არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2224-შ-79-2026 8 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.კ–უ (კ–სი)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – საბერძნეთის სერესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამკვდრო მოწმობის გაცემა, უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის სერესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით აწ გარდაცვლილი ი. კ–სის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, .......... მდებარე ბ.37-ის ერთპიროვნულ მესაკუთრედ ცნობილ იქნა ე.კ–უ (კ–სი). ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომელიც უნდა შესრულდეს და უძრავი ქონება დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურში იმ ქალაქში, სადაც მდებარეობს ქონება - თბილისში, საქართველოში.
ე.კ–უმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის სერესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მაისის განჩინებით ე.კ–უს შუამდგომლობა საბერძნეთის სერესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე.კ–უს შუამდგომლობა საბერძნეთის სერესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.
საქართველოს სასამართლოების განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენციისადმი მიკუთვნებული საქმეების ჩამონათვალი მოცემულია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლში, რომლის „ა“ ქვეპუნტის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია. იმავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.
განსახილველ საქმეში შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ აწ გარდაცვლილი იაკობ კ–სის საკუთრებაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების (ქ.თბილისში, ..........) ერთპიროვნულ მესაკუთრედ ცნობილ იქნა ე.კ–უ (კ–სი). შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამკვიდროს საკუთრებაში მიღება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.
ამავე კანონის 64-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო შუამდგომლობის ავტორს სამართლებრივი დახმარების გაწევაზე ეტყვის უარს, თუ მისი დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.კ–უს შუამდგომლობა მიმართულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების მიმართ, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.კ–უს შუამდგომლობა საბერძნეთის სერესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი