დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 20.11.2025
საქმის ნომერი
ას-620-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-620-2025 20 ნოემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სადაზღვევო ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2022 წლის 30 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს (შემდეგში შემსყიდველი, დამზღვევი) და სს „ნ.ვ.დ–ვას“ (შემდეგში მიმწოდებელი, მზღვეველი ან მოპასუხე) შორის კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის N8 ხელშეკრულება (შემდეგში ხელშეკრულება). ხელშეკრულების საგანი - მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებვერდზე გამოქვეყნებული CON220000383 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით;

2. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24:00 საათიდან, მაგრამ არაუადრეს 2023 წლის 1-ლი იანვრის 00:00 საათისა, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე;

3. კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მიხედვით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია:

ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა). მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში;

ვ) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები;

4. ხელშეკრულება ითვალისწინებს საერთო გამონაკლისებს, მზღვეველი უფლებამოსილია, არ აანაზღაუროს:

ა) შემთხვევა, თუ ზარალი დადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ბ) შემთხვევა, რომელიც მოხდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმდების ქვეშ ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა ზარალი უფლებამოსილი მძღოლის ბრალით დადგა, თუ მის გარეშე;

გ) ზარალი რომელიც გამოწვეულია დამზღვევის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახი ქმედებით, მათ შორის, ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი განზრახ გამოიწვევს სადაზღვევო შემთხვევას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან რაიმე ხერხით გააყალბებს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტაციას;

დ) დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გამოყენებულია სისხლის სამართლის დანაშაულის იარაღად;

ე) შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლეობას ან მის მცდელობას, გარდა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევისა;

ვ) შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ზ) შემთხვევა, თუ დაზღვეული ინტერესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ორმაგ დაზღვევას, მაგრამ დამზღვევს ასეთი ორმაგი დაზღვევის შესახებ მზღვეველისთვის ინფორმაცია არ წარუდგენია წერილობითი ფორმით;

თ) დაზიანებული ქონების შეკეთების შედეგად მისი საბაზრო ღირებულების შემცირების ხარჯები;

ი) ზარალი, თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებაში მითითებული რომელიმე ინფორმაცია (სატრანსპორტო საშუალების, დამზღვევის და უფლებამოსილი მძღოლების შესახებ) აღმოჩნდება არაზუსტი, გარდა ტექნიკური შეცდომისა, რომელიც არ ზრდის რიკის მოცულობას;

კ) შემთხვევა, რომლის დროსაც დამზღვევის მხარე ანდა მოსარგებლე უარს განაცხადებს მზღვევლისათვის რეგრესული უფლებამოსილების მოთხოვნის გადაცემაზე;

ლ) ზარალი, რომელიც წარმოიშვა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

მ) ზარალი, რომელიც წარმოიშვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას, სასწავლო ან სასპორტო დანიშნულებით (გარდა სამსახურებრივი ეგიდით ჩატარებული რბოლების, სწავლებისა და ღონისძიებებისა);

ნ) შემთხვევა, თუ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება გადატვირთული იყო, ან მგზავრების რაოდენობა აღემატებოდა მწარმოებლის მიერ დასაშვებს და სწორედ ამან გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევა;

ო) ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია მესამე პირისა და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან/გარდაცვალებასთან სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 12 კალენდარული თვის გასვლის შემდგომ;

პ) ნებისმიერი ხასიათის მორალური ზიანი;

ჟ) მიმწოდებელი (მზღვევლი) უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი პასუხისმგებლობა, თუ შემსყიდველი აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას და გასცემს პირობას ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე;

რ) დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისა და სააგრანტიო ხარჯები.

5. სატენდერო პირობების II ნაწილის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, [სატრანსპორტო საშუალების] სრულ დაზიანებად (განადგურებად) ჩაითვლება:

ა) სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას (სრული განადგურება/ტოტალი);

ბ) სადაზღვევო შემთხვევა, თუ მზღვეველის მიერ ერთჯერადად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა აჭარბებს ან შეადგენს კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულების 80 %-ს;

გ) სრულ განადგურებად (ტოტალი) ასევე ჩაითვლება შემთხვევა, თუ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ჯამურად (მიუხედავად ჯერადობისა) გაწეული-გასაწევი შეკეთების ღირებულება შეადგენს ან აღემატება კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულების 80 %-ს;

დ) ზარალი, რომელიც გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების დაკარგვით.

ამავე ნაწილის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, სატრანსპორტო საშუალების სრული ზარალის (განადგურების) ან დაკარგვის შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია გასცეს ანაზღაურება დამზღვევის სასარგებლოდ, ფულადი ან არაფულადი ფორმით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

ა) ფულადი ანაზღაურების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ხელშეკრულებაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულაბის ოდენობით, მიუხედავად ამ სატრანსპორტო საშუალებაზე აღნიშნულ მომენტამდე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურებებისა.

6. ხელშეკრულების მე-10 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის. კერძოდ, ხელშეკრულების 10.3. მუხლით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე 150 ლარის ოდენობით;

7. ხელშეკრულების დანართის და სადაზღვევო პოლისის მიხედვით, დაზღვეულია ავტომანქანა შემდეგი მახასიათებლებით: SKODA RAPID, გამოშვების წელი 2018, დანიშნულება - სამსახურებრივი, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი ……., სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო ღირებულებად - სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 25 000 ლარი, მოსარგებლე - საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, უფლებამოსილი მძღოლები - მძღოლები 70 წლამდე, 1-წლიანი მართვის გამოცდილებით.;

8. დაზღვევის პერიოდში, 2023 წლის 6 მაისს, დაზღვეული ავტომანქანით, რომელსაც მართავადა უფლებამოსილი მძღოლი, ზ.კ–ი, მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;

9. საგამოძიებო ორგანოს მიერ დადგენილია, რომ: მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები: „სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან“;

10. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 27 ივნისის დადგენილებაში აღნიშნულია შემდეგი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია ზ.კ–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მთხოვნათა უგულებელყოფით. ვინაიდან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დამრღვევმა მძღოლმა თავადვე მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აღნიშნული არ გამოუწვევია სხვა პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას, ასევე სახეზე არ გვაქვს სხვა პირთა ჯანმრთელობის დაზიანება, ზ.კ–ის ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს. საქმეში ასევე არ იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები, თუმცა ზ.კ–ის ქმედებაში შეინიშნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის N008060523001 საქმეზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზ.კ–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო;

11. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა (SKODA RAPID, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი …….);

12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 სექტემბრის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, 2018 წელს დამზადებული SKODA RAPID, სახელმწიფო ნომრით ……, ... ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია. ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ძარის წინა ნაწილზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

13. დამზღვევმა მიმართა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით;

14. მზღვეველის 2023 წლის 11 ივლისის წერილით დამზღვევს უარი ეთქვა შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ შემთხვევა შეფასდა, როგორც უხეში გაუფრთხილებლობა.

15. მოსარჩელის მოთხოვნა:

15.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მზღვეველის მიმართ და მოითხოვა სადაზღვევო ანაზღაურების - 25 000 ლარისა და პირგასამტეხლოს 150 ლარის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.

15.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხე უსაფუძვლოდ ამბობს უარს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე. მან მძღოლის ქმედება არასწორად შეაფასა უხეშ გაუფრთხილებლობად და ყურადღების მიღმა დატოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომლითაც განსაზღვრულია სადაზღვევო რისკი - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდა შემთხვევა); სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა თუ დაარღვია მოძრაობის წესები. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, ავტომანქანის მართვისას მძღოლი იყო ფხიზელი, საქმის მასალებით არ იკვეთებოდა მის მიერ სიჩქარის გადამეტების ფაქტი. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო უხეშ გაუფრთხილებლობად.

16. მოპასუხის პოზიცია:

16.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მხარეა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო განსახილველ დავაში არასათანადო მოსარჩელეა. ამასთან, მოპასუხის მოსაზრებით, დასაბუთებულია მისი უარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, ვინაიდან არსებობდა საგამონაკლისო პირობა - უხეში გაუფრთხილებლობა. კერძოდ, მძღოლმა იმოქმედა განსაკუთრებული დაუდევრობით (ავტომანქანის მართვისას ცდილობდა სატელეფონო კომუნიკაციის მოძიებას) და მისი მოქმედება ვერ მოექცეოდა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში და გაწეული რისკი ვერ იქნებოდა გამართლებული. მას არ შეიძლებოდა გაცნობიერებული არ ჰქონოდა ასეთ ქმედებასთან დაკავშირებული არათანაზომიერად გადაჭარბებული რისკი, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვისას სხვა საგანზე ყურადღების გადატანა და მხედველობის არეალის თვითნებური შეზღუდვა.

17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

17.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო თანხის, 25 000 ლარისა და პირგასამტეხლოს, 150 ლარის გადახდა

18. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:

18.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასკვნები:

19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

19.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-14 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე, 829-ე მუხელებით და მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რაც გამოიხატა მძღოლის მხრიდან შემომავალი ზარის გადამოწმებისთვის ტელეფონზე დახედვასა და დაახლოებით 3 წამის განმავლობაში სავალი გზის ნაწილისთვის ყურადღების მოდუნებაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის უგულებელყოფა - შუაღამით, შემომავალი ზარის გადამოწმების მიზნით სავალი გზის ნაწილისთვის თვალის მოწყვეტა - უხეში დაუდევრობის მაღალი სტანდარტით დარღვევად უნდა შეფასდეს, რაც თავისთავად გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

20. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

20.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ. მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასება კომპლექსური საკითხია და იგი უნდა შეფასდეს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იყო ფხიზელი; არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამინისტროს საქმიანობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებები ოპერატიული დავალებების შესასრულებლად გამოიყენება, და გაზრდილი სადაზღვევო რისკის გათვალისწინებით, შესაძლოა სამინისტროს ჰქონდეს დასაბუთებული ინტერესი, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის შემთხვევაშიც. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის კომპანიის მიერ ანაზღაურებას. შესაბამისად, მოპასუხეს არ აქვს უფლება უარი თქვას სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე. მძღოლის დაჯარიმება ავტომატურად არ გულისხმობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

22. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისგან მოპასუხის გათავისუფლების მართლზომიერება. კასატორი (მოსარჩელე) მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მძღოლის ქმედება არასწორად შეაფასა უხეშ გაურთხილებლობად, რის გამოც არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკები - ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება...); ვ) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები - ასევე ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულებაც.

25. დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.

26. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

27. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო.

28. მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85).

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

30. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

31. აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

32. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანია მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების 1.32 პუნქტით განმარტებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნება - ეს არის გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისივე მონაწილეობით წარმოქმნილ იმოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება ან ნაგებობა. მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის, ყოველ ჯერზე 150 ლარის გადახდა.

33. დადგენილია ასევე, რომ 2023 წლის 6 მაისს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა მოპასუხის მიერ დაზღვეული ავტომანქანა. საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, რომ ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები - „სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან“; დამზღვევმა მიმართა მზღვეველს მიყენებული ზიანის (დაზიანებული ავტომობილის ღირებულების) ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც მას ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ შემთხვევა შეფასდა, როგორც უხეში გაუფრთხილებლობა.

34. საკასაციო პალატის შეფასების საგანს სწორედ მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაციის საფუძვლის არსებობა წარმოადგენს.

35. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ საქმე№ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

36. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-1067-2017, 29 .12.2017წ). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.

37. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით განსაზღვრულია საგამონაკლისო პირობები, რომელთა გამოვლენისას მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი. ესენია: ა) შემთხვევა, თუ ზარალი დადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ; ბ) შემთხვევა, რომელიც მოხდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმდების ქვეშ ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა ზარალი უფლებამოსილი მძღოლის ბრალით დადგა, თუ მის გარეშე; გ) ზარალი რომელიც გამოწვეულია დამზღვევის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახი ქმედებით, მათ შორის, ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი განზრახ გამოიწვევს სადაზღვევო შემთხვევას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან რაიმე ხერხით გააყალბებს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტაციას; დ) დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გამოყენებულია სისხლის სამართლის დანაშაულის იარაღად; ე) შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლეობას ან მის მცდელობას, გარდა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევისა; ვ) შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ზ) შემთხვევა, თუ დაზღვეული ინტერესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ორმაგ დაზღვევას, მაგრამ დამზღვევს ასეთი ორმაგი დაზღვევის შესახებ მზღვეველისთვის ინფორმაცია არ წარუდგენია წერილობითი ფორმით; თ) დაზიანებული ქონების შეკეთების შედეგად მისი საბაზრო ღირებულების შემცირების ხარჯები; ი) ზარალი, თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებაში მითითებული რომელიმე ინფორმაცია (სატრანსპორტო საშუალების, დამზღვევის და უფლებამოსილი მძღოლების შესახებ) აღმოჩნდება არაზუსტი, გარდა ტექნიკური შეცდომისა, რომელიც არ ზრდის რიკის მოცულობას; კ) შემთხვევა, რომლის დროსაც დამზღვევის მხარე ანდა მოსარგებლე უარს განაცხადებს მზღვევლისათვის რეგრესული უფლებამოსილების მოთხოვნის გადაცემაზე; ლ) ზარალი, რომელიც წარმოიშვა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; მ) ზარალი, რომელიც წარმოიშვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას, სასწავლო ან სასპორტო დანიშნულებით (გარდა სამსახურებრივი ეგიდით ჩატარებული რბოლების, სწავლებისა და ღონისძიებებისა); ნ) შემთხვევა, თუ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება გადატვირთული იყო, ან მგზავრების რაოდენობა აღემატებოდა მწარმოებლის მიერ დასაშვებს და სწორედ ამან გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევა; ო) ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია მესამე პირისა და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან/გარდაცვალებასთან სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 12 კალენდარული თვის გასვლის შემდგომ; პ) ნებისმიერი ხასიათის მორალური ზიანი; ჟ) მიმწოდებელი (მზღვევლი) უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი პასუხისმგებლობა, თუ შემსყიდველი აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას და გასცემს პირობას ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე; რ) დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისა და სააგრანტიო ხარჯები.

38. ამდენად, სახელშეკრულებო გამონაკლისებით მხარეებს არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები და არც პირდაპირ მიუთითებიათ უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ანაზღაურების ვალდებულებაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობის შედეგად დგება.

39. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ ბრალი შეფასებითი კატეგორიაა და თოთოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგინდეს მისი არსებობა ან ხარისხი. სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს დარღვევა ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით. ამასთან, ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობით. გაუფრთხილებლობა უხეშია თუ მარტივი, დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც განსაკუთრებით მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს (იხ. სუსგ საქმე №ას-618-618-2018). მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ საქმე №ას-745-713-2014; საქმე №ას-943-901-2013).

40. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე №ას-1306-1226-2015).

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ, იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად (იხ. სუსგ საქმე №1319-1257-2014).

42. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. უხეში გაუფრთხილებლობაა პირის ქმედება, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ყურადღებიანობის სტანდარტს მაღალი ხარისხით არღვევს და უგულებელყოფს იმას, რაც მოცემულ გარემოებებში ყველასთვის ნათელი იქნებოდა. ამ განმარტების შესაბამისად, ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია თავად ქმედების ობიექტური და სუბიექტური კომპონენტების გათვალისწინება, კერძოდ, ობიექტური თვალსაზრისით უხეში გაუფრთხილებელი ქმედების არსებობა არ არის საკმარისი ამ ქმედების კვალიფიკაციისათვის. მასთან ერთად, მნიშვნელოვანია სუბიექტური კომპონენტის არსებობაც, რაც გულისხმობს პირის მხრიდან ვალდებულების უპატიებელი დარღვევის თაობაზე პასუხისმგებლობის დადგენას. კერძოდ, უნდა დადგინდეს სუბიექტური თვალსაზრისით დაუშვა თუ არა პირმა უპატიებელი შეცდომა, ხომ არ არსებობდა მის პიროვნებასთან დაკავშირებული რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება ან ხომ არ შეიძლება, მისი ქმედება შეფასდეს - როგორც გარკვეულ გარემოებათა თვალთახედვიდან გამორჩენა, მოკლე დროით უყურადღებობა. თვალთახედვიდან გამორჩენაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში კონცენტრირებულად მოქმედ პირს, დროის მცირე მონაკვეთში უნებურად მხედველობიდან რჩება ბრუნვაში დამკვიდრებული ყურადღებიანობა. ასეთი ქმედება არ ითვლება უპატიებელ შეცდომად (იხ. ნ. მოწონელიძე, სამართლის დოქტორი, დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ საკანონმდებლო დანაწესის და პრინციპის „ან ყველაფერი ან არაფერი“ რეფორმის საჭიროება, ჟურნალი „ჩემი ადვოკატი“, 2020, IV. https://www.gba.ge).

43. განსახილველ შემთხვევაში, დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის ბრალის ხარისხის შესაფასებლად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: სადავო არ არის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მობილურ ტელეფონზე შემომავალი ზარის გადამოწმების მიზნით, მძღოლის მიერ დაახლოებით 3 წამის განმავლობაში გზის სავალი ნაწილისთვის თვალის მოწყვეტამ (ყურადღების მოდუნებამ), რის გამოც, ავტომანქანა გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა გაზონს და ხეს; საქმის მასალებით დგინდება ისიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი არ სარგებლობდა ტელეფონით, არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ამდენად, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი განმარტებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ უფლებამოსილი მძღოლის მიერ სულ რაღაც 3 წამის განმავლობაში ყურადღების მოდუნება და გზის სავალი ნაწილიდან მხედველობის სხვა საგანზე (ამ შემთხვევაში, მობილურ ტელეფონზე) გადატანა არ შეიძლება შეფასდეს აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების (წინდახედულობის ნორმების) უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, გადაჭარბებულად დარღვევად (ასეთი მცირე დროით (2-3 წამით) გზის სავალი ნაწილიდან მხედველობის გადატანა, შესაძლოა მძღოლს ავტომანქანის მართვისას არაერთხელ დასჭირდეს, მაგალითად, ავტომობილის გვერდითა ან შიდა სალონის სარკეებში გახედვისას, მის უკან მომავალი მანქანის მოძრაობის გაკონტროლების მიზნით) და, შესაბამისად, მძღოლის ქმედება უნდა შეფასდეს არა უხეშ, არამედ მარტივ გაუფრთხილებლობად (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1131-2024, 31 იანვარი, 2025 წელი). ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევად აკვალიფიცირებს და ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველის ვალდებულებას წარმოშობს.

44. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, დაზღვეული ავტომანქანა ექსპერტიზის ჩატარების მომენტში „ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია. ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ძარის წინა ნაწილზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის“.

45. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ექსპერტის მიერ აღწერილ ვითარებაში გაიცემა სრული სადაზღვევო ღირებულება. რაც განსახილველ საქმეზე დაზღვეულ ავტომანქანასთან მიმართებით, შეადგენს 25 000 ლარს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურება არის 25 000 ლარი და ეს თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

46. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის გამო.

47. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

48. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას, რომელიც ამოქმედდება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. კანონმდებლის ნების თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების აუცილებელი წინაპირობაა, პირგასამტეხლოზე შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვა და იმ ვალდებულების დარღვევა, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც იყო გამოყენებული პირგასამტეხლო.

49. განსახილველი საქმის მხარეებმა წერილობითი ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლოს შესახებ დებულებები. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 10.3 მუხლით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე 150 ლარის ოდენობით.

50. დადგენილია, რომ მოპასუხემ არ გასცა სადაზღვევო ანაზღაურება, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის ვალდებულებას შეადგენს. ვალდებულების დარღვის გამო, არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობა, ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების ნორმით მკაფიოდ და ზუსტად არის განსაზღვრული და მოსარჩელის მოთხოვნა შეესაბამება მას.

51. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

52. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით:

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

4. სს „ნ.ვ.დ–ვას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო ანაზღაურების სახით - 25 000 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს სახით - 150 ლარის გადახდა;

5. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (ს.კ. ….) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს პირველ და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი ბაჟის ჯამური ოდენობა - 2012 ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი