დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-1840-შ-63-2026 04 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
შუამდგომლობის ავტორი – შპს „პ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ა.ს–ო“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე - ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე საწარმოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14000650 რუბლი და 18 კაპიკის, ასევე, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით 93498 რუბლის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შპს „პ–იმ“, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
3.1. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „ა.ა.ს–ოს“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-74-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად და ჩაჰბარდა იურისტს (მ.ხ–ძეს) 2026 წლის 06 მაისს.
3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 აპრილის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. მოწინააღმდეგე მხარეს, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქმის მასალებით დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე საწარმოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 000 650 რუბლი და 18 კაპიკის, ასევე, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით 93498 რუბლის გადახდა.
6. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ და იგი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია. მოპასუხე ასევე ინფორმირებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის შესახებ, თუმცა, მას აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი არ გამოუთქვამს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე საწარმოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 000 650 რუბლი და 18 კაპიკის, ასევე, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით 93498 რუბლის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.ა.ს–ოს“, შპს „პ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14 000 650 რუბლი და 18 კაპიკის, ასევე, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით 93498 რუბლის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია