გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-465-2026
14 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ.ბ–ძე, გ.მ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების განმარტებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ბ–ძემ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და გ.მ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „სამსახური“) მიმართ და მოითხოვეს: დამსაქმებლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მიუღებელი ხელფასისა და პრემიის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციის ფაქტის აღმოფხვრა და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოსარჩელეებმა წარადგინეს საჩივარი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეთა საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება; მოსარჩელეთა მიერ 2025 წლის 16 ივნისს წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის დასრულებამდე მოპასუხეს აეკრძალა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე (როგორც შტატგარეშე, ისე შტატით) ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი).
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლით და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, სარჩელის ძირითადი მოთხოვნებია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება. ასეთ ვითარებაში მოსარჩელეთათვის უპირატესი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა სამსახურში აღდგენის უფლების განხორციელება (საუკეთესო შემთხვევაში ე.წ. „სტატუს ქვოს“ შენარჩუნება) და თუ დავის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელში მითითებულ დარღვევებს მართლაც ჰქონდა ადგილი და მოსარჩელეები უნდა აღდგნენ სამსახურში იმავე პოზიციაზე (თანამდებობაზე), ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ეს თანამდებობები (პოზიციები) არ იარსებებს, არ იქნება ვაკანტური, ან არ იქნება ტოლფასი სხვა თანამდებობა, შესაძლებელია სასამართლომ მოსარჩელეები ვერ აღადგინოს სამუშაოზე და მათ მისცეს მხოლოდ ერთჯერადი კომპენსაცია და იძულებითი განაცდური. ასეთ ვითარებაში მოსარჩელეები, მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობისა, ვერ იკმაყოფილებენ უპირატეს - სამსახურში აღდგენის უფლებას და ე.წ. „მეორადი უფლებით“ (კომპენსაციის/განაცდურის მიღების უფლება) ,,კმაყოფილდებიან“. სწორედ, ამგვარი ვითარების დადგომისა და სამომავლოდ დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელების გაძნელების ან შეუძლებლობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს სასარჩელო მოთხოვნა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გაცხადებულ თანამდებობაზე (პოზიციაზე) მუდმივად არ არის დანიშნული სხვა პირი. მითითებული გარემოებების გამო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჭირო იყო სასამართლოს მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის დაცვის ქმედითი ღონისძიების გატარება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
6. მოპასუხემ 19.11.2025წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების განმარტება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება იმგვარად, რომ „[მოპასუხისათვის] ბათუმის იურიდიული დახმარების სამსახურში სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე სხვა პირის დასაქმების აკრძალვა“ ეხება მხოლოდ 2 ადვოკატის შტატგარეშე პოზიციას და მხოლოდ იმ სახელფასო რესურსის ფარგლებში, რაც მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის იყო გათვალისწინებული.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების აღსრულების მიზნით, მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის დასრულებამდე მოპასუხეს აეკრძალა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე (როგორც შტატგარეშე, ისე შტატით) ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა - განიმარტა შემდეგნაირად: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის დასრულებამდე მოპასუხისათვის ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე სხვა პირის დასაქმების აკრძალვა ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით 2 (ორი) ადვოკატის, როგორც შტატგარეშე, ისე შტატით პოზიციას და მხოლოდ იმ სახელფასო რესურსის ფარგლებში, რაც მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის იყო გათვალისწინებული.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ბუნდოვანია, ზოგადია, არ აკონკრეტებს მითითებას საშტატო/შტატგარეშე პოზიციების რაოდენობაზე და სცდება სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული განჩინებით სააპელაციო სასამართლო ზოგადად უკრძალავს სამსახურს დავის მიმდინარეობის ფარგლებში, ანუ წლების განმავლობაში, ადვოკატის დასაქმებას შტატიან თუ შტატგარეშე პოზიციაზე, რაც თითქმის ბათუმის ბიუროს პარალიზებას ნიშნავს და სოციალურად დაუცველი პირების უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევის სერიოზულ რისკს ქმნის. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, გაუგებარია რა მიზანს ემსახურება სამსახურისათვის შტატით გათვალისწინებულ პოზიციაზე ადვოკატის აყვანის აკრძალვა, მაშინ, როდესაც სარჩელის დაკმაყოფილება ვერც ერთ გარემოებაში ვერ დაავალდებულებს სამსახურს საჩივრის ავტორების შტატიან პოზიციაზე აღდგენას.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლით და მიიჩნია, რომ ვინაიდან განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებული მსჯელობიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ: „[მოპასუხისათვის] იურიდიული დახმარების ბიუროში სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე სხვა პირის დასაქმების აკრძალვა“ ეხება მხოლოდ 2 ადვოკატის პოზიციას, როგორც შტატგარეშე, ისე შტატით და მხოლოდ იმ სახელფასო რესურსის ფარგლებში, რაც მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის იყო გათვალისწინებული.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და განჩინების განმარტების თაობაზე მოპასუხის განცხადებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
11. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
11.1. როგორც მოსარჩელე მხარემ, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, ვინაიდან მოსარჩელემ არათუ უპირობოდ მოითხოვა ყველა პირის აყვანის აკრძალვა, არამედ მოპასუხეს მოსარჩელის შუამდგომლობითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეცა შესაძლებლობა დაესაქმებინა მოვალეობის შემსრულებლები;
11.2. ბიუროში ადვოკატების დასაქმების პრაქტიკა, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არ არის გამართული და არ შეესაბამება არც საჯარო სამსახურის და არც შრომის კოდექსის მიზნებს. სამსახურში ადვოკატები ძირითადად დასაქმებულები არიან სამსახურის მთავარი ფუნქციიდან გამომდინარე, თუმცა დამსაქმებელი ადვოკატებს ჰყოფს შტატიან და შტატგარეშე ადვოკატებად, სხვადასხვა შრომის ანაზღაურებით, მაშინ, როდესაც ორივე სტატუსის მქონე ადვოკატები ერთი და იმავე, მუდმივ, ძირითად სამუშაოს ასრულებენ. არცერთი ადვოკატის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ მათი სამუშაო დროებითი ან გარკვეული მოცულობის სამუშაოს უკავშირდება. სამსახურის სახელფასო/საკადრო პოლიტიკა ხშირად იწვევდა უთანხმოებას, ვინაიდან დასაქმებულები უსამართლოდ მიიჩნევდნენ, რომ შტატიანი თანამშრომლებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული (შტატგარეშე) პირების იდენტური ფუნქციებით მუშაობისას გაიცემოდა არათანაბარი შრომის ანაზღაურება;
11.3. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა სარჩელით მოითხოვეს სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე აღდგენა შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასების გათანაბრებით; არ დააკონკრეტეს ისინი, როგორც ადვოკატები, შტატგარეშედ უნდა დასაქმებულიყვნენ თუ შტატზე, ვინაიდან მსგავსი ფორმით დაყოფას არ ეთანხმებიან. ამასთან, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელეები, როგორც 30 თვეზე მეტი ვადით დასაქმებული პირები, უვადო შრომით ურთიერთობაში იყვნენ დამსაქმებელთან, ასრულებდნენ იდენტურ სამუშაოს ე.წ. „შტატიანი” თანამშრომლების თანაბრად, თუმცა განსხვავებული ანაზღაურება ჰქონდათ. სწორედ ამიტომ მოითხოვეს ადვოკატის პოზიციაზე დასაქმება ხელფასების გათანაბრებით;
11.4. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული წინადადება - „მხოლოდ იმ სახელფასო რესურსის ფარგლებში, რაც [მოსარჩელეებთან] შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის იყო გათვალისწინებული“ - მოსარჩელეებს აყენებს გამოუსწორებელ ზიანს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში, ფაქტობრივად, მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის რისკებს კიდევ უფრო ზრდის. აღნიშნული დასტურდება მოპასუხის მიერ 02.03.2026წ. (ვაკანსიის N98128) გამოქვეყნებული ვაკანსიებით. მათ შორის, ბათუმის ბიუროში (რომელიც საეჭვოდ დაემთხვა განმარტების შემდგომ პერიოდს) გამოცხადდა ვაკანსია არასაშტატო პოზიციაზე სისხლის სამართლის მიმართულებით, რომელზეც ხელფასი გათანაბრებულია საშტატო პოზიციასთან (იხ. ვაკანსია N98075, N98074, N98076) და შეადგენს 4 480 ლარს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფა მოხდა 2 200 ლარის მქონე პოზიციაზე, რაც შეიძლება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის აღარ არსებობდეს. ფაქტობრივად, დამსაქმებელმა 02.03.2026წ. ვაკანსიით (ვაკანსიის N98128) აღიარა სასამართლო დავის მიმდინარეობის პროცესში სასარჩელო მოთხოვნა ხელფასების გათანაბრების შესახებ. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ განმარტების საშუალებით აღსრულების პრობლემის რისკები გაზარდა;
11.5. სსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც იმავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ უთითებდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულებას შეეშლებოდა ხელი, არამედ განმარტავდა, რომ მას ზიანი მიადგებოდა და ითხოვდა გადაწყვეტილების შინაარსის/სამოტივაციო ნაწილის/აზრის შეცვლას, რაც დაუშვებელია. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება ობიექტურად საჭირო და დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მხარე ან აღმასრულებელი დაასაბუთებს, რომ სხვაგვარად მისი შინაარსი შესაძლოა გაგებულ და აღსრულებულ იქნას არასწორად. ამასთან, გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ის აღსრულებული არ არის;
11.6. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ საქმეზე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია განმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი აღსრულების მიზნით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფარგლებში, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტებისა და სამართლებრივი შეფასებების ხელახალ კონტროლს სასამართლოს მიერ; საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი (საქმე N-1388-5 (გან- 18)), 16 ოქტომბერი, 2018 წელი);
11.7. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის მსჯელობა იმ სახელფასო ოდენობებზე, რაც უნდა იქნეს გადახდილი აღდგენილი პირისათვის. 21.01.2026წ. გასაჩივრებული განჩინებით კი დაემატა შემდეგი წინადადება: „მხოლოდ იმ სახელფასო რესურსის ფარგლებში...“. ეს არის ახალი სამართლებრივი შეზღუდვა, ახალი ფაქტობრივი კომპონენტი. სასამართლომ განმარტების ნაცვლად განახორციელა გადაწყვეტილების შინაარსობრივი რევიზია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც კანონმდებლობას, ისე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა გადაწყვეტილების განმარტების მოტივით და თუნდაც ნაწილობრივ შეეცვალა ან/და შეხებოდა ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით დაყენებულია სასარჩელო მოთხოვნა (ხელფასის გათანაბრება შტატიან თანამშრომლებთან), რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა მიიღოს. შესაბამისად, აღნიშნული არ უნდა გამხდარიყო წინსწრებით სააპელაციო სასამართლოს, მით უფრო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული მსჯელობის საგანი. შეუძლებელია სამოტივაციო ნაწილის დასაბუთების შეცვლის გარეშე შეცვლილიყო გადაწყვეტილების შინაარსი;
11.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტების მოცემული შინაარსი სცდება განმარტების დასაშვებ ფარგლებს, ცვლის თავდაპირველი განჩინების შინაარსს, არღვევს სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს, იწვევს მოსარჩელის უფლებების შეზღუდვას და გამოუსწორებელი ზიანის რეალურ საფრთხეს. განმარტება გამოყენებულია მისი მიზნის საწინააღმდეგოდ, არ ეფუძნება განჩინების სამოტივაციო ნაწილს, ნამსჯელია საკითხზე, რომელიც არ ყოფილა განხილვის საგანი, უკანონოდ, წინასწარ გადაწყვეტილია დავის ერთ-ერთი არსებითი საკითხი, რითაც იზღუდება პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენცია და ამასთან განმარტება გამოყენებულია არამიზნობრივად, გადაწყვეტილების შინაარსის შესაცვლელად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების მართლზომიერება. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია არსებითად იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული განჩინების განმარტების წინაპირობები, კერძოდ, მოპასუხეს არ დაუსაბუთებია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტების შედეგად შეცვალა განჩინების შინაარსი, რაც სცდება განმარტების ფარგლებს და დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ და უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და განსამარტი გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობდა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-313-296-2017, 28 მარტი, 2017 წელი; Nას-1209-2022, 28 ნოემბერი, 2022 წელი). სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას. განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-267-255-2017, 31 მარტი, 2017 წელი). წინამდებარე საქმეში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის დასრულებამდე მოპასუხეს აეკრძალა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე (როგორც შტატგარეშე, ისე შტატით) ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი); ამასთან, იმავე სასამართლოს 2026 წლის 21 იანვრის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების აღსრულების მიზნით, მისი სარეზოლუციო ნაწილის ზემოაღნიშნული, მე-4 პუნქტი, განიმარტა შემდეგნაირად: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის დასრულებამდე მოპასუხისათვის ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე სხვა პირის დასაქმების აკრძალვა ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით 2 (ორი) ადვოკატის, როგორც შტატგარეშე, ისე შტატით პოზიციას და მხოლოდ იმ სახელფასო რესურსის ფარგლებში, რაც მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის იყო გათვალისწინებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების შედავებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის [რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის დასრულებამდე მოპასუხეს აეკრძალა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე (როგორც შტატგარეშე, ისე შტატით) ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა] იმგვარად განმარტება, რომ - სხვა პირის დასაქმების აკრძალვა ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით 2 ადვოკატის, როგორც შტატგარეშე, ისე შტატით პოზიციას და მხოლოდ იმ სახელფასო რესურსის ფარგლებში, რაც მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის იყო გათვალისწინებული - სრულად ცვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს, განსამარტი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან არ გამომდინარეობს და, ფაქტობრივად, წარმოადგენს საკითხის ხელახლა გადაწყვეტას, რაც დაუშვებელია და სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის დასრულებამდე მოპასუხეს აეკრძალა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე (როგორც შტატგარეშე, ისე შტატით) ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა, არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული და არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, რაც ამ მხრივ გამორიცხავს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების აღსრულების საფრთხეს და, შესაბამისად, მისი განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოპასუხის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ბ–ძისა და გ.მ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია