დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-552-2025 1 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი/მ რ.ზ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-პ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ე-პ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ რ.ზ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 586 388,385 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. რ.ზ–ძე 19.07.2016წ.-დან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 30-31);
2.2. 2020 წლის 18 იანვრის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების N1589099 აქტითა და საქმეში განთავსებული ვიდეოდისკით დგინდება შემდეგი: მესტიის რაიონის სოფელ ........ (ხ–ის თემი) შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ე.გ.ხ. (ელექტრო გადამცემი ხაზი) 35 კვ. ხ–ი-მესტიის მონაკვეთზე არალეგალურად დაერთებული იყო 35 კვ. 2500 კვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორი, რომლითაც იკვებებოდა 2 ცალი 1000 კვა სიმძლავრის ტრანსფორმატორი. აღნიშნული ტრანსფორმატორებით იკვებებოდა 4 კონტეინერი „მაინერებით“. აღნიშნულ დარღვევაზე შედგა N007476 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აქტის შენიშვნის თანახმად, ფაქტი გადაღებულია ვიდეოფირზე. რ.ზ–ძემ უარი განაცხადა აქტის ასლის დატოვებაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 19);
2.3. 2020 წლის 18 იანვარს მოსარჩელე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური ფილიალის ეზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტმა -ზ.მ–ამ რ.ზ–ძის მიმართ შეადგინა N007476 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის შესაბამისად, დარღვევის არსი გამოიხატა შემდეგში: მესტიის რაიონის სოფელ ........ (ხ–ის თემი) გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ უნებართვოდ (თვითნებურად) ქსელზე დაერთებული იყო 2 ცალი 1000 კვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორი, რაზედაც დაერთებული იყო ე.წ. მაინერის აპარატების ოთხი კონტეინერი და, რომ ადგილი ჰქონდა ელ.ენერგიის უნებართვო მოხმარებას. რ.ზ–ძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმება ტარდებოდა 10:30-11:05 საათზე. ოქმის შენიშვნის თანახმად, ზემოაღნიშნული ტრანსფორმატორები დაერთებული იყო 35 კვ. ე.გ.ხ-ზე ხ–ი-მესტიის მონაკვეთზე. დაერთებულ 35 კვ-იან ტრანსფორმატორზე 2,5 კვა. აღნიშნული ფაქტი გადაღებულია ვიდეოზე. რ.ზ–ძემ უარი განაცხადა ახსნა-განმარტებაზე და ოქმის ხელმოწერაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18);
2.4. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის 18 იანვარს გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში დათვალიერდა მესტიის რაიონის სოფელ ........ მდებარე შემთხვევის ადგილი და ამოღებული იქნა ერთი ცალი ტრანსფორმატორი, ოთხი ცალი რკინის კონსტრუქციის კონტეინერი მასში მოთავსებული მაინერებით (ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან ორი კონტეინერი იყო დაკეტილი და გახსნა ვერ მოხერხდა) და ელექტროკაბელები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 22-23);
2.5. შსს მესტიის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი N058180120001 სისხლის სამართლის საქმეში არსებული, 2020 წლის 28 მაისის რ.ლ–ას გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი პროფესიით არის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. 2019 წლის ნოემბრის ბოლოს სუფრაზე გაიცნო რ.ზ–ძე, სადაც საუბრობდნენ მაინერების მოწყობაზე. რ.ზ–ძემ გამოთქვა დაინტერესება ამ საკითხთან დაკავშირებით. 2019 წლის დეკემბერში იგი (რ.ლ–ა) მივიდა მესტიის რაიონის სოფელ ........ რ.ზ–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სანახავად, სადაც დახვდა რ.ზ–ძე. მიწის ნაკვეთის შუა ნაწილში იყო რკინის კონსტრუქციის მაღალი ძაბვის ანძა. ნაკვეთის დათვალიერების შემდეგ შეთანხმდნენ მაინერების ბაზის დადგმაზე. ამის შემდეგ წავიდა ქ.თბილისში და დეკემბერში მესტიაში აიტანა ორი თორმეტმეტრიანი სიგრძის თეთრი ფერის კონტეინერი, სადაც თითო ცალში მოთავსებული იყო 450-500 ცალის ოდენობით მაინერი. ისინი განათავსეს მესტიის რაიონის სოფელ ......... ამის შემდეგ, დეკემბერში კიდევ აიტანა ექვსი მეტრი სიგრძის ორი კონტეინერი, სადაც თითო კონტეინერში მოთავსებული იყო დაახლოებით სამას ცალამდე მაინერი. ორ ცალ ექვსმეტრიან კონტეინერთან ერთად ასევე აიტანა ერთი ტრანსფორმატორი, რომელზედაც მოხდა მაინერების დაერთება. მას მხოლოდ მაინერებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ევალებოდა. ელექტროენერგიის საკითხის მოგვარება მას არ ეხებოდა. მაინერები არის მისი საკუთრება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 208-212);
2.6. N058180120001 სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტ კრიმინალისტების და რ.ლ–ას მონაწილეობით ჩატარდა ნივთიერი მტკიცებულებების ლუქის გახსნა და დათვალიერება. დათვალიერებული იქნა სამ კონტეინერში მოთავსებული და განთავსებული მაინერები და ნივთები. დათვალიერებით გაირკვა, რომ პირველ კონტეინერში მოთავსებულია 237 ვიდეო ბარათი, 319 მაინერი, 6 ცალი ქსელის კომუტატორი, მეორე კონტეინერის გახსნით და დათვალიერებით გაირკვა, რომ მასში მოთავსებულია 827 მაინერი, 15 ვიდეობარათი, 16 ცალი ქსელის კომუტატორი, 42 ცალი კვების ბლოკი. მესამე კონტეინერის გახსნით და დათვალიერებით გაირკვა, რომ მასში მოთავსებულია 585 ცალი მაინერი, 50 ცალი კვების ბლოკი, 13 ცალი ქსელის კომუტატორი. მაინერების საერთო რაოდენობა არის 1731 ცალი, კვების ბლოკი - 92 ცალი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 213-216);
2.7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სპეციალისტების მიერ შედგენილი 2020 წლის დასკვნის თანახმად, N007476 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად ამოღებული მაინერების საშუალებით, ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარების შედეგად, საანგარიშო პერიოდში (2019 წლის 01 აპრილიდან 2020 წლის 18 იანვრამდე) მოსარჩელე კომპანიისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა შეადგენდა 12 806 536 კვტსთ.-ს, თანხით 1 612727 ლარი. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია (დასკვნის გვერდი 24), რომ N007476 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ამოღებული მაინერების რაოდენობა იყო 1500 ცალი. ასევე, აღნიშნულია, რომ ზარალის ოდენობა გაანგარიშებული იყო 2017, 2018, 2019 და 2020 წლების საერთო ხარჯებთან შედარებით, ამასთან, 1 კვტ ელ. ენერგიის საფასური გაანგარიშებული იქნა 0,17 თეთრი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 59-106);
2.8. 2019 წლის 05 დეკემბრის Nელ-0495724413 და Nელ-0495723872 სასაქონლო ზედნადებით დასტურდება, რომ შპს „ბ–ა“ ისანი-სამგორის რაიონიდან მესტიაში ტრანსპორტირებით გააგზავნა მაინერები და კვების ბლოკები. 2019 წლის 05 დეკემბრის Nელ-0495724624 სასაქონლო ზედნადებით დასტურდება, რომ შპს „ბ–ა“ ისანი-სამგორის რაიონიდან მესტიაში გააგზავნა ტრანსფორმატორი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 263-268);
2.9. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 21 თებერვლის მიმართვით ირკვევა, რომ 2019/2020 წლების სტატისტიკური ფორმების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის ხ–ის თემი ხვდება შპს „მ–ის“, სს „ს–ის“ და შპს „ს.მ–ის“ მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონაში. 2020 წლის იანვრიდან შპს „ს–ი“ აფიქსირებს ფიქსირებული უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიაზე (wifi) ერთ აბონენტს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 15-16).
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე, 408.1, 409-ე და 412-ე მუხლებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით: 2020 წლის 18 იანვრის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების N1589099 აქტითა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N007476 ოქმით, რომელიც არ გასაჩივრებულა დამრღვევის მიერ, ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და მის ფარგლებში რ.ლ–ას გამოკითხვის ოქმით, სასაქონლო ზედნადებებით, ექსპერტიზის დასკვნით, ფოტოსურათებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი შეფასებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ.ზ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში (მიწის ნაკვეთი) განთავსებული იყო ორი ცალი 1000 კვტ დენის ტრანსფორმატორი, რკინის კონტეინერები მაინერებით და, რომ მაინერების მუშაობის მიზნით, მოპასუხის მიერ ხდებოდა ელექტროენერგიის უნებართვო მოხმარება/დატაცება, რამაც ფინანსური ზიანი მიაყენა მოსარჩელე კომპანიას.
4. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზიანის გაანგარიშების პერიოდთან (2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 18 იანვრამდე პერიოდი) და მის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მითითება. პალატამ აღნიშნა, რომ ელ.ენერგიის დატაცების პერიოდთან დაკავშირებით ფაქტზე შედავება განახორციელა მოპასუხემ და მიუთითა, რომ მაინერები, რომლებიც განთავსებული იყო მის მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენდა რ.ლ–ას საკუთრებას, რაც 2020 წლის დეკემბერში იქნა მასთან მიტანილი, თუმცა ინტერნეტკავშირის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო მათი ფუნქციონირება და შესაბამისად, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება. მოპასუხემ გამოძიების მასალებითა და საქმეში განთავსებული სასაქონლო ზედნადებებით შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ ტრანსფორმატორები და მაინერები მის მიწის ნაკვეთზე განთავსდა 2020 წლის დეკემბერში. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, რომ მაინერების მუშაობა ინტერნეტკავშირის არარსებობის გამო შეუძლებელი იყო, რაც გამორიცხავდა ზიანის არსებობას, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან საქმეში განთავსებული მტკიცებულებით - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 21 თებერვლის მიმართვით ირკვევა, რომ 2019/2020 წლების სტატისტიკური ფორმების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის ხ–ის თემი ხვდება შპს „მ–ის“, სს „ს–ის“ და შპს „ს.მ–ის“ მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონაში, ამასთან, 2020 წლის იანვრიდან შპს „ს–ი“ აფიქსირებს ფიქსირებული უსადენო ინტერნეტტექნოლოგიაზე (wifi) ერთ აბონენტს. ამდენად, მითითებული მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 18 იანვრამდე მაინერების მუშაობა შესაძლებელი იყო და მოპასუხეს სწორედ ამ პერიოდში ელექტროენერგიის უნებართვო მოხმარებით/დატაცებით მიყენებული ზიანი უნდა დაკისრებოდა.
5. 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 18 იანვრამდე პერიოდის ზიანის ოდენობის გაანგარიშების მიზნით, პალატამ მიუთითა საქმეში წარდგენილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის 2020 წლის დასკვნაზე, რომლითაც 2019 წლის დეკემბერში 2535 მაინერის მეშვეობით მოხმარებული/დატაცებული ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 3406290 კვტ.-ს, ხოლო 2020 წლის 1-18 იანვრამდე პერიოდში კი - 2140228 კვტ.-ს, სულ 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 18 იანვრამდე - 5546518 კვტ.-ს. შესაბამისად, მითითებულ პერიოდში საერთო მოცულობასთან პროპორციით მოპასუხის 1500 მაინერით დატაცებული ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 3281963,313 კვტ.-ს. ვინაიდან მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, 1 კვტ.-ის ტარიფი 17,867 თეთრია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 83), მითითებულ პერიოდზე 1500 მაინერის მეშვეობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებით/დატაცებით წარმოშობილი ზიანი უნდა განსაზღვრულიყო ჯამში 586388,385 ლარით. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნა ამ ოდენობით თანხის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
6.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ.ლ–ას განმარტება, რომ მან 2019 წლის 05 დეკემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში გაგზავნა დაახლოებით 1800 მაინერი, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენდა და უნდა მიეღო მოპასუხეს. მისი მიზანი იყო კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, თუმცა ინფორმაცია კონკრეტულ ლოკაციაზე ინტერნეტის წვდომის შესახებ არ გააჩნდა, მაინერები მის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მიწის ნაკვეთი, სადაც მაინერები უნდა განეთავსებინათ, მოპასუხის საკუთრება იყო. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მაგრამ დაახლოებით 15-20 დეკემბერი იქნებოდა, ჩავიდა მესტიაში, ტრანსფორმატორი მიერთებული იყო ელ.ენერგიის წყაროსთან, თუმცა ინტერნეტის არარსებობის გამო, კონტეინერები, რომლებშიც განთავსებული იყო მაინერები, ვერ ჩართო, შესაბამისად, დანიშნულებით არ ფუნქციონირებდა;
6.2. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და სათანადოდ არ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კრიპტოვალუტის ექსპერტის - ა.ს–ძის ახსნა-განმარტება, რომ მაინერების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა ელექტროენერგია და ინტერნეტი, სავალდებულოა ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების წყარო და კვალიფიციური ინტერნეტი, მაინერები უნდა იყოს დახურული, ვინტილაცია აუცილებელია, ელ.ენერგიის წყაროსთან მიერთების შემდგომ აუცილებელია ინტერნეტის წყაროსთან დაერთება, ამის შემდეგ ინჟინერი პერსონალური კომპიუტერით, კონფიგურაციით აკავშირებს ბლოკჩეინთან. შეიძლება არ იყოს ადგილზე ინჟინერი პერსონალური კომპიუტერით, თუმცა კონფიგურაცია მაინერში უნდა იყოს განხორციელებული, აღნიშნულისათვის აუცილებელია ინტერნეტის სიხშირე 500 კ/ბ წამში, ოჯახისათვის საკმარისია 20-30კ/ბ. თუ ინტერნეტი არ არის კონკრეტულ ლოკაციაზე, ელექტროენერგიის ხარჯვა მიზნობრივი ვერ იქნება, ასევე გამართული მუშაობისათვის უნდა ყოფილიყო როუტერი. ვიდეო ბარათი არის მაინერის ნაწილი, რომელიც კრიპტოვალუტის გამომუშავებაში მონაწილეობს, კომუტატორი არის მიღებული ინტერნეტის გამანაწილებელი. კომუტატორის მარკა და მოდელი გადაწყვეტდა, მიაწოდა თუ არა პროვაიდერმა ინტერნეტი. მოწმემ განმარტა, რომ თუკი ტრანსფორმატორი მიერთებული იქნება მაინერებთან, შესაძლებელია მცირე ოდენობით ელ.ენერგია მოიხმაროს. ამდენად, მაინერების მუშაობისთვის აუცილებელი პირობა არის როუტერი და კომუტატორი, რომელიც ადგილზე დათვალიერების ოქმით არ ამოღებულა;
6.3. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ საერთოდ არ მიიღო მხედველობაში პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შპს „გ.ე–ის“ დირექტორის ი.ზ–ის ახსნა-განმარტება, რომ ის ახორციელებს ელექტრომოწყობილობების იმპორტს და მომსახურებას მობილური და ინტერნეტის გაძლიერების აპარატის დამონტაჟებაზე. შპს „ბ–ის“ წარმომადგენელს რ.ლ–ას 2019 წლის დეკემბერში მობილური და ინტერნეტის გაძლიერების აპარატის დამონტაჟებაზე უარი უთხრეს, რადგან მესტიაში, ხ–ში, კონკრეტულ ლოკაციაზე მისმა თანამშრომლებმა ინტერნეტის სიგნალი ვერ აღმოაჩინეს, იყო სუსტი და გამაძლიერებელი აპარატის დამონტაჟებას ვერ შეძლებდნენ;
6.4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორმა თ.მ–მა განმარტა, რომ 2020 წლის დასკვნა ხელმოწერია მის მიერ, დასკვნა შეადგინა მოსარჩელე კომპანიის მიერ წარდგენილი N007476 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას თ.მ–მა განაცხადა, რომ, როდესაც მაინერი ინტერნეტის ქსელშია ჩართული, უფრო მეტ ელ.ენერგიას მოიხმარს, ინტერნეტის გარეშე შეიძლება დენის წყაროსთან იყოს მიერთებული, თუმცა ამ დროს ნაკლებ ელ.ენერგიას ხარჯავს. დასკვნის შედგენისას ადგილზე არ გასულან, წარდგენილი მასალების საფუძველზე და წლების დანახარჯების შედარებით მომზადდა დასკვნა. მაინერები არსებობს სუსტი, საშუალო და ძლიერი მონაცემების, მათ დასკვნის მომზადებისას საშუალო მონაცემების მაინერების მაჩვენებელი აიღეს, მაინერების მოდელი, სახეობა და მონაცემი მოსარჩელე კომპანიის მიერ წარდგენილ მასალებში არ იყო, სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას თ.მ–მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ მისი დაანგარიშებით მკვეთრად იმატა ელ.ენერგიის გახარჯვამ 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 18 იანვრამდე, მან დაკითხვისას ასევე განაცხადა, რომ შემდგომაც, ე.ი. 2020 წლის 18 იანვრის მერეც აკვირდებოდა ელ.ენერგიის მოხმარებას, რომელმაც იკლო საგრძნობლად. მისი განმარტებით, თუ 2019 წლის 1 აპრილიდან ელ.ენერგიის მოხმარება გაზრდილი იყო 60-65 პროცენტით, ამ მაჩვენებელმა იკლო 2020 წლის 18 იანვრიდან 20-25 პროცენტით და შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყო მაინერების ამოღების მერე ელ.ენერგიის გახარჯვის შემცირება იმავე პროცენტით, რა პროცენტულობითაც იყო ზრდა, მან განაცხადა, რომ შესაძლებელია ასევე იყოს კიდევ უნებართვოდ დაერთებები;
6.5. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ არ გაიზიარა ასევე ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი თანდართული ვიდეოფირი არ ადასტურებს, რომ მოპასუხის საკუთრებაში აღმოჩენილი მაინერების კონტეინერები მიერთებული იყო ელ.ენერგიის წყაროსთან და ინტერნეტთან ფუნქციონირებს დანიშნულებისამებრ. ასევე ვიდეოჩანაწერში მოსარჩელის წარმომადგენელი მიმართავს მოპასუხეს, რომ კონტეინერები აქვს ჩახსნილი, ტრანსფორმატორი იყო ჩართული, ასევე საუბრობს წარმომადგენელი, რომ სავარაუდოდ ჩართულია 5 კონტეინერი და პოლიციის თანამშრომლებს სთხოვს რეაგირებას გაერკვიათ, ინსტალაცია ვინ მოახდინა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ვიდეოფირის დათვალიერების შემდგომ მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლოსთვის არ იყო ჩართვის ფაქტი საინტერესო;
6.6. მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, მოპასუხის ბრალეულობა მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით;
6.7. სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა ელ.ენერგიის მოხმარებული კილოვატები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საგანია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რაც სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან [სსკ-ის 992-ე მუხლი: პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი; 408.1 მუხლი: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება].
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; Nას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).
13. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე სახეზეა (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი). მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი). პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
16. ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.
17. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს (იხ. სუსგ საქმე №ას-934-2020, 25 მარტი, 2021 წელი). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1090-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წელი).
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 18 იანვარს მოსარჩელე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური ფილიალის ეზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტმა - ზ.მ–ამ რ.ზ–ძის მიმართ შეადგინა N007476 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის შესაბამისად, დარღვევის არსი გამოიხატა შემდეგში: მესტიის რაიონის სოფელ ........ (ხ–ის თემი) გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ უნებართვოდ (თვითნებურად) ქსელზე დაერთებული იყო 2 ცალი 1000 კვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორი, რაზედაც დაერთებული იყო ე.წ. მაინერის აპარატების ოთხი კონტეინერი და, რომ ადგილი ჰქონდა ელ.ენერგიის უნებართვო მოხმარებას. რ.ზ–ძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმება ტარდებოდა 10:30-11:05 საათზე. ოქმის შენიშვნის თანახმად, ზემოაღნიშნული ტრანსფორმატორები დაერთებული იყო 35 კვ. ე.გ.ხ-ზე ხ–ი-მესტიის მონაკვეთზე. დაერთებულ 35 კვ-იან ტრანსფორმატორზე 2,5 კვა. აღნიშნული ფაქტი გადაღებულია ვიდეოზე. რ.ზ–ძემ უარი განაცხადა ახსნა-განმარტებაზე და ოქმის ხელმოწერაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3 ქვეპუნქტი).
19. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ.ზ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში (მიწის ნაკვეთი) განთავსებული იყო ორი ცალი 1000 კვტ დენის ტრანსფორმატორი, რკინის კონტეინერები მაინერებით და, რომ მაინერების მუშაობის მიზნით, მოპასუხის მიერ ხდებოდა ელექტროენერგიის უნებართვო მოხმარება/დატაცება, რამაც ფინანსური ზიანი მიაყენა მოსარჩელე კომპანიას.
20. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი და მისი ოდენობა. კერძოდ, კასატორის მტკიცებით, მის მიწის ნაკვეთზე განთავსებული მაინერები ჩართული არ იყო ინტერნეტქსელში და ვერ ფუნქციონირებდა დანიშნულებისამებრ, რაც გამორიცხავს მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს.
21. ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მოიხმობს საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 21 თებერვლის მიმართვას, რომლითაც ირკვევა, რომ 2019/2020 წლების სტატისტიკური ფორმების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის ხ–ის თემი ხვდება შპს „მ–ის“, სს „ს–ის“ და შპს „ს.მ–ის“ მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონაში. 2020 წლის იანვრიდან შპს „ს–ი“ აფიქსირებს ფიქსირებული უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიაზე (wifi) ერთ აბონენტს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.9 ქვეპუნქტი).
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე, რომ N058180120001 სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტ კრიმინალისტების და რ.ლ–ას მონაწილეობით ჩატარდა ნივთიერი მტკიცებულებების ლუქის გახსნა და დათვალიერება. დათვალიერებული იქნა სამ კონტეინერში მოთავსებული და განთავსებული მაინერები და ნივთები. დათვალიერებით გაირკვა, რომ პირველ კონტეინერში მოთავსებულია 237 ვიდეო ბარათი, 319 მაინერი, 6 ცალი ქსელის კომუტატორი, მეორე კონტეინერის გახსნით და დათვალიერებით გაირკვა, რომ მასში მოთავსებულია 827 მაინერი, 15 ვიდეობარათი, 16 ცალი ქსელის კომუტატორი, 42 ცალი კვების ბლოკი. მესამე კონტეინერის გახსნით და დათვალიერებით გაირკვა, რომ მასში მოთავსებულია 585 ცალი მაინერი, 50 ცალი კვების ბლოკი, 13 ცალი ქსელის კომუტატორი. მაინერების საერთო რაოდენობა არის 1731 ცალი, კვების ბლოკი - 92 ცალი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6 ქვეპუნქტი).
23. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი გაანალიზების შედეგად, მიიჩნევს, რომ მაინერების ინტერნეტთან კავშირის არარსებობაზე კასატორის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული. საკასაციო საჩივარში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად კასატორი უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ.ლ–ას, კრიპტოვალუტის ექსპერტის ა.ს–ძისა და შპს „გ.ე–ის“ დირექტორის ი.ზ–ის ჩვენებებზე.
24. სსსკ-ის 140.1. მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საკასაციო პალატის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვის არის დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1698-1592-2012, 2 ივნისი, 2014 წელი). სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები [სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები]. ამრიგად, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. კანონი არ ახარისხებს მტკიცებულებათა სახეებს სანდოობის ხარისხის მიხედვით. მტკიცებულების ყველა სახე თანაბარი რანგისაა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. თუმცა, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცებულებათა ობიექტური და სრული განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად თავად წყვეტს, თუ რომელი მტკიცებულებაა სარწმუნო და რომელ მათგანს უნდა დაეყრდნოს იგი. მტკიცებულების შეფასების მთავარი კრიტერიუმი ობიექტურობაა. მტკიცებულება ობიექტურად უნდა ასახავდეს ამა თუ იმ მოვლენას, ან/და ადასტურებდეს ამა თუ იმ ფაქტის არსებობას. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ობიექტურად, ყოველი გონიერი ადამიანი ერთსა და იმავე დასკვნამდე უნდა მიდიოდეს (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 544-545).
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ.ლ–ას განმარტებით, 2019 წლის 05 დეკემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში გააგზავნა დაახლოებით 1800 მაინერი, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენდა და უნდა მიეღო რ.ზ–ძეს. მისი მიზანი იყო კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, თუმცა ინფორმაცია კონკრეტულ ლოკაციაზე ინტერნეტის წვდომის შესახებ არ გააჩნდა, მაინერები მის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მიწის ნაკვეთი, სადაც მაინერები უნდა განეთავსებინათ, რ.ზ–ძის საკუთრება იყო. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მაგრამ დაახლოებით 15-20 დეკემბერი იქნებოდა, ჩავიდა მესტიაში, ტრანსფორმატორი მიერთებული იყო ელ.ენერგიის წყაროსთან, თუმცა ინტერნეტის არარსებობის გამო, კონტეინერები, რომლებშიც განთავსებული იყო მაინერები, ვერ ჩართო, შესაბამისად, დანიშნულებით არ ფუნქციონირებდა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, პუნქტი 3.7, ტ. 2, ს.ფ. 66).
26. საკასაციო პალატა რ.ლ–ას ჩვენებასთან მიმართებით, ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მაინერები, რომლებითაც ხდებოდა ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, როგორც თავად განმარტავს, წარმოადგენს მის საკუთრებას და სწორედ მისი ხელშეწყობით განთავსდა მაინერები მოპასუხის მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ინტერნეტის არარსებობის თაობაზე მისი, როგორც დაინტერესებული და მიკერძოებული პირის ჩვენებას, ვერ მიიჩნევს დამაჯერებლად და სარწმუნოდ.
27. რაც შეეხება კრიპტოვალუტის ექსპერტის ა.ს–ძისა და შპს „გ.ე–ის“ დირექტორის ი.ზ–ის ჩვენებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები ცალსახად არ გამორიცხავს მაინერების ინტერნეტქსელში ჩართვის შესაძლებლობას 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში სოფელ ........, მაინერების განთავსების ადგილზე [კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კრიპტოვალუტის ექსპერტმა ა.ს–ძემ განმარტა, რომ მაინერების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა ელექტროენერგია და ინტერნეტი, სავალდებულოა ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების წყარო და კვალიფიციური ინტერნეტი, მაინერები უნდა იყოს დახურული, ვინტილაცია აუცილებელია, ელ.ენერგიის წყაროსთან მიერთების შემდგომ აუცილებელია ინტერნეტის წყაროსთან დაერთება, ამის შემდეგ ინჟინერი პერსონალური კომპიუტერით, კონფიგურაციით აკავშირებს ბლოკჩეინთან. შეიძლება არ იყოს ადგილზე ინჟინერი პერსონალური კომპიუტერით, თუმცა კონფიგურაცია მაინერში უნდა იყოს განხორციელებული, აღნიშნულისათვის აუცილებელია ინტერნეტის სიხშირე 500 კ/ბ წამში, ოჯახისათვის საკმარისია 20-30 კ/ბ. ინტერნეტი თუ არ არის კონკრეტულ ლოკაციაზე, ელექტროენერგიის ხარჯვა მიზნობრივი ვერ იქნება, ასევე გამართული მუშაობისათვის უნდა ყოფილიყო როუტერი, ვიდეო ბარათი არის მაინერის ნაწილი, რომელიც კრიპტოვალუტის გამომუშავებაში მონაწილეობს, კომუტატორი არის მიღებული ინტერნეტის გამანაწილებელი, კომუტატორის მარკა და მოდელი გადაწყვეტდა მიაწოდა თუ არა პროვაიდერმა ინტერნეტი. მოწმემ განმარტა, რომ თუკი ტრანსფორმატორი მიერთებული იქნება მაინერებთან, შესაძლებელია მცირე ოდენობით ელ.ენერგია მოიხმაროს (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, პუნქტი 3.10, ტ. 2, ს.ფ. 66-67). ხოლო მოწმის სახით დაკითხული შპს „გ.ე–ის“ დირექტორის ი.ზ–ის განმარტებით, ახორციელებს ელექტრო-მოწყობილობების იმპორტს და მომსახურებას მობილური და ინტერნეტის გაძლიერების აპარატის დამონტაჟებაზე. შპს „ბ–ის“ წარმომადგენელს რ. (რ.) ლა–ვას 2019 წლის დეკემბრის თვეში მობილური და ინტერნეტის გაძლიერების აპარატის დამონტაჟებაზე უარი უთხრეს, რადგან მესტიაში, ხ–ში, კონკრეტულ ლოკაციაზე, მისმა თანამშრომლებმა ინტერნეტის სიგნალი ვერ აღმოაჩინეს, იყო სუსტი და გამაძლიერებელი აპარატის დამონტაჟებას ვერ შეძლებდნენ (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, პუნქტი 3.11, ტ. 2, ს.ფ. 67)].
28. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი სასაქონლო ზედნადებების თანახმად, მაინერებისა და ტრანსფორმატორის ტრანსპორტირების ფაქტი თბილისიდან მესტიაში თავისთავად წარმოშობს პრეზუმფციას, რომ პირების მიერ, რომლებიც მიზნად ისახავდნენ მაინინგის საქმიანობის დაწყებას, ხ–ის თემში სოფელ ........ ინტერნეტის არსებობის საკითხი გამოკვლეული უნდა ყოფილიყო. პრეზუმფცია (ალბათობა), როგორც ლოგიკური სუბსტანცია, წარმოიშობა, როდესაც ის ბუნებრივ, ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს. საკასაციო პალატისთვის ძნელად წარმოსადგენია საშუალო გონიერი ადამიანისაგან 1000-ზე მეტი რაოდენობით მაინერისა და ტრანსფორმატორის თბილისიდან მესტიაში გადაზიდვა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხის გარკვევის გარეშე.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. სააპელაციო პალატამ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით: 2020 წლის 18 იანვრის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების N1589099 აქტითა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N007476 ოქმით, რომელიც არ გასაჩივრებულა დამრღვევის მიერ, ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და მის ფარგლებში რ.ლ–ას გამოკითხვის ოქმით, სასაქონლო ზედნადებებით, ექსპერტიზის დასკვნით, ფოტოსურათებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი შეფასებით, მართებულად მიიჩნია დადასტურებულად მაინერების მუშაობის მიზნით, მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის უნებართვო მოხმარება/დატაცების ფაქტი, ხოლო სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ მატერიალური ზიანის ოდენობასთან მიმართებით საკასაციო საჩივარი კვალიფიციურ შედავებას არ შეიცავს.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი/მ რ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ი/მ რ.ზ–ძეს (ს/ნ: ..........) დაუბრუნდეს გ. მ–ას მიერ (პ/ნ: .........) 2025 წლის 04 აპრილს №752 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე