გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-517-2026 4 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ნ–ვა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ვი (მოსარჩელე), ვ.ბ–ვი (შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა, საერთო ქონების გაყოფა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა.ბ–ის სარჩელი ლ.ნ–ვას მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.ნ–ვას შეგებებული სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი 2023 წლის 16 ივნისს ა.ბ–სა და ვ.ბ–ვს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქონების 2/3 ნაწილის გასხვისების ნაწილში და აღიარებული იქნა ლ.ნ–ვას თანასაკუთრების უფლება უძრავი ქონების ქ.რუსთავი, ......... (კოდი .........) 2/3 წილზე; ვ.ბ–ვს დაეკისრა შვილის 2016 წლის 25 თებერვალს დაბადებული მ.ბ–ას სარჩენად ალიმენტის თვეში 200 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდის დაწყება განისაზღვრა 2024 წლის 5 აგვისტოდან.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ასევე, მოპასუხემ. აპელანტების - ა.ბ–ისა და ვ.ბ–ვის - სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა: გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ დაკმაყოფილდეს ლ.ნ–ვას სარჩელი თანასაკუთრების უფლების აღიარების ნაწილში; ასევე, დაკმაყოფილდეს ა.ბ–ის სარჩელი უძრავი ქონების გამონთავისუფლების ნაწილში. აპელანტი ლ.ნ–ვას შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა: დაეკისროს ვ.ბ–ვს თვეში ალიმენტის სახით 400 ლარის გადახდა და სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილი (მდებარე რუსთავი, .........) აღირიცხოს ვ.ბ–ვის სახელზე;
3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქმეზე ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2026 წლის 04 თებერვალს 12:00 საათზე. სასამართლო სხდომაზე აპელანტების - ა.ბ–ის და ვ.ბ–ვის წარმომადგენელმა ბ.ბ–ძემ მოითხოვა მოცემული საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია მიღებული 24.12.2025 წელს წარდგენილი სარჩელი, სადაც მოსარჩელე არის ვ.ბ–ვი; მოწინააღმდეგე მხარე ლ.ნ–ვა; დავის საგანია: ლ.ნ–ვას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა სრულად და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის გასარკვევად ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს: ა. განსახილველი სარჩელით, მოსარჩელე ა.ბ–ი მოითხოვს ლ.ნ–ვას უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების გამოთხოვას; ბ. მოპასუხე ლ.ნ–ვა შეგებებული სარჩელით მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ვ.ბ–ვსა და ა.ბ–ს შორის 2023 წლის 6 ივნისს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და ლ.ნ–ვას საკუთრების უფლება აღიარებული იქნას უძრავი ქონების რუსთავი, .........., (ს/კ: ........) 2/3 წილზე, ხოლო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნას ვ.ბ–ვი; ვ.ბ–ვს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2016 წლის 25 თებერვალს დაბადებული მ.ბ–ას რჩენისათვის ალიმენტის ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა; გ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვ.ბ–ვის მიერ ლ.ნ–ვას მიმართ 24.12.2025 წელს წარდგენილ სარჩელში დავის საგანია მშობლის (ლ.ნ–ვას) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა სრულად და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სადავო უძრავი ნივთის 2/3 ნაწილზე ლ.ნ–ვას თანასაკუთრების უფლების აღიარებისა და ვ.ბ–ვისათვის 2016 წლის 25 თებერვალს დაბადებული მ.ბ–ას სარჩენად ალიმენტის თვეში 200 ლარის დაკისრების ნაწილში ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი მ.ბ–ა ცხოვრობს დედასთან ერთად. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება დაემყარა სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1168-ე მუხლს, (1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ) და სამოქალაქო კოდექსის 1212-1214 მუხლებს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განჩინებით შეჩერდა სააპელაციო საჩივრების განხილვა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 24 დეკემბერს სარდგენილ სარჩელზე (დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე განცხადება წარადგინა ლ.ნ–ვას წარმომადგენელმა დიმიტრი ნაცვლიშვილმა, რომელიც არ ეთანხმება მას და მოითხოვს ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქმის წარმოების განახლებას. ამდენად, განცხადება თავისი შინაარსით უნდა მივიოჩნიოთ კერძო საჩივრად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეთა წარმომდგენლის მოთხოვნა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა საქმისწარმოება შეჩერდა, ერთ-ერთი მოსარჩელის მიერ აღძრულ სამოქალაქო საქმეზე, სადაც მოპასუხეა კერძო საჩივრის ავტორი, ხოლო დავის საგანია ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა - მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესუალური ეკონომიის პრინციპის - რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. აღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას.
12. სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში ნახსენები „შეუძლებლობა“ გულისხმობს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომლის დადგენა წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და პროცესუალურად შეუძლებელს ხდის საკითხის განხილვას (მრავალთა შორის იხ., სუსგ-ები ას-432-2021 13 ოქტომბერი, 2021, პ.22; Nას-528-2021, 28.12.2021წ.).
13. საკასაციო სასამართლო მიმდინარე დავის ფარგლებში, დავის საგანსა და სასარჩელო თუ შეგებებული სარჩელის მოთხოვნას მიაქცევს ყურადღებას, კერძოდ, ა. განსახილველი სარჩელით, მოსარჩელე ა.ბ–ი მოითხოვს ლ.ნ–ვას უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების გამოთხოვას; ბ. მოპასუხე ლ.ნ–ვა შეგებებული სარჩელით მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ვ.ბ–ვსა და ა.ბ–ს შორის 2023 წლის 6 ივნისს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და ლ.ნ–ვას საკუთრების უფლება აღიარებული იქნას უძრავი ქონების რუსთავი, ..........., (ს/კ: ..........) 2/3 წილზე, ხოლო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნას ვ.ბ–ვი; ვ.ბ–ვს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2016 წლის 25 თებერვალს დაბადებული მ.ბ–ას რჩენისათვის ალიმენტის ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა; გ. შეჩერების საფუძვლად მითითებულ საქმეში - რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვ.ბ–ვის მიერ ლ.ნ–ვას მიმართ 24.12.2025 წელს წარდგენილ სარჩელში დავის საგანია მშობლის (ლ.ნ–ვას) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა სრულად და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
14. წინამდებარე საქმეზე მოსარჩელეს (ა.ბ–ს) ვინდიკაციური სარჩელი აქვს აღძრული, რომლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. მითითებული ნორმის დანაწესით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელი წარმატებული იქნება, თუ შესრულებულია ზემოხსენებული წინაპირობები, ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს.
15. დასახელებული მოთხოვნა, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ არ არის დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის ეტაპზე საქმის განხილვისას. იმავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია კერძო საჩივრის ავტორის შეგებებული სარჩელის მოთხოვნები, მოსარჩელეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების შესახებ, რომლის 2/3 ნაწილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს შეგებებული სარჩელის ავტორი, ხოლო 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ვ.ბ–ვი. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ვ.ბ–ვის ვალდებულება, არასრულწლოვან შვილს გადაუხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
16. საქმის შეჩერების საფუძვლად, მითითებულ საქმეში მოსარჩელე ვ.ბ–ვი ითხოვს მოპასუხისგან (კერძო საჩივრის ავტორისგან), ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მისი საცხოვრებლის მიხედვით განსაზღვრას, ასევე კერძო საჩივრის ავტორის, როგორც მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვას.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით არასათანადოდაა დასაბუთებული, თუ რა იმგვარი კავშირი იკვეთება შეჩერებულ, და შეჩერების საფუძვლად მითითებულ საქმეთა შორის, რომ საქმის შეჩერების გარეშე, შეუძლებელია მიმდინარე საქმის გადაწყვეტა.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმისწარმოების შეჩერებისას, მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე (იხ. სუსგ. №ას-417-2022, 29.04.2022წ).
19. საკასაციო სასამართლო, დავის საგნის გათვალისწინებით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის არ მიმდინარეობს დავა, მაგალითად მამობის დადგენაზე, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. შვილების მიმართ მშობლების ვალდებულებებზე არაერთ ნორმაში ამახვილებს ყურადღებას ბავშვის უფლებათა კოდექსიც, კერძოდ, მისი 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. ხოლო 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ დამორალურგანვითარებას. სასამართლო ასევე მოიხმობს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციას („კონვენციას“), რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. „კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. იმავე კონვენციის 27.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ბავშვის უფლებათა კოდექსის და „კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი მის მშობლებს ეკისრებათ. განსახილველ შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესი ისაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რისთვისაც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. სასამართლო აგრეთვე მიუთითებს „მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ“ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვი ცხოვრობს დედასთან და მის რჩენა-აღზრდაზე ზრუნავს მოსარჩელე.
20. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას და, სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საქმეს უბრუნებს იმავე სასამართლოს საქმისწარმოების შეჩერების შეასახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად. ზემოხსენებულ მსჯელობათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, კიდევ ერთხელ, უნდა განიხილოს მოსარჩელის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე და გადაწყვიტოს უპირველესად ბავშვის უპირატესი უფლებების გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ნ–ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განხლვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია