გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 04.12.2025
საქმის ნომერი
ას-764-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-764-2025 4 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.ხ.დ–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ს–ძე (აპელანტი, მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.ხ.დ–ვსა (შემდგომში მოსარჩელე, კასატორი ან საკასასციო საჩივრის ავტორი) და ლ.ს–ძეს (შემდგომში მოპასუხე) შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად, მოპასუხეს რწმუნებულების საფუძველზე უნდა მოეხდინა მოსარჩელისგან მიღებული თანხების ინვესტირება სხვადასხვა კომპანიაში და შემდგომ, აღნიშნული კომპანიებიდან წილი გადაეცა მოსარჩელისთვის.

2. 2016 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მოპასუხემ მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დროს გაიტანა თანხა, ჯამურად, 56 656 ევრო და 117 385 აშშ დოლარი.

3. 2018 წლის 30 ნოემბერს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „დ.გ.ლ“, რომლის 100% წილის მესაკუთრეა მოპასუხე; 2019 წლის 18 ივლისს დარეგისტრირდა კომპანია შპს „ფ.ჯ–ი“, რომლის 100% წილის მესაკუთრეა მოპასუხე; 2016 წლის 30 მარტს დარეგისტრირდა შპს „ა.ჯ–ე“, რომლის 25% წილის მესაკუთრეა მოპასუხე, 50% წილის - ა.ტ–ვა, ხოლო 25%-ის კი, გ.დ.ს–ვი; 2018 წლის 3 სექტემბერს დარეგისტრირდა შპს „ფ–ს“, რომლის 100% წილი ეკუთვნის მოპასუხეს; 2019 წლის 9 აგვისტოს დარეგისტრირდა შპს „მ.ქ–ი“, რომლის 100% წილი ეკუთვნის მოპასუხეს; 2018 წლის 7 აგვისტოს დარეგისტრირდა შპს „ა.ბ–ი“, სადაც 70% წილის მესაკუთრეა მოპასუხე, ხოლო 30% ეკუთვნის ტარიელ გოგიტიძეს.

4. 2016 წლის 5 ივლისიდან 2016 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხემ ლ.დ.ს–ის ანგარიშიდან მიიღო 29 940 ევრო და 19 500 აშშ დოლარი, რომელიც უნდა მიემართა საინვესტიციოდ.

5. 2022 წლის 4 ნოემბერს ლ.დ.ს–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ.დ.ს–მა მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელეს.

6. შპს „ა.ჯ–ე“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 30 მარტს. კომპანიის დაარსებისას მისი პარნიორები იყვნენ: მოპასუხე (5%) და მოსარჩელის მეუღლე ა.ტ–ვა (95%), კომპანიის დირექტორად რეგისტრირდებოდა მოპასუხე;

7. სამეწარმეო რეესტრის 2016 წლის 4 ივლისის ამონაწერის შესაბამისად, შეიცვალა შპს „ა.ჯ–ე-ს“ რეგისტრირებული მონაცემები, კერძოდ საწარმოს წილები გადანაწილდა შემდეგი სახით: მოპასუხე (25%), ა.ტ–ვა (50%), ლ.ს–ვი (25%);

8. 2021 წლის 23 ივლისის სამეწარმეო ამონაწერის შესაბამისად კი, შპს ,,ა.ჯ–ე’’-ს პარტნიორებად რეგისტრირდებიან: მოპასუხე (25%), ა.ტ–ვა (50%), გ.დ.ს–ვი (25%);

9. შპს ,,ა.ჯ–ე’’-ს პარტნიორთა ცვლილების პარალელურად იმავე პერიოდში (05.07.2016წ.-დან) კომპანიის საბანკო ამონაწერის შესაბამისად, მოპასუხეს კომპანიის სასარგებლოდ შეჰქონდა თანხები და დანიშულებაში უთითებდა ფრაზას - „დამფუძნებლის შენატანი“. ამავე დანიშნულებით თანხები შედიოდა, რიგ შემთხვევაში, ლ.ს–ვის სახელით, ხოლო, რიგ შემთხვევაში, ა.ტ–ვას სახელით, ასევე პირადად მოპასუხის სახელით. ყველა შემთხვევაში, თანხების უშუალოდ შემტანი არის მოპასუხე;

10. შპს „ა.ჯ–ე-ს“ საბანკო ამონაწერის შესაბამისად, მოპასუხეს დამფუძნებლის შენატანის სახით კომპანიის სასარგებლოდ შეტანილი აქვს თანხები შემდეგი პერიოდულობითა და ოდენობით:

05.07.2016წ. – 25 780 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

29.08.2016წ. – 25 470 ლარი (დამფუძნებლის შენატანი (ლ.ს–ვი));

09.09.2016წ. – 92 000 ლარი (დამფუძნებლის დ.ა–ას მიერ საწესდებო კაპიტალის შევსება);

19.10.2016წ. – 24 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი (ლ.ს–ვი));

07.11.2016წ. – 7 000 ლარი (ლ.ს–ვის საწყისი კაპიტალი);

07.11.2016წ. - 10000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი (ლ.ს–ვი));

07.11.2016წ. – 5 300 ლარი (დამფუძნებლის შენატანი (ლ.ს–ვი));

03.12.2016წ. – 27 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი (ლ.ს–ვი));

05.12.2016წ. – 13 000 ლარი (ლ. ს–ის საწყისი კაპიტალი);

07.12.2016წ. – 13 500 ლარი (ლ. ს–ის საწყისი კაპიტალი);

09.12.2016წ. – 25 000 ლარი (ლ. ს–ის საწყისი კაპიტალი);

09.12.2016წ. – 5 000 ლარი (ლ.ს–ძის საწყისი კაპიტალი);

24.12.2016წ. – 1 000 ლარი (ლ. ს–ის საწყისი კაპიტალი);

26.12.2016წ. – 5 500 ლარი (დამფუძნებლის შენატანი (ლ.ს–ვი));

30.12.2016წ. – 17 500 ლარი (დამფუძნებლის შენატანი (ლ.ს–ვი));

16.01.2017წ. – 6 500 ლარი (ლ. ს–ის საწყისი კაპიტალი);

24.01.2017წ. – 3 300 ლარი (ლ. ს–ის საწყისი კაპიტალი);

06.02.2016წ. – 10 000 ლარი (თანხის უკან დაბრუნება);

06.02.2017წ. – 500 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

08.02.2017წ. – 2 650 ლარი (სალაროზე თანხის შეტანა);

10.02.2017წ. – 2 400 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

15.06.2017წ. – 8 200 ლარი (სამეურნეო ხარჯისათვის გატანილი თანხის უკან დაბრუნება);

18.10.2017წ. – 10 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

26.10.2017წ. – 13 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

28.10.2017წ.– 15 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

27.11.2017წ. – 20 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

27.11.2017წ. – 1 450 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

20.12.2017წ.– 10 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

21.01.2019წ. – 1 500 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

24.01.2019წ. – 1 100 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

31.01.2019წ. – 1 800 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

15.03.2019წ – 3 000 ლარი (დამფუძნებლი შენატანი);

27.03.2019წ. – 1 400 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

22.07.2019წ. – 3000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

27.07.2019წ. – 1 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

16.09.2019წ. – 5 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

16.09.2019წ.– 3000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

15.11.2019წ.– 3 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

24.12.2019წ. – 2 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

14.03.2019წ. – 415 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

17.08.2020წ. – 3 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

12.09.2020წ. – 1 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

15.09.2020წ. – 3000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

30.09.2020წ. – 2 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

16.10.2020წ. – 2 500 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

27.10.2020წ. – 1 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

11.11.2020წ. – 700 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

28.04.2021წ. – 1 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

17.06.2021წ.– 7 000 ლარი (დამფუძნებლის შენატანი);

15.07.2021წ. – 1 200 ლარი (დამფუძნებლის შენატანი).

11. მოსარჩელის მოთხოვნა:

11.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 59 659 ევროსა და 117 385 აშშ დოლარის, ასევე 29 940 ევროსა და 19 500 აშშ დოლარის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.

11.2. მოსარჩელის განცხადებით, მასსა და მოპასუხეს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან უნდა გამოეტანა განსაზღვრული ოდენობის თანხა და მოეხდინა მისი სხვადასხვა კომპანიაში ინვესტირება. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ათვისებული თანხაა 59 656 ევრო და 117 385 აშშ დოლარი. მსგავსი შეთანხმება არსებობდა ლ.დ. ს–სა და მოპასუხეს შორის და ამ შეთანხმების ფარგლებში მოპასუხემ ს–ის ანგარიშიდან გამოიტანა 29 940 ევრო და 19 500 აშშ დოლარი. ვინაიდან ლ.დ. ს–მა მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელეს, სწორედ აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს იგი ს–ის ანგარიშიდან მიღებული თანხის დაბრუნებას. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ არ მოახდინა დასახელებული თანხების ინვესტირება, რის გამოც, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა.

12. მოპასუხის პოზიცია

12.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან, როგორც მოსარჩელის მინდობილმა პირმა, მოსარჩელის ანგარიშიდან ნამდვილად გამოიტანა სარჩელში მითითებული თანხა, ჯამურად 117385 აშშ დოლარი და 59656 ევრო, თუმცა ამ თანხებს იგი განკარგავდა უშუალოდ მოსარჩელის მითითებით. მოსარჩელემ და მოპასუხემ ქ. ბათუმში მოაწყვეს ავტო სამრეცხაო, რომლის ამოქმედებისთვის დაიხარჯა 120 000 აშშ დოლარი და 20 000 ევრო. 20 000 ევრო მოპასუხემ დაუბრუნა მოსარჩელეს და მან, დამატებით, ამავე კომპანიის სასარგებლოდ გაიღო 16 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც შპს „ა.ჯ–ე-ში“ მისი 5%-იანი წილი გაიზარდა 25 %-მდე. მოსარჩელისვე მოთხოვნით შპს „ა.ჯ–ე-ს“ 25%-იანი წილის მფლობელი გახდა ლ.ს–ვი, რომელსაც ეკუთვნოდა მოსარჩელის მიერ გაღებული 120 000 აშშ დოლარიდან 50 000 აშშ დოლარი.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 59 656 ევროსა და 117 385 აშშ დოლარის, ასევე, 29 940 ევროსა და 19 500 აშშ დოლარის გადახდა.

13.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე თავადვე ადასტურებს, რომ მოსარჩელისა და ლ.დ.ს–ის ანგარიშებიდან მათივე თანხმობით მიიღო თანხები გარკვეული ქმედების განსახორციელებლად, თუმცა მათი მიზნობრივად მოხმარება არ დასტურდება და ის მხოლოდ ზეპირი მითითებით შემოიფარგლება, არსებობს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული გარემოებები, რაც წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნის.

14. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:

14.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და დასკვნები:

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-10 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მთავარი საკვლევი საკითხი იყო მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საგანი და მოპასუხის მიერ მოსარჩელისა და ლ.დ.ს–ის ანგარიშიდან გამოტანილი თანხების მიზნობრივი გამოყენება. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ შპს „ა.ჯ–ე-ს“ პარტნიორთა ცვლილების პარალელურად იმავე პერიოდში საქმეზე წარდგენილი კომპანიის საბანკო ამონაწერის შესაბამისად, მოპასუხის მიერ კომპანიის სასარგებლოდ შეჰქონდა თანხები და დანიშნულებაში მითითებული იყო „დამფუძნებლის შენატანი“. „დამფუძნებლის შენატანის“ დანიშნულებით თანხები შედიოდა რიგ შემთხვევაში ლ.ს–ვის სახელით, ხოლო, რიგ შემთხვევაში, ა.ტ–ვას სახელით, ასევე, პირადად მოპასუხის სახელით. ყველა შემთხვევაში შემტანი მოპასუხე იყო. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელისა და ლ.დ.ს–ის ანგარიშიდან თანხები გამოჰქონდა აშშ დოლარისა და ევროს სახით, ხოლო შპს „ა.ჯ–ე-ს“ სასარგებლოდ „დამფუძნებლის შენატანის“ სახით თანხა შედიოდა ეროვნულ ვალუტაში (ლარის სახით).

15.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით და აღნიშნა, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განხილვისას უნდა დაედგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელის ანგარიშიდან გატანილი თანხები მოხმარდა თუ არა იმ მიზანს, რისთვისაც გაიცა შესაბამისი მინდობილობა, სასამართლოს უნდა შეეფასებინა რა კავშირი ჰქონდა მოსარჩელეს შპს „ა.ჯ–ე-სთან“, რომლის 95% წილის რეგისტრირებული მესაკუთრე პარტნიორიც იყო მოსარჩელის მეუღლე და რომლის ანგარიშზეც მოპასუხეს შეჰქონდა თანხები „დამფუძნებლის შენატანის“ დანიშნულებით. აღნიშნული გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ კი, სასამართლოს უნდა დედგინა მოპასუხის ვალდებულების არსებობა მოსარჩელის მიმართ, რისი შესწავლის გარეშეც, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე მითითება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობასა და სამართლიანობის ზოგად პრინციპებს.

15.4. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ უნდა წართმეოდა შესაძლებლობა მოსარჩელის მტკიცების გაზიარების პირობებში წარედგინა კვალიფიციური შედავება, რის გამოც, მხარეთა ურთიერთშეპირისპირებული ინტერესების გათვალისწინებით, საქმე უნდა დაბრუნებულიყო ხელახლა განსახილველად, რა დროსაც სასამართლოს უნდა გამოეკვლია, მოპასუხის მიერ გატანილი თანხებიდან რა თანხები დააბრუნა მან შეთანხმების შესაბამისად, რა სახის თანხებია ეს, მოხმარდა თუ არა იგი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, საქმეში წარდგენილ ფოტოსურათებზე გამოსახული ე.წ ავტოსამრეცხაოს მშენებლობა წარმოადგენდა თუ არა მხარეთა შეთანხმების საგანს და აშენდა თუ არა იგი მოპასუხის მიერ უკან დაბრუნებული თანხით, როგორც ამაზე მიუთითებდა მოპასუხე.

16. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

16.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ნორმები, მოპასუხეს „დაუწუნა“ შედავება და სწორედ აღნიშნულის „გამოსწორების“ მიზნით დააბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მასალებით დგინდება სადავო თანხების მოპასუხის მხრიდან მიღებისა და მოსარჩელისთვის მისი დაუბრუნებლობის ფაქტი. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ საკვლევია, რომელი თანხები და რა მიზნით დააბრუნა მოპასუხემ.

16.3. ამასთან, გაურკვეველია, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმეორებით რატომ უნდა იკვლიოს აშენდა თუ არა ავტოსამრეცხაო და რა თანხები დასჭირდა მის მშენებლობას მაშინ, როდესაც აღნიშნული გარემოებები უნდა დაემტკიცებინა მოპასუხეს და მან მტკიცების ტვირთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში ეს ვერ შეძლო. მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა, სად და რაში დახარჯა გამოტანილი თანხები. შესაბამისად, არ არსებობდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების წინაპირობა.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანი უპირველესად არის საკითხი - სწორად დაუბრუნა თუ არა სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: (1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; (2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, და (3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1118-1145-2011, 2012 წლის 10 იანვარი).

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს [გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები], სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

21. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ საქმე№ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი).

22. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (იხ. სუსგ საქმე №ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი).

23. სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი სტანდარტის ჭრილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების განხილვა თვალსაჩინოს ხდის, რომ რამდენიმე მათგანი (კერძოდ, 394-ე მუხლის „ა-დ“ და „ვ-თ“ ქვეპუნქტები) პირდაპირ გამომდინარეობს მართლმსაჯულების სწორად განხორციელების პრინციპიდან, მათ შორის, საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობისა და სამართლიანი და საჯარო განხილვის ფუნდამენტური უფლებიდან, და ქმნის იმ შემთხვევას, როდესაც ცალსახაა, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმ სასამართლოს, სადაც მოხდა აღნიშნული დარღვევა. თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული კიდევ ორი საფუძველი, კერძოდ: ა) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; და ბ) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია - წარმოადგენს ისეთ საფუძვლებს, რომლებიც იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად და სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების მართებულობა-არამართებულობის შეფასების საშუალებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1118-1145-2011, 2012 წლის 10 იანვარი). აღნიშნულს მოითხოვს, აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ საქმე №ას-657-618-2012, 2012 წლის 10 დეკემბერი; საქმე №ას-1308-1234-2012, 2013 წლის 4 თებერვალი).

25. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მართებულობის შეფასებისათვის აუცილებელია მისი სამართლებრივი თავისებურების გათვალისწინება.

26. როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საფუძვლად დაედო ის მოტივაცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და დაედგინა, მოხმარდა თუ არა მოსარჩელის ანგარიშიდან გატანილი თანხები იმ მიზანს, რისთვისაც გაიცა შესაბამისი მინდობილობა, რა კავშირი ჰქონდა მოსარჩელეს შპს „ა.ჯ–ე-სთან“, რომლის 95% წილის რეგისტრირებული მესაკუთრე პარტნიორიც იყო მოსარჩელის მეუღლე და რომლის ანგარიშზეც მოპასუხეს შეჰქონდა თანხები „დამფუძნებლის შენატანის“ დანიშნულებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელი იყო წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე მითითებით. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა კვალიფიციური შედავების მნიშვნელობაზე და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა იმაზეც, რომ, მოსარჩელის მტკიცების გაზიარების პირობებში, მოპასუხეს არ უნდა წართმეოდა შესაძლებლობა წარედგინა კვალიფიციური შედავება, რომლის შეფასების შემდგომ სასამართლო გამოიკვლევდა მოპასუხის მიერ გატანილი თანხებიდან რა თანხები დააბრუნა მან შეთანხმების შესაბამისად, რა სახის თანხებია ეს და მოხმარდა თუ არა იგი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების ზემოაღნიშნული საფუძვლები (სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასება, მოპასუხის მიერ არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენა) განხილულ უნდა იქნას დისპოზიციურობისა (სსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების კონტექსტში, რომლებიც გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ დავის საგანი და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებას საქმის გარემოებათა გასარკვევად ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს საკუთარი ინიციატივითაც მიმართოს, მაგრამ სამოქალაქო სამართალწარმოების კონტექსტით, რომელიც მთლიანად მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება, სასამართლოს მხრიდან ნებისმიერი ინიციატივის გამოჩენის უფლება ვიწროდ (შეზღუდულად) უნდა განიმარტოს, რაც გულისხმობს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან ინიციატივის გამოჩენის საფუძვლები და აუცილებლობა სასამართლომ ნათლად უნდა დაასაბუთოს (იხ. სუსგ საქმე Nას-209-196-2015, 30.07.2015წ.).

28. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა (იხ. სუსგ №ას-1085-1042-2016, 2017 წლის 10 მაისი). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში; მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

29. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების (ფაქტები და დამამტკიცებელი საბუთები) გამორკვევა და წარდგენა მხარეთა ვალდებულებაა. თვითონ სასამართლო თავისი ინიციატივით არ აგროვებს მტკიცებულებებს, არამედ საქმეს წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტობრივი მასალის მიხედვით, რომელსაც მას მხარეები წარუდგენენ. ეს ნიშნავს, ჯერ ერთი, იმას, რომ საქმის გადაწყვეტის დროს სასამართლოს უფლება არა აქვს იხელმძღვანელოს სხვა, თუნდაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებებით, რადგან ეს მტკიცებულებები ნაჩვენები არ იყო მხარეთა მიერ (quod non est in actis, nonest in mundo - რაც საქმეში არ არის, არც ქვეყნიერებაზე არსებობს) და მეორე ის, რომ სასამართლო ვალდებულია დაამყაროს თავისი გადაწყვეტილება მხოლოდ იმაზე, რაც მოთხოვნილი (მითითებული) და დამტკიცებული იყო მხარეთა მიერ, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს მის სინდისს (Sententia debetferri secundum allegata et probate et non secundum conscientiam) (იხ. შ. ქურდაძე, ნ.ხუნაშვილი, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი“, მეორე გამოცემა, თბილისი, 2015 წ. გვ.100).

31. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ კი, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016; პუნქტი 201).

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა წარედგინოს სასამართლოს, ახალ გარემოებებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა შეზღუდულია არა მარტო სააპელაციო, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, თუ საქმის მოსამზადებელი სტადია დასრულებულია (სსკ-ის 215-ე, 380-ე მუხლი). კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რა დროსაც მოსამზადებელი სტადიის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ახალ გარემოებებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა.

33. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისთვის თანხის გადახდის დაკისრებას და თავის მოთხოვნას ამყარებს მხარეთა (მოპასუხესა და მოსარჩელეს) შორის არსებულ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვით, მოპასუხეს უფლება ჰქონდა მოსარჩელისგან მიეღო გარკვეული ოდენობის თანხა სხვადასხვა კომპანიებში ინვესტირების მიზნით, ხოლო კომპანიებიდან მიღებული წილი უნდა გადაეცა მოსარჩელისთვის. მოსარჩელისვე განმარტებით, მოპასუხე სხვადასხვა პერიოდში მისგან იღებდა თანხებს, თუმცა მან არ შეასრულა შეთანხმების პირობები, თანხა მიზნობრივად არ გამოუყენებია, რაც, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად, თანხის უკან მოთხოვნის შესაძლებლობას ქმნიდა.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეს არ უარუყვია მოსარჩელისგან თანხის მიღების ფაქტი, თუმცა მან სადავოდ გახადა აღნიშნული თანხის გამოყენების მიზნობრიობა (მიუთითა მასსა და მოსარჩელეს შორის არსებულ სხვაგვარ შეთანხმებაზე, რაც დაკავშირებული იყო ავტოფარეხის მოწყობასა და მის ამოქმედებასთან) და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

35. სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის შეფასებისას (მოპასუხისთვის თანხის გადახდის დაკისრების მართლზომიერება) დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ მოსარჩელის ანგარიშებიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობის თანხების გატანის, ასევე, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კომპანიების მოპასუხის მიერ დაფუძნებისა და „დამფუძნებლის შენატანის“ დანიშნულებით მათში თანხების შეტანის ფაქტი (იხ. გასაჩვრებული განჩნების ფაქტობრივი დასაბუთების ველი, 4.1-4.10 პუნქტები), ქრონოლოგიურად აღწერა მოპასუხის თითოეული ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისე დააბრუნა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად, რომ თავად არ უმსჯელია და არ შეუფასებია ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდნენ თუ არა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას. სააპელაციო სასამართლო არც იმაზე მიუთითებს, არსებობს თუ არა ახალი მტკიცებულებების წარდგენის კანონით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა, ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის შესახებ, თუ რატომ შეეზღუდა მოპასუხეს კვალიფიციური შესაგებლის ან სათანადო მტკიცებულებების (მაშინ, როდესაც მოპასუხეს წარდგენილი აქვს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და სასამართლოში უკვე წარდგენილი აქვს ყველა ფაქტი და მტკიცებულება, რაც საქმის გარემოებების დასადასტურებლად, აუცილებლად და მიზანშეწონილად მიაჩნდა) წარდგენის შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში და რატომ უნდა მიეცეს მას განმეორებით აღნიშნული საპროცესო უფლებამოსილება.

36. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოსაც და შეუძლია ახლებურად დაადგინოს ფაქტები, ასევე არ გაიზიაროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, თავად გამოეკვლია სადავო დოკუმენტებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების სისწორე და თავადვე მიეცა მათთვის სამართლებრივი შეფასება (მიენიჭებინა ან არ მიენიჭებინა ამა თუ იმ დოკუმენტისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობა) და შემდგომ, საერთო სურათის, ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობის საფუძველზე, დაედგინა მოთხოვნის წარმოშობისა და მისი განხორციელების სამართლებრივი ფარგლები.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების კვლევითა და მათი ერთობლივი შეფასებით თვითონ უნდა გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს სადავო საკითხი - მხარეთა შორის არსებული შეთანხმება და მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებები ქმნის თუ არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობას.

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

39. იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, ამასთან, არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ხ.დ–ვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი