების მიგრაცია. პაციენტს 26 ივლისს ჩაუტარდა მესამე ოპერაცია - ორივე წინამხრის ძვლებიდან ფიქსატორების ამოღება, ზოგადი ბალანსირებული გაუტკივარებით. ჭრილობები ამოირეცხა, გაიკერა შრეობრივად. გაკეთდა სრული ჰემოსტაზი. კანი გაიკერა კვანძოვანი ნაკერებით, შეიხვა ასეპტიურად. 2017 წლის 27 ივლისს პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან ამბულატორიული მკურნალობის მიზნით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე შეფასებისა და კვლევის საგანი იყო პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესება, გართულება გამოწვეული იყო თუ არა ექიმის გულგრილობით, ბრალეული ქმედებით - „მცდარი სამედიცინო ქმედებით“.
5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავო გარემოებაა, რომ 2017 წლის 30 სექტემბერს ვ.მ–ძის დედამ - ლ.ბ–ძემ (კანონიერი წარმომადგენელი) მიმართა „ჩაჩავას კლინიკას“, სადაც გერმანელი ოთოპედ-ტრავმატოლოგის დ.ლ–ის მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევებით გაირკვა, რომ ვ.მ–ძეს აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედის დეფორმირება, სხივის ძვლის დისტალური ბოლოს შეუხორცებელი მოტეხილობა და ძვლის ღერძის მანკიერი მდგომარეობა. პაციენტს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა - ფსევდოართროზული კერის ამოკვეთა, რეპოზიცია, ღერძის გასწორება და შიდა ფიქსაცია ფირფიტით და ჭანჭიკებით. ამასთან 2017 წლის 9 ოქტომბერს ვ.მ–ძეს ჩაუტარდა ორივე წინამხრის ძვლების რენტგენოგრაფია, კვლევის თანახმად, მარცხნივ სხივის დიაფიზისა და დისტალური მეტაფიზის საზღვარზე ვლინდება არაკონსოლიდირებული მოტეხილობა. ჭარბი კორძი-ძვლის ღერძის ვოლარული კუთხური დეფორმაცია შეადგენს 42 გრადუსს. სხივ-მაჯის სასახსრე ნაპრალი ასიმტრიულია. ეპიფიზარული ხრტილების ზოლები, აპოფიზების სტრუქტურა ნორმალურია, იდენტურია მარჯვენა მხარესთან. მარჯვნივ წინამხრის ძვლების ღერძის დეფორმაცია არ ვლინდება. იდაყვის დიაფიზის შუა მესამედში მოტეხილობა კონსოლიდირებული. ისახება ძვლოვანი კორძი. სხივ-მაჯის ნაპრალი სიმეტრიულია. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 6 დეკემბერს შპს „მ.ჯ–ში“ ვ.მ–ძეს ჩაუტარდა, მეოთხე ოპერაცია იდაყვის ან წინამხრის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ფირფიტისა და ჭანჭიკების გამოყენებით;
5.9. წინასაოპერაციო ეპიკრიზში მითითებულია, რომ მარცხენა წინამხრის დისტალური სეგმენტი დეფორმულია, პალპაციით მტკივნეულია დეფორმაციის მიდამო, ტკივილის გადაცემით თითებში. ძალა მკვეთრად დაქვეითებულია, წინამხრის მიდამო მთლიანად ჰიპოტროფიულია, კიდურის ფუნქციით (მოჭერითი, მუშტის შეკვრა) მკვეთრად შეზღუდულია; .... ღერძი მრუდეა, აგრეთვე არ წარმოებს პირველი თითის განზიდვა, ოპონენსია. კვლევა: ორივე წინამხრის ძვლების რენტგენოგრაფია. მარცხნივ სხივის დიაფიზისა და დისტალური მეტაფიზის საზღვარზე ვლინდება არაკონსოლიდირებული მოტეხილობა, ჭარბი კორძი. კორძი-ძვლის ღერძის ვოლარულიკუთხური დეფორმაცია შეადგენს 42 გრადუსს, რის გამოც ძვლის სიგრძივი ღერძი დამოკლებულია იდაყვის ძვალთან შედარებით 7მმ-ით, ხოლო იდაყვის თავი იკაებს პათოლოგიურ პოზიციას სხივის და მაჯის ძვლების მიმართ. იდაყვის ძვლის დიაფიზის დისტალურ მესამედში არსებული მოტეხილობა სრულად კონსოლიდირებულია. წინამხრის სინდესმოზის სივრცე გაფართოებულია, ეპიფიზარული ხრტილების ზოლები, აპოფიზების სტრუქტურა ნორმალურია, იდენტურია მარჯვენა მხარესთან.
5.10. არასრულწლოვან ვ.მ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მ.ნ–მა ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სამედიცინო დოკუმენტებით. ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი შეკითხვები: 1. რა დაზიანება მიიღო 18.06.2017წ. ვ.მ–ძემ მარცხენა წინამხრის მიდამოში და რამდენი ოპერაცია ჩატარდა ამ დაზიანების გამო შპს „ა.ჰ–ში“?; 2. შპს „ა.ჰ–ში“ ჩატარებული ოპერაციების შემდეგ მიღწეულ იქნა თუ არა ოპერაციის დროს დასახული ოპერაციის მიზნები და ამოცანები, ანუ შემცირდა თუ არა ტკივილი და აღდგა თუ არა ვ.მ–ძის მარცხენა კიდურის ფუნქცია?; 3. როგორი იყო ვ.მ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექსპერტიზის დანიშვნის პერიოდში და რა სახის მკურნალობა ესაჭიროებოდა მას?; 4. როგორი იყო ვ.მ–ძის დაავადებების პროგნოზი მარცხენა წინამხრის მიდამოში აღდგენითი ოპერაციის ჩატარების გარეშე?; 5. რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ვ.მ–ძეს „მ.ჯ–ში?“.
5.11. 2018 წლის 17 იანვარის საექსპერტო დასკვნის მიხედვით: 18.06.2017წ. მარცხენა წინამხრის ძვლების მოტეხილობის გამო ჩატარებული დახურული და ღია ოსტეოსინთეზის ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ტრავმიდან 3,5 თვის შემდეგ ვ.მ–ძეს აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედის დეფორმაცია, სხივის ძვლის დისტალური ბოლოს შეუხორცებელი მოტეხილობა, ძვლის ღერძი მანკიერ მდგომარეობაში. (30.09.2017წ. სს „ჩაჩავას კლინიკა“, ორთოპედ-ტრავმატოლოგ დ.ლ–ის კონსულტაცია, დადგენილია რენტგენოლოგიურად.), 4 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურად დადგენილია მარცხნივ სხივის დიაფიზისა და დისტალური მეტაფიზის საზღვარზე არაკონსოლიდირებული მოტეხილობა, ჭარბი კორძი-ძვლის ღეროს ვოლარული კუთხური დეფორმაცია შეადგენს 42 გრადუსს. სხივ-მაჯის სასახსრე ნაპრალი ასიმეტრიულია. მარცხენა წინამხრის დისტალური სეგმენტი დეფორმიულია, პალპაციით მტკივნეულია დეფორმაციის მიდამო, ტკივილის გადაცემით თითებში. ძალა მკვეთრად დაქვეითებულია, წინამხრის მიდამო მთლიანად ჰიპოტროფიულია, კიდურის ფუნქცია (მოჭერითი, მუშტის შეკვრა) მკვეთრად შეზღუდულია, ღერძი მრუდეა, აგრეთვე არ წარმოებს პირველი თითის განზიდვა, ოპონენსია. კვლევა: მარცხნივ სხივის დიაფიზისა და დისტალური მეტაფიზის საზღვარზე ვლინდება არაკონსოლიდირებული მოტეხილობა, ჭარბი კორძი. ძვლის ღერძის ვოლარული კუთხური დეფორმაცია შეადგენს 42 გრადუსს, რის გამოც სიგრძივი ღერძი დამოკლებულია იდაყვის ძვალთან შედარებით 7მმ-ით, ხოლო იდაყვის თავი იკავებს პათოლოგიურ პოზიციას სხივის და მაჯის ძვლების მიმართ. (დადგენილია 09.10.17წ. MediClubGeorgia).
5.12. ვ.მ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მარცხენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მანკიერ მდგომარეობაში მყოფი შეუხორცებელი მოტეხილობის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ შპს „ა.ჰ.პ.კ–ში“ ვ.მ–ძისათვის მარცხენა წინამხრის მიდამოში ჩატარებული სამი ოპერაციიდან (18.06.2017წ., 20.06.2017წ., 26.07.2016წ.) არც ერთი ოპერაციის მიზანი არ იქნა მიღწეული და ამოცანები ვერ იქნა შესრულებული - ვ.მ–ძის მარცხენა ზედა კიდურის ფუნქცია არ აღდგა, არ მოხდა მოტეხილობის შეხორცება, ძვლის ღერძი ნაოპერაციევ ველში მანკიერ მდგომარეობაშია, გართულებულია და კიდურის ფუნქციის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ვ.მ–ძეს აუცილებლად ესაჭიროება რთული ოპერაციული მკურნალობა ფსევდოართროზული კერის ამოკვეთა რეპოზიცია - ღერძის გასწორება და შიდა ფიქსაცია ფირფიტით და ჭანჭიკებით.
5.13. ოპერაციის ჩატარების გარეშე განვითარდება ვ.მ–ძის მარცხენა ზედა კიდურის ფუნქციის დარღვევა, შესაძლოა დაკარგვაც. ვ.მ–ძის მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში ფუნქციის დაქვეითება და ე.წ. „ცრუ სახსრის“ ჩამოყალიბება პირდაპირ არის დაკავშირებული „ა-ჰ. პ–ში“ ჩატარებულ ოპერაციებთან, ვინაიდან ამ ოპერაციების ფარგლებში ვერ მოხდა მარცხენა სხივის ძვლის სრულფასოვანი რეპოზიციის და ფიქსაციის მიღწევა. 2017 წლის 6 დეკემბერს შპს „მ.ჯ–ში“ ვ.მ–ძეს ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის დროსაც გამოვლინდა პათოლოგიური ცვლილებები და მოხდა თეძოს ძვლის ფრაგმენტის გადანერგვა მანკიერი კორძის მიდამოში დეფორმაციის მოხსნისა და კიდურის სიგრძის აღდგენის მიზნით. ოპერაციის ჩატარების შემდეგ ვ.მ–ძის მარცხენა ზედა კიდურის დეფორმაცია, ტკივილი მოიხსნა, კიდურის ფუნქცია აღდგა.
5.14. ექსპერტის სახით დაკითხული ტრავმატოლოგი მ.შ–ის ახსნა განმარტებაზე, რომ თავისი 20 წლიანი პრაქტიკის მანძილზე აღნიშნული შემთხვევა იყო ერთადერთი, როცა უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობისას შესაძლებელი არ გახდა ინტერპოზიციის დაფიქსირება. ზოგადად ოპერაციის დასრულებამდე იცვლის მოტეხილობა ადგილს, რაც მოწმობს რომ ადგილი აქვს ინტერპოზიციას. ამის გამო ყოფილა შემთხვევები იქვე ჩაუტარებიათ ღია მეთოდით ოპერაცია. აღნიშნული ქირურგიული ოპერაცია მიმდინარეობს ეოპის აპარატით, თუმცა მასში ქსოვილის დანახვა ვერ ხერხდება. ოპერაციის შედეგად აღმოჩნდა ინტერპოზიცია, რბილი ქსოვილი იყო ძვალში მოყოლილი, რამაც გამოიწვია პოსტოპერაციული ტკივილები. სწორედ აღნიშნულის გამო დადგა მეორე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. ზოგადად ოპერაცია არ არის რთული, ხოლო რაც შეეხება მეთოდს, ის არის ნაკლებად ინვაზიური და ხშირად გამოიყენება ბავშვებში (იხ. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა განმარტება, 12.02.2024 წლის სხდომის ოქმი, 12:17:38-12:36:16). გარდა ამისა 2024 წლის 11 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე ექსპერტის სახით დაიკითხა ტრავმატოლოგი მ.ვ–ი. მისი განმარტებით, ვინაიდან პირველადი რენტგენოფირები არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია იმის თქმა რამდენად სრულფასოვნად შეფასდა სიტუაცია და ჩატარდა პირველი და მომდევნო ოპერაციები. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ოპერაცია შესრულებულია გაიდლაინების სრული დაცვით. თუმცა რეალურად შეფასება იმისა, თუ რა მდგომარეობა ჰქონდა პაციენტს საოპერაციოში შეყვანამდე და ჩატარებული ოპერაცია იყო თუ არა ადექვატური რეალური მდგომარეობის, შეუძლებელია, ვინაიდან მისთვის არ წარუდგენიათ რენტგენოფირები. ექსპერტის მითითებით, თეორიულად შესაძლებელი იყო მსგავსი გართულებები მოყოლოდა ოპერაციას, თუმცა, წარმოდგენილი ჩანაწერებით აშკარაა, რომ ჩატარებული მკურნალობა იყო არასრულფასოვანი. ექსპერტის განმარტებით, პირველი ოპერაცია სათანადოდ, რომ ჩატარებულიყო, 24 საათის შემდეგ განმეორებითი ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა არ იარსებებდა, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით ოპერაციის დროს დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებს (იხ. 11.02.2024 წლის სხდომის ოქმი, 15:23:33 სთ).
5.15. სააპელაციო სასამართლომ, ზიანის დადგომაში ბრალეული მხარის კვლევის მიზნით ასევე მიუთითა საქმეში განთავსებული ლ. სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24/12/2020 წლის N004320020 დასკვნის იმ ნაწილზე რომელიც რელევანტურია აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნებისთვის. კერძოდ, ექსპერტიზის წინაშე დასმულ შემდეგ შეკითხვებს: N2 „რამდენად სწორად და ადექვატურად არის ჩატარებული შპს „ა.ჰ. პ.კ–ში“ ვ.მ–ძის მიმართ შემდეგი ოპერაციული მკურნალობები....?“. N3 - შპს „ა.ჰ. პ.კ–ში“ ჩატარებული ოპერაციების შემდეგ მიღწეულ იქნა თუ არა ოპერაციის დროს დასახული მიზნები და ამოცანები, შემცირდა თუ არა ტკივილი, აღდგა თუ არა მარცხენა კიდურის ფუნქცია?; N5 - დაცული იქნა თუ არა ფიქსაციის ვადები?; N7- რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ვ.მ–ძეს „მ.ჯ–ში“, ჩატარებული ოპერაცია გამოწვეულია თუ არა - შპს „ა.ჰ. პ.კ–ში“ არასწორად ჩატარებული ოპერაციების შედეგად?. აღნიშნულ კითხვებზე ექსპერტიზის დასკვნით გაცემული პასუხების მიხედვით: შპს „ა.ჰ–ი პ.კ–ში“ ჩატარებული მკურნალობის შეფასება ვერ ხერხდება ოპერაციამდელი რენტგენოგრამების არარსებობის (არ იქნა წარმოდგენილი) და ოპერაციის შემდგომი რენტგენოგრამის არასრულად წარმოდგენის გამო“ (იხ. დასკვნის 2,3,5 პასუხი). ამასთან, „მ.ჯ–ში“ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N5928/01017052427) ვ.მ–ძეს 06.12.2017 წელს ჩაუტარდა ოპერაცია: იდაყვის და წინამხარის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ფირფიტის და ჭანჭიკების გამოყენებით. აღნიშნული ოპერაცია შეესაბამება პროტოკოლით მიღებულ სტანდარტებს. „მ.ჯ–ში“ ჩატარებული ოპერაცია განპირობებულია თუ არა შპს „ა.ჰ–ი პ.კ–ში“ არასწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, აღნიშნულზე მსჯელობა შეუძლებელია ოპერაციამდე რენტგენოფირების არ წარმოდგენის გამო. (იხ. დასკვნის მე-7 პასუხი). ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის მიხედვით ირკვევა, რომ იმ საკვანძო კითხვებზე პასუხი, რომელიც მოცემული დავისათვის არსებითი მნიშვნელობისა შეიძლება ყოფილიყო, სრულად გაცემული არ არის, საკვლევი მასალის - რენტგენოგრამის წარუდგენლობის გამო. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულით უნდა ეხელმძღვანელა და კლინიკის ბრალეულობა გამოერიცხა. პალატა აქვე პასუხობს აპელანტის პრეტენზიას, რომ საქმეში არსებობდა სხვა უფრო კომპეტენტური პირების მიერ გაკეთებული შეფასებები და დასკვნები, კერძოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.12.2020 წლის N004320020 დასკვნა, რაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების (მითუმეტეს უდავო გარემოებად) მიჩნევამდე უნდა გამოეკვლია სასამართლოს ან მინიმუმ ეხსენებინა მაინც გადაწყვეტილებაში, თუ რატომ არ იღებდა მხედველობაში აღნიშნულ მტკიცებულებებს, რომლებიც ასევე იძლეოდა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე კომპეტენტური პირების მიერ პასუხის გაცემის შესაძლებლობას.
5.16. პალატა ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2. პუნქტზე (დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები) სადაც სასამართლომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათ შორის სწორედ საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.12.2020 წლის N004320020 დასკვნის კვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოებულ პაციენტ ვ.მ–ძის სამედიცინო დოკუმენტაციაში არ იყო დაცული/შენახული 2017 წლის 18 ივნისის და 2017 წლის 20 ივნისის წინასაოპერაციო რენტგენოფირები.
5.17. სააპელაციო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ 100 000 ლარის დაკისრების თაობაზე განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნის წინამძღვრები სრულად იყო სახეზე.
5.18. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, ფიზიკური, ფსიქო-ემოციური განცდებისა თუ ტანჯვების გათვალისწინებით, განმარტა, რომ აღნიშნული განცდები ნამდვილად მიაღწევდნენ იმ მძიმე ნიშნულს, რომელიც არასრულწლოვანისთვის მძიმე სულიერ ტანჯვას გამოიწვევდა. შესაბამისად, რამდენადაც ცალსახაა, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის ზიანი, პაციენტისთვის მიყენებული ტრავმის, ზიანის ხარისხისა და სიმძიმის, მორალური ზიანის ცხოვრების ხარისხზე ზეგავლენის (თუ როგორ იმოქმედა დაზიანებამ პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე), ფსიქოლოგიური ზემოქმედების (რაც გამოიხატება ემოციური სტრესში), მოპასუხის პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა - 100 000 ლარის ოდენობით არის გონივრული.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა განაპირობა მოსარჩელის პრეტენზიამ, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებამ მომსახურება არასრულყოფილად/არაჯეროვნად გაუწია. მიუხედავად სამედიცინო მანიპულაციებისა, პაციენტის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა, რის გამოც არაერთხელ მიმართა იმავე ქირურგებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გამოჯანმრთელება უკვე დაწყებული იყო. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცებით ჩატარებული ოპერაციები არასაკმარისი აღმოჩნდა, დასახული მიზნების მისაღწევად, მოპასუხე კი განმარტავს, რომ პაციენტს ინფორმირებულ თანხმობაზე ჰქონდა ხელი მოწერილი და ასევე დასტურდება, რომ პაციენტს შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა, სწორი დიაგნოზი დაესვა და პირველი ქირურგიული ჩარევა შესაბამისი ჩვენებითა და ადეკვატურ ვადებში ჩაუტარდა. ამდენად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს წარმოდგენს, მოსარჩელემ დაადასტუროს მის მიერ ოპერაციისთვის გაწეული ხარჯისა და სამედიცინო მანიპულაციების მიუხედავად სასურველი და აუცილებელი მიზნის მიუღწევლობა, ხოლო, მოპასუხემ დაადასტუროს, რომ მიზანი მიღწეული იყო, ან ასეთი მიუღწევლობა მისი ბრალეულობის საფუძველი არ უნდა გახდარიყო. ამავე გარემოებების წარმატებით მტკიცებაზეა ავტომატურად დაკავშირებული, მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარის მოთხოვნის შესრულება.
13. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლით, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
14. სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ბრალი. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. (იხ.სუსგ №ას-1124-1044-2017, 30 ივლისი, 2018 წ.).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო სამართალი მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების სფეროში წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირებას, ისეთი უზენაესი ღირებულების მქონე სიკეთეების დაცვის მიზნით, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა (შდრ: Todorovski N., Medical Law and Health Law– Is it the Same?, Medical Law and Ethics Journal, Vol. 18, № 2, 2018, p.34.; Ivanoc S., Stanojevic C., Jajic S., Vila A. & Nikolic S., Medical Law and Ethics, (2013)., p 67-72.).
16. საკასაციო სასამართლო კვლავს მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. ამავე კოდექსის 997-ე მუხლით, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე (იხ. ასევე. სუსგ. საქმეზე №ას-38-2021 18 მაისი, 2021 წელი).
17. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის შინაარსზე და განმარტავს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ბრალი. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი (საქმე №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ., იხ. ასევე. სუსგ. საქმეზე №ას-38-2021 18 მაისი, 2021 წელი).
18. საკასაციო სასამართლო პაციენტის უფლებების შესახებ არსებულ პრაქტიკასთან ერთად, ამავე საკითხზე დოქტრინაში დამკვიდრებულ შეხედულებებზეც მიუთითებს, კერძოდ, პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურება მისთვის ხელმისაწვდომი იყოს (უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე). პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება პაციენტის უფლებას უსაფრთხოებაზე, იგი პრაქტიკულად მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ყველას აქვს უფლება განთავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც განპირობებულია ჯანდაცვის სამსახურების ცუდი ფუნქციებით, საექიმო გულგრილობით, სამედიცინო შეცდომებით და ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს (ნუნუ კვანტალიანი, პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2012 წ., გვ.94-96).
19. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით. სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის შემთხვევაში, პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია მოითხოვოს პაციენტისათვის მიყენებული როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურება (საქმე №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ.).
20. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ, უმოქმედობასაც. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ იკვეთება. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერება და ყურადღებიანობა გამოიხატება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში.
21. მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უდავოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა სწორადაა წარმართული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-1046-966-2017, 20.07.2018წ.; საქმე №260-244-11, 27.06.2011წ.; №ას-1800-2019, 20.02.2020წ.).
22. „მცდარი საექიმო ქმედების“ განმარტება მოცემულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში და გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. საექიმო შეცდომად მიიჩნევა ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებები, რაც, თავის მხრივ, პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტს მართლზომიერად და უშეცდომოდ უმკურნალეს, იგი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანმდევ უარყოფით შედეგზე. ამდენად, ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა. (სუსგ. საქმე №1268-1526-09, 25.05.2010წ.).
23. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს (მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს) ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობისას შეცდომა დაუშვეს. თუ მისი განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას. (იხ.: სუსგ საქმე №ას-111-111-2018, 11.05.2018წ.).
24. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე (13 წლის), სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 2017 წლის 18 ივნისს მიყვანილ იქნა შპს „ა.ჰ.პ.კ–ის“ მიმღებში დიაგნოზით მარცხენა წინამხრის ძვლების დისტალური ბოლოების მოტეხილობა ცდომით (20:48 სთ). ავადმყოფს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ესაჭიროება სასწრაფო ოპერაციული ჩარევა, რეპოზიცია, ფიქსაცია. ოპერაციის გეგმა: ზოგადი ინტუბაციის ქვეშ გაკეთდეს რეპოზიცია, ფიქსაცია კირშნერის ჩხირებით. 2017 წლის 18 ივნისს, 21:50 საათზე პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის დასახელება: მარცხენა წინამხრის ძვლების რეპოზიცია, ოსტეოსინთეზი კირშნერის ჩხირებით; გაუტკივარების სახეობა: ზოგადი; ოპერაციის მსვლელობისას გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილებების აღწერა: მარცხენა წინამხრის მიდამო მკვეთრად დეფორმირებული, შესიებული, რენტგენოლოგიურად ორივე ძვლის მოტეხილობა ცდომით. ინტრაოპერაციული დიაგნოზი: მარცხენა წინამხრის ძვლების დისტალური ბოლოების მოტეხილობა ცდომით. მოხდა მოტეხილი ფრაგმენტების რეპოზიცია, დაფიქსირდა კირშნერის ჩხირებით. ჰემოსტაზი სრული. შეიხვა ასეპტიურად, ფიქსაციისთვის გაუკეთდა თაბაშირის ღარი. ამასთან 2017 წლის 19 ივნისის 09:20 საათის ჩანაწერის მიხედვით ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. უჩიოდა ყრუ ტკივილებს მარცხენა წინამხრის არეში. ავადმყოფს გაუკეთდა შეხვევა. 10:00 საათზე აღნიშნავს ძლიერ ტკივილს წინამხრის არეში, რის გამოც გაუკეთდა პრომედოლის 2%-იანი ხსნარი 1 ამპულა. 2017 წლის 20 ივნისს 02:30 საათზე პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილებს პოსტოპერაციულ არეში. გაუტკივარების მიზნით გაუკეთდა პრომოდოლის 2%-იანი ხსნარი 1 ამპულა. პოსტოპერაციულად აღინიშნება ძლიერი ტკივილი მოტეხილობის არეში. გადაწყდა მოტეხილობის რევიზია, ღია ჩასწორება სავარაუდოდ ქსოვილების ინტერპოზიციის გამო. ოპერაციული მკურნალობის მიზანი და ამოცანები: ტკივილის შემცირება, კიდურის ფუნქციის აღდგენა. სადავო არ არის რომ პაციენტს 2 დღეში 2017 წლის 20 ივნისს 14:15-15:15 საათზე ჩაუტარდა განმეორებითი ოპერაცია (მარცხენა წინამხრის ძვლების დახურული ბოლოების ღია წესით ჩასწორება, ფიქსაცია კარშნერის ჩხირებით. ოპერაციისას გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილებების აღწერა: აღინიშნება ძვლისსაზრდელას და ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილების ინტერპოზიცია მოტეხილობის არეში). 21 ივნისისთვის ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. უჩიოდა ყრუ ხასიათის ტკივილებს მარცხენა წინამხრის არეში. ავადმყოფს გაუკეთდა შეხვევა. ქსოვილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, დამუშავდა, შეიხვა ასეპტიურად. 2017 წლის 21 ივნისს ავადმყოფი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. სადავო არ არის რომ 2017 წლის 26 ივლისს ვ.მ–ძე მოთავსდა შპს „ა.ჰ.პ.კ–ში“ თვითდინებით 09:50 საათზე და გაეწერა 2017 წლის 27 ივლისს. დიაგნოზი: ორივე წინამხრის ძვლების ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა, მარცხენა წინამხრის ძვლების ფიქსატორების მექანიკური გართულება. უჩიოდა ტკივილებს მარცხენა წინამხრის არეში. მარჯვნივ დისკომფორტი დატვირთვაზე. დინამიკაში აღენიშნება ჩხირების მიგრაცია კანქვეშ, ჰიპერემია. დაახლოებით ერთი წლის წინ გაუკეთდა მარჯვენა წინამხრის (მეორე ხელი) ძვლების ოსტეოსინთეზი ინტრამედულარული ღერებით. ოპერაციის პროტოკოლი N1243-ის მიხედვით ორივე წინამხრის ქვედა მესამედში გაკეთდა განაკვეთები დაახლოებით 2,5 სმ. ფიქსატორების საპროექციოდ. რევიზიის შემდეგ გ.ო.გ. კონტროლით მოხდა ფიქსატორების მონახვა და ამოღება. მარცხნივ აღინიშნებოდა ფიქსატორების მიგრაცია. პაციენტს 26 ივლისს ჩაუტარდა მესამე ოპერაცია- ორივე წინამხრის ძვლებიდან ფიქსატორების ამოღება, ზოგადი ბალანსირებული გაუტკივარებით. ჭრილობები ამოირეცხა, გაიკერა შრეობრივად. გაკეთდა სრული ჰემოსტაზი. კანი გაიკერა კვანძოვანი ნაკერებით, შეიხვა ასეპტიურად. 2017 წლის 27 ივლისს პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან ამბულატორიული მკურნალობის მიზნით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღწერილი მდგომარეობის გათვალისიწნებით, ფაქტია, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, ამ პერიოდში, მის ჯანმრთელობას და კიდურს ექმნებოდა საფრთხე, შეფერხდა ზრდა, ამასთან, განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას, აღნიშნული მდგომარეობა კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით წარმოდგენდა სწორად ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების ნორმალურ და ბუნებრივ პროცესს, თუ გარკვეული დარღვევების გამო გართულდა პაციენტის მდგომარეობა, უნდა შეფასდეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა თუ მათი წარმოუდგენლობის გათვალისწინებით.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, რომელიც ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მ.ნ–ის მიერ (აღსანიშნავია, რომ ექსპერტის კომპენტენცია პირველ ინსტანციაში სადავო არ ყოფილა, თუმცა მოგვიანების გამოთქმული პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამარტლო დამატებით მიუთითებს, რომ ექსპერტის სახელზე გაცემული სერტიფიკატით დასტურდება, რომ სპეციალობით სასამართლო მედიცინის ექსპერტია.) დადგინდა, რომ მარცხენა წინამხრის ძვლების მოტეხილობის გამო ჩატარებული დახურული და ღია ოსტეოსინთეზის ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ტრავმიდან 3,5 თვის შემდეგ ვ.მ–ძეს აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედის დეფორმაცია, სხივის ძვლის დისტალური ბოლოს შეუხორცებელი მოტეხილობა, ძვლის ღერძი მანკიერ მდგომარეობაში. (30.09.2017წ. სს „ჩაჩავას კლინიკა“, ორთოპედ-ტრავმატოლოგ დ.ლ–ის კონსულტაცია, დადგენილია რენტგენოლოგიურად.), 4 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურად დადგენილია მარცხნივ სხივის დიაფიზისა და დისტალური მეტაფიზის საზღვარზე არაკონსოლიდირებული მოტეხილობა, ჭარბი კორძი-ძვლის ღეროს ვოლარული კუთხური დეფორმაცია შეადგენს 42 გრადუსს. სხივ-მაჯის სასახსრე ნაპრალი ასიმეტრიულია. მარცხენა წინამხრის დისტალური სეგმენტი დეფორმიულია, პალპაციით მტკივნეულია დეფორმაციის მიდამო, ტკივილის გადაცემით თითებში. ძალა მკვეთრად დაქვეითებულია, წინამხრის მიდამო მთლიანად ჰიპოტროფიულია, კიდურის ფუნქცია (მოჭერითი, მუშტის შეკვრა) მკვეთრად შეზღუდულია, ღერძი მრუდეა, აგრეთვე არ წარმოებს პირველი თითის განზიდვა, ოპონენსია. კვლევა: მარცხნივ სხივის დიაფიზისა და დისტალური მეტაფიზის საზღვარზე ვლინდება არაკონსოლიდირებული მოტეხილობა, ჭარბი კორძი. ძვლის ღერძის ვოლარული კუთხური დეფორმაცია შეადგენს 42 გრადუსს, რის გამოც სიგრძივი ღერძი დამოკლებულია იდაყვის ძვალთან შედარებით 7მმ-ით, ხოლო იდაყვის თავი იკავებს პათოლოგიურ პოზიციას სხივის და მაჯის ძვლების მიმართ. (დადგენილია 09.10.17წ. MediClubGeorgia). - ვ.მ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მარცხენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მანკიერ მდგომარეობაში მყოფი შეუხორცებელი მოტეხილობის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ შპს „ა.ჰ.პ.კ–ში“ ვ.მ–ძისათვის მარცხენა წინამხრის მიდამოში ჩატარებული სამი ოპერაციიდან (18.06.2017წ., 20.06.2017წ., 26.07.2016წ.) არც ერთი ოპერაციის მიზანი არაა მიღწეული და ამოცანები ვერ შესრულდა - ვ.მ–ძის მარცხენა ზედა კიდურის ფუნქცია არ აღდგა, არ მოხდა მოტეხილობის შეხორცება, ძვლის ღერძი ნაოპერაციევ ველში მანკიერ მდგომარეობაშია, გართულებულია და კიდურის ფუნქციის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ვ.მ–ძეს აუცილებლად ესაჭიროება რთული ოპერაციული მკურნალობა ფსევდოართროზული კერის ამოკვეთა რეპოზიცია - ღერძის გასწორება და შიდა ფიქსაცია ფირფიტით და ჭანჭიკებით. ოპერაციის ჩატარების გარეშე განვითარდება ვ.მ–ძის მარცხენა ზედა კიდურის ფუნქციის დარღვევა, შესაძლოა დაკარგვაც. - ვ.მ–ძის მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში ფუნქციის დაქვეითება და ე.წ. „ცრუ სახსრის“ ჩამოყალიბება პირდაპირ არის დაკავშირებული „ა-ჰ. პ–ში“ ჩატარებულ ოპერაციებთან, ვინაიდან ამ ოპერაციების ფარგლებში ვერ მოხდა მარცხენა სხივის ძვლის სრულფასოვანი რეპოზიციის და ფიქსაციის მიღწევა. - 2017 წლის 6 დეკემბერს შპს „მ.ჯ–ში“ ვ.მ–ძეს ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის დროსაც გამოვლინდა პათოლოგიური ცვლილებები და მოხდა თეძოს ძვლის ფრაგმენტის გადანერგვა მანკიერი კორძის მიდამოში დეფორმაციის მოხსნისა და კიდურის სიგრძის აღდგენის მიზნით. ოპერაციის ჩატარების შემდეგ ვ.მ–ძის მარცხენა ზედა კიდურის დეფორმაცია, ტკივილი მოიხსნა, კიდურის ფუნქცია აღდგა.
27. განმეორებითი ოპერაციის აუცილებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირველ ინსტანციაში გამოკითხული ექსპერტის ტრავმატოლოგ მ.შ–ის ახსნა-განმარტებას, რომლის მიხედვითაც განმარტა, რომ თავისი 20 წლიანი პრაქტიკის მანძილზე აღნიშნული შემთხვევა იყო ერთადერთი, როცა უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობისას შესაძლებელი არ გახდა ინტერპოზიციის დაფიქსირება. ზოგადად ოპერაციის დასრულებამდე იცვლის მოტეხილობა ადგილს, რაც მოწმობს რომ ადგილი აქვს ინტერპოზიციას. ამის გამო ყოფილა შემთხვევები იქვე ჩაუტარებიათ ღია მეთოდით ოპერაცია. აღნიშნული ქირურგიული ოპერაცია მიმდინარეობს ეოპის აპარატით, თუმცა მასში ქსოვილის დანახვა ვერ ხერხდება. ოპერაციის შედეგად აღმოჩნდა ინტერპოზიცია, რბილი ქსოვილი იყო ძვალში მოყოლილი, რამაც გამოიწვია პოსტოპერაციული ტკივილები. სწორედ აღნიშნულის გამო დადგა მეორე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. ზოგადად ოპერაცია არ არის რთული, ხოლო რაც შეეხება მეთოდს, ის არის ნაკლებად ინვაზიური და ხშირად გამოიყენება ბავშვებში (იხ. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა განმარტება, 12.02.2024 წლის სხდომის ოქმი, 12:17:38-12:36:16).
28. ამავე საკითხთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, თავად მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მიწვეული და ექსპერტის სტატუსით გამოკითხული ტრავმატოლოგის მ.ვ–ის შეფასება, რომლის მიხედვითაც, საოპერაციოში პაციენტის შეყვანამდე არსებული მდგომარეობა ვერ დგინდება, ვინაიდან მისთვის არ წარუდგენიათ შესაბამისი რენტგენოფირები. ექსპერტმა განმარტა, რომ ზოგადად მსგავსი გართულებები ოპერაციას შეიძლებოდა მოყოლოდა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებული ჩანაწერების მიხედევით აშკარაა, რომ ოპერაცია არასრულფასოვნად ჩატარდა, რასაც დამატებით ადასტურებს 24 საათის შემდეგ ჩატარებული განმეორებით ოპერაცია, რომლის ჩატარების აუცილებლობა არ იკვეთებოდა.
29. საკასაციო სასამართლო ამავე საკითხზე საქმეში არსებული ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24/12/2020 წლის N004320020 დასკვნაზე მიაქცევს ყურადღებას, კერძოდ, იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ექსპერტმა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საკვანძო საკითხებზე პასუხი ვერ გასცა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოპასუხემ რენტგენოგრამა არ წარუდგინა.
30. „გერმანული სამართლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ექიმის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, თუმცა ცალსახა მიზეზობრივი კავშირი ვერ დგინდება ქმედებასა და ზიანს შორის, მტკიცების ტვირთი გადადის ექიმზე, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ მისი ქმედების მიუხედავად, იგივე შედეგი დადგებოდა.“ (შდრ: ულრიხ ჰაგენლოხი, სამედიცინო შეცდომის მტკიცების ტვირთი გერმანიაში, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2023, გვ. 10.). სამედიცინო შეცდომის დროს ექიმმა, უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისმა ვალდებულების დარღვევამ კი არ გამოიწვია, არამედ ის დადგებოდა ექიმის მიერ 24 შეცდომის დაუშვებლობის შემთხვევაშიც. (იხ. Katzenmeier, in: BeckOK BGB, 61. Aufl., § 630h, Rn. 52.). სამედიცინო დელიქტურ დავებში დადგენილია მტკიცების მაღალი სტანდარტი. ფაქტები დადასტურებას საჭიროებს სიცხადის სტანდარტით (standard of certainty), წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთხოვნა ჩაითვლება დაუმტკიცებლად და ვერ დაკმაყოფილდება. (შდრ: N. Cek, „THE STANDARDS OF PROOF IN MEDICAL MALPRACTICE CASES“ MEDICINE, LAW & SOCIETY Vol. 13, No. 2, 2020, Slovenia, p.185.). „ზოგადი პრინციპების“ მიხედვით, პაციენტს ეკისრება სამედიცინო შეცდომის მტკიცებულების წარმოდგენისა და მტკიცების ტვირთი“ (იხ. ულრიხ ჰაგენლოხი., სამედიცინო შეცდომის მტკიცების ტვირთი გერმანიაში, შედარებით სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 2/2023წ., გვ.1.).
31. ამდენად, დაზარალებული ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის, ქმედების მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტი. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა. „ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს თავისი ბრალის არარსებობის ფაქტს... მტკიცების ტვირთი ბრალის არარსებობის თაობაზე, აწევს მოპასუხეს. „სამედიცინო დაწესებულებამ/ექიმმა უნდა ამტკიცოს, რომ პაციენტის მიმართ ჩატარდა მართლზომიერი და უშეცდომო მკურნალობა. ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებელი, როდესაც ზიანი, რომელიც პაციენტს მიადგა, გამომდინარეობს მკურნალობის დროს დაშვებული ბრალეული შეცდომიდან. ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა. აქედან გამომდინარე, სწორედ სამედიცინო პერსონალია ვალდებული გამორიცხოს თავისი ბრალი პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესებასა და ჯანმრთელობის არასრულ გაუმჯობესებაში“. (შდრ: სუსგ № ას-1268-1526-2009, 25 მაისი, 2010 წ.).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტების ჩვენებებისა და დასკვნების გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო სათანადო სამედიცინო პროცედურების ჩატარება, რომლითაც პირველივე ოპერაციით იქნებოდა შესაძლებელი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით დასახული მიზნის მიღწევა. ამასთან, ის გარემოება, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო, და პაციენტის მდგომარეობა ბუნებრივი და ნორმალური იყო მოპასუხე ორგანიზაციამ ვერ დაადასტურა და საქმეზე ვერ წარმოადგინა პაციენტის მდგომარეობის ოპერაციამდელი რენდგენოფირები, რაც სასამართლოს ექსპერტთა დასკვნების გათვალისწინებით სრული და ობიექტური სურათის შექმნისა და გაანალიზების საშუალებას მისცემდა, ხოლო, ასეთი სურათის გარეშე, პაციენტის მდგომარეობისა და არაერთი ოპერაციის ჩატარების გათვალისწინებით გაკეთებული დასკვნა, სწორედ მოპასუხე დაწესებულების საწინააღმდეგო შეფასებისა და განმარტებების საშუალებას იძლევა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასმართლომ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მართებულად შეაფასა.
33. საკასაციო სასამართლო სამედიცინო მომსახურებისას შესაბამის დოკუმენტაციაში ინფორმაციის ასახვისა თუ მნივნელოვანი დოკუმენტაციის შენახვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ „ექიმი ვალდებულია ჩაწეროს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ყველა ღონისძიება და მათი შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანია პროფესიული თვალსაზრისით, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი მკურნალობისთვის. (იხ. ულრიხ ჰაგენლოხი, პაციენტის ინფორმირება გერმანიაში, „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი,, №2(3), 2023, გვ.61.; ულრიხ ჰაგენლოხი, სამედიცინო შეცდომის მტკიცების ტვირთი გერმანიაში, „შედარებითი სამართლის ჟურნალი,“ 2/2023, II. დოკუმენტირების სათანადო ვალდებულება, 2. B). „სამედიცინო ძირითადად ემსახურება მკურნალობის შემდგომი კურსისთვის აუცილებელი სამედიცინო მონაცემებისა და ფაქტების უზრუნველყოფას. მკურნალობის პროცესის აღნიშვნით უნდა იყოს უზრუნველყოფილი თერაპია და ასევე გარანტირებული შესაბამისი შემდგომი მკურნალობა. გარდა ამისა, დოკუმენტირება მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ექიმმა შეასრულოს თავისი მოვალეობა, პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია („ანგარიშვალდებულება“), რომელიც პაციენტთან შედარებით ექიმის ცოდნის უპირატესობიდან გამომდინარეობს. დოკუმენტირების ვალდებულების ამ მიზნის გათვალისწინებით, აღნიშვნა უნდა მოხდეს მკურნალობისთვის აუცილებელი ზომებისა და მათი შედეგების, რომლებიც მკურნალი პირის პროფესიული გადმოსახედით შეიძლება აუცილებელი იყოს არა მარტო მიმდინარე, არამედ მომავალი მკურნალობის უზრუნველსაყოფად.“ (შდრ: ულრიხ ჰაგენლოხი, მნიშვნელოვანი ტენდენციები გერმანიის სასამართლო პრაქტიკაში სამედიცინო სამართლის მიმართულებით, „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი,, № 2, 2023, გვ.12.).
34. საკასაციო სასამართლო განამრტავს, რომ სამედიცინო საქმიანობა სპეციალურ რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობაა, და არა მხოლოდ კერძო მოდავე მხარეთა პირადული ინტერესების, არამედ საჯარო ინტერესების დაცვის გათვალისწინებით მიიღება მარეგულირებელი ნორმები. სწორედ მსგავსი მიზნითაა დამტკიცებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანება, რომლის მიხედვითაც კლინიკა ვალდებულია აწარმოოს პაციენტის ისტორია, სამედიცინო ბარათი, გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერები და მათი სისტემატიზაცია. მავე რეგულაციის მიხედვით, პაციენტს ადმინისტრაციის თანხმობით გადაეცემა რენტგენის ფირები, რომელიც ინახება 15 წლის განმავლობაში. ამდენად, კლინიკა, არა მხარესთან შეთანხმების ან საკუთარი სურვილისამებრ, არამედ მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ვალდებულია აწარმოოს პაციენტის ისტორია, შეინახოს რენტგენოფირები, ასეთი შენახვის წესის დარღვევა, ან სასამართლოში მისი წარუდგენლობა იწვევს ბუნებრივ ეჭვს, რომ ან საერთოდ არ შექმნილა ასეთი რენტგენოფირები, ან სწორედ სამედიცინო დაწესებულების ინტერესების შეუსაბამო სურათს ქმნის.
35. ამდენად, საკასაციო სასამართლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიუთითებს მასზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ვ.მ–ძისათვის ფსიქოლოგის მომსახურებისათვის განისაზღვრა 2 730 ლარი. 1 628 ლარი კი წარმოადგენს შპს „მ.ჯ–ში“ ჩატარებული ოპერაციის ღირებულებიდან მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხას. ფსიქოლოგის მომსახურება როგორც წესი ფასიანი მომსახურებაა, ამასთან განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული მომსახურება განისაზღვრა ხანგრძლივი პერიოდით 16.01.2018-20.05.2018 წლამდე. საგულისხმოა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ მიუღია და თანხა არ გადაუხდია, არ წარუდგენია სასამართლოსთვის. რაც შეეხება მ.ჯ–ში გაწეულ ხარჯებს, აღნიშნულ კლინიკაში გაწეული ხარჯების ქვითრები განთავსებულია საქმის მასალებში (ტ. 1, ს. 240-249). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია.
36. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მიუთითებს, რომლის მიხედვითაც განცდილი სულიერი და ფიზიკური ტანჯვის საკომპენსაციოდ 100 000 ლარი მოითხოვა და დაუკმაყოფილდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით.
37. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლი მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისათვის ან სიკვდილისათვის, ან პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. აღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესია, რომ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
38. არაქონებრივი (მორალური) ზიანი წარმოადგენს აბსოლუტური უფლებების ხელყოფის შედეგს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისაგან განასხვავებს სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ სხეულის დაზიანება ამავდროულად ჯანმრთელობის დაზიანებაცაა, რამდენადაც ჯანმრთელობა უფრო ფართო ცნებაა და გულისხმობს პირის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი/ულრიხ ჰაგენლოხი, პიროვნული ზიანის ანაზღაურება საქართველოსა და გერმანიაში, შედარებითი სამართლის ჟურნალი, 10/2024, გვ.39.).
39. მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომლსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან. იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არ არსებობასთან. მოქმედი კანონმდებლობა, მართალია, ითვალისწინებს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას სხვადასხვა შემთხვევაში, მათ შორის, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებისას, მაგრამ არა სიცოცხლის ხელყოფის დროს, ამასთან, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, არსებობდეს დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი სქემა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი.
40. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მორალური ზიანის ოდენობა დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროში ნეგატიური შედეგების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც თავის მხრივ კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ისეთი გარემოებები, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა და სხვა. ვ.მ–ძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიხედვით პაციენტის აღენიშნებოდა შემდეგი ჩივილები: განმეორებითი კოშმარული სიზმრები, რასაც თან სდევს ღამე გაღვიძება; ხშირი უძილობისა და გაუარესებული ძილის გამო ენერგიის დაქვეითება, კოგნიტური ფუნქციონირების ტემპის დაქვეითების სუბიექტური განცდა; ოპერაციის, კერძოდ ნარკოზის შიში; ემოციური ფონის ცვლილება, კერძოდ იუმორის გრძნობისა და სილაღის დაკარგვა, მოვლენების დრამატულად აღქმის ტენდენცია; გამღიზიანებლობა უმნიშვნელო დეტალებზე; გაუარესებული ურთიერთობა მეგობრებთან, გოგონებთან; არასრულფასოვნების განცდა. პაციენტის ემოციური ფონი ატარებს გარკვეულ დეპრესიულ ელფერს შფოთვის მომატებით, რაც ვლინდება განმეორებადი ღამის კოშმარების, საკუთარ თავში ჩაკეტილობის, მარტოობისა და სირთულეების წინაშე უსუსურობის განცდით. ავლენს ახლობლებისგან, მეგობრებისგან განმარტოების, თავის შორს დაჭერის ტენდენციას, საფუძვლად უდევს ფიზიკურ ნაკლთან მჭიდრო კავშირში მყოფი არასრულფასოვნების განცდა. ვაჩეს გადმოცემით, არ სურს მეგობრები გრძნობდნენ სიბრალულს მისდამი, რადგან არ არის ძველებურად მხიარული, ძველებურად წარმატებული სპორტულ აქტივობაში, გოგონებთან ურთიერთობაში. ღიზიანდება უმნიშვნელო ნიუანსებზე, შესაძლოა გამოავლინოს მძაფრი ნეგატიური რეაქცია, რის გამოც მოგვიანებით აწუხებს დანაშაულის განცდა და თავს არიდებს სოციალურ კონტაქტებს. ავლენს სასიამოვნო აქტივობებისგან განრიდების ტენდენციას, ვინაიდან თვლის რომ ძველებურად კარგად ვერ ასრულებს იმავე ქმედებებს. კერძოდ, აღარ უკრავს ფორტეპიანოზე, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და იღებდა პოზიტიურ შეფასებებს გარშემომყოფების მხრიდან, აღარ ერთვება სპორტულ აქტივობებში. ამჯობინებს განმარტოებით ყოფნას. გრძნობს მარტოობას მეგობრების, ოჯახის წევრების მხრიდან მხრადაჭერის, გამხნევების, მისდამი უცვლელი დამოკიდებულების მიუხედავად. გამუდმებით ფიქრობს მოსალოდნელი ოპერაციის, ნარკოზის, წარსულში გადატანილი ტკივილის შესახებ. კოშმარული სიზმრის მერე ეღვიძება ღამე, ვეღარ ახერხებს ჩაძინებას და დღის მანძილზე აწუხებს უენერგიობა, გამოფიტულობის განცდა. მიეთითა რომ ზემოთ აღწერილი ემოციური და სოციალური ფუნქციონირების თავისებურებები ნათლად ასახავდა ტრავმულ გამოცდილებაზე საპასუხო რეაქციას. ამასთან გაიცა რეკომენდაცია ტრავმის დამუშავების მიზნით ფსიქოთერაპიული მუშაობის შესახებ.
41. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამარტლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მდგომარეობის, სულიერი ტანჯვის, არსებული ტრავმის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის, სიცოცხლის ხარისხის შეცვლის გათვალისწინებით 100 000 ლარის ოდენობის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით კომპენსაციის დაკისრება მოპასუხე დაწესებულებისთვის, გონივრული და სამართლიანია.
42. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.ჰ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ჯ.ჰ–სს“ (.......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1773050816, გადახდის თარიღი 09/03/2026) 5 217.9 ლარის 70% - 3 652.53 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე